საქმე №ას-1114-2018 11 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი - შპს „ლ.ხ.ჯ.ც–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ქ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ისა“ (შემდგომ - ბანკი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და ლ.ხ–ძის (შემდგომ - კანონიერი წარმომადგენელი, დედა, თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელსა და ბანკს შორის 2013 წლის 21 მარტს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელსა და ბანკს შორის 2013 წლის 21 მარტს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით შპს „ლ.ხ.ჯ.ც–ის“ (შემდგომ - მესამე პირი, შპს, საწარმო) ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქ. ხონში, .... მდებარე უძრავი ქონება (შემდგომ - სადავო უძრავი ქონება). ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელე იყო 12 წლის და მისთვის არ იყო ცნობილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ ფაქტს. ნათელია, რომ ეს ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა მის ინტერესს, რადგან იგი დაიდო მხოლოდ ბიზნესის დაწყების მიზნით, რაც თავიდანვე რისკს შეიცავდა. დღეს მოსარჩელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან შესაძლებელია, დარჩეს საცხოვრებელი სახლის გარეშე, რითაც დაირღვევა მისი, როგორც არასრულწლოვანი პირის უფლება. ამასთან, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით არ არსებობდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა.
მოპასუხეების შესაგებელი
3. ბანკმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, საწარმოს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება, დირექტორი და 100% წილის მფლობელი პარტნიორია მოსარჩელის დედა. იპოთეკის ხელშეკრულებას ხელს აწერს როგორც არასრულწლოვანი, ისე მისი კანონიერი წარმომადგენელი. არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო გარიგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდა. სსკ-ის 1198-ე მუხლით გათვალისწინებული ბავშვის უპირატესი ინტერესის დასაცავად აიღო მსესხებელმა სესხი. უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ სესხის აღება იმთავითვე არასრულწლოვნის ინტერესების საწინააღმდეგოა. გარდა ამისა, საკრედიტო დაწესებულება სესხის გაცემისას დეტალურად სწავლობს მსესხებლის საქმიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს სესხს. დარწმუნდა რა ბანკი, რომ სესხის დაბრუნება არ გართულდებოდა, დადო ხელშეკრულება. სხვა შემთხვევაში სესხის გაცემა არამომგებიანია ბანკისათვისაც. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, გარიგების დასადებად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საჭიროებაზე მითითება, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი მშობელია.
4. მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 21 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ბანკმა გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქონებაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, უპირატესი ღირებულების - „ბავშვის უპირატესი ინტერესის“ ხელმყოფი გარიგებად კანონწინააღმდეგობის საფუძვლით, ბათილად ვერ იქნებოდა მიჩნეული. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მშობლის მიერ რეალიზებული უფლება შვილის ქონების მართვასა და გამოყენებაზე (არასრულწლოვანი შვილისთვის ქონების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობის გაცემა), იმ პირობებში, რომ ეს ბიზნესი იყო ოჯახის, მათ შორის - არასრულწლოვანი შვილის სარჩენ ერთადერთი შემოსავლის წყარო, კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი არის არასრულწლოვნის დედა (რომელიც ფაქტობრივად ოჯახის ერთადერთი მარჩენალია), ამასთან, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, იპოთეკის საგანი არ გამოიყენებოდა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად და იქ დღემდე ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულება, ხოლო თავად ქონება ბანკის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვამდე უკვე დატვირთული იყო სხვა სესხის უზრუნველსაყოფად და კომპანიას/ბიზნესს არ ჰქონდა მატერიალური პრობლემები, სესხი გაიცა, სწორედ რომ, საქმიანობის გაფართოების მიზნით (სამედიცინო დანადგარების შეძენა, შესაბამისი პროფილის მქონე ექიმების მატებით), რაც ერთობლივად უნდა შეფასებულიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამის ქმედებად. ამასთან, პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გარიგების დასადებად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა საჭირო არ იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადწყვეტილების გაუქმება, და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. კასატორის მტკიცებით, ნათლად ჩანს, რომ სადავო ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა მის ინტერსს, რადგან დაიდო მხოლოდ ბიზნესის დაწყების მიზნით, რაც რისკის შემცველი იყო თავიდანვე. ამჟამად კი, ის მძიმე მდგომარეობაშია, რადგან შესაძლოა, დარჩეს საცხოვრებელი სახლის გარეშე, რითაც დაირღვევა მისი, როგორც არასრულწლოვნის უფლება. ამას ცხადყოფს იპოთეკის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინება.
11. სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (2ბ/5301-17) განმარტა, სსკ-ის 1198.4 მუხლი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს. ქონების მართვა და გამოყენება, არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად, განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს - მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან, ნიშნავს იმას, რომ მშობელი ბავშვის სახელით მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გარიგებებს დებს, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და, ამასთან, ბავშვის ინტერესებშია. ამავე განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამგვარი გარიგების დასადებად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის აუცილებლობაზე.
12. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, რაკი არ ვლინდება არასრულწლოვნის დასაბუთებული ინტერესი და არც ასეთი ინტერესის შესაბამისად, მშობლების მიმართვის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელი წინასწარი თანხმობა, დარღვეულია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 1294-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. მოსარჩელე სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სადავო ხელშეკრულების დადება მისი, როგორც არასრულწლოვნის ინტერესში არ შედიოდა.
19. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას და ამ მიზნით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (მაგალითად, ნ.წ.-სა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადის N.71776/12, 2.02.2016წ.), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.
20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ისაა, რომ მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად არასრულწლოვანი ბავშვის (მესაკუთრის) ქონების იპოთეკით დატვირთვა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ხელშეკრულების დადება იმთავითვე ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ შეფასდება და მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი დასკვნა, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა სსკ-ის 1198.4, 1198.6 და 1294-ე მუხლებზე და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად განმარტა ისინი. ამასთან, სწორად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიც, კერძოდ, სადავო გარიგებას, კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხელი მოაწერა თვითონ უძრავი ქონების მესაკუთრემ, რომელიც ამ გარიგების დადების დროს იყო 12 წლის; იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ფართი, რომელიც კომერციული მიზნით გამოიყენებოდა, მასში ფუნქციონირებდა სამედიცინო დაწესებულება; კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი არის არასრულწლოვნის დედა, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია; ფაქტობრივად, ბიზნესი იყო ოჯახის, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის სარჩენი ერთადერთი შემოსავლის წყარო; გამსესხებელმა სესხი გასცა კომპანიაზე, რომელსაც ბიზნესსაქმიანობით შემოსავალი ჰქონდა, შესაბამისად, გამსესხებელი, მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად არ იმყოფებოდა. ამასთან, ქონება ბანკის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვამდე უკვე დატვირთული იყო სხვა სესხის უზრუნველსაყოფად და კომპანიას/ბიზნესს არ ჰქონდა მატერიალური პრობლემები, სესხი გაიცა საქმიანობის გაფართოების მიზნით (სამედიცინო დანადგარების შეძენა, შესაბამისი პროფილის მქონე ექიმების მატებით).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ, როგორც წესი, საფინანსო ორგანიზაცია სესხის გაცემამდე სავარაუდო მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის, რათა განჭვრიტოს ვალდებულების შესრულების - სესხის დაბრუნების რეალურობა და სავარაუდო რისკები. ცხადია, მოვალემ შესაძლოა, ვერ შეასრულოს ან ნაწილობრივ შეასრულოს საკუთარი ვალდებულება კრედიტორის წინაშე, თუმცა ეს გარემოება გამსესხებელს იმთავითვე არაკეთილსინდისიერად არ აქცევს. იპოთეკის (მოთხოვნის უზრუნველყოფის) ინსტიტუტის არსებობა სწორედ სავარაუდო რისკების დაზღვევას ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო განაცხადის დასკვნაში მითითებულია, რომ თავდაპირველი მოპასუხე ამ საქმიანობით დაკავებულია უკვე 20 წელია, მან კომპანია 2010 წელს დააფუძნა, კომპანიაში დასაქმებულია 21 თანამშრომელი, კლინიკა წარმატებით ფუნქციონირებდა, მომსახურება უწევდა, მათ შორის, დაზღვევის მქონე პაციენტებს. დასკვნაშივეა მითითებული, რომ მსესხებელს აქვს ძალიან კარგი საკრედიტო ისტორია, არ უფიქსირდება არცერთი ვადაგადაცილება (ტ.1, ს.ფ. გვ 130-135). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბანკს არ შეეძლო, ევარაუდა, მსესხებელი სესხს იმთავითვე ვერ დააბრუნებდა და დღის წესრიგში დადგებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საკითხი.
23. საკასაციო პრეტენზია არ შეიცავს დასაბუთებულ მითითებას მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მართალია, კასატორი ბავშვის საუკეთესო ინტერესებში მოქმედების აუცილებლობაზე აპელირებს, რომლის დაცვის აუცილებლობასაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს, თუმცა კასატორი ვერ ასაბუთებს, განსახილველ საქმეში, კონკრეტულად რით გამოიხატა დარღვევა იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტის გაცემისას. კასატორი ვერ ასახელებს, არათუ ასაბუთებს, არსებით გარემოებას, რომ გამსესხებელი სესხის გაცემისას არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად მოქმედებდა, მსესხებელი კრედიტუუნარო იყო და, აქედან გამომდინარე, სესხის გაცემის წინაპირობა არ არსებობდა, რასაც შესაძლოა, კონკრეტული წინაპირობების დამტკიცების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობა განეპირობებინა (შდრ. სუსგ №ას-1221-1146-2015, 20.05.2016წ.). კასატორი მხოლოდ უთითებს, რომ მშობლის მიერ ნაკისრი ვალდებულება მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა, ფაქტების მითითების დონეზეც კი არ არსებობს საკმარისი საფუძველი მოპასუხის - ბანკის მიმართ მტკიცების ტვირთის გადაკისრების ან მტკიცების ვალდებულების შებრუნების იმგვარად, რომ სესხის გაცემისას არ გაითვალისწინა ვალდებულების შესრულების (სესხის დაბრუნების) რეალური შესაძლებლობა, რაც მის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
24. კასატორის ზოგად პრეტენზიასთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელს არ გამოუვლენია ნება, რომ აეკრძალა არასრულწლოვნის მონაწილეობით გარიგების დადება, არასრულწლოვნის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების განკარგვა (მათ შორის სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა), რადგან ეს სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელი გახდებოდა და არასრულწლოვნის ინტერესების საზიანოც, რადგან მისი ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა საჭიროებების განხორციელების ერთ-ერთ შესაძლებლობად სწორედ მის საკუთრებად რიცხული ქონების განკარგვაც იგულისხმება ბავშვის საუკეთესო ინტერესის თვალსაზრისით, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ინდივიდუალური შეფასებისა და მსჯელობის საგანია. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“, როგორც „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული საუკეთესო ინტერესებისა და ამ უფლებების რეალიზების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზანიც არ ყოფილა არასრულწლოვნის ქონების განკარგვის აკრძალვა. ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილი სწორედ იმას განსაზღვრავს, რომ „ბავშვის ქონების განკარგვა შესაძლებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს. ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების მოხმობა განპირობებულია იმის წარმოსაჩენად, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელმაც გააერთიანა ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დამცავი სამართლებრივი დებულებები ერთ საკანონმდებლო აქტში, არ გაუქმებულა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედი სხვა საკანონმდებლო რეგულაციები. კოდექსმა განამტკიცა საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, მის დამატებით ოქმებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის, მათ მიხედვით განმარტებისა და აღსრულების ვალდებულება (სუსგ №ას-944-2018; 12.02.2021წ.).
25. კასატორი საკასაციო საჩივარში მოიხმობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მშობლების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება ბავშვის საუკეთესო ინტერესში არ შედიოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (რომელიც იმავე საქმეზეა მიღებული, რომელსაც კასატორი უთითებს), რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. ამ საქმეში შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111-ე მუხლი, 54-ე მუხლი). ამ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ სადავო გარიგებათა მართლზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის გამცემის კეთილსინდისიერად მოქმედების აუცილებლობა მიიჩნია, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ დამატებით უნდა შემოწმებულიყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, როგორც გამსესხებლის, მიერ სესხის გაცემისათვის სპეციალური კანონით განსაზღვრული წინაპირობების (მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5.1.) არსებობა, შესაბამისად, დასადგენ გარემოებათა წრეს (მტკიცების საგანი) სესხის მიღების დროს მსესხებლის დამოუკიდებელი შემოსავლების (ხელფასის ან სხვა შემოსავლების სახით) არსებობა წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნებოდა ისეთი ვითარება, რომ გამსესხებელი მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად რჩებოდა და, შესაბამისად, მის მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (შდრ სუსგ №ას-1221-1146-2015, 20.05.2016წ., პ-31). საგულისხმოა, რომ სასესხო (მათ შორის, კრედიტი სესხის ფორმით) ურთიერთობებში კრედიტორის მოქმედების გულისხმიერების აუცილებლობის თვალსაზრისით დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2014; 29.06.2015წ.).
26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ის, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს, პირველ რიგში, როგორც დადგინდა, უძრავი ქონება არ არის მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და იქ, დღემდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს (სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს შედავება არ წარმოუდგენია) და, მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, როცა იპოთეკის საგანი მესაკუთრის თუნდაც ერთადერთი საცხოვრებელია, იმთავითვე არ მიიჩნევა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია (მსგავსად იმ სასამართლო საქმისა, რომელზედაც თავად კასატორმა მიუთითა). საქმის გარემოებები თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასდეს. სასამართლოს მეშვეობით არ უნდა წახალისდეს ვალდებულების შეუსრულებლობა ისეთი გარიგებიდან გამომდინარე, სადაც არასრულწლოვანი პირი მონაწილეობს, მაშინ, როცა კრედიტორს არ აქვს ვალდებულების იმთავითვე დარღვევისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარდაუვალობის მოლოდინი. სასამართლოს მიერ იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასთან შედარებით არასრულწლოვნის ქონების უპირატესი და უპირობო დაცვა უნდა მოხდეს იმ პირობებში, როცა არასრულწლოვნის მშობლები გარიგებას ხელს აწერენ და გარკვეულ ვალდებულებას იღებენ, რაც ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება, საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. ასეთი მიდგომა არასრულწლოვნის ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისგან თავის არიდებისკენ განაწყობდა შესაძლო კონტრაჰენტებს და, საბოლოოდ, გარკვეულ შემთხვევებში არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესიც კი შეილახება.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იმგვარი დასკვნის შესაძლებლობას არ ქმნის, რომ არასრულწლოვანის წარმომადგენლის (დედის) მხრიდან ქონების განკარგვის შესახებ გარიგების ბათილობის წინაპირობები წარმოიშვა.
28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-809-809-2018, 13.07.2018წ.; №ას-1221-1146-2015, 20.05.2016წ.).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე