Facebook Twitter

საქმე №ას-1338-2022 16 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „მ.ს.თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.უ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.უ–მა (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „მ.ს.თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის: 1.1. სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 3700 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; 1.2. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ორი თვის კომპენსაციის 4000 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; 1.3. ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, ჯამში 2450 აშშ დოლარი გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად.

2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: 2016 წლის 14 ივნისს სს ,,ე.ჰ.ე.ბ–სა“ (რეორგანიზაციის შემდეგ სს ,,მ.ს.თ.ბ–ი“) და მოსარჩელეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ერთ წლის ვადით დასაქმდა მოპასუხე ორგანიზაციაში მზარეულის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 2000 აშშ დოლარით. მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ აიღო ხელფასი. სახელფასო დავალიანება შეადგენს 3700 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ამასთან, მოსარჩელე წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დამსაქმებლის ინიციატივით გაათავისუფლეს სამუშაოდან და არ გადაუხადეს ორთვიანი კომპენსაცია, რაც შეადგენს 4000 აშშ დოლარს.

3. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ ხელშეკრულება დასაქმებულთან შეწყდა არა ვადაზე ადრე, არამედ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადაში, შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შეუსაბამობის მიზეზით. შრომითი ხელშეკრულების 7.3 პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვიან გამოსაცდელ ვადას, რაც ნიშნავდა დამსაქმებლის უფლებამოსილებას წინასწარი შეტყობინებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუ დაადგენდა ზემოაღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობას. მოსარჩელეს მიღებული აქვს ნამუშევარი პერიოდის შესაბამისი ხელფასი 2016 წლის 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდისათვის. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელფასო დავალიანება 3700 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს ასევე დაეკისრა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ორი თვის კომპენსაცია 4000 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, ჯამში 2450 აშშ დოლარი, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 ივნისის №57 ხელშეკრულებით (ტ. 1, ს.ფ. 18- 25) ირკვევა, რომ მოსარჩელესთნ დაიდო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენდა ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო ერთი წელი, მათ შორის, პირველი სამი თვე იყო გამოსაცდელი ვადა (71., 7.2. პუნქტი); დამსაქმებელი უფლებამოსილია მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება დასაქმებულის მიერ, მისთვის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გარემოების არსებობისას (7.4 .„გ“ პუნქტი); ყველა დანარჩენ საკითხებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (10.5. პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 118-25).

8. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 14 ივნისიდან მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო მზარეულის პოზიციაზე.

9. მხარეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროს, გათავისუფლებამდე სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, ასევე კომპენსაციის გაცემისა და ხელფასის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარში, ასევე, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 მაისის სხდომაზე აღიარა სახელფასო დავალიანების სახით 1700 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი, ანუ ამ ნაწილში ცნო სარჩელი (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.05.2022წ. სხდომის ოქმი 12:32 37სთ.).

11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელში მოთხოვნის ძირითად ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა მხარეთა შორის არსებულ შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და ამ ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელის (დასაქმებულის) მიმართ არსებულ სახელფასო დავალიანების - 3700 აშშ დოლარისა და შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ორი თვის კომპენსაციის - 4000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების არსებობას (იხ. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები ტ.1. ს/ფ.: 4); რასთან დაკავშირებითაც, მოპასუხემ წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი (იხ. ტ. 1, ს/ფ.: 95-202).

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები; გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლე განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს პირველ რიგში, საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას; სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

13. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური წესით, რომლის მიხედვითაც, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს თავისი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების დრო, გათავისუფლების მართლზომიერება და ხელფასის გადახდის ფაქტი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილების საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს (საწარმო) გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდამდე ასრულებდა მასთან დასაქმებული სამუშაოს, მიღებული აქვს თუ არა შესაბამისი ანაზღაურება. ვინაიდან, დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს ასეთი მტკიცებულებების წარდგენას.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო 2016 წლის 14 ივნისს და ამდენად, გამოსაცდელი ვადა იწურებოდა 2016 წლის 14 სექტემბერს. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ 14 სექტემბრამდე ანუ, გამოსაცდელ ვადაში, რაც დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. დამსაქმებელი (მოპასუხე) მხოლოდ სიტყვიერი მითითებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი და გამორიცხავს ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოპასუხის მითითების გაზიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია გამოსაცდელ ვადაში 2016 წლის 14 სექტემბერმდე და შეწყვიტა მოხდა 2016 წლის 14 ოქტომბერს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, ისე რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს დასაქმებულისათვის არ უცნობებია და არც კომპენსაცია გადაუხდია.

15. რაც შეეხება მიუღებელი ხელფასის, ორი თვის კომპენსაციისა და დაყოვნებული ხელფასისთვის სარჩელის წარდგენამდე ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციტივით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და გათავისუფლების საფუძვლის მითითების გარეშე, ამასთან მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე სახის მტკიცებულება (ხელფასის უწყისი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი) სარჩელში მითითებულ პერიოდში მოსარჩელისათვის ხელფასის სრულად გადახდისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების 3700 აშშ დოლარის, ამ თანხის დაყოვნებისთვის 2016 წლის 14 ოქტომბრიდან-სარჩელის წარდგენის დრომდე ყოველდღიურად 0,07%-ის, ასევე კომპენსაციის სახით ორი თვის სახელფასო განაკვეთის - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 31.3-ე, 34-ე და 38.2-ე მუხლების შესაბამისად საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში - დასაბუთებულია.

16. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებულ საქმეში დამსაქმებელმა ვერ განახორციელა თავისი წილი მტკიცების ტვირთი, ვერ წარმოადგინა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით მის მიერ მითითებული ფაქტები, რის გამოც, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციტივით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და გათავისუფლების საფუძვლის მითითების გარეშე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; გათავისუფლების დროისათვის მისი მიუღებელი ხელფასი შეადგენდა 3700 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც სარჩელის წარდგენის დროისათვის ანაზღაურებული არ ყოფილა; ასევე, დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო გადახდილი არ ყოფილა ორი თვის ხელფასის ტოლფასი კომპენსაცია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ფაქტებზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებულია.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა ისიც, რომ 2022 წლის 05 მაისს გამართულ საპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განსახილველი შრომითი დავის ფარგლებში აღიარა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება 1700 აშშ დოლარის ნაწილში, რითაც ამ ნაწილში მან ფაქტობრივად ცნო სარჩელის მოთხოვნა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, მე-3, მე-7, 208.3 მუხლების თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საკმარისს საფუძველს მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების თაობაზე.

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სახელფასო დავალიანების სახით მხოლოდ 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში - სრულად და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის უარყოფა.

19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დამსაქმებელმა სასამართლოში არ წარმოადგინა დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილია საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდის შესახებ. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელით მოთხოვნილი სახელფასო დავალიანებიდან - 3700 აშშ დოლარიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო 1700 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში, დამსაქმებელი ცხადია ვერ წარმოადგენდა რაიმე მტკიცებულებას დავალიანების არარასებობის შესახებ.

20. კასატორი სადავოდ ხდის, რომ მხარეთა შორის შრომით ხელშეკრულება შეწყდა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ. მოსარჩელე უთითებს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა 14.10.2016წ., არამედ 14.09.2016წ. მას შემდეგ რაც დამსაქმებელი დარწმუნდა, რომ დასაქმებული ჯეროვნად ვერ ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ სამსახურებრვ მოვალეობას, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე - 14.10.2016წ. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. საქმეში წარმოდგენილია სს „ზ.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისათვის ანაზღაურებული აქვს სწორედ სამი თვის ხელფასი. კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში, რატომ არ იქნა მასზე ჩარიცხული მეოთხე თვის ხელფასი. თუკი მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას მეოთხე თვესაც აგრძელებდა და ასრულებდა, ლოგიკურია, რომ მას მეოთხე თვესაც უნდა დარიცხვოდა ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა სშკ-ის 9.3 მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადაში, რაც ამ გარემოების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელს წარუმატებელს ხდიდა.

21. რაც შეეხება სარჩელის იმ მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებდა კომპენსაციის გადახდას, კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც უარსაყოფია. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით („2. დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილიადასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით“). წინამდებარე დავაში მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მასთან ხელშეკრულება სშკ-ის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შეწყდა; მოსარჩელეს არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება და არც ასეთი ბრძანების დასაბუთება მიუთხოვია. აქედან გმომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები განხორცილებული არ არის.

22. კასატორის პრეტენზია მიემართება პირგასამტეხლოს ოდენობასაც, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს დაკისრებული აქვს ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.07%, რაც ჯამში შეადგენს 2450 აშშ დოლარს. დაუყოვნებლივი აღსრულების წესით, დღეისათვის კასატორს მოწინააღმდეგე მხარისთვის ანაზღაურებული აქვს 3700 აშშ დოლარიდან ხელფასის სახით - 1700 აშშ დოლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 2450 აშშ დოლარი არის აშკარად შეუსაბამო.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0.07%) დაკისრების შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის(შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე(შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი),34-ე(შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 38.2 (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივიგარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. ამ გადაწყვეტილების პპ: 7, 8 -ში დადგენილია და საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რომ 2016 წლის 14 ივნისს (№57 ხელშეკრულება) მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენდა ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო ერთი წელი, მათ შორის, პირველი სამი თვე იყო გამოსაცდელი ვადა (71., 7.2. პუნქტი); დამსაქმებელი უფლებამოსილია მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება დასაქმებულის მიერ, მისთვის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გარემოების არსებობისას (7.4 .„გ“ პუნქტი); ყველა დანარჩენ საკითხებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (10.5. პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 118-25). ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 14 ივნისიდან მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო მზარეულის პოზიციაზე.

30. პირველი ინსტანციის სასაართლოში სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელფასო დავალიანება 3700 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს ასევე დაეკისრა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ორი თვის კომპენსაცია 4000 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, ჯამში 2450 აშშ დოლარი, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად.

31. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელმა/მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 მაისის სხდომაზე სახელფასო დავალიანების სახით 1700 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი აღიარა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.05.2022წ. სხდომის ოქმი 12:32 37სთ.). დამსაქმებელს/აპელანტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების სახით 1700 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია.

32. წარმოდგენილი კასატორის პრეტენზია მიემართება სახელფასო დავალიანებიდან დარჩენილი 2000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში), ხელფასის დაყოვნებისათვის კანონით დადგენილი პირგასამტეხლოსა (0.07%) და კომპენსაციის დაკისრების უსაფუძვლობას.

33. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ნაწილში, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი.

34. კასატორის მითითებით, მას შემდეგ რაც დამსაქმებელი დარწმუნდა, რომ დასაქმებული ჯეროვნად ვერ ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ სამსახურებრვ მოვალეობას, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე - 14.10.2016წ. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. კასატორის მითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს დაუსაბუთებლობის გამო და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, მოპასუხემ დაუპირისპირა შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ ხელშეკრულება დასაქმებულთან შეწყდა არა ვადაზე ადრე, არამედ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადაში, შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შეუსაბამობის მიზეზით, რაც გამორიცხავს სახელფასო დავალიანების ნაწილში (2000 აშშ დოლარის ეკივივალენტი ლარში) სარჩელის წარმატებას (იხ., ტ.1. ს.ფ. 120, 121).

35. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო კასატორის (მოპასუხე) პოზიცია, რომ სს „ზ.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობით (იხ., შესაგებელი - ტ.1; ს.ფ. 120, 121 - ტ.1.) დასტურდება დასაქმებულისათვის სწორედ სამი თვის ხელფასის გადახდის ფაქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე მეოთხე თვეს აღარ იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის გამოსაცდელ სამ თვიან ვადაში შეწყვეტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას.

36. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

37. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

38. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

39. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცებისტვირთისგანაწილებისგარკვეულითავისებურებითხასიათდება,რასაცმტკიცებულებებისწარმოდგენისთვალსაზრისით,დამსაქმებლისადადასაქმებულისარათანაბარიშესაძლებლობებიგანაპირობებს.აღნიშნულიდასკვნაგამომდინარეობსიმ ძირითადიპრინციპიდან,რომდამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნიამტკიცებითიუპირატესობა,სასამართლოსწარუდგინოსმისთვისხელსაყრელიმტკიცებულებები(შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015 წელი; №ას-182-171-2017, 27.12.2019წელი).

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიართობის შეწყვეტა/შეწყვეტის კონკრეტული თარიღი განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, (იხ., გაგუა ილონა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, რედ-ბი: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ. თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).

41. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად, რომ გამოსაცდელი სამ თვიანი ვადის გასვლის შემდეგომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა, რაც დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

42. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია ფაქტობრივი გარემოება სადავო პერიოდისთვის მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა.

43. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით სადავოდ ქცეულ პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის. შესაბამისად, სახელფასო დავალიანების დარჩენილი ნაწილი, რომელიც საკასაციო საჩივრით იყო გასაჩივრებული (2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) სწორად დაეკისრა დმსაქმებელს (კასატორი).

44. რაც შეეხება სარჩელის მეორე მოთხოვნას, რომელიც შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაში მდგომარეობს გათვალისწინებულია სშკ-ის სადავო პერიოდში მოქმედი 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კანონის მოქმედი რედაქციის 41 მუხლი).

45. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოშობილი იყო მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. აღნიშნულს საკასაციო პალატაც ეთანხმება და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა/ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

46. სშკ-ის 31.3 მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41.3 მუხლი) თანახმად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.

47. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია სახელფასო დავალიანების არსებობა (ხელფასის გადახდის დაყოვნება) მოსარჩელის სასარგებლოდ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლიეს და გადაწყვეტილება გამოიტანეს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ Nას 1429-2020, 18.03.2022; №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი),რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

48. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნას ვერ შეარყვეს კასატორის ამ განჩინების პ.22-ში მითითებული პრეტენზია, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების წესით დღეისათვის კასატორს მოწინააღმდეგე მხარისთვის ანაზღაურებული აქვს 3700 აშშ დოლარიდან ხელფასის სახით - 1700 აშშ დოლარი. რის გამოც, პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 2450 აშშ დოლარი არის შეუსაბამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო დაერიცხა სახელფასო დავალიანების თანხას, ხოლო ის საკითხი, სახელფასო დავალიანების რა ნაწილია გადახდილი დამსაქმებლის მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების წესით, წინამდებარე საკასაციო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

49. რაც შეეხება ორი თვის კომპენსაციის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლისათვის ორი თვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სშკ-ის 38.2 მუხლი(დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში). შესაბამისად, მოთხოვნის წარმატებულობისათვის დამსაქმებელს სარჩელში ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე უნდა მიეთითებინა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, თუმცა მისი შემდეგი კანონიერი საფუძვლებით შეწყვეტისას: 1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; 2. დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;3. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;4. სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

50. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა კომპენსაციას ორი თვის ანაზღაურების ოდენობით ითვალისწინებს არა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას, არამედ როდესაც ხელშეკრულება წყდება ზემოხსენებული კანონიერი საფუძვლებით. ამასთან, ნორმის მიზანია შეტყობინების ვადის დაცვის გარეშე დათხოვნილი დასაქმებულისათვის დაცვის გარკვეული გარანტიის შექმნა, ორი თვის კომპენსაცია კი, მისი საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ნორმის განმარტების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შრომითი ხელშეკრულების კანონით აკრძალული საფუძვლით შეწყვეტისას, კანონმდებლობა ზემოხსენებული გარანტიების შექმნას დასაქმებულისათვის იძულებითი განაცდურისა თუ სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაწესებით უზრუნველყოფს.

51. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება რომ რომელიმე ამ საფუძვლით შეწყდა, მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია. იგი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად უთითებს დამსაქმებლის მიერ ისეთი პირობების შექმნას, რომ დასაქმებული აღარ გამოცხადებულიყო სამუშაოზე (იხ., სარჩელი - ტ.1. ს.ფ. 49). ამასთან, მოსარჩელეს არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მოუთხოვია და დამსაქმებლისათვის არც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნა არ წარუდგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეს სარჩელით არც იძულებითი მოცდენის დროის შესაბამისად იძულებითი განაცდური არ მოუთხოვია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას კომპენსაციის - ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (იხ., სუსგ Nას-1429-2020, 18 მარტი,2022წ.).

52. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლალად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი. ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი მოპასუხისათვის კომპენსაციის - 4 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

53. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

54. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც დაკმაყოფილებულია.

55. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 360 აშშ ექვივალენტი ლარი, საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 1700 აშშ დოლარის 5% - 85 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მე-3 პუნქტით განსაზღვრული 850 აშშ დოლარის 4% -34 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სულ 479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

გადაწყვიტა:

1. სს „მ.ს.თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.უ–ის სასარჩელო მოთხოვნა სს „მ.ს.თ.ბ–ისათვის“ კომპენსაციის - 4 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. სს „მ.ს.თ.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე