საქმე №ას-1427-2022 13 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2022 წლის 2 ნოემბერს გ.ბ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება საქმეზე N2ბ/5552-21.
2. 2022 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო საქმე N2ბ/5552-2021.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 12 იანვარს მიღებული წერილით დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნული საქმე გ.ბ–ძის კერძო საჩივრების განხილვის მიზნით გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
4. 2023 წლის 30 იანვარს გ.ბ–ძის კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმე დროებით გამოთხოვილ იქნა მოსამართლე ა. წულაძისაგან, რომელიც გადაეცა მოსამართლე ნ. ბაქაქაქურს 2023 წლის 8 თებერვალს.
5. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმეზე N2ბ/5552-21 2022 წლის 20 ოქტომბერს განჩინება არ მიუღია. საქმეში განთავსებულია 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
6. საქმეში ასევე განთავსებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
10. სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
12. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების საგანი ვინაიდან მხარე მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, აღნიშნული თარიღით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ მიუღია. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, ვერც აღნიშნული განჩინებები იქნება მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად იქედან გამომდინარე, რომ ისინი მიღებულია მას შემდეგ, რაც გ.ბ–ძემ კერძო საჩივრი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ.ბ–ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი და იგი განუხილველად უნდა დარჩეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური