საქმე №ას-270-2021 21 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.რ–ი, მ.ქ–ძე, ჰ.დ–ი, ბ.დ–ი, მ.რ–ი, ლ.ბ–ი, ლ.ლ–ძე, მ.ბ–ი, იბა „მ–ი-?“
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ქ–ძის, მ.მ–ის, მ.ქ–ძის, ჰ.დ–ის, ბ.დ–ის, მ.რ–ის, ლ.ბ–ის, ლ.ლ–ძის, თ.რ–ის, მ.ბ–ისა და იბა „მ–ი-?-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ამხანაგობა“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ.ქ–ძის, მ.მ–ის, მ.ქ–ძის, ჰ.დ–ის, ბ.დ–ის, მ.რ–ის, ლ.ბ–ის, ლ.ლ–ძის, თ.რ–ის, მ.ბ–ისა და ამხანაგობისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 25000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ქ–ძეს, მ.მ–ს, მ.ქ–ძეს, ჰ.დ–ს, ბ.დ–ს, მ.რ–ს, ლ.ბ–ს, ლ.ლ–ძეს, თ.რ–სა და მ.ბ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 25000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 07.09.2007 წელს დაიდო ხელშეკრულება ამხანაგობის დაფუძნების შესახებ. დაფუძნებული ამხანაგობის მიზანი იყო მ–ის ქ. №2-4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 01.10.2010 წლის კრების ოქმით განაწილდა ფართები და ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს მ.ბ–ი. 26.10.2010 წლის ბრძანებით შეთანხმდა 11.10.2010 წლის კორექტირებული პროექტი, რომლითაც განისაზღვრა დამატებით მე-8 სართულისა და მანსარდის დაშენება.
3.2. 28.02.2008 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გ.თ–ს ჰქონდა მოსარჩელის ვალი 30 000 აშშ დოლარი, მ.ზ–ის - 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ლ.ლ–ძის - 20 000 აშშ დოლარი.
3.3. კრედიტორთა 05.11.2010 წლის კრების ოქმის თანახმად: იპოთეკის თანხა იყო განაწილებული შემდეგნაირად: გ.კ–ია - 20 000 აშშ დოლარი, ლ.ლ–ძე - 10 000 აშშ დოლარი, თ.ბ–ა (იპოთეკარი ე.ლ–ძის მხრიდან) – 16 000 აშშ დოლარი, მოსარჩელე - 11 200 აშშ დოლარი, ზემოაღნიშნული თანხა ყველა ჩამოთვლილმა პირმა ჩაიბარა, რასაც ადასტურებენ ხელისმოწერით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (აგრეთვე ......... №53 ბინაზე).
3.4. 08.11.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ თ.რ–ს გადასცა 25000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 08.04.2011 წელი. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ.რ–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, მ–ის ქუჩა №2-4, დამხმარე სათავსო №6, ფართი - 188.00 კვ.მ. 04.11.2011 წლის ხელშეკრულებით გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკაზე უარის თქმის საფუძველია მსესხებლის თ.რ–ის მიერ სესხის თანხის 25 000 აშშ დოლარისა და დარიცხული პროცენტების სრულად დაბრუნება.
3.5. 04.11.2011 წელს მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, წილის უფლების გამყიდველი ყიდის, ხოლო წილის უფლების მყიდველი ყიდულობს იბა-ს კუთვნილ წილის უფლებას ამხანაგობის კუთვნილ, ქ. თბილისში, მ–ის ქ. №2 და №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში პირველ სადარბაზოში, მერვე საცხოვრებელ სართულზე, საერთო ფართზე 46 კვ.მ, თეთრი კარკასით, მოჭიმული იატაკით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, რკინის კარებით, გალესილი კედლებით, ელექტრო გაყვანილობით. 2.1. პუნქტის თანახმად, „წილის უფლების გამყიდველი“ ვალდებულია 31.12.2012 წლამდე ჩააბაროს „წილის უფლების მყიდველს“ მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, მ–ის ქ. №2-4-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობიდან პირველ სადარბაზოში, მერვე საცხოვრებელ სართულზე, საერთო ფართზე 46 კვ.მ ფართი შეთანხმებულ მდგომარეობაში. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტში აღნიშნულია, რომ გასაყიდი წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებულია 27 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 45 868.44 ლარს, საიდანაც „წილის უფლების მყიდველი“ 25 000 აშშ დოლარს, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 41 547.50 ლარს, გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, ხოლო დარჩენილ 1 600 აშშ დოლარს - მშენებლობის დასრულებისას. 3.2. პუნქტით, ხელშეკრულების საგნის უკან გამოსყიდვის ვადა განისაზღვრება მშენებლობის ვადის დამთავრებამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წილის უფლების გამყიდველი წილის უფლებას ვერ გამოისყიდის აღნიშნულ ვადაში, მაშინ ხელშეკრულების საგნის მესაკუთრე ხდება „წილის უფლების მყიდველი“. უკან გამოსყიდული წილის უფლების ღირებულება მხარეთა განცხადებით შეადგენს 25 000 აშშ დოლარს.
3.6. ამხანაგობის 10.05.2018 წლის კრების ოქმით განაწილდა ფართები, როგორც დამფუძნებელ, ისე სხვა წევრებზე. მოსარჩელისათვის ფართი გამოყოფილი არ არის. შენობის მე-8 სართულზე ყველა ფართი განკარგულია. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამხანაგობას ხელშეკრულებით შეთანხმებული ფართი არ გადაუცია მოსარჩელისათვის. განხორციელებული განშლით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის რაიმე ფართი განაწილებული არ არის.
3.7. 12.06.2019 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების - მ.ზ–ის, ი. ტ-ს–სა და გ.კ–ას ჩვენებებით დასტურდება, რომ მ.ბ–მა შესთავაზა გ.თ–ის კრედიტორებს, რომ ორი პირის მიმართ არსებულ ვალდებულებას თავად შეასრულებდა ფართის გადაცემის ფორმით, ხოლო ამ შესრულების მიღების სურვილი გამოთქვეს მოსარჩელემ და ლ.ლ–ძემ. მ.ბ–მა იკისრა ვალდებულება, მოსარჩელესა და ლ.ლ–ძეს მშენებარე კორპუსში გადასცემდა ფართებს მათ მიერ თ–თვის გასესხებული თანხის სანაცვლოდ. ამასთან, მოწმეებმა განმარტეს, რომ თ–თან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ და ლ.ლ–ძემ მიიღეს სესხის თანხის ნაწილი, 20 000 აშშ დოლარი, თუმცა თითოეულმა რა ოდენობით მიიღო უცნობია, რადგან ორივეს თანხა ერთად ლ.ლ–ძემ აიღო მოსარჩელესთან შეთანხმებით. მისივე განმარტებით, დაბრუნებული თანხის განაწილება უნდა მომხდარიყო გასესხებული თანხის პროპორციულად. მოწმე ი. ტ-ს–ს განმარტებით დგინდება, რომ მიღებული თანხა მოსარჩელემ ლ.ლ–ძის მეშვეობით გადასცა მ.ბ–ს, რადგან თანხის გადაცემას მოსარჩელე არ ესწრებოდა ავადმყოფობის გამო. ვინაიდან მ.ბ–ს მშენებლობისთვის ესაჭიროებოდა თანხა, მოსარჩელემ და ლ.ლ–ძემ გადაუხადეს 20 000 აშშ დოლარი, ამასთან, თ–თან არსებული დანარჩენი მოთხოვნა მ.ბ–ს უნდა უზრუნველეყო ფართის გადაცემით. მოწმეებმა ი. ტ-ს–მა და კ–ამ განმარტეს, რომ მ.ბ–ისა და თ–ს შორის არის სხვა ვალდებულებები მშენებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო, თანახმაა მოსარჩელესა და ლ.ლ–ძეს გაუფორმოს ხელშეკრულება ფართთან დაკავშირებით და აიღოს ვალდებულება.
3.8. სააპელაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ იმისათვის, რომ არ მომხდარიყო გ.თ–ის გამოსახლება კრედიტორების მიერ, მ.ბ–მა იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეს მშენებარე კორპუსში გადასცემდა ფართებს გასესხებული თანხის სანაცვლოდ. მ.ბ–მა გადაიკისრა გ.თ–ის ვალის ნაწილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 203-ე მუხლი), ხოლო ნაწილი მან მიიღო მოსარჩელისაგან ლ.ლ–ძის მეშვეობით.
3.9. პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 427-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის ზოგადი წესი - კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება, ამავე კოდექსის 428-ე მუხლი კი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტას კრედიტორის მიერ სხვა შესრულების მიღებით. ასეთ შემთხვევაში, სავალდებულოა კრედიტორის თანხმობა სხვა შესრულების მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, გ.თ–სა და მოსარჩელეს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორმა - მოსარჩელემ, თანხმობა გამოთქვა სხვა შესრულების მიღებაზე, რაც გამოიხატა მ.ბ–ის შეთავაზებით, რომ გ.თ–ის ნაცვლად გადაიხდიდა მის სესხს მოსარჩელისთვის ფართის გადაცემის გზით.
3.10. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე და 319-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 50-ე, 327-ე, მუხლებით და 04.11.2011 წელს მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის წილის უფლების ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების გონივრული განსჯის შედეგად დაასკვნა, რომ მ.ბ–მა გამოხატა ნება 25 000 აშშ დოლარის ვალის (რომელიც მას გააჩნდა გ.თ–ის ვალდებულებების გადაკისრებიდან და მის მიერ მოსარჩელისგან თანხის მიღებიდან) სანაცვლოდ მოსარჩელისათვის უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, მ–ის ქ. №2 და №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, პირველ სადარბაზოში, მერვე საცხოვრებელ სართულზე, საერთო ფართზე 46 კვ.მ, გადაცემის თაობაზე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საგნის უკან გამოსყიდვის ვადა განისაზღვრება მშენებლობის ვადის დამთავრებამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წილის უფლების გამყიდველი წილის უფლებას ვერ გამოისყიდის აღნიშნულ ვადაში, მაშინ ხელშეკრულების საგნის მესაკუთრე ხდება „წილის უფლების მყიდველი“. უკან გამოსყიდული წილის უფლების ღირებულება მხარეთა განცხადებით შეადგენს 25 000 აშშ დოლარს. 2.1. პუნქტის თანახმად, „წილის უფლების გამყიდველი“ ვალდებულია 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩააბაროს „წილის უფლების მყიდველს“ მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, მ–ის ქ. №2-4-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობიდან პირველ სადარბაზოში, მერვე საცხოვრებელ სართულზე, საერთო ფართზე 46 კვ.მ ფართი შეთანხმებულ მდგომარეობაში.
3.11. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობას ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, ამხანაგობის 10.05.2018 წლის კრების ოქმით განაწილდა ფართები შენობის მე-8 სართულზე სრულად და მოსარჩელისათვის ფართი გამოყოფილი არ არის. გარდა ამისა, წილის უფლების გამყიდველს, წილის უფლება არ გამოუსყიდია. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. მოცემულ შემთხვევაში, ის სარგებელი რაც მოპასუხე მხარემ მიიღო მოსარჩელის ხარჯზე არის 25000 აშშ დოლარი.
3.12. პალატამ არ გაიზიარა მოწინაღმდეგე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, მართალია, ბ–მა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა სესხის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რაზედაც დატოვა სანოტარო ბიურო და მისთვის უცნობი იყო აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომი ბედის თაობაზე. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. მ.ბ–ის აღნიშნული განმარტება, პალატის აზრით, არ არის დამაჯერებელი. ცხოვრებისეული გამოცდილება და სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, მოვლენები ასე არ ვითარდება, როგორც მ.ბ–ი მიუთითებს: მხარე აწერს ხელშეკრულებას ხელს და შემდგომში აღარ ინტერესდება სანოტარო ფორმით გაფორმებულ წერილობით ხელშეკრულებას რა ბედი ეწია და არ იცის საერთოდ დაიდო თუ არა იგი. მხარის ეს განმარტება არ არის დამაჯერებელი და სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოწმეები და წერილობითი მტკიცებულებები. მოპასუხის მიერ გაფორმებულია წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც, სასამართლოს აზრით, ნამდვილია და მოპასუხეს ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება.
3.13. ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა მიერ ამ გარიგების დადების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის ნებას.
3.14. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატამ დამატებით განმარტა, რომ ამხანაგობის წევრთა სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, სსკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 464-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების დარღვევა ბრალად შეერაცხება ყველა სოლიდარულ მოვალეს, მიუხედავად მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან მიმართებით. სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებას კი არ გამორიცხავს ის ფაქტი, გაასხვისა თუ არა მიღებული ბინა ამხანაგობის რომელიმე წევრმა, რადგანაც იმ პირობებშიც კი, თუ მიღწეულია ამხანაგობის მიზანი, ან სხვა საფუძვლით ფორმალურად წყდება ამხანაგობის ხელშეკრულება, იგი შეწყვეტილად მაინც ვერ ჩაითვლება, თუ დაცული არ არის სსკ-ის 940-ე მუხლის მოთხოვნები. ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 25 000 აშშ დოლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს თ.რ–მა, მ.ქ–ძემ, ჰ.დ–მა, ბ.დ–მა, მ.რ–მა, ლ.ბ–მა, ლ.ლ–ძემ, მ.ბ–მა, და ამხანაგობამ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „კასატორები“), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის სახელით გამოხატა ნება 25 000 აშშ დოლარის ვალის (რომელიც მას გააჩნდა გ.თ–ის ვალდებულებების გადაკისრებიდან და მის მიერ მოსარჩელისგან თანხის მიღებიდან) სანაცვლოდ, მოსარჩელისათვის უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 04.11.2011 წელს, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „წილის უფლების გამყიდველი“ ვალდებულია 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩააბაროს „წილის უფლების მყიდველს“ მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, მ–ის ქ. №2 და №4-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობებიდან პირველ სადარბაზოში, მერვე საცხოვრებელ სართულზე, საერთო ფართზე 46 კვ.მ ფართი შეთანხმებულ მდგომარეობაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 55-58). დადგენილია, რომ ამხანაგობას ვალდებულება არ შეუსრულებია, კერძოდ, ამხანაგობის 10.05.2018 წლის კრების ოქმით განაწილდა ფართები შენობის მე-8 სართულზე სრულად და მოსარჩელისათვის ფართი გამოყოფილი არ არის. სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ასევე, 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) თანახმად, მოსარჩელეს აქვს თანხის მოთხოვნის უფლება.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოვალეა ამხანაგობა, რომელსაც ხელშეკრულების დადების დროს ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენდა. სსკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამხანაგობის წევრებისთვის და, ამდენად, სოლიდარული მოვალეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების გადაწყვეტილება კანონიერია (შდრ. სუსგ №ას-625-625-2018, 31.10.2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირების ანუ კრედიტორების წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს, ე.ი. მესამე პირები უფლებამოსილნი არიან მოთხოვნები წაუყენონ მხანაგობის ყველა წევრს ერთად, ან რომელიმე მათგანს და მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება. რაც შეეხება თავად ამხანაგობის მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობას, იგი შეიძლება წარმოშვას როგორც კრედიტორების მიმართ არსებულმა ვალდებულებებმა, ისე შიდასახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შედეგებმა. მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობა განისაზღვრება წილობრივი მონაწილეობით, ანუ მათი წილების შესაბამისად, ხოლო, თუ წილები არ არის განსაზღვრული - თანაბრად. ამდენად, ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულია, ხოლო ერთმანეთთან მიმართებაში - წილობრივი, ხოლო ასეთის არარსებობისას - თანაბარი (შდრ. სუსგ №ას-3-3-2017, 06.02.2017წ.).
11. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3895.60 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2726.92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.რ–ის, მ.ქ–ძის, ჰ.დ–ის, ბ.დ–ის, მ.რ–ის, ლ.ბ–ის, ლ.ლ–ძის, მ.ბ–ის, იბა „მ–ი-?“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.რ–ს (პ/ნ ......), მ.ქ–ძეს (პ/ნ ......), ჰ.დ–ს (პ/ნ ........), ბ.დ–ს (პ/ნ ......), მ.რ–ს (პ/ნ .......), ლ.ბ–ს (პ/ნ .......), ლ.ლ–ძეს (პ/ნ .....), მ.ბ–ს (პ/ნ .....), იბა „მ–ი-?“-ს (ID ნომერი 2052.......) უკან დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 3895.60 ლარის (საგადახდო დავალება 11896892619, გადახდის თარიღი 02.11.2021წ., გადახდილი თანხა - 1 000 ლარი, გადამხდელი - ე.ხ–ი (პ/ნ .....); საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 14.12.2021წ., გადახდილი თანხა - 2895,60 ლარი, გამახდელი -დ.ღ–ძე (პ/ნ .....) ) 70% – 2 726.92 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია