საქმე №ას-148-2021 20 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ფ–ი (ე.ა–ის უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ხარჯების დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 27.12.2019 წლის გადაწყვეტილებით ნ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ე.ა–ის (უფლებამონაცვლე გ.ფ–ი, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ საზიარო უფლების გაუქმების, მესაკუთრედ ცნობის, ფართის იზოლირების და ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. უძრავი ნივთი, მდებარე, ქალაქ ახმეტაში, ......., საერთო ფართი 63,10 კვ.მ. ს/კ ........ (შემდეგში „საზიარო საგანი“), თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მოსარჩელეს და მოპასუხეს შემდეგი სახით: N1 ოთახი, ფართით 17.5 კვ.მ ირიცხება მოსარჩელის, N2 და N3 ოთახები, ფართით 27.0 კვ.მ - მოპასუხის სახელზე, ხოლო, N4 და N5 ოთახები საერთო საკუთრებაშია. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ახმეტის რაიონის სასამართლოს 15.09.1994 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მოპასუხის სახელზე რიცხული სამოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელეს გამოეყო N1 ოთახი, ფართით 17.5 კვ.მ.. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს საერთო სარგებლობაში დარჩათ N4 და N5 ოთახები.
3.2. მოსარჩელე ითხოვს უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმებას იმდაგვარად, რომ საერთო ფართის ორ ნაწილად გამიჯვნის ნახაზის მიხედვით, მოპასუხეს მიეკუთვნოს N4 ოთახი, ხოლო, მოსარჩელეს - N5 ოთახი.
3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. სსკ-ის 963-ე მუხლი, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
3.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია.
3.4.1. მოსარჩელის პოზიცია წილების ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობის შესახებ ეფუძნება მის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული ვარიანტით, მოსარჩელეს შესაძლოა გამოეყოს დანართზე N1 და N5 ოთახები, ხოლო მოპასუხეს - N2 , N3, N4 და N6 ოთახები. მხარეებს საკუთრებაში გადაეცემათ როგორც სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფართობი, ასევე დამხმარე ფართები.
3.4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნით არ დასტურდება საზიარო ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. იგი არ მიუთითებს იმ პირობაზე, რომ საზიარო საგანის დაყოფა შესაძლებელია ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და არ შეიცავს პასუხს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლების გაუქმება და საზიარო საგნის იმგვარი გაყოფა, რაც შესაბამისობაში იქნება თითოეული თანამესაკუთრის წილთან და ამავდროულად შენარჩუნდება წილის სამეურნეო დანიშნულება დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. უფრო მეტიც, ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება მხარეთა მიერ დამატებითი სამშენებლო მოქმედებები და გაწეული იქნება დამატებითი ხარჯიც, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ საზიარო უფლების გაუქმება დაუშვებელია ნატურით.
3.4.4. სასამართლომ მიუთითა გამიჯვნის ნახაზზე, რომლის მიხედვით ფართების იზოლირებისთვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების გაწევა, რათა მხარეებმა ერთმანეთისგან იზოლირებულად იცხოვრონ, კერძოდ, გამიჯვნის ნახაზის მიხედვით ფართების იზოლირებისთვის საჭიროა მოიხსნას N1-დან N2 ოთახში, ასევე N5-დან N4 ოთახში გასასვლელი კარები და ფანჯარა ამოშენდეს, ხოლო N-6-დან N4 ოთახში შესასვლელად მოიხსნას კედელი და მოეწყოს კარები, უნდა ამოშენდეს N6-დან N1 ოთახში შესასვლელი კარი. საჭიროა იზოლირებული შესასვლელის გაკეთება N1 ოთახში, რისთვისაც საჭიროა კიბის გარე ნაწილზე მოეწყოს მცირე აივანი N1 ოთახის წინ და ამოიჭრას კედელი კარის მოსაწყობად. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებმა იზოლირებულად ისარგებლონ საკუთარი ქონებით.
3.4.5. რაც შეეხება მსჯელობას, რომ წარდგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვა დავის საგანთან შემხებლობაში არ არის და იგი სრული სარემონტო სამუშაოების წარმოების საერთო ღირებულებაა, პალატამ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთო ფართის გაყოფის შემთხვევაში სავალდებულოა საკუთარი ფართების იზოლირება. შესასრულებელი სამუშაოები და მათი ღირებულება კი მოცემულია შპს ,,ნ–ის“ მიერ მომზადებულ წინასწარ ხარჯთაღრიცხვაში, რომლის მიხედვით სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8500 ლარს, ხოლო ტექნიკური დოკუმენტაციის შესრულების ღირებულება - 300 ლარს. ამასთან, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა ასევე მოიცავს იმ სამუშაოების განხორციელების ღირებულებას, რაც გათვალისწინებულია ექსპერტიზის დასკვნით და გამიჯვნის ნახაზით. მოსარჩელე სარჩელში თავად განმარტავს, რომ გამიჯვნის ნახაზის მიხედვით ფართების იზოლირებისთვის საჭიროა მოიხსნას N1-დან N2 ოთახში, ასევე N5-დან N4 ოთახში გასასვლელი კარები და ფანჯარა ამოშენდეს, ხოლო N-6-დან N4 ოთახში შესასვლელად მოიხსნას კედელი და მიეწყოს კარები. უნდა ამოშენდეს N6-დან N1 ოთახში შესასვლელი კარი. საჭიროა იზოლირებული შესასვლელის გაკეთება N1 ოთახში, რისთვისაც საჭიროა კიბის გარე ნაწილზე მოეწყოს მცირე აივანი N1 ოთახის წინ და ამოიჭრას კედელი კარის მოსაწყობად. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა კი მოიცავს აივნის, კიბის მოსაწყობად განსახორციელებელი სამუშაოებს, რაც დაკავშირებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, და შესაბამისად, ხარჯებთან.
3.4.6. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა საზიარო საგნის გაყოფის შესაძლებლობა ნატურის გზით. მოსარჩელემ მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია - დადასტურებულია, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია.
3.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, ასევე არ არსებობს ფართების იზოლირების და ამ მიზნით გამიჯვნის ნახაზის და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის მოპასუხისათვის 4 000 ლარის დაკისრების საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სარჩელის საგანს წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1, 3.2. პუნქტები). საზიარო უფლება, სსკ-ის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ Nას-1148-1094-2014, 19.03.2015წ.).
10. სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.173, ველი 1).
11. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
12. სსკ-ის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგავაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს წილების შესაბამისად ნატურით გაყოფით, თუ შესაძლებელია მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. წილთა ერთგვაროვნება გულისხმობს მათ სამეურნეო დანიშნულებას (იხ. Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §752, Rn. 1,2,3).
13. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, არის ის, რომ არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სსკ-ის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
14. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017).
15. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა. 17.02.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნით ნამსჯელია მოსარჩელის მიერ ექსპერტიზისათვის წარდგენილ შიდა აზომვით და გამიჯვნის ნახაზებზე. ამასთან, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი გამიჯვნის ნახაზის, ხარჯთაღრიცხვის და ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მოცემულია შესასრულებელი სამუშაოების ვრცელი სია, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი საზიარო უფლების გაუქმება (კარის მოხსნა და ფანჯრის ამოშენება, კედლის მონგრევა და კარის მოწყობა, კარის ამოშენება, იზოლირებული შესასვლელის გაკეთების მიზნით მცირე აივნის მოწყობა, კედლის ამოჭრა და კარის დაყენება...) (ტ.1, ს.ფ.22-40; ტ.2, ს.ფ. 103,104). ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადავო უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება რეკონსტრუქციის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. პალატა განმარტავს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების აუცილებლობა მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე (შდრ. სუსგ №ას-1148-1094-2014, 19.03.2015წ.; სუსგ Nას-602-2019, 22.02.2022წ.). გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება თავისთავად შეცვლის სახლში არსებული ოთახების საყოფაცხოვრებო დანიშნულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო საგანი დაკარგავს იმ სამომხმარებლო ფუნქციას, რაც გააჩნდა გაყოფამდე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება (სუსგ №ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წელი). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი ნატურით გაყოფის გზით უძრავი ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების და აუცილებელი ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
16. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ექსპერტის დაკითხვისა და მტკიცებულების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითების და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (შდრ. სუსგ Nას-211-2020, 21.07.2020წ.; სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის 70% – 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ა–ს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 22.03.2021წ.) 70% – 280 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ნ.ა–ის შუამდგომლობები ექსპერტის დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. მტკიცებულება დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია