Facebook Twitter

საქმე №ას-1551-2022 27 იანვარი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - დ.რ–ძე, ე.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.რ–ძისა (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და ე.გ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მოპასუხეები ქონებას უკანონოდ ფლობენ და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარი ქონების განკარგვას, რის გამოც იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

მოპასუხეთა პოზიცია:

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ბანკის საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხეები მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ასევე, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები სადავო უძრავი ნივთების მფლობელები არიან.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის განაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს. მათ ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტთა მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მათი თხოვნა სხდომის გადადების თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას, რამდენადაც საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის თებერვალს დანიშნული სასამართლო მოსამზადებელი სხდომა მოპასუხეთა 2022 წლის 11 თებერვლის განცხადების საფუძველზე გადაიდო და იმავე წლის 14 მარტს გადაინიშნა, რომელიც 2022 წლის 18 აპრილს მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე კვლავ გადაიდო. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებს არც მტკიცებულებათა დამატებით წარმოდგენისათვის და არც სხდომის კიდევ გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა აღარ დაუყენებიათ, რის შედეგადაც მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და საქმე განხილულ იქნა არსებითად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა შედავება სასამართლოს მხრიდან მათი პოზიციისა თუ შუამდგომლობების გაუზიარებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან პროცესუალურსამართლებრივ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 168-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვლინდებოდა სსკ-ის 170-ე-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

16. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეთა დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რისი გათვალისწინებითაც, ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას თავიანთი პოზიცია განემარტათ და დაეცვათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებავ - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

23. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.

24. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინაღმდეგ’’ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

26. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

29. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ. სუსგები: №ას-136-2019, 29.01.2021წ.; №ას-1437-2020, 24.12.2020წ.; №ას-1274-2020, 31.01.2020წ).

31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომლებმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

32. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეთა იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ისინი დაამტკიცებდნენ ქონების მართლზომიერად ფლობას.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნეოდა. შესაბამისად, კასატორთა მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების ფაქტს გააქარწყლებდა.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორებს სათანადო წესით არ უარყვიათ. მათი საკასაციო პრეტენზია, მხოლოდ პროცესუალურ დარღვევას უკავშირდება, კერძოდ, მათი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მათ დაუსწრებლად მიიღო, რის გამოც, საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალება არ მიეცათ.

35. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პრეტენზია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სასამართლოს განხილვაშია მესაკუთრის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე დადგენილი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ.

36. პალატა მიუთითებს ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v Sweden, 18.02.1991წ., / განაცხადის №12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე.

37. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.რ–ძისა და ე.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. დ.რ–ძეს (პ/ნ .........) და ე.გ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 30.11.2022), 70% - 42 ლარი და 90 ლარის (საგადახდო დავალება №15478711090, გადახდის თარიღი 19.12.2022), 70% - 63 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე