Facebook Twitter

საქმე №ას-511-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.შ–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.10.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მსესხებელი“, „მოვალე“ ან „კასატორი“) სარჩელი ა.შ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კრედიტორი“) მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 12.08.2015 წელს მოსარჩელეს და ა.ე–ვს (შემდეგში „გამსესხებელი, „ძველი კრედიტორი“) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მოსარჩელეს 6 თვის ვადით სესხად გადასცა 10 680 აშშ დოლარი, თვეში ძირი თანხის 3.3%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით.

3.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისი, ........., შენობა N27, ანტრესოლი, მიწის ს/კ .........

3.3. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 22.08.2015 წლის სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით გამსესხებელმა მოთხოვნა დაუთმო მოპასუხეს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ახალი იპოთეკარის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

3.4. ნოტარიუს მ.ლ–ის მიერ 13.04.2016 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N160376792, რომელშიც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა - 10 680 აშშ დოლარი; ოთხი თვის მიუღებელი სარგებელი, თვეში 352.44 აშშ დოლარი, სულ - 1409.26 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 12.02.2016 წლიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება A16038298.

3.5. სარჩელით სადავოდ არის გამხდარი სააღსრულებო ფურცლის კანონიერება აღსასრულებელი ვალდებულების სახით ოთხი თვის სარგებლის (1409.26 აშშ დოლარის) მითითების ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ და მან სარგებელი სრულად გადაიხადა ძველი კრედიტორის წინაშე ნაღდი ანგარიშსწორებით, რის უფლებასაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-200 მუხლი ანიჭებდა. მოსარჩელის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი გარმეოებები სწორედ ამ ჭრილში უნდა შეეფასებინა და იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო, მოპასუხისთვის დაეკისრებინა.

3.6. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე, 625-ე, 286-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი უნდა განიმარტოს სსკ-ის 429-ე მუხლის კონტექსტში, რომელიც არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქოსამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი და იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას უფლება აქვს კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

3.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისთვის სარჩელით სადავო ოთხი თვის სარგებლის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ვერც სადავო თანხის ძველი კრედიტორისთვის გადახდის ფაქტს.

3.8. სააპლაციო საჩივრის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელემ ვალდებულება ძველი კრედიტორის წინაშე შეასრულა, პალატამ განმარტა, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამასთან, ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-200 მუხლზე და განმარტა, რომ იგი ზოგადი ნორმაა და იცავს კეთილსინდისიერ მოვალეს, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობას, რა დროსაც მოვალის მიერ თავდაპირველი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს არა სსკ-ის მე-200 მუხლი, არამედ, სსკ-ის 296-ე მუხლი (თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა). აღნიშნული მუხლი ადგენს გამონაკლისს მე-200 მუხლით დადგენილი ზოგადი წესიდან, რადგან მისი გამოყენების წინაპირობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც საქმე ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობას, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე ვერ მიუთითებს ცესიის შესახებ არცოდნაზე, და თუ ვალდებულებას შეასრულებს თავდაპირველი კრედიტორის წინაშე, ცესიონერის წინაშე მაინც ვალდებული დარჩება.

3.9. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელში მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

9. სსკ-ის 623-ე მუხლით (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, სადავოა 13.04.2016 წელს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების მოცულობა, ოთხი თვის სარგებლის - 1409.26 აშშ დოლარის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ, სადავო თანხა გადაუხადა ძველ კრედიტორს, ნაღდი ანგარიშსწორებით.

10. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებით. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ. Nას-705-2019, 12.07.2019წ.; Nას-251-2019 05.06.2019წ.; ას-66-2020, 21.07.2020წ.). ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

11. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ძველი კრედიტორისთვის თანხის გადახდის - დადასტურების შემთხვევაშიც, სარჩელს არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოვალის მიერ ძველი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს არა სსკ-ის მე-200 მუხლი, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, არამედ, სსკ-ის 296-ე მუხლი (თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 296-ე მუხლში წარმოდგენილია სპეციალური წესი მე-200 მუხლთან შედარებით. ჩვეულებრივ, მოვალე, რომელსაც არ შეატყობინეს ცესიის შესახებ, უფლებამოსილია, გამათავისუფლებელი ეფექტით განახორციელოს შესრულება თავდაპირველი კრედიტორის წინაშე (სსკ-ის მე-200 მუხლი). ეს წესი ემსახურება კეთილსინდისიერი მოვალის დაცვას - მოთხოვნის დათმობამ მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. სხვაგვარადაა საქმე იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობას ეხება საქმე. ამ შემთხვევაში მოვალე ვერ მიუთითებს ცესიის შესახებ არცოდნაზე და თუ ასრულებს თავდაპირველი კრედიტორის წინაშე, ცესიონერის წინაშე მაინც ვალდებული რჩება (სსკ-ის 296-ე მუხლი). ეს გადაწყვეტა, რომელიც უარს ამბობს სსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებულ მოვალის დაცვის ამ მექანიზმზე, გამართლებულია იმ საჯაროობის მომენტის გათვალისწინებით, რაც აუცილებლობის ძალით თან სდევს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ახალ კრედიტორზე გადასვლას (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 296, ველი 1).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება (იხ.: სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.). არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების და დავალიანების შემცირებული ოდენობით განსაზღვრის საფუძველი.

13. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ მიუთითებს გარემოებას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას კასატორის მიერ დასახელებული უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული დავის განხილვის დასრულებამდე. დაუსაბუთებელია შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ტ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია