23 თებერვალი 2022 წელი
№ას-1004-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ლ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ.გ–ლი (მოპასუხე), ზ.ბ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირები - ო.ლ–ძე, ვ.ლ–ძე
(დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ლ–ძის სარჩელი ბ.გ–ლისა და ზ.ბ–ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ზ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ.ლ–ძე მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა ზ.ბ–ძის საკუთრებაში აღრიცხული ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ......), ამ ქონების მოძრავი ქონებიდან გამოთავისუფლებით.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ.ლ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ლ–ძის სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მ.ლ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ბ.გ–ლისა და ზ.ბ–ძის მიმართ (მესამე პირები: ო.ლ–ძე, ვ. ლ–ძე), უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:
3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2016წ. N882016743977-08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ბ.გ–ლის განცხადება ონის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 1, ს.ფ 24).
3.2. საჯარო რეესტრის 16.11.2016წ. ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ონის რაიონის სოფელ ......., 2282,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, ს/კ ........., აღირიცხა ბ.გ–ლის საკუთრებად. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N321 (იხ. ტომი 1, ს.ფ 22-23).
3.3. 2018 წლის 09 აგვისტოს, ბ.გ–ლსა (გამყიდველი) და ზ.ბ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბ.გ–ლმა ზ.ბ–ძეს მიყიდა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (ონის რაიონის სოფელ ......, 2282,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო, ს/კ ....). ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 8000 ლარით, რომელიც მყიდველმა სრულად გადაიხადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 25-26).
3.4. 14.08.2018წ. ზ.ბ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ონის რაიონის სოფელ ......, 2282,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენონა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, ს/კ ...... საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო 09.08.2018წ. დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ 20-21).
3.5. 2017 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მ.ლ–ძემ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის ბ.გ–ლის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის N882016743977–08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც, ამავე სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (იხ. ტომი 2, ს.ფ 147-149).
3.6. 01.10.2018წ. მ.ლ–ძემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ბ.გ–ლისა და ზ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა 09.02.2018წ. მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. ტომი 1, ს.ფ 2-19).
3.7. აბროლაურის რაიონული სასამართლოს 29.01.2019წ. განჩინებით, შეჩერდა N3/35–17 ადმინისტრაციულ საქმის განხილვა, მ.ლ–ძის სარჩელის გამო, მოპასუხე მხარის ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ბ.გ–ლის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის N882016743977–08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ამავე სასამართლოს წარმოებაში მ.ლ–ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების : ბ.გ–ლისა და ზ.ბ–ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ N2/127-18 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე).
3.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა 09.08.2018წ. ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც, მოსარჩელის მტკიცებით, მოჩვენებითია, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
3.9. სააპელაციო პალატის მითითებით, მ.ლ–ძის სასარჩელო მოთხოვნა - 09.08.2018წ. ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე - აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნაა.
3.10. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება კი, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა). მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (სუსგ ას148-138-2015-ბ, 27.11.2015), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (სუსგ № ას-1061-1001-2015, 29.12.2015).
3.11. გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (სუსგ 148- 138- 2015-ბ, 27.11.2015).
3.12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ 09.08.2018წ. ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი).
3.13. მ.ლ–ძე პრეტენზიას აცხადებდა სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებაზე, მისი მითითებით ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ცალსახად გამორიცხავდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას, რადგან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაშიც კი, უძრავი ქონება დარჩებოდა გამყიდველის ანუ - ბ.გ–ლის საკუთრებაში.
3.14. დადგენილი იყო, რომ მ.ლ–ძე ასევე აწარმოებდა ადმინისტრაციულ დავას სადავო უძრავი ქონების ბ.გ–ლის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძვლის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის N882016743977-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. თუმცა, აბროლაურის რაიონული სასამართლოს 29.01.2019 წლის განჩინებით, შეჩერდა აღნიშნული ადმინისტრაციულ საქმის განხილვა, ამავე სასამართლოს წარმოებაში აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე). ასეთ მოცემულობაში სახეზე იყო მხოლოდ აღიარებითი სარჩელი, მიკუთვნებითი მოთხოვნის გარეშე. ამასთან, მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და დასრულების შემთხვევაში.
3.15. დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისებისას ბ.გ–ლი საჯარო რეესტრში მის მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სადავო უძრავი ქონების ბ.გ–ლის (გამყიდველი) საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი გახდა სწორედ ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო გასაჩივრებული, თუმცა ადმინისტრაციული დავა არ იყო დასრულებული, ხოლო აღნიშნულ ადმინისტრაციულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სწორედ რომ, შექმნიდა ამ სამოქალაქო დავაზე სარჩელის სრულყოფილად წარმოდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ მოცემულობით აღიარებითი სარჩელი დაუშვებელი იყო.
3.16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა 09.08.2018წ. ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთების გარეშე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ის განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
3.17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დაკმაყოფილდა. დადგენილი იყო, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო უძრავი ქონება ირიცხება ზ.ბ–ძის საკუთრებად, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს - მ.ლ–ძე. ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება. შესაბამისად, არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
4. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მ.ლ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
4.1. უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბ.გ–ლსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია რაიმეს მიკუთვნება. მ.ლ–ძის სამოქალაქო სარჩელითა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აშკარად გამოკვეთილი იყო, სარჩელის განუხილველად დატოვებით კი, სასამართლომ წაართვა მოსარჩელეს დავის უფლება. ეს უკანასკნელი წარდგენილ სარჩელში აღნიშნავდა, რომ ამჟამად მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში შეძლებდა, მიეღწია დასახული მიზნისათვის, შემდეგ კი, იდავებდა ბ.გ–ლის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული საკუთრების უფლების კანონიერებაზე.
თუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუქმდება, მაშინ აზრი ეკარგება ადმინისტრაციულ საქმეზე, მ.ლ–ძის სარჩელის გამო, მისაღებ, მოსარჩელისათვის დადებით შედეგს. გაურკვეველია, თუ როგორ და სხვა რა გზით უნდა დაეცვა მ.ლ–ძეს საკუთარი უფლებები, როდესაც სასამართლოში დავის დროს მოჩვენებითად გასხვისდა სადავო ქონება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ზ.ბ–ძისა და ბ.გ–ლის მიერ შესაგებლების დაგვიანებით წარდგენის თაობაზე აპელანტის დასაბუთებული პრეტენზია.
4.3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მ.ლ–ძის სარჩელი წარდგენილი იყო კანონის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა, მაშინ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ ზ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლი შეგებებული სარჩელის აღძვრის წინპირობას სასამართლოში სარჩელის წარმოებაში განსახილვლეად მიღებას უკავშირებს, შემდეგ კი, იმ პირობებს, რაც მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში.
4.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლები.
4.5. ზ.ბ–ძე არ არის სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. მას რეალურად არ სურდა და არ შეუძენია აღნიშნული ქონება, არც ნასყიდობის თანხა გადაუხდია და არც ის იცის, თუ რა ქონება შეიძინა კონკრეტულად. ბ.გ–ლმა უძრავი ნივთი სწორედ იმ დროს გაასხვისა, როდესაც მ.ლ–ძე დავას აწარმოებდა ამ ქონების რეგისტრაციის კანონიერებაზე ამბროლაურის რაონულ სასამართლოში.
4.6. ნიშანდობლივია, რომ ბ.გ–ლმა ანლოგიურ საქმეზე სასამართლო დავა წააგო და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ონის რაიონში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ №..... ბ.გ–ლის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
4.7. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი, კერძოდ, მასში ნათლად და გარკვევით არ იყო მითითებული, თუ ვის გამოსახლებას ითხოვდა მოსარჩელე მ.ლ–ძის გარდა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ზ.ბ–ძის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა თუ არა ძალაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის სხვა პრეტენზიებს, ისინი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რასაც საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ განიხილავს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
10. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
12. განსახილველ შემთხვევაში, მ.ლ–ძის სარჩელის მიხედვით, მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მ.ლ–ძეს 1993 წლიდან დღემდე თვითნებურად დაკავებული აქვს ონის რაიონის სოფ. .... (სექტორი: ..) მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონიდან და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სურს საკუთრების უფლების მოპოვება. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არის ადმინისტრაციული საქმე #3/35-17, რომლის დავის საგანია ბ.გ–ლის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის (ს/კ ....) რეგისტრაციის გაუქმება და მიწის ნაკვეთის კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა. მოსარჩელის მითითებით, დავის პროცესში ბ.გ–ის მიერ მოჩვენებით გასხვისდა სადავო ქონება ზ.ბ–ზე, იმ შემთხვევაში თუ არ გაუქმდება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, აზრი ეკარგება ადმინისტრაციულ დავას და ვერ მოიპოვებს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას აღიარების კომისიაში.
13. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მ.ლ–ძემ (კერძო საჩივრის ავტორმა) 2017 წლის 21 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ონის რაიონის სოფელ .... (სექტორი: ...) მდებარე 2282 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 192-213). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ბ.გ–ლის საკუთრების უფლება (ტომი 2, ს.ფ. 207).
14. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე მიმართა მ.ლობჟანიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირის _ ბ.გ–ლის საკუთრების უფლება. ბ.გ–ლს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №882016743977–08 გადაწყვეტილების საფუძველზე.
15. 2017 წლის 7 ნოემბერს მ.ლობჟანიძემ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №882016743977–08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ დავაში მესამე პირად ჩაბმული იქნა ბ.გ–ლი. 2018 წლის 09 თებერვალს, ადმინისტრაციული დავის მიმდინარეობისას, ბ.გ–ლმა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ.ბ–ძეზე გაასხვისა სადავო უძრავი ქონება.
- აბროლაურის რაიონული სასამართლოს 29.01.2019წ. განჩინებით შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №882016743977–08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მ.ლ–ძის სარჩელის გამო ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება, მ.ლ–ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ბ.გ–ლისა და ზ.ბ–ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორი, დავის სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიკუთვნებით სასარჩელო მოთხოვნას ვერ დააყენებდა, რადგან მისი მოთხოვნა იხილება ადმინისტრაციული წარმოების წესით და თუ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი არ აღირიცხება კვლავ სახელმწიფო საკუთრებად, კერძო საჩივრის ავტორი ვერ მოახდენს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, სწორედ ეს არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ბ.გ–სა და ზ.ბ–ძეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, რასაც ასევე თავადაც გარკვევით მიუთითებს მ.ლ–ძე სარჩელში.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში ყოველგვარი აზრი დაეკარგება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებას. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია