საქმე № ას-643-2021 15 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითად შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შემკვეთი კასატორი, სააგენტო) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, სააგენტოს სარჩელი შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, მენარდე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 1 511.45 ლარის გადახდა, საიდანაც მომსახურების ვადაგადაცილებით შესრულების გამო პირგასამტეხლო 23.95 ლარი, საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანი 487.5 ლარი, და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო 1 000 ლარი იყო.
2. სააგენტოს განმარტებით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დაბალია, შესასრულებელი ვალდებულების მნიშვნელობასთან მიმართებით. კერძოდ, სააგენტოს თანამშრომლები დაცულ ტერიტორიებზე ახორციელებენ პატრულირებას სამსახურებრივი ავტომანქანით, შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საფრთხე ექმნება დაცული ტერიტორიების, სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების დაცვის განხორციელებას.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სწორად აქვს დადგენილი, კერძოდ:
5.1. სააგენტოსა და კომპანიას შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სააგენტოს ბალანსზე რიცხული 61 ერთეული ავტომანქანისთვის 95 000 ლარის ღირებულების ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ (ტ. 1; ს.ფ. 19-23);
5.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის სიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა ცალკეული მომსახურების განხორციელების ვადა. ამასთან, შემსყიდველთან შეთანხმებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო მომსახურების გაწევის სხვა ვადაც). 3.2. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა გაწეულიყო დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ, ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე, არ უნდა ყოფილიყო 2 კალენდარულ დღეზე მეტი დეფექტური აქტის შედგენის ჩათვლით.
5.3. ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ განხორციელდებოდა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის მომსახურების მიწოდება, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, 13.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ს ოდენობით;
5.4. ხელშეკრულების 14.1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილიყო მიმწოდებლის მიერ 10 კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
5.5. მოპასუხემ ცალკეულ ავტომანქანებზე მომსახურება განახორციელა ვადაგადაცილებით. შესაბამისად, მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მომსახურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდა 25.09 ლარისა და 23.95 ლარის ოდენობით (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს N2444, 04.08.2017 წლის და N3133, 11.10.2017 წლის წერილები);
5.6. მოსარჩელემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 3 ოქტომბერს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ მომსახურების ვადის გადაცილება გრძელდებოდა გაფრთხილების გაგზავნის შემდეგაც (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს N3133, 11.10.2017 წლის წერილი, N3026, 03.10.2017 წლის წერილი);
5.7. ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ცალკეულ ავტომანქანაზე ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილების გამო, რაც ნაწილობრივ შესრულდა, მოპასუხემ პირგასამტეხლო 25.09 ლარი გადაიხადა, ხოლო, მოთხოვნა 23.95 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ, არ შეასრულა (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს N3133, 11.10.2017 წლის და N2444, 04.08.2017 წლის წერილები);
5.8. ორ ავტომანქანაზე დეფექტების აღმოფხვრის საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ მომსახურების გასაწევად მიმართა შპს „თ.მ–ს“, რისთვისაც გასწია 487.50 ლარის ხარჯი. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი მითითებული თანხის ოდენობით (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს N3284, 02.11.2017 წ., მიღება-ჩაბარების აქტები დანართებით).
5.9. მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა, ჯამში, 19 511.45 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ არ შეასრულა (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს N835, 04.04.2018 წ. წერილი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება);
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ. №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).
7. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
8. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისათვის (მოსარჩელე) ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეფასება. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება. (შდრ. სუსგ №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1299-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი;№ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018);
10. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლოს მოთხოვნა კრედიტორს ყოველთვის გააჩნია მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის მას ასევე არ ეკისრება მიყნებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
12. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
13. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
14. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ გარკვეულ შემთხვევაში არ შეასრულა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, ამასთან, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის წარდგენა, მხარეს არ ართმევს უფლებას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც (იხ. სსკ-ს 419.2-ე მუხლი).
15. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, ხოლო, თავისმხრივ აღნიშნული ავტომობილებით, გადაადგილდებობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომელთა ფუნქცია საჯარო ინტერესის დაცვაა, რაც მოპასუხე კომპანიისთვის ცნობილია, და ვალდებულების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით მიდგომას ავალდებულებდა. საგულისხმოა, ასევე რომ კომპანიამ ნაწილობრივ აღიარა ვალდებულების შეუსრულებლობა.
1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 9 755.72 ლარის გადახდა;
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
2. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება;
2.2. ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.3. შპს „ა–ს“ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 9 755.72 ლარის გადახდა;
3. შპს „ა–ს“ (.....) სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი - 1 350.24 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე