საქმე №ას-1243-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ი.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ბ–ა“, შპს „ბ–სი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ბ–ა“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი კომპანია, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), 2019 წლის 5 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებულია ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ.
2. შპს „ი.ბ–სა” (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და პირველ მოპასუხეს შორის, 2008 წლის 18 აპრილს, გაფორმდა საამქროს მშენებლობის შესახებ ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხე, როგორც დამკვეთი, ვალდებული იყო, შემსრულებლის - მოპასუხის სასარგებლოდ გადაეხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 261 3326 ლარი, ყველა საგადასახადო ვალდებულების ჩათვლით. ამასთან, სამუშაოების შესრულების დაწყებამდე გადაეხადა ავანსის სახით საერთო ღირებულების 30%, ხოლო დანარჩენი თანხა ეტაპობრივად გადაიხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. იმავე მხარეებს შორის, 2008 წლის 6 მაისსაც, გაფორმდა საამქროების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამკვეთის მიერ ასანაზღაურებელი მთლიანი თანხა შეადგენდა ყველა გადასახადის ჩათვლით 3404000 ლარს, ამასთან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა გადახდილიყო გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად: პირველი ეტაპის დასაწყისში მთლიანი ღირებულების 40%, ხოლო დანარჩენი თანხა ეტაპობრივად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. მოსარჩელემ 2008 წლის მაის-ოქტომბერში შეასრულა 2 919 556 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც დამკვეთმა - პირველმა მოპასუხემ სხვადასხვა დროს, 2013 წლის 18 აპრილამდე, გადაიხადა მხოლოდ 1 041 986 ლარი. ასანაზღაურებელი დარჩა 977 570 ლარი. პირველი კომპანიის დირექტორსა და მოსარჩელე კომპანიის დირექტორს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ 2013 წლის 18 აპრილის მონაცემებით, პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 977 570 ლარს.
5. 2008 წლის 6 მაისის №01/05 ხელშეკრულების დამატებით (მიმდინარე ანგარიშსწორების გრაფიკი), მხარეები შეთანხმდნენ 2009 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 30 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხის - 1 000 000 ლარის გადახდის ვადაზე. 2009 წლის 15 ივნისის შედარების აქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაერიცხებოდა 1 078 465.90 ლარი.
6. 2010 წლის 6 ოქტომბერს, პირველი მოპასუხის მისამართზე ბათუმში, ....... ქ. №65-ში დაფუძნდა შპს „ბ–სი“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე კომპანია, მეორე მოწინააღმდეგე მხარე), რომლის პარტნიორები იყვნენ: ლ.კ–ძე 90%-ით და ს.ზ–ი 10%-ით.
7. 2010 წლის 15 ნოემბერს პირველმა მოპასუხემ 100%-იანი წილით ჩამოაყალიბა შპს „ვ–ი“.
8. 2010 წლის 8 დეკემბერს, პირველი კომპანიის პარტნიორთა დადგენილებით, შპს „ვ–ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა პირველი კომპანიის მთლიანი უძრავ-მოძრავი 10 845 300 ლარის ღირებულების ქონება, კერძოდ, მთლიანი ფარმაცევტული ქარხანა.
9. 2010 წლის 29 დეკემბერს, მოპასუხე კომპანიებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების №101309005), რომლის თანახმად, პირველმა კომპანიამ მეორე კომპანიას მიჰყიდა მის მიერ დაფუძნებული „ვ–ის“ 100% წილი 4 730 000 ევროს ეკვივალენტ ლარად. თანხის დაფარვის საბოლოო ვადა განისაზღვრა 2011 წლის 10 თებერვლით.
10. 2011 წლის 6 იანვარს, შპს „ვ–სა“ და მეორე კომპანიას შორის გაფორმდა საწარმოთა შერწყმის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მეორე კომპანია გახდა შპს „ვ–ის“ უფლებამონაცვლე.
11. კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მეორე მოპასუხე არ წარმოადგენდა პირველი მოპასუხის სამართალმემკვიდრეს.
სარჩელის საფუძვლები:
.
12. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიებს შორის, 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მეორე მოპასუხესა და შპს „ვ–ს“ შორის, 2011 წლის 6 იანვარს, დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირველ მოპასუხესთან სოლიდარულად შპს „ვ–ისათვის“ 1 977 570 ლარის დაკისრება.
13. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს, ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, პირველმა კომპანიამ 100%-იანი წილით ჩამოაყალიბა შპს „ვ–ი“, რომლის საწესდებო კაპიტალი 10 (ათ) ლარს შეადგენდა. 2010 წლის 8 დეკემბერს, პირველი კომპანიის პარტნიორთა დადგენილებით, შპს „ვ–ის“ კაპიტალში შეტანილი იქნა პირველი მოპასუხის მთლიანი, 10 845 300 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ, მთლიანად ფარმაცევტული ქარხანა, ისე, რომ ამ უკანასკნელის დირექტორს ამის შესახებ კრედიტორებისათვის არ უცნობებია, რასაც „მეწარმეთა შესახებ კანონი’’ ავალდებულებდა. ამის გამო, 2010 წლის 8 დეკემბრიდან პირველ მოპასუხეს მატერიალური ღირებულების ქონება აღარ ჰქონდა და დარჩა აქტივების გარეშე.
14. შპს „ვ–ი“ გახდა პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე, რადგან ამ უკანასკნელმა თავისი ქონება შპს „ვ–ს“ გადაუფორმა, თუმცა პირველი მოპასუხე ამაზე არ შეჩერდა და გადაწყვიტა ქონება გადაეტანა და აღერიცხა უკვე მესამე სუბიექტზე, რა მიზნითაც, 2010 წლის 6 ოქტომბერს, დააფუძნა მეორე მოპასუხე კომპანია, რომელსაც საწესდებო კაპიტალში არაფერი გააჩნდა და მის სახელზე არც ფულადი არც რაიმე საბანკო ან სხვა აქტივები არ ფიქსირდებოდა.
15. 2010 წლის 29 დეკემბერს, მოპასუხეებს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ გაყიდა მის მიერვე დაფუძნებული შპს „ვ–ის“ 100%-იანი წილი 4 730 000 ევროს ეკვივალენტ ლარად. ხელშეკრულება დაიდო ფიქციურად, ვინაიდან მყიდველს გამყიდველისათვის, ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად, პირველი მოპასუხის ქონება, ანუ ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა უსასყიდლოდ აღმოჩნდა ჯერ შპს „ვ–ის“, ხოლო შემდეგ მეორე მოპასუხის ხელში, რათა მოსარჩელეს ვეღარ მიეღო კუთვნილი თანხები. ამ ხერხით პირველმა მოპასუხემ თავი აარიდა მოსარჩელისათვის ფულადი ვალდებულებების შესრულებას.
მოპასუხეთა პოზიცია:
16. მეორე მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ, რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო არის გარიგება მოჩვენებითი ან თვალთმაქცური.
17. მეორე მოპასუხის მითითებით, შპს „ვ–ისათვის“ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, აღნიშნული კომპანია აღარ არსებობს და მისი უფლებამონაცვლე მეორე მოპასუხეა, რომლის წინააღმდეგაც იმავე საფუძვლითა და მოთხოვნებით დავა მოსარჩელემ უკვე წააგო, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვალდებულება არ წარმოშობია, არც მეორე მოპასუხეს და არც შპს „ვ–ს“, რის გამოც პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შპს „ვ–ი“ ვერ გახდება პირველი კომპანიის ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან, ქონება, გასხვისებულია საჯარო აუქციონზე და მას სხვა მესაკუთრე ჰყავს, რაც საერთოდ გამორიცხავს აღიარებით სარჩელის დაკმაყოფილებას იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
19. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს 977 570 ლარისა და 1 000 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
21. ზემოაღიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცველელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ შპს „ვ–ი“ დაფუძნდა პირველი კომპანიის მიერ, 100% წილობრივი მონაწილეობით, რაც რეგისტრირებული იქნა სამეწარმეო რეესტრში, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება არც „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-144 მუხლის შესაბამისად, პირველ მოპასუხესა და შპს „ვ–ს“ შორის საწარმოს რეორგანიზაციის რომელიმე სახე, მათ შორის, შერწყმა, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 317.1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართლებრივი ურთიერთობა, რაც შეიძლება გახდეს პირველი კომპანიის ვალდებულებებზე შპს „ვ–ის“ უფლებამონაცვლეობისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მსჯელობა, რომ შპს „ვ–ი“ წარმოადგენს პირველი კომპანიის უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს, გაზიარებული ვერ იქნება.
24. წილის ნასყიდობისა და საწარმოთა შერწყმის თაობაზე გარიგებათა ბათილად ცნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე ემსახურება ქონების შპს „ვ–ისთვის“ დაბრუნებას, რათა ამ უკანასკნელს პირველ მოპასუხესთან ერთად თანხა სოლიდარულად დაეკისროს და აღსრულდეს. ისეთ ვითარებაში, როდესაც არ დგინდება პირველი კომპანიის ვალდებულებებზე შპს „ვ–ის“ სამართალმემკვიდრეობა, სასარჩელო მოთხოვნა პირველ მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად, შპს „ვ–ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 1 977 570 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, ...... ქ. №65-ში მდებარე ფარმაცევტული ქარხანა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №16028017022/002 განკარგულების საფუძველზე, სს „ბ.რ–ის“ საკუთრებად ირიცხებოდა. ამდენად, ეს გარემოებაც გამორიცხავს გარიგებათა ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესს, ვინაიდან, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, უძრავი ქონება გასხვისებულია და შპს „ვ–ის“ საკუთრებაში ვეღარ აღირიცხება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
27. კასატორი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, ამასთან, განმარტავს, რომ მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხისათვის შპს „ვ–ის“ წილის შეძენისათვის ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია, ამასთან, მხოლოდ იმისათვის, რომ შპს „ვ–ი“ როგორც იურიდიული პირი მარტო ქაღალდზე არ დარჩენილიყო, 2011 წლის 6 იანვარს საწარმოთაშორისო ხელშეკრულებით მეორე კომპანიას შეერწყა და არსებობა შეწყვიტა. ეს ხდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონის გვერდის ავლითა და მისი უხეში დარღვევით.
28. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად მთავარი საწარმოდან ქონება გამოიყო და ახალშექმნილ საწარმოში შპს „ვ–ში“ გადავიდა ისე, რომ პირველი კომპანია არ გაუქმებულა და ის დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას, რისი გათვალისწინებითაც, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-144 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხდა პირველი კომპანიის რეორგანიზაცია, მისგან ქონების გამოყოფა, რაც, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ითვალისწინებს გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოების სოლიდარულ ვალდებულებას გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
29. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).
34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მიმართულია იქით, რომ შპს „ვ–ს“ პირველ მოპასუხესთან ერთად ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების - 1 977 570 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისროს.
35. საკასაციო პალატის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ბათილად იქნება ცნობილი როგორც მოპასუხე კომპანიებს შორის, 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მეორე მოპასუხესა და შპს „ვ–ს“ შორის, 2011 წლის 6 იანვარს, დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულება, აღნიშნული მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალიზაციის საფუძველი მაინც ვერ გახდება, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო პირველი კომპანიის ვალდებულებებზე შპს „ვ–ის“ პასუხისმგებლობის სოლიდარულად წარმოშობისა და დაკისრების საფუძველი.
36. საკასაციო პალატის განმარტებით, შპს „ვ–ი“ პირველი კომპანიის მიერ დაფუძნდა როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი (მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი), რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში თითეული იურიდიული პირის რეგისტრაციის საფუძველი დამოუკიდებლად წარმოშობს მის იურიდიულ უფლებებსა და ვალდებულებებს და, სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთარი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი საწარმო სამეწარმო რეესტრში რეგისტრირებულია კერძო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტად (მეორე კომპანიასთან შერწყმამდე) უნდა იკვეთებოდეს რაიმე მატერიალური საფუძველი რის გამოც მას, დაფუძნებული საწარმოს ვალდებულებებისათვის სოლიდარულად დაეკისრება პასუხისმგებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება პირველ მოსარჩელესა და შპს „ვ–ს“ შორის რაიმე სახეშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი გარემოება, ისევე როგორც, ამ უკანასკნელის მიერ პირველი მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაზე პასუხისმგებლობის აღების ფაქტი. ამასთან, არც ის გარემოება დგინდება, რომ შპს „ვ–მა“ სამართალურთიერთობაში მონაწილის - პირველი კომპანიის ადგილი დაიკავა და შესაბამისად, მასზე გადავიდა წინამორბედის უფლებები და მოვალეობები.
37. „მეწამეთა შესახებ“ კანონით (როგორც სარჩელის აღძვრის დროს, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით), განსაზღვრულია საწარმოთა სამართალმემკვიდრეობის საფუძველი. საწარმოთა უფლებამონაცვლეობა ვლინდება საწარმოს რეორგანიზაციის დროს, რაც მოიცავს საწარმოთა რეორგანიზაციის შემდეგ სახეებს: გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება), შერწყმა (გაერთაინება, მიერთება) და გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) (იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 144 მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კანონის 61 მუხლის თანახმად, სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.
38. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება პირველი კომპანიის რეორგანიზაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი საწარმოს მეორის სამართალმემკვიდრედ ცნობის კანონით დადგენილი საფუძველი. ამასთან, პირველი მოპასუხე დღეის მდგომარეობითაც, სამეწარმეო რეესტრში არსებობს, როგორც უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და მოცემულ დავაშიც მოპასუხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც, არ დგინდება, რა მატერიალური საფუძველი უნდა გახდეს პირველი კომპანიის ვალდებულებებზე სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის - შპს „ვ–ის“ პასუხისმგებლობის წარმოშობისა და თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძველი.
39. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო გარიგებები ბათილად იქნება ცნობილი, სასარჩელო მოთხოვნა პირველ მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად, შპს „ვ–ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 1 977 570 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე წარმატებული ვერ იქნება, რაც საკასაციო საჩივრის საფუძლიანობას გამორიცხავს.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1179-1109-2015, 2016 წლის 20 მაისის განჩინება).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ი.ბ–ს“ (ს/ნ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით (საქმე №ას-1243-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 30% - 2400 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე