Facebook Twitter

საქმე №ას-1552-2022 17 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ–ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -

გ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ქ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.გ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა გ.გ–ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დ.გ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, ან კასატორის სახელზე გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10-14 დღით იმ საფუძვლით, რომ იანვრის თვიდან კასატორის ოჯახი მიიღებდა სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსს და სოციალურ დახმარებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით დ.გ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით დ.გ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, ან კასატორის სახელზე გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს კ.კ–იას (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 30) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ......, კორპ. 3, ოფისი N6. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2023 წლის 24 იანვარს ჩაბარდა პირადად ადრესატს (იხ. ს.ფ. 216).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2023 წლის 3 თებერვალს.

ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური