საქმე №ას-888-2022 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - გ.ლ–ი, ა.გ–ძე, გ.გ–ი, გ.ლ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჰ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულთა მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ანაზღაურებადი შვებულების თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნაწილი
1. გ.ლ–ძე, გ.ლ–ი, გ.გ–ი და ა.გ–ძე (შემდგომში „მოსარჩელეები“, „დასაქმებულები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული იყვნენ შპს „ჰ–ში“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „მოპასუხე ორგანიზაცია“ ან „დამსაქმებელი“) სხვადასხვა პოზიციებზე: გ.ლ–ძე და გ.ლ–ი - მცხობელებად, ხოლო გ.გ–ი და ა.გ–ძე - ტექნოლოგის პოზიციებზე.
2. გ.გ–ი და გ.ლ–ი მოპასუხე კომპანიაში დასაქმდნენ 2020 წლის 11 თებერვალს ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებით - 2022 წლის 11 თებერვლამდე. გ.გ–ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო 4162 ლარი, ხოლო გ.ლ–ის - 1250 ლარი (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
3. ა.გ–ძე მოპასუხე კომპანიაში დასაქმედა 2020 წლის 25 ნოემბრიდან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებით - 2021 წლის 25 ნოემბრამდე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო 2940 ლარი.
4. გ.ლ–ძე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო უვადოდ და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 625 ლარს შეადგენდა.
5. შრომითი ურთიერთობის პერიოდში დასაქმებულების მიმართ დამსაქმებელს რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია.
6. 2021 წლის 23 თებერვალს დასაქმებულებმა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებით მიმართეს დამსაქმებელს.
7. გ.ლ–ძის განცხადებაში მითითებულია: „გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ვერ ვთანამშრომლობ კომპანიასთან იმ მიზნით, რადგან არ შემიქმნეს შესაბამისი სამუშაო გარემო და არის სტრესული სიტუაცია, ამის გამო იძულებული ვხდები დავტოვო დაკავებული თანამდებობა“.
8. გ.ლ–ის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან იძულებული ვარ დავტოვო არსებული თანამდებობა, შეურაცხყოფიდან გამომდინარე, რაზეც რეაგირება არ მოახდინა დირექტორმა“.
9. გ.გ–ის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან იძულებული ვარ დავტოვო დაკავებული პოზიცია დაუფასებლობის, შეურაცხყოფის გამო, ასევე მიზღუდავენ ჩემ უფლება-მოვალეობებს, ასევე კონკრეტული პირები მიმხედრებენ თანამშრომლებს არასწორი ინფორმაციის საფუძველზე“.
10. ა.გ–ძის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამ კომპანიაში სამწუხაროდ ვერავის ჩემი კარგი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ვერ დავანახე. სამწუხაროდ, მე და კონკრეტულად კომპანიის დირექტორი ვერ ვთანხმდებით, იქიდან გამომდინარე, რომ პირადი ინტერესები აქვს ჩემი“.
11. დამსაქმებლის 2021 წლის 28 თებერვლის ბრძანებებით გ.ლ–ი და გ.გ–ი, ხოლო 2021 წლის 1 მარტის ბრძანებებით გ.ლ–ძე და ა.გ–ძე გათავისუფლდნენ სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) მითითებით.
12. შრომითი ურთიერთობის პერიოდში დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლიათ.
13. მოსარჩელეთა მოთხოვნა
10.1. ყოფილმა დასაქმებულებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის, ასევე საშვებულებო თანხის ანაზღაურება.
10.2. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ სამუშაო მოპასუხე კომპანიის დირექტორის მხრიდან გამოვლენილი ზეწოლის, იძულებისა და მუქარის გამო დატოვეს. კომპანიის ხელმძღვანელობას სურდა მათ პოზიციებზე სხვა ადამიანების დასაქმება, რის გამოც მოსარჩელეებს ავიწროებდა და არასათანადო პირობებში აყენებდა, რათა მათ საკუთარი ნებით დაეტოვებინათ სამსახური. შესაბამისად, განცხადებებში ასახული არაა დასაქმებულების ნამდვილი ნება სამუშაოდან წასვლის შესახებ, რაც სადავო ბრძანებების უკანონობაზე მეტყველებს.
11. მოპასუხის პოზიცია
11.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირ იძულებას მოსარჩელეთა მიმართ ადგილი არ ჰქონია. კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულებისგან მოითხოვდა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც არ შეიძლება დამსაქმებლის მხრიდან გამოვლენილ ზეწოლად შეფასდეს. დასაქმებულებმა გამოავლინეს სამუშაოდან წასვლის ნება, რაც კანონის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2021 წლის 28 თებერვლისა და 1 მარტის ბრძანებები მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის სახით) გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს ასევე დაეკისრა შვებულების თანხის ანაზღაურება მოსარჩელეების, გ.გ–ისა და გ.ლ–ის სასარგებლოდ.
13. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
14.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იყო ვალდებული სასამართლოსთვის მიეთითებინა ფაქტები, რომლებიც იძულებას ადასტურებდა, ხოლო ამგვარი ფაქტების მითითების შემთხვევაში, მათი უარყოფის ტვირთი მოპასუხეზე გადადიოდა.
14.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სარჩელში მითითებული გარემოებები მათ მიერ გამოვლენილი ნების ნაკლთან დაკავშირებით, რაც არ ქმნიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის წინაპირობას.
15. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის იმ სახით დაკმაყოფილების მოთხოვნით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა.
15.2. კასატორების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე დადგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ დასაქმებულებმა სამუშაოდან წასვლის ნება ყოველგვარი იძულებისა და ზეწოლის გარეშე გამოხატეს. სინამდვილეში კი, საქმის გარემოებებით ცალსახად დგინდება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულები ჩააყენა არასათანადო პირობებში, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამსახური.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სამუშაოდან წასვლის შესახებ მოსარჩელეთა მხრიდან ნების თავისუფლად გამოვლენის ფაქტი.
20. კასატორების მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
22. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).
23. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
24. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებებში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წ.).
25. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დასაქმებულების 2021 წლის წლის 23 თებერვლის განცხადებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეჯერებით, შესაფასებელია სწორედ მითითებული განცხადებების შინაარსი და მასზე დაყრდნობით კასატორების პრეტენზიის საფუძვლიანობა.
26. მოპასუხე ამტკიცებს, რომ დასაქმებულთა მიერ წარდგენილი განცხადებებიდან ნათლად და არაორაზროვნად იკვეთება მოსარჩელეთა ნება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, შესაბამისად, დამსაქმებელს არ ჰქონდა მისი უარყოფის უფლება.
27. მოსარჩელეთა მიერ განცხადებებში გამოვლენილი ნების შინაარსზე მსჯელობამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1221-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი). იგივე შეიძლება ითქვას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებაზეც.
28. ამასთან, როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრვი გარიგების შემთხვევაში, მხარის მიერ ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან (სსკ 52-ე მუხლი). ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს (კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით) და ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ საქმე №ას-282-270-2015,13 მაისი, 2015 წელი). მაგალითად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის წარდგენილი განცხადებით გამოვლენილი ნების განმარტებისას, უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან, განცხადებაში მითითებული გამონათქვამები უნდა შეფასდეს განცხადების მთლიანი ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით, ამასთან, შესაფასებელია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი, რომელიც წინ უსწრებს აღნიშნული სახის განცხადების დამსაქმებლისთვის წარდგენას.
29. საკასაციო პალატა მოკლედ შეეხება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წამოჭრილი სამოქალაქოსამართლებრივი კომპონენტის - იძულებით დადებული გარიგების მტკიცების ტვირთის განაწილების წესს და აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის პროცესში განმსაზღვრელია არა სახელშეკრულებო ურთიერთობის შრომითსამართლებრივი წარმომავლობა, არამედ მოსარჩელის უფლების დარღვევა, რა სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება. შესაბამისად, დავის ბედი არსებითად დამოკიდებულია იძულების ზეგავლენით მოსარჩელის ნების დაუშვებელი ხელყოფის გამოვლენასა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებზე, რაც მტკიცების ტვირთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტის გამოყენების მართებულობაზე მიუთითებს. ანალოგიური მოსაზრებაა გამოთქმული საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად „თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელეთა მიერ ხელმოწერილი განცხადებების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის“ (შდრ. სუსგ N649-616-2014, 5.11.14წ., N147-139-2017, 18.12.17წ, N543-2020, 24.02.21წ.) .
30. შრომით სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტისაგან განსხვავებით, როდესაც დამსაქმებელს ევალება, ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან წასვლის მართლზომიერება, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული მტკიცების ტვირთის ზოგადი წესის თანახმად, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დაადასტურონ ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებებში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება, თუმცა ვინაიდან მოსარჩელეები მიუთითებენ გამოხატული ნების ნაკლზე, სწორედ მათ ევალებთ ამტკიცონ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.
32. მითითებული საკითხის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო თანმიმდევრობით აღწერს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს:
ა) მოსარჩელეები მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა პოზიციებზე;
ბ) შრომითი ურთიერთობის განმავლობაში დამსაქმებელს დასაქმებულთა მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია;
გ) საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დასაქმებულების მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას;
დ) 2021 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეებმა სამუშაოდან წასვლის შესახებ განცხადებებით მიმართეს დამსაქმებელს, სადაც ისინი მიუთითებენ სხვადასხვა მიზეზებზე, რის გამოც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამუშაო.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ 2021 წლის 23 თებერვლის განცხადებებში ნათლად და არაორაზროვნად იყო გამოხატული მოსარჩელეთა ნება სამუშაოს დატოვების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო თავად განცხადებების შინაარსზე აპელირებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ამ განცხადებებიდან იკვეთება მოსარჩელეთა მიერ გამოხატული ნების ნაკლი. კერძოდ, თითოეულ მათგანში გარკვევითაა ნახსენები სიტყვები: „...იძულებული ვხდები დავტოვო დაკავებული თანამდებობა...“, „..იძულებული ვარ დავტოვო არსებული თანამდებობა შეურაცხყოფიდან გამომდინარე...“, „მიზღუდავენ ჩემს უფლება-მოვალეობებს...“ და ა.შ.. ამდენად, მართალია, მოსარჩელეები მოპასუხეს წარუდგენენ სამუშაოს დატოვების შესახებ მოთხოვნას, თუმცა, წერილების შინაარსიდანვე ნათლად ჩანს, რომ მათ არ სურთ სამუშაოს დატოვება და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მათზე განხორციელებული არასათანადო და შეურაცხმყოფელი ქმედებების შედეგია. უფრო მეტიც, ყველა განცხადებიდან იკვეთება დასაქმებულების უკმაყოფილება და პროტესტი შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველთან (საკუთარი ნებით სამუშაოდან წასვლა) მიმართებით. დასაქმებულები თავადვე განმარტავენ სამუშაოდან წასვლის მიზეზებს და ადასტურებენ, მათ მიერ გამოვლენილ ნებაზე სხვადასხვა ტიპის გავლენის არსებობას (გ.ლ–ძის განცხადებაში მითითებულია: „გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ვერ ვთანამშრომლობ კომპანიასთან იმ მიზნით, რადგან არ შემიქმნეს შესაბამისი სამუშაო გარემო და არის სტრესული სიტუაცია, ამის გამო იძულებული ვხდები დავტოვო დაკავებული თანამდებობა“; გ.ლ–ის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან იძულებული ვარ დავტოვო არსებული თანამდებობა, შეურაცხყოფიდან გამომდინარე, რაზეც რეაგირება არ მოახდინა დირექტორმა“; გ.გ–ის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან იძულებული ვარ დავტოვო დაკავებული პოზიცია დაუფასებლობის, შეურაცხყოფის გამო, ასევე მიზღუდავენ ჩემ უფლება-მოვალეობებს, ასევე კონკრეტული პირები მიმხედრებენ თანამშრომლებს არასწორი ინფორმაციის საფუძველზე“; ა.გ–ძის განცხადებაში მითითებულია: ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამ კომპანიაში სამწუხაროდ ვერავის ჩემი კარგი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ვერ დავანახე. სამწუხაროდ, მე და კონკრეტულად კომპანიის დირექტორი ვერ ვთანხმდებით, იქიდან გამომდინარე, რომ პირადი ინტერესები აქვს ჩემი“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 14-18).
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში, ფორმალურად, მართლაც, შესაძლებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურა წამოიწყოს დასაქმებულმა, თუმცა რეალურად, მსგავსი პროცედურა შესაძლოა, ინიცირებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელფასო და სამუშაო პირობებისა და შრომის გარემოვითარების გაუარესება, დამსაქმებლის მიერ შრომითი კონტრაქტის განზრახ რეგულარულად დარღვევა. ამიტომ, როდესაც სადავოა დასაქმებულის მიერ, პირადი ინიციატივის მიუხედავად, ხელშეკრულების შეწყვეტა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ მიზნით, ხომ არ მოხდა რეალურად დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლება (იხ. ზ. შველიძე, თ.თოდრია, ნ. გუჯაბიძე, ქ. მესხიშვილი, თ. ხაჟომია „შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, გვ. 242).
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული: სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დათქმა მიუთითებს იმაზე, რომ ნების შინაარსი უნდა დადგინდეს კონკრეტული გარიგების ყველა ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესს, რომლის მიღწევას მხარეები ამ გარიგებით ისახავდნენ.
36. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებლების მიერ წარდგენილი განცხადებებიდან ჩანს მათი სურვილი სამუშაოს დატოვების შესახებ, თუმცა ისინი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფას უკავშირებენ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მითითებულ განცხადებებზე დაყრდნობით არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია დასაქმებულების მიერ განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება (თუ რა უქმნიდა მათ შრომისათვის არახელსაყრელ პირობებს, ირღვეოდა თუ არა მათი შრომითი უფლებები, რატომ იყვნენ იძულებულნი დაეტოვებინათ სამსახური და სხვ.) და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასაქმებულების მხრიდან გამოვლენილი ნება დამსაქმებელს არ შეუმოწმებია და ამ მიზნით მას არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი არ გამოუკვლევია.
37. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სამუშაოდან წასვლისას გამოვლენილი ნება იყო ნაკლიანი, კასატორებმა შეძლეს დაედასტურებინათ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების არამართლზომიერება, რაც მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე მიუთითებს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოპასუხის მიერ 2021 წლის 23 თებერვლისა და 1 მარტის ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
38. საქართველოს შრომის კოდესის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
39. მითითებული ნორმის გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ სამოქალაქო საქმეზე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წ.; №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016წ.).
40. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირვანდელ თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორები ითხოვენ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობასა და დარღვეული უფლების აღდგენას მოპასუხისთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების გზით, ასევე გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურებას. ამდენად, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს გასაჩივრებეული ბრძანებების ბათილად ცნობის პირობებში დასაქმებულების პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის მიზანშეწონილობაზე და შეაფასებს მათთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების, ასევე საშვებულებო თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობას.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ საქმე Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი).
42. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპენსაცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022).
43. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებთან, ა.გ–ძესთან, გ.ლ–სა და გ.გ–თან გაფორმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო გ.ლ–ძესთან - უვადო შრომითი ხელშეკრულება. კერძოდ, ა.გ–ძესთან გაფორმებული იყო ერთწლიანი შრომითი კონტრაქტი და მისი მოქმედების ვადა ამოიწურა 2021 წლის 24 ნოემბერს, გ.ლ–სა და გ.გ–თან კი გაფორმებული იყო 2-2 წლიანი შრომითი კონტრაქტები, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 2022 წლის 10 თებერვალს.
44. ზემოღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დასაქმებულთა ასაკს, დასაქმების პერსპექტივას, შრომითი ხელშეკრულების ვადას, და მიაჩნია, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მიზნების შესაბამისი და სამართლიანი იქნება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით, ერთი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრება.
45. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხს, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ. სუსგ საქმე #ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). ამასთან, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. იძულებითი განაცდურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შრომის ანაზღაურების ოდენობა და შრომის ხელშეკრულების ვადა.
10. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.
11. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით (რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს), იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს მიენიჭა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ - კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
12. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე სარჩელი სასამართლოში შეტანილია ზემოთ მითითებული ცვლილებების განხორციელების შემდგომ (2021 წლის 12 აპრილს), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის მიმართ უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსის მოქმედი ნორმა, 48.9 მუხლი და კომპენსაციასთან ერთად მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რომელიც უნდა განისაზღვროს შემდეგნარად: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, გ.ლ–ის, გ.გ–ისა და ა.გ–ძის შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის თანხა უნდა დაანგარიშდეს მათი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე, ხოლო უვადო ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გ.ლ–ძის შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის თანხა უნდა დაანგარიშდეს მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობით სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
13. რაც შეეხება მოსარჩელეთა, გ.ლ–სა და გ.გ–ის მოთხოვნას გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით: მითითებული მოთხოვნის საფუძველია შრომის კოდექსის 31-ე (დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით) და 32-ე (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს მუშაობის მეორე წლიდან შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულმა შვებულება შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს) მუხლები.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით განიმარტა, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს შრომის სამართლით გარანტირებულ და საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს სამუშაოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ეძლევა შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, გამოუყენებელი შვებულების საკითხი, თუ ხელშეკრულება სხვა დამატებითი მატერიალური სიკეთით დასაქმებულის სარგებლობას არ ითვალისწინებს (მაგალითად ე. წ. მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება), მოიცავს კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს დასვენების უფლებით, თუმცა, სრულად მიიღოს ამ პერიოდის შრომის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-578-553-2016 წ. 28.10.2016 წ).
15. განსახილველ შემთხვევაში, არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, გარდა კანონით გარანტირებული შრომის ანაზღაურებისა, დამატებითი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას აძლევდა დასაქმებულს. ამასთანავე, უდავოა, რომ გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებები იყო კანონსაწინააღმდეგო (სსკ-ის 54-ე მუხლი), რასაც ხელშეკრულების დარჩენილი ვადის განმავლობაში დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - იძულებითი განაცდურის მიღება მოჰყვა შედეგად. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით კი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობით გამოწვეული პირის უფლებრივი რესტიტუცია, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იწვევს იმ მდგომარეობის აღდგენას, რაც ხელშეკრულების უსაფუძვლოდ მოშლის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. თავად რესტიტუციის სამართლებრივი არსი გამორიცხავს დამსაქმებლისათვის იმაზე მეტი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ვიდრე ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გვექნებოდა სახეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-578-553-2016 წ. 28.10.2016 წ).
16. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებელსა და მოსარჩელეებს (გ.ლ–სა და გ.გ–ს) შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო ვადიანი (2022 წლის 11 თებერვლამდე) და მათ ფასიანი შვებულების მოთხოვნით დამსაქმებლისთვის არ მიუმართავთ, ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამუშაოდან გათავისუფლებიდან (2021 წლის 28 თებერვლიდან) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2022 წლის 11 თებერვლამდე) დასაქმებულებს სრულად მიეცათ იძულებითი განაცდურის თანხა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების პირობებში დამსაქმებლისათვის იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების სრულად დაკისრება გამორიცხავს დამატებით გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრებას, რამდენადაც დაკისრებული თანხა მოიცავს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ანაზღაურებას და ამ პირობებში საშვებულებო თანხის დაკისრება დამსაქმებლისთვის იმაზე მეტი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება, ვიდრე ამას უფლებრივი რესტიტუციის მიზანი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.გ–ისა და გ.ლ–ის სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი საშვებულებო თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ.ლ–ის, ა.გ–ძის, გ.გ–ის, გ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:
3. გ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჰ–ის“ 2021 წლის 28 თებერვლის ბრძანება გ.ლ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
3.2. შპს „ჰ–ს“, გ.ლ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 1250 ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
3.3. შპს „ჰ–ს“, გ.ლ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 28 თებერვლიდან ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) 2022 წლის 11 თებერვლამდე;
3.4. გ.ლ–ის მოთხოვნა ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 1 250 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ა.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჰ–ის“ 2021 წლის 1 მარტის ბრძანება ა.გ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
4.2. შპს „ჰ–ს“, ა.გ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 2 940 ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
4.3. შპს „ჰ–ს“, ა.გ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 2 940 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) 2021 წლის 25 ნოემბრამდე;
5. გ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
5.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჰ–ის“ 2021 წლის 28 თებერვლის ბრძანება გ.გ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
5.2. შპს „ჰ–ს“, გ.გ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 4 162 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
5.3. შპს „ჰ–ს“, გ.გ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 28 თებერვლიდან ყოველთვიურად 4 162 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) 2022 წლის 11 თებერვლამდე;
5.4. გ.გ–ის მოთხოვნა ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 4 162 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. გ.ლ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
6.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჰ–ის“ 2021 წლის 1 მარტის ბრძანება გ.ლ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
6.2. შპს „ჰ–ს“, გ.ლ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 625 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
6.3. შპს „ჰ–ს“, გ.ლ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. შპს „ჰ–ს“ გ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
8. შპს „ჰ–ს“ ა.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
9. შპს „ჰ–ს“ გ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
10. შპს „ჰ–ს“ გ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
11. შპს „ჰ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 7 783.25 ლარის გადახდა;
12. შპს „ჰ–ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
13. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე