საქმე №ას-1473-2020 22 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ც–ძე, ნ.ც–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ც–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქში, ქ. პუშკინოში.
2. მოსარჩელის საკუთრებაა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის გასაფორმებლად, დახმარების მიზნით, მინდობილობა გაუგზავნა ნ.ც–ძეს (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), სადაც არ იყო მითითებული ქონების გასხვისების შესახებ უფლება. პირველმა მოპასუხემ მიღებული მინდობილობით მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი გაუფორმა.
3. მოსარჩელის საკუთრებაში 2016 წლის 3 ივნისამდე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთში, ....... (შემდგომ - სადავო ქონება).
4. მოსარჩელემ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, 2016 წლის 22 აპრილს, პირველი მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა, სადაც სხვა უფლებებთან ერთად მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს უფლება მისცა, მართოს და განკარგოს, გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, დადოს საკუთარ თავთან გარიგება სადავო უძრავ ქონებაზე.
5. 2016 წლის 31 მაისს, პირველმა მოპასუხემ, 2016 წლის 22 აპრილის მინდობილობით, ი.ც–ძეს (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მოსარჩელის და, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მოსარჩელის კუთვნილი წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება აჩუქა.
სარჩელის საფუძვლები:
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 22 აპრილს უძრავი ქონების ჩუქებაზე ნების გამოვლენის ნაწილში პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მის მიერ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე - 2016 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულება და სადავო ქონება მოსარჩელის სახელზე აღირიცხოს.
7. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის მარტში მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი ბიძაშვილი - პირველი მოპასუხე, რომელმაც განუცხადა, რომ ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საქართველოს ახალი კანონმდებლობის თანახმად, საჭირო იყო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ხელახალი აზომვა და სარეგისტრაციო მონაცემების კორექტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების საფრთხე. პირველმა მოპასუხემ შესთავაზა სკაიპით მინდობილობის გაფორმება და აღუთქვა სრული დახმარება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვითი და სარეგისტრაციო მონაცემების კორექტირებისათვის. მოსარჩელე დაეთანხმა ბიძაშვილს და 2016 წლის 23 მარტს, სკაიპის მეშვეობით გაუფორმა მინდობილობა.
8. მოგვიანებით, 2016 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ, რომელიც იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საავადმყოფოში დიაგნოზით მინინგოენცეფალიტი გულყრები და დროებითი ქმედუუნარობა, კვლავ გასცა მოპასუხის სახელზე მინდობილობა, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 31 მაისს პირველმა მოპასუხემ ქონება აჩუქა მოსარჩელის დას - მეორე მოპასუხეს.
9. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 აპრილს გარიგების დადების დროს ავად იყო, ვერ აცნობიერებდა საკუთარ მოქმედებას, რის გამოც გარიგება ბათილია იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს მიანიჭა ქონების გაჩუქების უფლება.
მოპასუხის პოზიცია:
10. პირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის თანხმობით გაკეთდა მინდობილობა, რომლითაც ქონება მეორე მოპასუხის სახელზე გადაფორმდა. მინდობილობის გაფორმებისას მოსარჩელე სრულიად საღ გონებაზე იყო. რაც შეეხება ჩუქებას, აღნიშნულის თაობაზე თავად მოსარჩელე მართავდა მოლაპარაკებას თავის დასთან - მეორე მოპასუხესთან და შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე დას სადავო ქონებას აჩუქებდა. შეთანხმების შემდეგ დაზუსტდა მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელემ მას უფლება მისცა, სადავო ქონება მეორე მოპასუხისათვის ეჩუქებინა.
11. მეორე მოპასუხემაც წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბიძაშვილის სახელზე მინდობილობაც და შემდეგ ჩუქებაც მოსარჩელის ნება-სურვილით გაფორმდა და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 58-ე, 72-ე, 73-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტსა და 81.1 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2016 წლის 22 აპრილს, პირველი მოპასუხის სახელზე დავალების ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელეს ჩუქების ნაწილში არ სურდა, დაედო ის გარიგება, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა, ასევე, ფსიქიკურად არ შეეძლო, გაეცნობიერებინა ჩუქების თაობაზე ნების ნამდვილობა და ასეთი ნების გამოვლენის მიზნით იგი შეცდა ან/და მოატყუეს.
15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2016 წლის 22 აპრილს ჩუქებაზე ნების გამოვლენის დროს მოსარჩელე ფსიქიკურად არ იყო ადეკვატური, ცნობიერება დაკარგა ან ჰქონდა დროებითი სულიერი აშლილობა. პალატის მითითებით, მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები შეიცავს მხოლოდ ვარაუდს ასეთის შესაძლებლობაზე, რაც ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტიცებულებად.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სანოტარო აქტის შედგენის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე ირკვევა, რომ აპელანტმა სასამართლოში არასწორად აღნიშნა მინდობილობის გაცემის ადგილისა (ავტომანქანა) და ვითარების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელს აწერდა დავალების ხელშეკრულებას ქონების გასხვისების/გაჩუქების უფლებამოსილებით. ნოტარიუსის მიერ მინდობილობის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსარჩელემ გარკვევით გამოხატა ნება ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვაზე, გაჩუქებაზე. ამდენად, ამ ფაქტების გათვალისწინებით და ისეთ ვითარებაში, როდესაც აპელანტი (მოსარჩელე) სადავოდ არ ხდის მინდობილობის სხვა ნაწილში ნების გამოვლენის ნამდვილობას, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაკისრებული თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობის დასადასტურებლად, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი ასაჩივრებს საექსპერტო დასკვნის საქმეზე დართვაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებასაც.
18. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს სსკ-ის 73-ე მუხლით განსაზღვრული შეცდომის რომელიმე ელემენტს, დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რატომ უნდა სდომებოდა მძიმე ავადმყოფს თავისი ერთადერთი საკუთრების გაჩუქება, როცა შეეძლო მისი გაყიდვით საფასური მიეღო.
19. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად გაწერის ეკიპრიზი, სამედიცინო მოწმობა ჯანმრთელობის შესახებ და კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 22 აპრილს ჩუქებაზე ნების გამოვლენის დროს მოსარჩელემ, მძიმე ავადმყოფობით გამოწვეული დროებითი ქმედუუნარობის გამო სრულად ვერ გააცნობიერა გარიგების შინაარსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. მინდობილობის ნაწილობრივ გაუქმებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1. მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა, რომ 2016 წლის 22 აპრილს, პირველი მოპასუხის სახელზე დავალების ხელშეკრულების გაფორმებისას, მძიმე ავადმყოფობით გამოწვეული დროებითი ქმედუუნარობის გამო, პირველ მოპასუხეს ქონების გაჩუქების უფლებამოსილება შეცდომით მიანიჭა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცება არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც დაასაბუთებდა პირის მიერ არანამდევილი ნების გამოვლენას, რადგან სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებისას (ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს (მე-2 ნაწილი). ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი (მე-3 ნაწილი), თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით უნდა იმსჯელოს რამდენად იძლევა გარიგების ბათილობის სამართლებრივ შედეგს ესა თუ ის ვითარება, რადგან „ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ ნიშნავს ცნობიერების სრულად დაკარგვას, რადგან სრულად დაკარგვის დროს შეუძლებელი ხდება ნების გამოვლენაზე საუბარი, არამედ ცნობიერების ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიხცავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ კატეგორიის ცნობიერების დაკარგვის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს: სიმთვრალე, ციება, ჰიპნოხი, ეპილეფისუი შეტევა და ა.შ.. ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ფსიქიკური ანომალიის არებობას, რომლის დროსაც გადამწყვეტია არა ამ ფსიქიკური ანომალიის სიძლიერე, არამედ ნების ჩამოყალიბებაზე გავლენის ფაქტორი. დროებითი ფსიქიკური მოშლილობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ალკოჰოლი, მედიკამენტები და ნარკოტიკიც“ (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 58, ველი 14).
27. საკასაციო პალატის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით როდესაც უტყუარად უნდა დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ცნობიერების დაკარგვა იმგვარად, რომ გამოირცხებოდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმა და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, კერძოდ, 2016 წლის 20 ნოემბერს, ქ. მოსკოვის საქალაქო კლინიკური №6 საავადმყოფოს მიერ გაცემულ კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნის №404 ოქმით (რომლის თანახმად, გადატანილ დაავადებასა და გართულებებთან დაკავშირებით რეკომენდირებულია მოსარჩელე ცნობილ იქნეს დროებით ქმედუუნაროდ), მოსკოვის ოლქის „პუშკინოს პროფ ვ.ნ. როზანოვის სახ.რაიონული საავადმყოფოს“ მიერ გაცემული გაწერის საბოლოო დასკვნით (ეპიკრიზით) (რომლის თანახმად, მოსარჩელე სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა მოზრდილთა ინფექციურ განყოფილებაში 20.04.2016-დან 15.05.2016წ-მდე, დიაგნოზი: მენინგოენცეფალიტი), მოსკოვის №14 ფსიქიატრიული საავადმყოფოს №10 ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მიერ, 2016 წლის 21 აპრილს მოსარჩელის სახელზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო მოწმობითა (რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 21 აპრილის სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით მოსარჩელეს აქვს მენინგოენცეფალიტი (გულყრები, მეხსიერების დაკარგვა, შესაძლო შეურაცხადობა)) და მოსკოვის ოლქის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მთავარი ბიუროს მიერ 2017 წლის 6 მარტს გაცემული ცნობით (რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 მარტამდე ზოგადი დაავადების მიზეზით, პირველადად დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი და განესაზღვრა მორიგი შემოწმების თარიღი - 2018 წლის 12 იანვარი), არ დასტურდება, ზუსტად სადავო მინდობილობის გაფორმების დროს შესწევდა თუ არა თუ არა მოსარჩელეს (კასატორს) უნარი, სწორად აღექვა შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა და ნამდვილი ნება, მოცემული პერიოდისათვის ობიექტური სამედიცინო დოკუმენტაციის არ არსებობის გამო.
28. ამასთან, მოსარჩელის რეალური ნების კვლევის კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის განმარტებასაც, რომ სადავო მინდობილობის გაცემის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იმყოფებოდა და ძლიერი ტკივილების ფონზე ვერ აცნობიერებდა, რაზე გამოხატავდა ნებას. ამის საწინააღმდეგოდ კი, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოდისკითა და სანოტარო მინდობილობით დაადგინა, რომ მოსარჩელემ სასამართლოში არასწორად აღნიშნა მინდობილობის გაცემის ადგილისა (ავტომანქანა) და ვითარების თაობაზე (საკასაციო საჩივრით აღნიშნული კასატორს სადავოდ არ გაუხდია), კერძოდ, ვიდეოჩანაწერით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ მინდობილობის გაცემის დროს, კასატორი იმყოფებოდა შენობაში და ნოტარიუსის მიერ მინდობილობის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოწმეთა - დ.კ–ძისა და ო.ც–ძის თანდასწრებით გარკვევით გამოხატა ნება ქობულეთში, .......ს ქუჩაზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვაზე, გაჩუქებაზე და ა.შ. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელეს შედავება არ წარუდგენია ჩუქების გარდა სხვა ნაწილში გამოხატული ნების ნამდვილობაზე და არც სხვა ნაწილში მინდობილობის შინაარსი და მინდობილობის ფორმულირების მიმართ საკუთარი ნების გამოვლენის ნამდვილობა გაუხდია სადავოდ. ისევე როგოც ის გარემოება, რომ აცნობიერებდა მინდობილობის გაცემის აუცილებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო მინდობილობის გაფორმებამდე მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მიმართ 2016 წლის მარტს გაცემული ჰქონდა სხვა მინდობილობა, რომელშიც მითითებული არ იყო ქონების განკარგვის უფლების შესახებ და სადავო მინდობილობით დაზუსტდა უფლებამოსილებები, მათ შორის, ქონების გაჩუქებასთან დაკავშირებით პირველი მოპასუხის უფლებამოსილება. აღნიშნლი ფაქტობრივი მოცემულობა, ნამდვილად უმყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ სადავო პერიოდში, მინდობილობის (ჩუქების ნაწილში) გაფორმების ბათილობის წინაპირობა მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მისი ნების გამოვლენას არ ასახავდა, არა მხოლოდ არადამაჯარებელია, არამედ არ არის გამყარებული არც ერთი რელევანტური მტკიცებულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელეს მინდობილობის გაფორმების დროს არ შეეძლო, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
29. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას ჩუქების ნაწილში შეცდომით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით და სარჩელში მითითებულ გარემოებას, რომ მას რეალურად გაცემული მინდობილობით უძრავი ქონების გასხვისება სურდა და არა მისი გაჩუქება, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ შეცდომით დადებული გარიგების შეცილებასთან დაკავშირებული საკითხები სსკ-ის 72-ე-მე-80 მუხლებითაა მოწესრიგებული. სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე არსებით შეცდომად ითვლება, როცა: პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების დადებისას შეცდომა მაშინ იკვეთება, როცა პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომა არსებითი მაშინაა, როცა შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში პირი ნებას საერთოდ არ გამოავლენდა ან სხვა ფორმით გამოავლენდა (შდრ. სუსგ №ას-191-180-2017, 14.09.2017წ.; №ას-385-358-2010, 14.06.2010წ.). შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში, გამოვლენილ ნიშანს იგი სუბიექტურად უსადაგებს სხვა მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ობიექტურად გამოყენებულ ნიშანს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს (სსკ-ის 73 „ბ“ მუხლი) (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბ, 2017, გვ: 425).
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს გარიგებებში უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა აქვთ, რადგან არსებობს გამოხატული ნების მიმართ კონტრაჰენტის ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი. ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. ეს პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება ისეთ პირობებში გამოვლინდა, რომლებიც ნამდვილი ნებისადმი გამოვლენილი ნების შესაბამისობას გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (შედ. იხ. სუსგ №ას-620-592-2016, 6.03.2017წ.).
32. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სსკ-ის კოდექსის 72-73-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცდომით დადებული გარიგების შემადგენლობას.
33. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორედ გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ხოლო კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან დავაზე არ გამოიკვეთა გარიგების ბათილობის სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, სსკ-ის 976.1-ე-979-ე მუხლების საფუძველზე უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
34. რაც შეეხება საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა საექსპერტო დასკვნის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ამ მხრივ, პალატა, ხაზს უსვას იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, არამედ, ფორმალურადაა მოთხოვნილი განჩინების გაუქმება. ასევე, არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები, თუ რა ნეგატიური შედეგი იქონია საქმის შედეგის მიმართ სადავო საპროცესო მოქმედებამ, რისი გათვალისწინებითაც, მისი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-991-2021, 2022 წლის 16 მარტის განჩინება; №ას-283-2021, 2021 წლის 25 ივნისის განჩინება; №ას-795-795-2018, 2019 წლის 25 იანვრის განჩინება; №ას-1266-2020, 2021 წლის 23 აპრილის განჩინება).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე