Facebook Twitter

№ას-1406-2022

16 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ლ.ბ–ი, ხ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ლ–ომ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.ბ–ისა და ხ.ბ–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...., კორპუსი 2, სართული 1, ფართი: 174.79 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი არ ფლობენ შპს „ლ–ოს“ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ივლისის საოქმო განჩინებით ხ.ბ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა არასრულწლოვნების: თ., ლ., ო. და გ. ბ–ის საქმეში მესამე პირებად ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ლ–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ბ–ისა და ხ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ლ–ოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ........, კორპუსი 2, ფართი: 174.79 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .....) და დადგინდა მესაკუთრისათვის აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხე, ხ.ბ–ის ადვოკატის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად არასრულწლოვანი ბავშვების ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება და გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე არასრულწლოვანი ბავშვების საქმეში ჩართვა.

4.1. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული შუამგომლობის დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ხ. და ლ.ბ–ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ივლისის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს „ლ–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეების - ლ.ბ–ისა და ხ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს ლ–ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ........ ქუჩა №3, კორპუსი 2, ფართი: 174.79 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .......) და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქუჩა №3, კორპუსი 2, სართული 1, ფართი: 174.79 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........), წარმოადგენს შპს „ლ–ოს“ საკუთრებას.

5.1.2. აღნიშნული უძრავი ქონება ხ. და ლ.ბ–ების მფლობელობაშია. მოპასუხეებს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნიათ.

5.1.3. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა მათ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მისი ნივთის ფლობის უფლებას არ ანიჭებდათ.

5.1.4. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლიზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

5.1.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, ამჟამინდელ მესაკუთრეს აპელანტებისათვის სადავო ბინა მფლობელობაში არ გადაუცია და ამ ბინასთან დაკავშირებით გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტების მიმართ შებოჭილი არ იყო, აპელანტებს აღნიშნული ბინის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

5.1.6. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტები სწორედ მოსარჩელის კუთვნილ, სადავო ბინას ფლობენ. აღნიშნული დასტურდებოდა ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად, ლ.ბ–ის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...... ქუჩა, ყოფილი ფოსტის შენობა №3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოს მომართვებით (№MIA2 22 00708503 და №MIA2 22 00708496), ასევე დგინდებოდა, რომ მოპასუხეებისათვის გაგზანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ერთ შემთხვევაში ჩაბარდა ლ.ბ–ის შვილს - ნ.ბ–ს, რომლის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია: ......, კორპ. 2. იგივე მისამართი იყო მითითებული მოპასუხე ხ.ბ–ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ ოქმზე.

5.1.7. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებად აპელანტთა ოჯახის არასრულწლოვანი წევრები არ დაუსახელებია, შესაბამისად, სადავო ბინაზე მათი უფლებების თაობაზე ვერ იმსჯელებდა.

5.1.8. რაც შეეხება მოპასუხეების პოზიციას საქმეში მესამე პირად ბავშვების ჩართვის საფუძვლების არსებობის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ, ამრიგად, არასრულწლოვნის უფლებაზე კასატორების მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას“ (სუსგ. №ას-1191-2021, 14 თებერვალი, 2022 წელი).

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. და ლ. ბ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამათლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი, შპს „ლ–ოს“ საკუთრებაში არსებულ ფართად. გაუგებარია რაზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ მაინცდამაინც მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი შეიძინა მოსარჩელემ.

6.2. სასამართლოს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოპასუხეებს არასრულწლოვნების საქმეში მესამე პირად ჩართვაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსი მიღებულია იმ განმარტებების გათვალისწინებით, რომ მშობლებს ბოროტად არ ესარგებლად მათი უფლებებით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, ხ. და ლ.ბ–ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - შპს „ლ–ო“, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. კასატორები სადავოდ ხდიან მათ მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ფაქტს.

24. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების პრეტენზიას, რომლის თანახმადაც სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ ქონების ფლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ამ პრეტენზიის წინააღმდეგ აღნიშნავს, რომ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორები ფლობენს ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდნენ დაინტერესებული, რადგანაც მათ მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიადანაც დასტურდება, რომ მოპასუხეების ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...... ქუჩა ყოფილი .....; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოს მომართვებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხეებს აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდათ სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილები; ქ. თბილისი, ......, კორპუსი 2 მითითებულია საკასაციო საჩივარში კასატორების მიერ, მათ ძირითად მისამართად; მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა თავად დაადასტურეს მათ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში, კერძოდ, ყოფილი .... შენობაში ცხოვრების ფაქტი და აღნიშნეს, რომ თუ რის საფუძველზე გახდა შპს „ლ–ო“ აღნიშნული ფართის მესაკუთრე მათთვის უნობია. პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ.ბ–ის მითითება, რომ იგი აპირებს იდავოს შპს „ლ–ოს“ მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, ასევე არასარწმუნოს ხდის მოპასუხეების აპელირებას იმაზე, რომ ისინი არ ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ფაქტი.

25. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. მათ ქონების ფლობის მართლზომიერი საფუძვლის შესახებ არ მიუთითებიათ და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენიათ.

26. საკასაციო პრეტენზია ასევე შეეხება არასრულწლოვნების საქმეში ჩართვაზე უარის თქმას. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ბავშვის უფლებათა კოდექსით უნდა ეხელმძღვანელა.

26.1. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით.

26.2. პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის ( მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. ამრიგად, არასრულწლოვნის უფლებაზე კასატორების მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. ასევე საქმის შედეგზე გასვლენას ვერ მოახდენს არასრულწლოვნების მესამე პირებად ჩართვა. აღსანიშნავნია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას (სუსგ.: Nას-1191-2021, 14.02.2022) შესაბამისად, არასრულწლოვანთა საქმეში მესამე პირად ჩართვის საპროცესოსამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს და სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეების პრეტენზია.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ბ–ისა და ხ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე