საქმე №ას-814-2020 01 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის 4466 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 23 თებერვალს დაიდო №35 ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 4466 ლარს, რომელიც რამდენიმე ავტოსატრანპორტო საშუალების პრემიას მოიცავდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემია არ გადაიხადა.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 11 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4466 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 387-ე მუხლებით და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე 2019 წლის 11 აპრილს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება მოპასუხეს გაეგზავნა 2019 წლის 15 იანვარს, რომელიც იმავე წლის 17 იანვარს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ნ.მ–ძეს. უწყებით მოპასუხეს ეცნობა სააპელაციო საჩივარზე სასამართლო სხდომის, აგრეთვე, გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად მიიჩნია.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 4466 ლარის გადახდის ვალდებულება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
10. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
11. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლის - იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ი.ხ–ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, კერძოდ, მწვავე ინტოქსიკაციით, რის გამოც ის 2019 წლის 10 აპრილს დაუკავშირდა მის უშუალო ხელმძღვანელობას და შინაგანაწესის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2019 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით გათვისუფლების ნებართვა ითხოვა. ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. შესაბამისად, მოპასუხეს, რომლის წარმომადგენელიც სასამართლოს მიერ დანიშნულ ზეპირ განხილვაზე ავადმყოფობის გამო არ გამოცხადებულა, ეკისრებოდა სათანადო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება, რომელიც მასთან დასაქმებული სხვა იურისტის პროცესზე გამოცხადებას ან/და მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, თუ როგორი სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს პროცესზე გამოუცხადებელი მხარის ავადმყოფობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი ცნობა გაცემულია უბნის ექიმის მიერ, მასში მითითებულია, რომ ექიმმა ვიზიტი სახლში განახორციელა და, რაც მთავარია, ცნობაში არ არის აღნიშნული 2019 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, რაც წარდგენილ მტკიცებულებას არაგანკუთვნადსა და არარელევანტურს ხდის.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე მუხლებით და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ვერ იქნა დადასტურებული, მიიჩნია, რომ სახეზე იყო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული განჩინებისა და სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
18. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და ეჭქვეშ დააყენა მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობის ნამდვილობა, რომელიც მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზს ადასტურებდა. აღნიშნულ ცნობას გააჩნია გამცემი ორგანოს დასახელება (ამ შემთხვევაში მკურნალი ექიმის, გამცემი პირის სახელი, გვარი), მასზე აღნიშნულია გაცემის დრო, ადგილი, გამცემი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. სოფლის ექიმი თვითონ გასცემს ცნობას და მასზე სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნა ვერ გავრცელდება. ამდენად, სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა;
18.2. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მოკლე ვადაში შეუძლებელი იყო სხვა იურისტის მიერ საქმის მომზადება და სასამართლო სხდომაზე წარდგენა;
18.3. სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მოპასუხეს არ მიეცა მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენის საშუალება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო გამოწვეული.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
23. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც გულისხმობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობას, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე და ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.
25. ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევები: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს იურიდიულად ამართლებს თუ არა სააპელაციო მოთხოვნას მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათ წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები და ამ გზით განსაზღვროს მოთხოვნის განხორციელებადობა.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
27. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო 11.04.2019წ. სასამართლოს სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის თაობაზე, თუმცა იგი/მისი წარმომადგენელი აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. აპელანტის წარმომადგენელმა იმავე სხდომაზე იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები. კასატორი დავობს, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით: მწვავე ინტოქსიკაციით, რის გამოც 2019 წლის 10 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, შინაგანაწესის შესაბამისად, სამსახურში გამოუცხადებლობის ნება მიეცა.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
29. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას; 3) ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია საკანონმდებლო დანაწესი, რომ მხარის ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციას. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; №ას-874-2019, 04 ივლისი, 2019 წელი).
31. განსახილველ შემთხვევაში როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე სააკასაციო საჩივარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ გამოცხადდა 11.04.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე. მოპასუხემ აღნიშნულის დასადასტურებლად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს დაურთო უბნის ექიმის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 210), სადაც მითითებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, ი.ხ–ს აღენიშნებოდა მწვავე საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მკურნალობდა ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულად ბინაზე 2019 წლის 10 აპრილიდან 11 აპრილამდე. აღნიშნულ სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, დიაგნოზი, შესაძლოა მიჩნეულ იქნას იმგვარ მდგომარეობად, რამაც მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა გამოიწვია, ხოლო ცნობის ფორმალური შეუსაბამობა კანონთან არ შეიძლება, მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით აფასებს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი, №ას-187-179-2016, 06 მაისი, 2016 წელი).
32. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მისი წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2019 წლის 10 აპრილს დაუკავშირდა მის უშუალო ხელმძღვანელს და შინაგანაწესის შესაბამისად, 10 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით სამსახურში გამოუცხადებლობის ნება ითხოვა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს ასევე შეეძლო 2019 წლის 11 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ ეცნობებინა სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია. ეს ვალდებულება შეეძლო მის ხელმძღვანელსაც შეესრულებინა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა სასამართლოსთვის აღნიშნული ინფორმაცია არც მას მიუწოდებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება იმგვარი ობიექტური გარემოება, რომლის გამოც, მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელი იყო მისი პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მართებულად მიიჩნია არასაპატიოდ.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი უცვლელად. ხოლო, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
35. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი