Facebook Twitter

საქმე №ას-1055-2018 7 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.კ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა 11.11.2009წ. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს.კ. ........, 35/213 ნაწილი (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელემ 2005 წლის 18 იანვარს, ხუთი წლის ვადით, მისი ყოფილი მეუღლის, მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა უძრავი ქონების განკარგვის უფლებით, რათა თელავის რაიონში, სოფელ ...... ტერიტორიაზე მოსარჩელის სახელით შეესყიდა მიწის ნაკვეთები და ისინი საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის სახელზე დაერეგისტრირებინა;

2.2. მოპასუხემ მოსარჩელის ნდობა ბოროტად გამოიყენა და 2009 წლის 11 ნოემბერს, მოსარჩელის თანხმობისა და ნებართვის გარეშე, ამ უკანასკნელის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა;

2.3. მოსარჩელეს სსკ-ის 114-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილება არ მიუცია;

2.4. მოსარჩელეს ბინის ნასყიდობის თანხა არ მიუღია.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 11.11.2009წ. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ 2005 წლის 18 იანვარს გასცა მინდობილობა, რომლითაც მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება: მართოს და განკარგოს მთელი მისი კუთვნილი ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი; ამის შესაბამისად დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, კერძოდ: შეისყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, დატვირთოს ან მიიღოს იპოთეკით, დააგირაოს და მიიღოს გირავნობით. მინდობილობა გაიცა 5 წლის ვადით, 2010 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ საქმეში სადავოა ჰქონდა თუ არა მოპასუხეს უფლება, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს, საკუთარ თავთან ნასყიდობის ხელშეკრულება დაედო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ წარმომადგენელს უფლება არ აქვს ერთდროულად გარიგების ორივე მხარეს წარმოადგენდეს. აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც გარიგებაში ერთი და იგივე პირი წარმოდგენილ პირსაც წარმოადგენს და საკუთარ თავსაც (თვითკონტრაჰირება). რწმუნებულს საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული წარმომადგენლობის დოკუმენტში. მოცემულ შემთხვევაში 18.01.2005წ. მინდობილობით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გარიგების საკუთარ თავთან დადების უფლებამოსილება არ მიუცია.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია მოწმეთა ჩვენებასაც ემყარებოდეს, თუმცა შედავების შემთხვევაში, თუ მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებით არ იქნა გამყარებული, იგი არ შეიძლება სადავო გარემოების უტყუარად მიჩნევის წინაპირობა გახდეს. თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტის დადასტურება. მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ნასყიდობის საგნის ღირებულების უფლებამოსილი პირისათვის დადგენილი წესით გადახდის ფაქტი, რაც შესაძლოა გარიგების მოწონებად განხილულიყო. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები (მაგალითად, თანხის გადახდის შემდეგ მისი მოთხოვნის საფუძველზე კრედიტორის მიერ გაცემული სავალო საბუთი (სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი) ან კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 11.11.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილ გარიგებად მიიჩნია.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. მოპასუხემ 11.11.2009წ. ხელშეკრულება გააფორმა მოსარჩელესთან შეთანხმებით;

13.2. მოსარჩელეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სარჩელის აღძვრისთვის 6 წელი დასჭირდა. მას არცერთ ინსტანციაში არ მიუთითებია რა გახდა მოთხოვნის აღძვრისთვის ვადების გაშვების საპატიო მიზეზი და არის თუ არა ეს იმის დასტური, რომ მას 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. მოსარჩელის დუმილი გარიგების მოწონებად უნდა ჩაითვალოს;

13.3. სააპელაციო სასამართლოს სადავო მინდობილობის მთელი ტექსტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 18.01.2005წ. მინდობილობით მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მისი საკუთრების ბედის გადაწყვეტის უფლება;

13.4. ვინაიდან მოსარჩელეს მინდობილობით მოპასუხისათვის უძრავი ქონების გასხვისების უფლება ჰქონდა მინიჭებული, ამ მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული;

13.5. მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ნასყიდობის საგანი, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ გარიგების გაფორმების შემდგომ მოპასუხე მათ საერთო შვილთან ერთად ფლობს სადავო ქონებას;

13.6. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მინდობილობა სადავოდ არ გაუხდია, მან მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება გახადა სადავოდ;

13.7. ის გარემოება, რომ მოპასუხეს უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს, ვინაიდან აღნიშნული სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ გარიგების ბათილობის წინაპირობას არ წარმოადგენს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 11.11.2009წ. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მართლზომიერება.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

22. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, წარმომადგენელს არ აქვს უფლება გარიგების ორივე მხარეს განასახიერებდეს. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელი შესაძლოა აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებთან კონფლიქტში, რაც ართულებს მის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ მარწმუნებლის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. წარმომადგენლის უმთავრესი მიზანი წარმოდგენილის ინტერესების დაცვაა, ეს კი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვაში გამოიხატოს. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, სსკ-ის 114-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება დასაშვებია. ეს შემთხვევებია: როდესაც გარიგება გამონაკლისის სახით არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება ან სახეზეა წარმომადგენლის თანხმობა, რომელიც როგორც ნათლად და გარკვევით, ასევე კონკლუდენტური მოქმედებითაც შეიძლება განხორციელდეს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წამოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ამგვარი გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, ზემოაღნიშნული დანაწესი წარმოდგენილს ანიჭებს უფლებას მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე - მერყევად ბათილია (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 114, გვ. 647-653).

23. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2009 წლის 11 ნოემბერს მოპასუხემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან თავისი სახელით დადო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მოსარჩელის მიერ წინასწარი თანხმობის - ნებართვის გაცემის ან მისი შემდგომი მოწონების ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაცემული 18.01.2005წ. მინდობილობით მოპასუხისათვის, როგორც წარმომადგენლისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება წარმომადგენელს მხოლოდ წარმოდგენილის სასარგებლოდ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე შეეძლო. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახადა სადავოდ, გარიგების მოწონებად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 11.11.2009წ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მართებულად მიიჩნია ბათილ გარიგებად.

24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოება შესაძლოა სადავო გარიგების მოწონებად განხილულიყო, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს ფაქტი სათანადოდ არ დასტურდება. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი), მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-194-2019, 27 მაისი, 2019 წელი).

25. კასატორი სარჩელის აღძვრისთვის ვადის გაშვებაზე მიუთითებს, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან აღიქმება როგორც ხანდაზმულობაზე მითითება და მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ საკითხზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხის გაცემას.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა არის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. თუმცა, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ თავად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით ილახება მხარის უფლება. გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება, მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში. ამდენად, ჩვეულებრივ პირობებში, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1350-1275-2012, 25 მარტი, 2013 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ მიუთითებია, შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] ახალ გარემოებებზე მითითება საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებელია, მასზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-946-911-2016, 20 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-769-2019, 05 სექტემბერი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1500 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 600 ლარი და დარჩენილი 900 ლარის 70% – 630 ლარი.

33.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ლ.გ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ივლისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1 500 (ათას ხუთასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 600 (ექვსასი) ლარი და დარჩენილი 900 (ცხრაასი) ლარის 70% – 630 (ექვსას ოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე