საქმე №ას-797-2021 26 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.შ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომ - მოპასუხე, არქიტექტურის სამსახური, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან სტაჟიორად, 2011 წლიდან კი ჯერ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო შემდეგ 2013 წლიდან კონკურსის წესით გამოსაცდელი ვადით ინფორმაციული უზრუნველყოფის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა (2015 წლის 9 იანვრის №13 ბრძანებით ცვლილება შევიდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 25 მარტის №53 ბრძანებაში, რომლის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ნაცვლად დაფიქსირდა არქიტექტურის სამსახურის კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ, 2014 წლის 25 მარტიდან იმავე თანამდებობაზე დასაქმდა.
3. მოსარჩელე სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლებამდე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა.
4. 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეს ეცნობა სამსახურში დაწყებული რეორგანიზაციისა და შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, ხოლო 2018 წლის 7 მარტს მოსარჩელეს ჩაჰბარდა არქიტექტურის სამსახურის კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება.
5. მოსარჩელის მითითებით, არქიტექტურის სამსახურში მართლაც განხორციელდა რეორგანიზაცია, შემცირდა და გაერთიანდა გარკვეული განყოფილებები, ამასთან, ზოგიერთს შეეცვალა სახელწოდება, მათ შორის, იმ განყოფილებას, სადაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა, თუმცა რეორგანიზაციის შემდგომ საქმისწარმოების განყოფილება სწორედ იმ უფლებამოსილებას ასრულებს, რასაც - კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურში დღემდე არსებობს იმავე უფლება-მოვალეობებით ის განყოფილება, სადაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა.
6. მოსარჩელის განმარტებით, განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების რაოდენობა 26 საშტატო ერთეულიდან, 6 საშტატო ერთეულამდე შემცირდა. რეორგანიზაციის შედეგად ახლად ჩამოყალიბებულ საქმისწარმოების განყოფილებას, გამოეყო ერთადერთი უფლება-მოვალეობა, კერძოდ, „სამსახურის, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა“, რასაც ამჟამად ასრულებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, სწორედ, ზემოაღნიშნულ ა(ა)იპ-ში იქნენ გადაყვანილი ამ განყოფილების 17 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ამასთან, 5 ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი უცვლელად აგრძელებს მუშაობას საქმისწარმოების განყოფილებაში, ხოლო მე-6 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ იქნა სრულიად სხვა განყოფილების თანამშრომელი, რომლის თანამდებობაც რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა.
7. მოსარჩელის განმარტებით, მისი გათავისუფლება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან დღემდე არსებობს განყოფილება და საშტატო ერთეული, სადაც მოსარჩელე იყო გათავისუფლებამდე დასაქმებული, შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება დაუსაბუთებელი და უკანონოა.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება, სამსახურს გამოეყო საკონსულტაციო მიმართულება, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად სტრუქტურულად დაექვემდებარა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო, ხსენებული განყოფილების სახელწოდებად, სამსახურის დებულების თანახმად, განისაზღვრა საქმისწარმოების განყოფილება.
9. არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილებაში განსაზღვრული იყო 31 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად, არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, საქმისწარმოების განყოფილებაში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული.
10. მოპასუხის მითითებით, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევის მიმართულებით შეითავსა სამსახურის ფუნქციები, რომლის განსახორციელებლად კანცელარიისა და საკონსულტაციოს განყოფილებიდან 18 საშტატო ერთეული გამოაკლდა არქიტექტურის სამსახურს და გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს.
11. მოპასუხის განმარტებით, ეფექტური მმართველობის განხორციელებისთვის საქმისწარმოების განყოფილებაში 8 საშტატო ერთეულის არსებობით თავიდან არის აცილებული შტატების ხელოვნურად გაზრდა და აღნიშნული რაოდენობა არის ოპტიმალური, რაც შედეგობრივად აისახება განყოფილების საქმიანობაში.
12. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დამსაქმებლის მიერ მიღებულ იქნა ,,გონივრული საფუძვლის“ პრინციპის დაცვით. ამ მიზნით სამსახურში გაიმართა გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებს დაესვათ შეკითხვები დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბერის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის №ბ60.011805420 ბრძანება; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის - 6000 ლარის (ხელსა ასაღები) გადახდა დაეკისრა; სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზე, რომ მხოლოდ რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს შტატების შემცირება. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთი ასეთი მართლზომიერი საფუძველი შეიძლება იყოს ფუნქციების მატება და, შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია. რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, ხომ არ შეექმნა ფორმალური საფუძველი რეორგანიზაციას. აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს. გარდა აღნიშნულისა, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობაც, როდესაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დასაქმებულის კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება და სხვა გარემოებები, ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებულია, ინდივიდუალურად შეაფასოს დასაქმებულისთვის სასარგებლო გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება თითოეული დასაქმებულის მიმართ.
18. სასამართლოს განმარტებით, შტატების შემცირების პირობებში მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელ გარემოებად და თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმადაც, შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელის კვალიფიკაციაზე, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მისივე კატეგორიის სპეციალისტებთან შედარებით ჰქონდა ნაკლები კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოცემულ შემთხვევაში, არც სამუშაო სტაჟის მიხედვით გათავისუფლება, როგორც შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ისე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულთა შერჩევა არ დასტურდება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტიც.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია (ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო), მას უნდა მიეცეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია. სასამართლოს მითითებით, კომპენსაციის გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა (უვადო), ხელფასის ოდენობა, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს 1 თვის კომპენსაცია. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 2018 წლის 2 აპრილიდან, მოსარჩელე დასაქმდა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სამსახურის ოფიცრის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2018 წლის 18 ივნისამდე (მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1300 ლარს). 2018 წლის 18 ივნისიდან კი დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კორესპონდენციის მართვის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ.
21. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის ოდენობა სწორად განისაზღვრა 6000 (ხელზე მისაღები თანხა) ლარით. ამასთან, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (დამსაქმებელმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
23. კასატორის მითითებით, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძვლებიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენდა რეორგანიზაციის დაწყება და შესაბამისი ცვლილებები. რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს მიერ შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე.
24. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილებაში განსაზღვრული იყო 31 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქმისწარმოების განყოფილებაში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ორგანიზაციული ცვლილებების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შორის. ამასთან, ცალსახად დასტურდება, არქიტექტურის სამსახურის ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინდივიდუალური აქტებიდან, რომლებიც სადავოდ არ ყოფილა გამხდარი.
25. კასატორის მითითებით, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურში გამართული გასაუბრება ცალსახად დაადასტურა მოსარჩელემ პროცესის მიმდინარეობისას. გასაუბრების ფარგლებში თანამშრომლებს დაესვათ შეკითხვები დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე. სწორედ გასაუბრების შედეგების, თანამშრომლების სტაჟის, კვალიფიკაციისა და დაკისრებული უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა გაურკვეველია რატომ არ იქნა აღნიშნული სასამართლოს მიერ გაზიარებული, ამის შესახებ გასაჩივრებულ განჩინებაში არაფერია ნათქვამი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის არასაკმარისად დასაბუთებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
26. საკასაციო პალატა საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ, განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
29. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა რეორგანიზაციის საფუძვლით. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) ითვალისწინებს.
30. მოპასუხის მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ახალი განყოფილების სახელწოდებად, სამსახურის დებულების თანახმად, განისაზღვრა საქმისწარმოების განყოფილება, ხოლო მისი საშტატო ნუსხა დადგინდა 8 ერთეულით. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურში გამართული გასაუბრების ფარგლებში თანამშრომლებს დაესვათ შეკითხვები დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე. სწორედ გასაუბრების შედეგების საფუძველზე გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.
31. საკასაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის გამართვისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, დამსაქმებელმა უფლება ბოროტად ხომ არ გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-931-2022, 30სექტემბერი, 2022 წელი; №ას-466-2021, 27 სექტემბერი, 2022 წელი; №ას-115-111-2016, 8 აპრილი, 2016 წელი).
32. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: ,,ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (სუსგ. №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
33. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შრომითსამართლებრივ დავაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის მტკიცების სტანდარტზე იხ., ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წელი, გვ. 255-261). ამდენად, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზებაზე, კერძოდ, მისი მხრიდან დამაჯერებელი საფუძვლებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე (იხ. სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-223-223-2018, 20 აპრილი, 2018 წელი; №ას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
34. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის და შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28 აპრილი, 2021 წელი). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
35. საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
36. საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №43.03.841 განკარგულებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით მისაღები ღონისძიებები. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 29 ნოემბრის №44.15.865 განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადება წარედგინა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის №52 განკარგულებით საკრებულომ გადაწყვიტა არქიტექტურის სამსახურში რეორგანიზაციის დაწყება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №260.01180261 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის 147 საშტატო ერთეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის №ბ60.01180548 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შემცირდა 93 საშტატო ერთეულამდე, 54 ერთეულით, ხოლო თანამდებობრივი სარგო 260 450 ლარიდან 172 600 ლარამდე.
37. 2018 წლის 26 იანვრის №260.01180261 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილებაში განსაზღვრული იყო 31 საშტატო ერთეული, მათ შორის, უფროსი სპეციალისტის 26 შტატი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად, არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის №ბ60.01180548 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხით, შეიქმნა საქმისწარმოების განყოფილება, რომლითაც განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული, საიდანაც, მესამე კატეგორიის სპეციალისტთა რაოდენობა შეადგენს 6 ერთეულს. ამასთან, უდავოა, რომ კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევის მიმართულებით სამსახურის ფუნქციები გამოეყო და გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლის განსახორციელებლად კანცელარიისა და საკონსულტაციოს განყოფილებიდან 19 შტატი გამოაკლდა არქიტექტურის სამსახურს და გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს.
38. საკასაციო პალატის განმარტებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით უდავოა, რომ არქიტექტურის სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება და ამის ნაცვლად, მისთვისთვე განსაზღვრული ფუნქციებით (გარდა, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემული მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევის მიმართულებისა), შეიქმნა საქმისწარმოების განყოფილება. უფროსი სპეციალისტის 26 შტატიდან 19 ერთეული გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევის ფუნქციით, ხოლო დარჩენილი 7 შტატი შემცირდა ერთით და განისაზღვრა 6 ერთეულით. სწორედ ამ 6 ერთეულ საშტატო თანამდებობდაზე ჩატარდა გასაუბრება, რომლის შედეგების საფუძველზე, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
39. საკასაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოხატვაა, რომელსაც დასაქმებულთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოსდევს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელს უნდა ედასტურებინა, კონკრეტულად რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულმა გასაუბრებისას (შდრ: სუსგ №ას-325-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). არც ქვემდგომი წესით საქმის განხილვისას და არც საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული მტკიცებულებებზე და არ არის მოყვანილი წონადი არგუმენტები, რომლებიც, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერებას დაადასტურებდა და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, შეეფასებინა მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე სხვა პირებთან შედარებით რატომ იყო გამართლებული კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა და დაცული იყო თუ არა ამ პროცესში დასაქმებულის ინტერესები, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც სარჩელშია აღნიშნული 5 ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი უცვლელად აგრძელებს მუშაობას საქმისწარმოების განყოფილებაში, ხოლო მე-6 ვაკანტურ თანამდებობაზე (შტატით გათვლისწინებულია 6 უფროსი სპეციალისტის თანამდებობა) დანიშნულ იქნა სრულიად სხვა განყოფილების თანამშრომელი, რომლის თანამდებობაც რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები დამსაქმებელს სასამართლოში არ წარმოუდგენია).
40. პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან ტესტირებისაგან (წერილობითი გამოცდისაგან) განსხვავებით, გასაუბრება ზეპირია, დამსაქმებელმა უნდა შექმნას ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოობისას, კონკურსანტს აძლევდეს თავისი პოზიციის დაცვისა და კანონიერი უფლებების სრულად რეალიზების საშუალებას, ხოლო კონკურსის შედეგის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვისას, სასამართლოს გასაუბრების კანონიერების შეფასება შეეძლოს.
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, კანდიდატთა გასაუბრების თაობაზე და ინფორმაცია მათ მიერ გაცემული პასუხების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალები არ იძლევა გასაუბრებათა შედარებისა და შეჯერების შესაძლებლობას, დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის სუბიექტურად შეფასების შესაძლებლობა ვერ გამოირიცხება, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას რეორგანიზაციის პროცესში ჩატარებული გასაუბრება შეაფასოს როგორც ობიექტური და გამჭვირვალე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ისევე როგორც არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. ამასთან, არ გამოვლენილა დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია, ისევე როგორც - საქმისაწრმოების დეპარტამენტის ფუნქციების განახლება ან ზრდა, რის გამოც, მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს.
42. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების გარდაუვალობა. მხოლოდ მითითება რეორგანიზაციის გზით ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობაზე და გასაუბრების შედეგებზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძვლად უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის საფუძვლით გასაუბრების შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. აღნიშნული კი, გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. ამ პირობებში კი, თავად სადავო ნება ეწინააღმდეგება მის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ კანონის მოთხოვნას და, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია, შესაბამისად, აშკარაა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული უფლებრივი რესტიტუცია. ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას, შესაბამიად, საკასაციო პალატა დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე