Facebook Twitter

საქმე №ას-117-2021 15 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.პ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც თ.პ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანიას 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. კასატორის მტკიცებით, ვიკიპედიის მიხედვით ზ.კ–ძის მეუღლე არის თ.პ–ვა, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიხედვით არის თ.პ–ვა. ამდენად, სასამართლოს უნდა განესაზღვრა თ.პ–ვა იყო თუ არა სათანადო მოსარჩელე და შესაბამისად უნდა ჩაბმულიყო თუ არა საქმეში.

3. კასატორის განმარტებით, ლოგო „თ–ა“ დაამზადა შპს „ფ. შ-ის“ კომპანიამ. უდავოა, რომ აღნიშნულ ლოგოსა და ილუსტრაცია „ორი ლ–-ს“ შორის არსებობდა სხვაობა. ამასთან საგულისხმო იყო, რომ კასატორი არასათანადო მოპასუხე იყო, და პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მხოლოდ თუკი ასეთი საფუძველი იარსებებდა, მხოლოდ ლოგოს დამამზადებლის მიმართ შეიძლება დამდგარიყო.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლ– საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლ– მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:

8.1. კომპანია, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 15 აგვისტოს. კომპანიას სასტუმრო „ჰ–ში“ აქვს კაფე-ლ–ი „თ–ა“.

8.2. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ კაფეში ლოგო „ლ–ები“ განთავსებულია კაფე-ლ–ის შესასვლელში, ასევე კარებზე. ამ ლოგოს გამოყენებით დამზადდა მარკეტინგული მასალები და აქსესუარები, ასევე გამოყენებულია მენიუს ყდაზე და შიგთავსზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მხარეები, ნახატზე გამოხატულ ფიგურას, სხვადასხვა ცხოველად აღიქვამდნენ. მოსარჩელის წარმომადგენელი მას უწოდებდა ლ–ს, მოპასუხის წარმომადგენელი კი იაგუარს. ნახატს კონკრეტული სახელი არ აქვს, მაგრამ მისი იდენტიფიცირებისათვის სასამართლ– გამოიყენა სახელწოდება - „ორი ლ–ი“.

8.3. ზ.კ–ძე იყო საქართველოს დამსახურებელი მხატვარი/ილუსტრატორი. ზ.კ–ძე ძირითადად მუშაობდა წიგნების გაფორმებაზე. მისი ნამუშევრებით - ნახატებით/ილუსტრაციებით გაფორმებული იყო არაერთი ნაწარმოები, მათ შორის ილუსტრაციით „ორი ლ–ი“ გაფორმებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი გამოცემა - რომელიც 1966 წელს პირველად გამოქვეყნდა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ.

9. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების შეფასების შედეგად განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოება იყო ზ.კ–ძის ილუსტრაცია - „ორ ლ–სა“ და კომპანიის კაფე-ლ–ში გამოყენებულ ილუსტრაციას შორის მსგავსება/განსხვავება, კაფე-ლ–ში გამოყენებული სადავო ილუსტრაციის ზ.კ–ძისადმი კუთვნილება, მოსარჩელის, როგორც ნახატის ავტორის მემკვიდრის უფლებამოსილება, და ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობა.

10. საკასაციო სასამართლო უპირველესად, მოსარჩელის უფლებაზე, ზ.კ–ძის მიერ შესრულებული ილუსტრაციის გამოყენებისთვის ჰონორარის მოთხოვნის თაობაზე განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილია 2015 წლის 20 ნოემბერს, ნოტარიუს თ.გ–ის გაცემული სამკვიდრო მოწმობა №151092055, სადაც მითითებული იყო, რომ: 1. ზ.კ–ძის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო; 2. სამკვიდრო გაიხსნა 1989 წლის 20 ოქტომბერს; 3. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ.თბილისი; 4. თ.პ–ვა არის ზ.კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრე; 5. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე; 6. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და დაუფლების ფაქტით. მასში ასევე მითითებული იყო, რომ თ.პ–ვამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ ზ.კ–ძისაგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავ-მოძრავი ქონება, თავისი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში)) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ-მიუღებელი სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მემკვიდრეობის მიღების უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობა, რითაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ზ.კ–ძის მემკვიდრეობის - ნებისმიერი ტიპის აქტივის და პასივის მიღების ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ სწორედ მას ჰქონდა ზ.კ–ძის მიერ შესრულებული ილუსტრაციის/ნახატის ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

11. შემდეგ საკითხს, რომელიც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა, სადავო ნახატების, ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი ილუსტრაციისა და კაფე-ლ–ში გამოყენებული ლოგოს იდენტურობის დადგენა იყო. დასახელებული ილუსტრაციისა და სასტუმროში გამოყენებული ლოგოსა და სხვა აქსესუარებზე დატანილი ილუსტრაციების შედარებით სასამართლ– დაადგინა, რომ ორივე ილუსტრაცია მსგავსი იყო. ორივე ნახატში/ილუსტრაციაში ლ–ების დგომა/პოზიცია ერთნაირი იყო, ასევე ერთნაირი იყო ლ–ების თავების/სახის და კუდების პოზიცია, კუდების ოვალური დახრა, კუდების მიმართულება, ორივე ნახატში ლ–ების პირი ღია მდგომარეობაში იყო, ორივე ნახატზე ერთნაირად იყო უკანა ფეხების და წინა ფეხების განლაგება/პოზიცია, ორივე ნახატზე ლ–ების ვიზუალი ერთნაირი იყო, ასევე ვიზუალური დაკვირვებით ორივე ნახატი/ილუსტრაცია ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ლ–ები გამოხატავდნენ გაბრაზებას/აგრესიას. ვიზუალურად, ერთი შეხედვით აღიქმებოდა, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ლოგო იდენტური იყო ზ.კ–ძის მიერ შესრულებული ილუსტრაციისა. კერძოდ, საქმის თავდაპირველად განმხილველი სასამართლოს მითითებით, არსებობდა განმასხვავებელი ნიშნებიც, მაგ. ფერი, ნახატებზე მზისა და ვარსკვლავების რაოდენობა, დაშორება ლ–ის წინა თათებს შორის, მაგრამ ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ნახატის/ილუსტრაციის გარჩევისათვის საკმარისი არ იყო. ამ ტიპის ნახატის შესაქმნელად აუცილებელი იყო ზ.კ–ძის ილუსტარაციიდან ხელმძღვანელობა და შთაგონების გადმოტანა საკუთარ შემოქმედებაში. ბუნებრივია, მოპასუხის ნახატი კაფე-ლ–ში და აქსესუარებზე ზ.კ–ძეს არ დაუხატავს. იგი დახატულია მესამე პირების მიერ და მათში რომ გარკვეული სხვაობა იქნებოდა ეს ბუნებრივი საკითხი იყო.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის შედავება, რომ არასათანადო პირი იყო ხოლო, პასუხისმგებლობა იმ კომპანიას უნდა დაკისრებოდა, რომელმაც მოპასუხე კომპანიის შეკვეთით დაამზადა აღნიშნული ნახატი, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ასეთი არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც, სხვა პირის მიერ ნამუშევრის უნებართვო გამოყენება, აღნიშნული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ცალკე დავის საგანია, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, შემკვეთის მიერ, სადავო ნახატით სარგებლობისას ამავე პირის პასუხისმგებლობას, ამასთან, მოპასუხე კომპანიამ ვერც ილუსტრაციის გამოყენების ნებართვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი და ვერც სხვა ისეთი დოკუმენტი წარუდგინა სასამართლოს, რომელიც ილუსტრაციის გამოყენების მართლზომიერი საფუძველი იქნებოდა.

13. საკასაციო სასამართლო დამატებით გაამახვილებს ყურადღებას კასატორის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელე და სადავო ილუსტრაციების ავტორი ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ, ამასთან, არ დასტურდებოდა, რომ სწორედ ილუსტრაციების ავტორია ის პირი, ვისი მემკვიდრეობაც მოსარჩელეს აქვს მიღებული და აღნიშნულის საპასუხოდ განმარტავს, რომ ვიკიპედიაში (wikipedia) დაცულ ინფორმაციაზე (აღსანიშნავია, რომ პრეტენზიას სწორედ ვიკიპედიაში დაცულ ინფორმაციაზე ამყარებს კასატორი), რომლის მიხედვითაც „საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ზ.კ–ძე (ავტორი „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი გამოცემის ილუსტრაციებისა), 1952 წელს დაქორწინდა თ.პ–ვაზე. ჰყავს ორი შვილი - დ.ტ–ი და ს.კ–ძე... ზ.კ–ძე გარდაიცვალა 1989 წლის 20 ოქტომბერს...“. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ენციკლოპედიაში მხატვარ ზ.კ–ძის შესახებ დაცულ ინფორმაციასა და მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული, ზ.კ–ძის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგ. გარდაცვალების თარიღი) სრულიად იდენტურია და ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება იმ სხვაობას, რაც ფიქსირდება მოსარჩელის ოფიციალურ სახელსა და გვარს – თ.პ–ვასა და ვიკიპედიის ინფორმაციაში მითითებულ, მხატვარ ზ.კ–ძის მეუღლის სახელსა და გვარს – თ.პ–ვას შორის, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ცდომილება არ წარმოადგენს საკმარის, უტყუარ და მყარ არგუმენტს იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ მოსარჩელე არ არის მხატვარ ზ.კ–ძის მეუღლე/მემკვიდრე და შესაბამისად, სათანადო მოსარჩელე პირი.

14. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საავტორო უფლების მფლობელს ამავე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მოთხოვნის უფლება აქვს დამრღვევის მიმართ. საავტორო უფლების დამრღვევად სპეციალური კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს. კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობად ითვლება საავტორო უფლების ობიექტის უნებართვო გამოყენება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის შემთხვევაში მოსამართლე ადგენს, განსხვავდება თუ არა ნაწარმოები მოცემული ავტორისათვის დამახასიათებელი სტილით. იმისათვის, რომ იყოს დაცვის ობიექტი, შემოქმედებას უნდა ჰქონდეს ორიგინალური ხასიათი და გამოსახავდეს ავტორის ინდივიდუალობას. ნაწარმოების ორიგინალობა არ არის აბსოლუტური ხასიათის, საავტორო სამართალი შესაძლებლად მიიჩნევს ინტელექტუალურ შემოქმედებას უკვე არსებული ელემენტების საფუძველზე. აქ მთავარია, რომ ნაწარმოებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ ერთმანეთის ასლებს ან მიახლოებულ გამეორებას. ორიგინალობა მდგომარეობს გამოხატვის შემოქმედებით და ინდივიდუალიზებულ ხერხში (იხ. სუსგ. ას-468-780-09, 1.12.2009). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შესადარებელი ილუსტრაციები, არა მხოლოდ მიახლოებულ გამეორებას ან ინდივიდუალიზებული ხერხით მსგავს, არამეთ სრულად იდენტურ ნაწარმოებს წარმოადგენენ.

16. საკასაციო სასამართლო სპეციალური კანონის მე-17-ე და მე-18-ე მუხლებთან ერთად, ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, საავტორო უფლებების მფლობელს უფლება აქვს დამრღვევისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში, უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (ას-1040-2018, 26.7.2019).

17. სპეციალური კანონის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. საქართველოს უზენაესმა სასამართლ– 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეზე №ას-280-264-2011 განმარტა შემდეგი: „საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ერთმანეთისაგან განასხვავებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ზიანის (ქონებრივი და არაქონებრივი) ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა. ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიძლება არსებობდეს და ერთმანეთს არ განაპირობებენ“.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ილუსტრაციები იდენტურია და შესრულებულია მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის მიერ, უდავოა, რომ მოსარჩელე, სადავო ილუსტრაციის ავტორის მეუღლე და მემკვიდრეა, შესაბამისად მას გააჩნია მოპასუხე კომპანიის მიმართ მოთხოვნის უფლება, ხოლო, გასაჩივრებული განჩინებითა და გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაცია გონივრულია და შეესაბამება სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ტ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №21152, გადახდის თარიღი 23.12.2020), 2 500 ლარის 70% - 1 750 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე