საქმე №ას-160-2021 21 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ.ს.თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ი. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2020 წლის განჩინება და მისი წინმსწრები განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ბ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „მ.ს.თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „საწარმო“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გასამრჯელოს ანაზღაურება 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2132 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. სს „მ.ა–ოს“ აქციონერთა 21.04.2016 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაინიშნა სს „მ.ა–ოს“ დირექტორად, სადაც იგი საქმიანობას ახორციელებდა 03.10.2016 წლამდე.
1.2. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, სს „მ.ა–ო“ შეერწყა სს „ე.ჰ.ე.ბ–ს“, შემდეგ, 14.09.2017 წელს, სს „ე.ჰ.ე.ბ–ი“ (ს/ნ: ....) შეერწყა სს „მ.ს.ლ.ბ–ს“ (ს/ნ: .....) და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებულ სუბიექტად განისაზღვრა სს „მ.გ–ი“ (ს/ნ: .....), ხოლო 27.11.2017 წელს სს „მ.გ–ის“ შეეცვალა სახელწოდება და განისაზღვრა ახალი სახელი სს „ბ.ტ–ი“ (ს/ნ: .....), ამის შემდგომ, 02.02.2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს „მ.ს.თ.ბ–ი“ (ს/ნ: .....), რომელიც სამართლებრივად ვალდებულია შეასრულოს იმ მეწარმე სუბიექტის ყველა ვალდებულება, რომელიც მას შეერწყა.
1.3. მოსარჩელე სს „ე.ჰ.ე.ბ–ის“ აქციონერთა 03.10.2016 წლის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
1.4. 09.01.2019 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკიროს სახელფასო დავალიანება 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; მიუღებელი ხელფასის - 22000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 30.09.2016 წლიდან 06.03.2018 წლამდე პერიოდისათვის, რაც შეადგენს 515 დღეს, ჯამურად 7725 აშშ დოლარს.
1.5. მოპასუხე შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელის არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა არ მიუთითებს რაიმე საწინააღმდეგოზე. მოპასუხეს არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოუდგენია და უშუამდგომლია ახალი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მოპასუხემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი და ახალი ფაქტობრივი გარემოებების როგორც შესაგებლით მიუთითებლობის, ასევე საქმის მომზადების ეტაპზე დამატებით წარმოუდგენლობის თაობაზე, საპატიო მიზეზი ვერ მიუთითა. მან მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა საწინააღმდეგო და ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხის მხრიდან ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება დაუშვებლად მიიჩნია.
1.6. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა არ გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან, არამედ ადგილი აქვს დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას.
1.7. რადგან მოპასუხემ არ შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება და არ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი, საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის გასამრჯელო/ხელფასი 5 თვის შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენს 55000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მას არ მიუღია 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის ხელფასი 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს ნაწილ-ნაწილ 33000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. შესაბამისად, ხელფასის სახით მისაღები დარჩენილი დავალიანება შეადგენს 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
1.8. პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებას პირგასამტეხლოზე ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შრომის კანონმდებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა. შესაბამისად, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების დირექტორს. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები კი რეგულირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, რომლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით, თუმცა სპეციალური კანონი - „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე. პალატამ მიუთითა, რომ ეს ურთიერთობა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე მუხლი), ამასთან, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი (სსკ-ის 710-ე მუხლი). ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის ურთიერთობას.
3.2. იმისათვის, რომ გაირკვეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, უპირველესად, უნდა დადგინდეს, თუ რა ფაქტის მტკიცება ევალება თითოეულ მხარეს. ვინაიდან, წარმოდგენილ დავაზე სადავოა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, სსკ-ის 710.1-ე მუხლისა და შრომის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ საწარმო არის ვალდებული ადასტუროს ხელფასის სრულად გაცემისა და დავალიანების არარასებობის ფაქტი. ამგვარი დასკვნის საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს (საწარმო) გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მის დირექტორს სამუშაოს შესრულებისათვის ანაზღაურება მიღებული აქვს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება (ხელფასის უწყისი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი) სარჩელში მითითებულ პერიოდში მოსარჩელისათვის ხელფასის გადახდის თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მიხედვით, მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა.
3.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. დადგენილია, რომ მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც მხოლოდ აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტებს, თუმცა არ მიუთითებია, რატომ არ ეთანხმებოდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა, ასევე, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვის მოთხოვნაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ყოფილი დირექტორის სასარგებლოდ საწარმოსთვის სახელფასო (საქმიანობის ანაზღაურების) დავალიანების დაკისრების კანონიერება.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).
10. შესაბამისად, საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).
11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია 21.04.2016 წელს მოსარჩელის დირექტორად დანიშვნისა და 03.10.2016 წელს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფაქტები. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი (სსკ-ის 710-ე მუხლი). სადავოა გასამრჯელოს ოდენობა და გათავისუფლებამდე ბოლო ორი თვის სახელფასო (საქმიანობის ანაზღაურების) დავალიანების არსებობა. ამასთან, მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია (იხ. ს.ფ. 85-92). სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის განმარტება მასზე, რომ დირექტორთან სიტყვიერი შეთანხმებით მას ზაფხულში, ანუ პერიოდში როცა სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა მაქსიმუმს აღწევდა, ერიცხებოდა ხელფასები მომდევნო თვეების ავანსის სახით, რათა ვიზიტორების შემცირების შემთხვევაში არ შექმნოდა პრობლემები გასამრჯელოს გადახდას (ს.ფ.140-167). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე გასამრჯელოს ანაზღაურებისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სსკ-ის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მოვალეს - მოპასუხეს (შდრ. სუსგ №ას-650-606-2017, 03.11.2017წ.), რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ; №ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
14. თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102). ფაქტები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ორი თვის დავალიანების - 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო საჩივრის შინაარსით დგინდება, რომ კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2020 წლის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე (ს.ფ.272-273). პალატა მიუთითებს, რომ მართალია, კასატორი სადავოდ ხდის საოქმო განჩინებას, თუმცა მისი გაუქმების თაობაზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურება დაკისრებული აქვს კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით და გონივრული ოდენობით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3652.55 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2556.78 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ს.თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „მ.ს.თ.ბ–ს“ (ს/კ ......) უკან დაუბრუნდეს სს „მ.ე.ჰ.ბ–ის“ (ს/კ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3652.55 ლარის (საგადახდო დავალება N3976806, გადახდის თარიღი 17.03.2021წ.) 70% – 2 556.78 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია