Facebook Twitter

საქმე №ას-868-2021 20 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.რ.ნ–“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – დ.ო–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2021 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელფასისა და კომპენსაციის დაკისრება, ხელფასის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.06.2019 წლის გადაწყვეტილებით დ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ე.რ.ნ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „საწარმო“ ან „კასატორი“) მიმართ (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე დ.ო–ძე) პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი ხელფასი 20418,57 ლარი (დაუბეგრავი სახით); სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ ხელფასის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და თანხის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 2 თვის შრომის ანაზღაურება 20192 ლარის ოდენობით (ექვემდებარება დაბეგვრას); დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში); მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოპასუხე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია. საწარმოს დაფუძნებისას პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა გადანაწილდა შემდეგნაირად: ს.დ–ოს საკუთრებაში აღირიცხა 51.01% წილი, ი.ტ–ის საკუთრებაში - 16.33% წილი, რ.ა–ძის საკუთრებაში - 16.33% წილი და მოსარჩელის საკუთრებაში - 16.33% წილი.

2.2. საწარმოს დირექტორად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა 16.33% წილის მესაკუთრე პარტნიორი - მოსარჩელე.

2.3. 15.07.2016 წელს გაიმართა საწარმოს პარტნიორთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად საწარმოს დირექტორად დაინიშნა გ.ჯ–ძე. მითითებულ კრებაზე წარმოდგენილი იყო საწარმოს დამფუძნებელი 3 პარტნიორი: ი.ტ–ი, რ.ა–ძე და ს.დ–ო. კრებას მოსარჩელე არ ესწრებოდა. ამასთანავე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელისათვის, როგორც საწარმოს 16.33% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორისათვის, ცნობილი იყო კრების თაობაზე.

2.4. საწარმოს წესდების 12.1-12.2 პუნქტების შესაბამისად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. პარტნიორთა კრების მომწვევი ვალდებულია კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, კრების ჩატარებამდე აცნობოს ყველა პარტნიორს წერილობითი ფორმით დაზღვეული წერილის სახით ან სხვა საშუალებით, რომლითაც დადასტურდება გზავნილის ჩაბარება.

2.5. პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების გაცნობის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც დირექტორის, საქმიანობა იყო ანაზღაურებადი.

2.6. 07.12.2016 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე საწარმოს პარტნიორად აღარ ფიქსირდება და მისი კუთვნილი 16.33% წილი თანაბრად გადანაწილდა ი.ტ–სა და რ.ა–ძეზე. შესაბამისად, კომპანიის წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ს.დ–ო 51.01%, ი.ტ–ი 24.495% და რ.ა–ძე 24.495%. 14.09.2018 წლის მდგომარეობით, კვლავ შეიცვალა საწარმოს რეგისტრირებული მონაცემები და საწარმოს დირექტორად რეგისტრირებულია დ.ო–ძე, ხოლო საწარმოს პარტნიორები არიან ს.დ–ო (51.01%), ი.ტ–ი (17.495%) და რ.ა–ძე (31.495%).

2.7. პალატამ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამასთანავე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტნიორებისა და დირექტორის ურთიერთობა რეგულირდება საწარმოს წესდებითა და კანონით, ასევე დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წესდებითა და ხელშეკრულებით არ იქნა რეგულირებული ესა თუ ის საკითხი, იგი უნდა დარეგულირდეს არა შრომითსამართლებრივი წესებით, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. სსკ-ის 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.

2.8. პალატის შეფასების საგანია, საწარმოს ყოფილი დირექტორის მოთხოვნის კანონიერება, რომელიც შეეხება დირექტორობის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საწარმოში მისი საქმიანობა იყო ანაზღაურებადი. საზოგადოების პარტნიორთან დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მას უნდა მიეღო გასამრჯელო გაწეული მომსახურებისათვის. საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის ცნობა, რომლის შესაბამისადაც, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელეს საწარმოში მუშაობისას 2016 წლის ივნისის თვეში მიღებული აქვს ხელფასის სახით შემოსავალი 9362.5 ლარის ოდენობით და დაკავებული გადასახადი არის 1872.5 ლარი; ასევე, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის მაისის თვის ხელფასის უწყისის რეესტრი, რომლის თანახმად, მოსარჩელის ხელფასი დაუბეგრავი სახით განსაზღვრულია 9362.5 ლარით; აღნიშნულს ასევე ადასტურებს საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში 14.07.2016 წელს წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი საწარმოს დირექტორის პოზიციაზე შეადგენდა 9362.5 ლარს.

2.9. დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე იმავდროულად იყო საწარმოს პარტნიორი, მას ანაზღაურების გარეშე უნდა შეესრულებინა დირექტორის მოვალეობა. ვარგის არგუმენტად ვერ მიიჩნევა ვერც ის გარემოება, რომ მოსარჩელის შემდგომ დანიშნული დირექტორის - გ.ჯ–ძის სახელფასო ანაზღაურება იყო თავდაპირველად 500 ლარი, ხოლო მოგვიანებით - 250 ლარი. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა მოსარჩელის ხელფასის ოდენობის განსაზღვრისათვის საკმარის მტკიცებულებად. ერთ პირთან კონკრეტული ოდენობით სახელფასო ანაზღაურების შეთანხმება არ ქმნის პრეზუმფციას მითითებული ოდენობით სხვა დირექტორთან სახელფასო ანაზღაურების შეთანხმებასთან მიმართებით, რამეთუ სახელფასო ანაზღაურება, მით უფრო კომპანიის დირექტორად პირის გამწესებისას, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და სხვა უნარ-ჩვევებზე, რომელიც განაპირობებს საწარმოს წარმატებულ საქმიანობას. ამასთან, გარემოება, რომ მოსარჩელის შემდგომ პარტნიორებმა დირექტორად დანიშნეს სხვა პირი და მას განუსაზღვრეს ხელფასი, მეტყველებს მასზედ, რომ საწარმოს სახელფასო ფონდით გათვალისწინებული იყო დირექტორის საქმიანობის ანაზღაურება.

2.10. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა შეესრულებინა საწარმოს დირექტორს, და კონკრეტულად მოსარჩელეს, სამუშაო ანაზღაურების გარეშე. საქმეში წარმოდგენილი ხსენებული მტკიცებულებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და მათი ანალიზი ქმნის პრეზუმფციას, რომ დავალების ხელშეკრულება მართლაც სასყიდლიანი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 20418.57 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

2.11. ამავდროულად, მოსარჩელის კონკრეტული მოთხოვნის გაზიარების პირობებში, გამორიცხულია შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლითაც მოპასუხე მოითხოვდა ხელფასის დანიშვნის თაობაზე ნების ბათილად ცნობას; ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა მიღებული სახელფასო ანაზღაურების უკან დაბრუნებასთან მიმართებით.

2.12. დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმოს მხრიდან ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შესახებაც მისი ინფორმირება კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ამავე პერიოდში წარმოადგენდა საწარმოს პარტნიორს და მისთვის 15.07.2016 წლის კრების მოწვევის თაობაზე არ უცნობებიათ. ამრიგად, მოსარჩელის გათავისუფლებისას მოპასუხემ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომლის დაუცველად რეგისტრაციის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 38–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის დაკისრებას ითვალისწინებს. პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, აღნიშნა, რომ 2 თვის კომპენსაციის მიკუთვნების ნაწილში, სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების დარღვევა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა. სწორედ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე (სუსგ №ას-533-506-2015, 10.09.2015წ.).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ყოფილი დირექტორის სასარგებლოდ საწარმოსთვის სახელფასო (საქმიანობის ანაზღაურების) დავალიანებისა და კომპენსაციის დაკისრების კანონიერება. ასევე, ხელფასის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით საწარმოს მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

9. შესაბამისად, საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება. დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაიმე საფუძვლის, მოტივისა და მიზეზის მითითების გარეშე გაანთავისუფლონ დირექტორი თანამდებობიდან (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).

10. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი (შემდეგში „კანონი“)) მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საწარმოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო საწარმოს დირექტორი. საწარმოსა და დირექტორს შორის შეთანხმება კვალიფიცირდება დავალების ხელშეკრულებად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (იხ. ტ.1, ს.ფ. 44, 209, 210-213) ერთობლიობაში შეფასებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ატარებდა უსასყიდლო ხასიათს (შდრ. სუსგ №ას-650-606-2017, 03.11.2017წ; №ას-270-2022, 21.07.2022წ.). ასეთ პირობებში, მისი სრულად ანაზღაურებისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სსკ-ის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მოვალეს - მოპასუხეს, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის დაკისრების არაკანონიერებასთან დაკავშირებით. კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტი აზუსტებს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული). პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას, კერძოდ, კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 7​1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება სშკ-ის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით (შდრ. სუსგ №ას-1559-2019, 02.03.2020წ., პ.17). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

14. დადგენილია, რომ მოპასუხეს დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებამდე მისი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო, საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ორი თვის ხელფასის ოდენობით.

15. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საზოგადოება შესაძლოა არ იყოს კმაყოფილი მოსარჩელის მენეჯერული უნარებით, სასამსახურო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისას კომპენსაციის გადახდისაგან მის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს. როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში მოხსენიებული ნორმის (სშკ-ის 38-ე მუხლი), ისე – ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მარეგურებელი დანაწესების (მაგ: სსკ-ის 407-ე მუხლი) სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტისას დირექტორს არ მიეცემა სშკ-ის 38-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაცია თუკი დადგინდება, რომ მან უხეშად დაარღვია საკუთარი ფიდუციური მოვალეობები და ამ დარღვევამ საზოგადოებას კონკრეტული (და არა აბსტრაქტული) ზიანი მიაყენა (შდრ. სუსგ №ას-1154-1074-2017, 23.02.2018წ; №ას-1097-2018, 16.01.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარტნიორთა კრების ოქმშიც არსადაა მითითება მასზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

16. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის პრეტენზია, რომ სარჩელით მოთხოვნილი არ ყოფილა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სწორედ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (სუსგ №ას-877-825-2010, 28.12.2010წ.) (შდრ. სუსგ №ას-533-506-2015, 10.09.2015წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2405.03 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 1683.52 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.რ.ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ე.რ.ნ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 2405.03 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 19.07.2021წ., გადახდილი თანხა 1490 ლარი; საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 03.11.2021წ., გადახდილი თანხა 915.03 ლარი) 70% – 1683.52 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია