Facebook Twitter

ბს-1357-932(გ-05) 26 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ც. წ-ას სასარჩელო განცხადების განსჯადობაზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. წ-ას წარმომადგენელმა გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის დაკანონება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი მარწმუნებლის მეუღლემ, აწ გარდაცვლილმა შ. წ-ამ და მისივე მეზობელმა შ. მ-ემ 1993 წელს მოქალაქე პ. პ-ასაგან შეისყიდეს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ... (ამჟამინდელი ..... ქუჩა) მიწის ნაკვეთთან ერთად (2000 მ2).

ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით 1993 წელს, ერთი მხრივ, გამყიდველ პ. პ-ასა და, მეორე მხრივ, მყიდველებს: შ. წ-ასა და შ. მ-ეს შორის.

ბინის გადაფორმება ვერ შეძლეს იმ მიზეზით, რომ შენობა წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას, რომელიც შემდგომ მათ მიერ იქნა დაკანონებული 1997 წელს. ც. წ-ამ და შ. მ-ემ მიმართეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მათ მიერ შეძენილი სახლის, თითოეულის წილის შესაბამისად, საკუთრებაში გაფორმება.

სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ..., გადაეცათ საკუთრებაში შემდეგნაირად: წ-ა ც.ს საკუთრების უფლებით გადაეცა ლიტერ “ვ” 14,87 კვ.მ, სამი კანონიერი 24,33 კვ.მ სათავსით, ლიტერ “დ” _ 4,70 კვ.მ, 2,60 კვ.მ, ლიტერ “კ” _ 1,80 კვ.მ, 3,0 კვ.მ დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს აღნიშნული ფართის აღრიცხვა, ხოლო დანარჩენი ფართი დაუკანონდა და გადაეცა კერძო საკუთრებაში შ. მ-ეს. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები დღესაც იგივე მდგომარეობაშია, როგორც ყიდვის დროს იყო.

მიწის ნაკვეთის 9/10 კანონიერია, ხოლო 1/10 გეგმა-ნახაზში წითლადაა აღნიშნული (დაუკანონებელია). ასევე წითლადაა აღნიშნული (დაუკანონებელია) შენობის ნაწილიც. აღნიშნული ნაკვეთით და შენობა-ნაგებობით 1988 წლიდან სარგებლობდა და ფლობდა ჯერ კიდევ მისი პირვანდელი მფლობელი, შემდეგ კი 1993 წლიდან _ ც. წ-ას მეუღლე და მისი ოჯახის წევრები.

1997 წელს, როდესაც ხდებოდა აღნიშნული სახლთმფლობელობის დაკანონება, შ. წ-ა იყო მძიმე ავადმყოფი და იხელმძღვანელეს მხოლოდ იმ გეგმა-ნახაზით, რომელიც შედგენილი იყო 1988 წლამდე. უსახსრობის გამო ტექბიუროში თავის დროზე ვერ მოხერხდა მთლიანი მიწის ნაკვეთისა და შენობის დაკანონება და გაფორმება. შესაბამისად, 1999წ. 28 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილება არ გავრცელდა აღნიშნული მიწისა და შენობის დაუკანონებელ ნაწილზე.

ც. წ-ამ აღნიშნულის დასაკანონებლად განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გლდანი-ნაძალადევის გამგეობას, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან მიწის ნაკვეთისა და შენობის დაუკანონებელი ნაწილი აღრიცხულია 1995-97 წლების მდგომარეობით და არ შედის საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებების მოქმედების სფეროში. ითხოვდა საცხოვრებელი სახლის ლიტ “ვ”-ს სარდაფის სართულის ¹1,2,3 სათავსების, ლიტ “ვ”-ს პირველი სართულის ¹3,4,5 სათავსებისა და ბაქანის დაკანონებას. ასევე, საეზოვე მიწის ნაკვეთის 137,8 მ2-დან მისი წილის _ 68,9 მ2 დაკანონებას. საერთო საკუთრებიდან კუთვნილი წილის გამოყოფას მათივე შეთანხმებითა და კომპეტენტური სპეციალისტების მეშვეობით, ხოლო გამიჯვნის შემდეგ, მიეკუთვნოს ......... მე-4 შესახვევის ¹10, ხოლო შ. მ-ის საკუთრებას _ ¹8.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ივნისის განჩინებით ც. წ-ას წარმომადგენლის _ გ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სარჩელი არ უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ვინაიდან დავის საგანი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტში მითითებულ დავის საგანს მიეკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2005წ. 16 აგვისტოს განჩინებით არ დაეთანხმა სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებას ც. წ-ას სარჩელის განსჯადობის თაობაზე და სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ც. წ-ამ სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის დაკანონება და თითოეული თანამესაკუთრის ინდივიდუალური წილის საკუთრებაში აღრიცხვა, თანასაკუთრებაში რეალური წილის განსაზღვრა და მიწის ფართზე მესაკუთრედ ცნობა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებულ კერძო სამართლებრივი ხასიათის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მიუხედავად იმისა, რომ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, აღნიშნული გარემოება მაინც არ ცვლის დავის სამართლებრივ ხასიათს, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო აღნიშნული დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან და განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ც. წ-ას სასარჩელო განცხადებისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. წ-ას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

განსახილველი სარჩელით ც. წ-ა ითხოვს სახლთმფლობელობის დაკანონებას და საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფას, ხოლო მოპასუხედ დასახელებული ჰყავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 20.06.2005წ. განჩინებაში მიუთითა, რომ ც. წ-ას სარჩელი წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ სარჩელს, რადგან დავის საგანი განეკუთვნებოდა სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სარჩელს. სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ” მუხლით გათვალისწინებული დავა, თუმცა არ მიუთითა, ამ ნორმით განსაზღვრულ რომელი სახის დავას განეკუთვნებოდა, რადგან მითითებული ნორმა ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ც. წ-ა წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით არ ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან ზიანის ანაზღაურებას, ასევე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემას და არც რაიმე ქმედების განხორციელებას, რადგან სარჩელის მოთხოვნაა სახლთმფლობელობის დაკანონება და საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფა. “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი ახორციელებს უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებისა და სკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების, აგრეთვე მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების რეგისტრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს არანაირ ადმინისტრაციულ აქტს არ გამოსცემს. იგი დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ დოკუმენტებს და ახდენს მესაკუთრის სამართლებრივ რეგისტრაციას, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტებს, ვინაიდან ისინი გამოცემული არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა, არამედ იგი დაობს სახლთმფლობელობის ნაწილზე საკუთრების აღიარებასა და წილის გამოყოფაზე, რომელიც უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ ც. წ-ას მოპასუხედ დასახელებული ჰყავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს, რადგან განსახილველი დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას განსახილველი სარჩელის განსჯადობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ც. წ-ას სარჩელი წარმოდგენილი სახით არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს და იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სსკ-ის მე-11, 284-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. წ-ას სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს;

3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.