საქმე №ას-1335-2021 27 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.09.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.02.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „დასაქმებული“) სარჩელი შპს „ვ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან "კასატორი") მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.09.2021 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.02.2021 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 06.04.2020 წლის №28 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 4 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა). გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე დასაქმებული იყო ოფსეტური განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე და მის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 650 ლარს.
3.2. მოპასუხის 06.04.2020 წლის №28 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისით გამოწვეული შემცირების სფუძველზე.
3.3. მოპასუხის 08.02.2021 წლის ცნობის შესაბამისად, 2020 წლის იანვრის თვეში კომპანიის ფინანსური სახსრების ბრუნვამ შეადგინა 251208,19 ლარი, თებერვლის თვეში - 250567 ლარი, მარტის თვეში - 116721 ლარი, აპრილის თვეში - 45338 ლარი.
3.4. სადავო პერიოდში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებდა შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება - ის, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე.
3.5. სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომითსამართლებრივ დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე. დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა.
3.6. მოსარჩელე დამსაქმებელმა სამსახურიდან გათავისუფლა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც დაასაბუთა კომპანიის ფინანსური კრიზისით. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა მის მიერვე გაცემულ 08.02.2021 ცნობაზე, რომლის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან აპრილის თვის პერიოდში კომპანიის ფინანსური სახსრების ბრუნვამ მნიშვნელოვნად იკლო. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ფინანსური ბრუნვის კლებამ კომპანია დააყენა გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე. საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება კომპანიის აქტივთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაურკვეველია, ფულადი თანხების ბრუნვის შემცირების გამო იყო თუ არა თანამშრომელთა გათავისუფლება გონივრული, დასაბუთებული და ორგანიზაციის ინტერესებისათვის აუცილებელი. მოპასუხემ ვერ მიუთითა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ შემოსავალის შემცირების პირობებში არ არსებობდა უფრო ოპტიმალური შესაძლებლობა დასაქმებულის გათავისუფლების გარდა, მაგალითად ხელფასების ან სხვა ხარჯების შემცირება, თანამშრომლებისათვის განსხვავებული სამუშაო გრაფიკის შეთავაზება და ა.შ.. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მიუხედავად გაუარესებული ეკონომიკური გარემოებისა, აუცილებელი იყო სამუშაო ძალის შემცირება.
3.7. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაეფუძნა და ამასთან, დამსაქმებელმა დასაქმებული თანამშრომლებიდან მოსარჩელის დათხოვნაზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა რა კრიტირიუმით მიიღო ეს გადაწყვეტილება, არც გათავისუფლების შესახებ ბრძანებაშია მითითებული და არც საქმის მასალებიდან ირკვევა. აღნიშნულის გათვალისწინებით არ დასტურდება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერი საფუძველი და შრომით ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება სშკ-ის მოთხოვნებს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
3.8. სასამართლომ მიუთითა სშკ-ს 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და განმარტა, რომ სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა კომპენსაციის ანაზღაურება (ს.ფ. 35-36, 18.02.2021 სხდომის ოქმი 14:21:42სთ). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა კომპენსაციის გადახდა. რაც შეეხება მის ოდენობას, სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. მოსარჩელის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით - ყოველთვიურად 650 ლარი, პალატამ კომპენსაციის გონივრულ ოდენობათ მიიჩნია 4 000 ლარი (ხელზე მისაღები თანხა) და მისი გადახდა დააკისრა მოპასუხეს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერებაზე. დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს კომპანიაში არსებულ მძიმე ფინანსურ კრიზისზე და შემოსავლების შემცირებაზე.
9. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. დამსაქმებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება მის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
10. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა ფინანსურმა სიძნელეებმა, სამუშაო ძალის შემცირებამ, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
11. საკასაციო პალატა მოიხმობს სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც შეფასდა შტატების შემცირების მოტივით (რეორგანიზაცია) მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლების მართლზომიერება და საკასაციო პალატამ იმსჯელა ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს და კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი (შდრ: სუსგ №ას-665-636-2016, 09.12.2016წ.) (სუსგ №ას-640-2019, 05.07.2019წ.). დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
12. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება ფინანსური კრიზისის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ 08.02.2021 წლის ცნობას, 2020 წლის იანვრიდან აპრილის თვის პერიოდში კომპანიის ფინანსური სახსრების ბრუნვის კლების თაობაზე, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად აღინიშნა, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ფინანსური ბრუნვის კლებამ მოპასუხე დააყენა გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე. საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება კომპანიის აქტივთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაურკვეველია ფულადი თანხების ბრუნვის შემცირების გამო, იყო თუ არა თანამშრომლის გათავისუფლება გონივრული, დასაბუთებული და ორგანიზაციის ინტერესებისათვის აუცილებელი.
13. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ., №ას-640-2019, 05.07.2019წ.).
14. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს, როგორც მეწარმე სუბიექტს, უფლება აქვს სამეწარმეო მიზნების შესაბამისად წარმართოს თავისი საქმიანობა, თუმცა, როდესაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპირისპირდება დასაქმებულის და მესამე პირთა ინტერესებს, უგულებელყოფილი არ უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით და სშკ-ით გარანტირებული უფლებები (შდრ. №ას-755-2021, 14.06.2022წ.). სასამართლოებმა ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობა მოხდეს, თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ წახალისდეს უსაფუძვლოდ, ობიექტური საფუძვლის გარეშე თანამშრომლის სამსახურიდან გათვაისუფლება და ამით, უგულვებელყოფილი იქნეს კონსტიტუციითა და სშკ-ით გარანტირებული შრომითი უფლება დასაქმებაზე (სუსგ №ას-640-2019, 05.07.2019წ.).
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის პირობებში კომპენსაციის დაკისრებით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის კითხვის პასუხად მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო როგორც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზიანი, ისე სშკ-ით განსაზღვრული კომპენასაცია, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი (იხ.: 18.02.2021 სხდომის ოქმი 14:21:42-14:22:53). პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. Nას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კომპენსაცია - 4 000 ლარი, როდესაც მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 650 ლარს, გონივრულია და არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში მისი შემცირების წინაპირობა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ვ–ას“ (ს/კ ..........) უკან დაუბრუნდეს თ.დ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.11.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია