საქმე №ა-374-გან-2-2023 (№ას-901-2022) 15 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ზ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ც.დ–ი“ (მოპასუხის უფლებამონაცვლე)
მოთხოვნა - გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ას-901-2022), ზ.გ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს.მ.ც.ც–ს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის (საქმე №ას-901-2022) გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2022 წლის 2 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის შპს „ს.მ.ც.ც–ის“ (ს/კ .......) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შპს ,,ს.ც.დ–ი“ (ს/კ ........)) დაეკისრა 5400 ლარის (დარიცხული) გადახდა ზ.გ–ას სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
2. 2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.გ–ამ და მოითხოვა მოპასუხისათვის დასაკისრებელ საკომპენსაციო თანხასთან მიმართებით ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა 3 წლის მიუღებელი ხელფასის ოდენობით გამოთვალა და 5400 ლარით განსაზღვრა, თუმცა, მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დარიცხულ და არა ხელზე ასაღებ თანხას. განმცხადებლის მითითებით, მისი ხელზე ასაღები ყოვეთვიური ხელფასი 150 ლარი იყო, რისი გათვალისწინებითაც, თუ იგი აიღებდა ხელფასს სამი წლის განმავლობაში ეს იქნებოდა არა დარიცხული, არამედ ხელზე ასაღები 5400 ლარი.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება მოითხოვა იმგავარდ, რომ დამსაქმებელს დაეკისროს ხელზე ასაღები 5400 ლარის გადახდა ზ.გ–ას სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო პალატა განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებას, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:
5. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ყოვლად დაუშვებელია შეცდომის გასწორების ფარგლებში დავის ხელახლა განხილვა და აღნიშნულის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ან დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა.
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, მოსარჩელისათვის დარღვეული უფლების აღდგენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიან ზომად პირისათვის კომპენსაციის მინიჭება მიიჩნია. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის ხელფასის ოდენობა, რომელიც შეადგენდა ხელზე ასაღებ 150 ლარს და ჩათვალა, რომ 3000 ლარის ოდენობით (20 თვის მიუღებელი ხელფასია, რაც შეადგენდა ხელზე ასაღებ თანახას, იხ. საქმე №2851-გან-5-2019, 2019 წლის 21 ივნისის განჩინება; №2020-გან-4-2015, 2015 წლის 17 ივნისის განჩინება) კომპენსაცია საკმარისი იყო მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციისათვის. აღნიშნული გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა უნდა გაზრდილიყო და სამართლიან და გონივრულ ოდენობად ჩათვალა მოსარჩელის სამი წლის მიუღებელი ხელფასის ოდენობა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა.
9. უდავოა, რომ საკასაციო პალატამ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მოპასუხისათვის დასაკისრებელ თანხად მიუთითა ,,დარიცხული“ 5400 ლარი, თუმცა, გადაწყვეტილების შინაარსიდან ცხადია, რომ აღნიშნული წარმოადგენს დაშვებულ შეცდომას, ვინაიდან, თუ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია - ხელზე ასაღები 3000 ლარი რეალურად შეადგენდა კონკრეტულ პერიოდს - 20 თვის მიუღებელ ხელფასს, საკასაციო პალატამ კი, კომპენსაციის ოდენობა 3 წლის მიუღებელი ხელფასის ოდენობამდე გაზარდა, საკასაციო პალატის მიერ სამ წელზე (36 თვე) გაანგარიშებით ეს თანხა (ყოვეთვიური ხელზე ასაღები 150 ლარის გათვალისწინებით) იქნებოდა არა ,,დარიცხული“ 5400 ლარი, არამედ, ხელზე ასაღები 5400 ლარი. სწორედ აღნიშნული მსჯელობა ამართლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების მიზანს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, დარიცხული 5400 ლარი დაიბეგრება და მოსარჩელის დარღვეული უფლების რესტიტუცია, რაზეც საკასაციო პალატამ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა, ვერ მიიღწევა.
10. საკასაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი კომპენსაცია - 5400 ლარი წარმოადგენს ხელზე ასაღებ თანხას, შესაბამისად, მის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ,,დარიცხული“ 5400 ლარიც, რომელიც სამოტივაციო ნაწილში მითითებულ მსჯელობას უნდა ამართლებდეს, დაშვებულ შეცდომას წარმოადგენს და უნდა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.გ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში 5400 ლარი ,,დარიცხულის“ ნაცვლად მიეთითოს 5400 ლარი ,,ხელზე ასაღები“.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე