Facebook Twitter

საქმე №ას-815-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.მ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ნი (მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე.მ–ნი, კ.ა–ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უძრავი ქონების ფლობისა და მემკვიდრეობის ფაქტის დადგენა, უძრავი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.მ–ნი (შემდგომ - აწ გარდაცვლილი, მამკვიდრებელი, მოსარჩელისა და მოპასუხის დედა) 2014 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა.

2. გ.მ–ნი (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), გ.მ–ნი (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), ე.მ–ნი და კ.ა–ნი (შემდგომ - მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) აწ გარდაცვლილის შვილები არიან.

3. მოსარჩელემ, სამკვიდრო ქონების მიღებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში 2016 წლის 6 აპრილს შეიტანა, თუმცა მას უარი ეთქვა აწ გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა მის მიერ აწ გარდაცვლილის სამკვიდროს მიღების, ფლობისა და მართვის ფაქტი.

4. აწ გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მარნეულში, .......

5. ქუჩაზე, პირველი შესახვევის №6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ამავე მისამართზე არსებული 328 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მოპასუხე და მისი ოჯახი ფლობს.

სარჩელის საფუძვლები:

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მარნეულში, ........ ქუჩაზე, პირველი შესახვევი №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფლობისა და მემკვიდრეობის ფაქტის დადგენა და საცხოვრებელი სახლისა და ამავე მისამართზე არსებული 328 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

7. მოსარჩელის განმარტებით, დედის გარდაცვალებისას, დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯები მან გაიღო. დედის გარდაცვალების დროს და შემდეგაც 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდა დედისეულ სახლში. მას დედისგან მემკვიდრეობით ერგო ოქროს ბეჭედიც, შესაბამისად, მან სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 1976 წლიდან დღემდე თბილისში ცხოვრობს და მას მარნეულში აღნიშნული პერიოდის შემდეგ, არც დედის სიცოცხლეში და არც შემდეგ არ უცხოვრია.

9. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა დედის დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯებში, ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში სადავო სახლში ცხოვრობდა.

10. მოპასუხის განმარტებით, დედის დაკრძალვის ყველა ხარჯი მან გაიღო. დაკრძალვის შემდეგ მოპასუხეს ქელეხის სუფრა შეკვეთილი ჰქონდა თავისი ხარჯებით, სადაც, როგორც სხვა სტუმრები, მოსარჩელეც რამდენიმე საათით იმყოფებოდა და ქელეხის შემდეგ თბილისში გაემგზავრა. რაც შეეხება ოქროს ბეჭედს, როდესაც მოსარჩელეს 1971 წლის 13 აგვისტოს 18 წელი შეუსრულდა, აწ გარდაცვლილმა მას საჩუქრად გადასცა და ამ პერიოდიდან მოსარჩელის საკუთრებაა. დედის გარდაცვალებისას ხსენებული ბეჭედი არ ყოფილა სადავო სახლში და არც სამკვიდრო მასაში არ შედიოდა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

მესამე პირების პოზიცია:

12. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ე.მ–ნის განმარტებით, მოსარჩელე გარდაცვლილი დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია, განსხვავებით მოპასუხისგან, რომელიც დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა. ამასთან, დედის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მოპასუხემ გაწია. მოსარჩელე მისული იყო მხოლოდ პანაშვიდზე, დაკრძალვასა და ქელეხზე, რომლის შემდეგ თავის სახლში გაემგზავრა თბილისში. ოქროს ბეჭედი დედამ მოსარჩელეს 1971 წელს აჩუქა და ამ დროის შემდეგ მოსარჩელის საკუთრებაა.

13. კ.ა–ნს შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, ვინაიდან სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა, ის გარემოება, რომ მან ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის გზით მიიღო სამკვიდროში შემავალი ქონება.

17. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1421-ე და 1424-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი პირდაპირი და უტუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტი (მოსარჩელე) დედის გარდაცვალების დროისათვის და გარდაცვალების შემდგომ, 6 თვის განმავლობაში სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. დედის დაკრძალვაზე ჩასვლა კი არ გულისხმობს მისი მხრიდან სამკვიდროს დაუფლებას, ხოლო დედის დაკრძალვის შემდგომ გარკვეული დროით სადავო ქონებაში ცხოვრება, საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით, არ დასტურდება.

18. რაც შეეხება დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების გაბათილების მიზნით საქმეში წარდგენილ ნ.ს-გ–სა და ვ.ა–ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული განცხადებები არ შეიცავს დაზუსტებულ ინფორმაციას, ხოლო დასაქმებეული პირების მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის შუამდგომლობა აპელანტს არ დაუყენებია, რათა სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა, დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განცხადებებში ასახული ფაქტების მნიშვნელობა და სისწორე.

19. სააპელაციო სასამართლომ მითითებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ ოქროს ბეჭედი შედიოდა სამკვიდრო მასაში და იგი აპელანტმა მიიღო დედის გარდაცვალების შემდეგ, მით უფრო, რომ ძვირფასეულობა აწ გარდაცვლილმა 1971 წელს დაამზადებინა სპეციალურად შვილისათვის საჩუქრად და იმთავითვე განკუთვნილი იყო აპელანტისათვის.

20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები და მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობლივად შეაფასა და სწორედ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები. აღნიშნულის ნაცვლად სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის შვილის მეგობრის ჩვენებსა და მოწმის სახით დაკითხული მეზობლების ჩვენებას, რომლებმაც კასატორის კითხვაზე, რამდენად ხშირად სტუმრობდნენ აწ გარდაცვლილს სიცოცხლეში, განაცხადეს, რომ მასთან ურთიერთობა ფაქტობრივად არ ჰქონიათ, ხოლო გარდაცვალებისას იყვნენ სამძიმარზე ადათის მიხედვით, შესაბამისად, გაუგებარია, საიდან იციან ამ მოწმეებმა, კასატორი ჩადიოდა თუ არა დედის სანახავად, ან ვინ რა ხარჯები გაიღო მისი გარდაცვალების შემდეგ.

23. კასატორის განმარტებით, ქელეხის ხარჯის გაღებას ამყარებს მოწმედ დაკითხული მოპასუხის შვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ კასატორმა ცხვარი იყიდა ქელეხისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული დედის სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობის (1/2 ნაწილში) მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.1-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები ...), 1421.2 (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

29. ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა, თუ იგი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ-ები №ას-348-2019, 22.11.2019; №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; №ას-203-193-2016, 02.06.2016; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).

30. მხარეთა მიერ დავის განმავლობაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის შესატყვისად, ვერ უზრუნველყო მოთხოვნის რელევანტური მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა. კერძოდ, ეს უკანასკნელი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტის დამტკიცებას ნ.ს-გ–სა და ვ.ა–ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით ცდილობს, რომელთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმე ჩვენებას იძლევა სასამართლოში მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემით (სსსკ-ის 147-148-ე მუხლები). სანოტარო წესით დამოწმებული პირის განცხადება კი, მოწმის ჩვენებად ვერ შეფასდება. სწორედ ეს განმარტა საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მიუთითა, რომ მოწმეების განმარტებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებას (იხ. სუსგ №ას-545-508-2017, 21.09.2017წ.).

31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მითითებულ გარემოებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს. ამასთან, როგორც საკმარისობის, ასევე დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ გარემოების დასადასტურებლად და ამ საკითხზე სავსებით კანონიერია სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული მსჯელობა, შესაბამისად, არ არსებობს ნოტარულად დამოწმებულ განცხადებაში ასახული გარემოებების გაზიარების საფუძველი და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა შეუძლებელია.

32. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს დაუფლების საკვანძო საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 - თვიან დროის მონაკვეთში ფაქტობრივი დაუფლების გზით სადავო ქონების მართვა-გამგეობას (კერძოდ, მამკვიდრებლის მეზობლის - მოწმე ზ.მ–ის ჩვენების თანახმად, დაკრძალვის ხარჯები მოპასუხის შვილმა გაწია. მოსარჩელე ნახა მხოლოდ ქელეხში. აწ გარდაცვლილის მეზობლის მოწმე გ.გ–ას განმარტებით, მამკვიდრებელს გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებლის სახლში დადიოდა თითქმის ყოველდღე ორმოცამდე ადათის დაცვით. მას მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არ უნახავს, ნახა მხოლოდ ქელეხში ერთხელ. იგივე დაადასტურა მოწმე შ.ვ–მაც, რომლის ჩვენების თანახმად, მოსარჩელე ნახა მხოლოდ აწ გარდაცვლილის დაკრძალვის დღეს. მოწმე ი.ა–ისა და ა.მ–ის ჩვენების თანახმადაც, მამკვიდრებლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა მოსარჩელე, რომელიც ქელეხის შემდეგ სახლში დაბრუნდა. მოსარჩელე არცერთი დღით არ დარჩენილა აწ გარდაცვლილის სახლში). ნიშანდობლივია, რომ კასატორს მოწმეთა ჩვენებების გასაქარწყლებად არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის, რაც სამკვიდროს მართვა-გამგეობაში მოსარჩელის უტყუარ მონაწილეობას დაადასტურებდა, მხოლოდ კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება და მოწმეთა ჩვენებების ნეგატიური შეფასება კი, ვერ დაადასტურებს მოვალის მიერ სამკვიდროს მიღების უცილობელ გარემოებას.

33. კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, საქმეზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მან მამკვიდრებლის ქელეხისათვის ცხვარი იყიდა, საკასაციო პალატა აღნიშნულს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებად ვერ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ ეს გარემოება არ ასაბუთებს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ სათანადო ნების გამოხატვას და სამკვიდროს მიმართ ფაქტობრივი ფლობის ან/და მართვის განხორციელებას, რაც უტყუარად დაადასტურებდა სამკვიდროს მიღებას. რაც შეეხება ოქროს ბეჭედს, რომელსაც, კასატორის მტკიცებით, დედის გარდაცვალების შემდგომ დაეუფლა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მაშინ, როდესაც, უდავოა, რომ ძვირფასეულობა მამკვიდრებელმა 1971 წელს დაამზადებინა საგანგებოდ შვილისთვის საჩუქრად და იმთავითვე განკუთვნილი იყო კასატორისათვის, რაც, ბუნებრივია, ვერ განიხილება აწ გარდაცვლილის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივად.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან ფაქტობრივი ფლობით დედის სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული კი, გამორიცხავდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის, საკუთრების უფლება სამკვიდროზე წარმოიშობოდა მხოლოდ სამკვიდროს მიღების შემთხვევაში (სსკ-ის 1433-ე მუხლი).

35. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-207-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-351-2019, 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება; №ას-1157-1112-2016, 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება; №ას-695-666-2016, 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინება).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე