Facebook Twitter

საქმე №ას-5-2023 20 თებერვალი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ.ლ–ვა (მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ზ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჩ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, გ.ჩ–ას სარჩელი ბ.ლ–ვასა და მ.ზ–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე მოპასუხე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით ბ.ლ–ვას საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით მ.ზ–ას საკასაციო საჩივარზეც დადგინდა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ლ–ვასა და მ.ზ–ას საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით, ბ.ლ–ვას საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 5950 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დასაბუთებული, საკასაციო საფუძვლების მითითებით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან ათ დღიანი ვადა.

განჩინება კასატორის წარმომადგენელს, რ.ნ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 23 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 2023 წლის 02 თებერვალს, თუმცა მოცემული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა ხარვეზის შევსება ან შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა, ამიტომ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით, მ.ზ–ას საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დასაბუთებული, საკასაციო საფუძვლების მითითებით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან ათ დღიანი ვადა.

განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ნ.წ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 30 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 31 იანვრიდან და ამოიწურა 2023 წლის 09 თებერვალს, თუმცა მოცემული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა ხარვეზის შევსება ან შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც არსებობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ბ.ლ–ვას, ასევე მ.ზ–ას საკასაციო საჩივრები განსაზღვრული ხარვეზების შეუვსებლობის საფუძვლით უნდა დარჩეს განუხილველად.

რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ბ.ლ–ვას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, შესაბამისად, მას აღნიშნული თანხა დაუბრუნდება სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ლ–ვასა და მ.ზ–ას საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად;

2. ბ.ლ–ვას (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის, რ.ნ–ძის (......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №57, გადახდის თარიღი 27.12.2022), 50 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე