Facebook Twitter

საქმე №ას-1548-2022 13 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.09.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2022 წლის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი თ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 51 500 აშშ დოლარის, ასევე 51 500 აშშ დოლარის წლიური 1 %-ის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის მიხედვით, 27.09.2019 წლიდან თანხის სრულად გადახდამდე. სარჩელი ნივთების უკანონოდ წაღებისა და უძრავი ქონების დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 134-153).

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2022 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში სსსკ) დადგენილი წესით, ცნობილი იყო მოპასუხის წარმომადგენლისათვის. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა მას ამ ვადის განმავლობაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამდენად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 14.04.2022 წელს და ამოიწურა 27.04.2022 წელს. მოპასუხემ გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 10.05.2022 წელს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა - 18.05.2022 წელს. შესაბამისად, დარღვეულია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.09.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

12. საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტის წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 104,105) ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21.02.2022 წელს გამართულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნა სარჩელი და დადგინდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 14.03.2022 წელი (იხ. 21.02.2022 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 118-125), თუმცა, აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. გადაწყვეტილება აპელანტმა ჩაიბარა მხოლოდ 10.05.2022 წელს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 154). შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 14.04.2022 წლიდან და ამოიწურა 27.04.2022 წელს.

13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ 18.05.2022 წელს (ს.ფ.155), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) არ გამოიყენება, რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სუსგ Nას-875-2019, 19.07.2019წ.; სუსგ№ას-1014-2018, 24.12.2018წ.). სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (შდრ. სუსგ Nას-221-208-2015, 29.05.2015; სუსგ Nას-1941-2018, 29.03.2019წ.). ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

17. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.09.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია