Facebook Twitter

საქმე №ას-1051-2022 9 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ბ–ძე, გ.წ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: „მოსარჩელე“, „სამინისტრო“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილა სამინისტროს სარჩელი რ.ბ–ძისა (შემდგომში „პირველი მოპასუხე“ ან „მოპასუხე“) და გ.წ–ძის (შემდგომში „მეორე მოპასუხე“ ან „მოპასუხე“; ორივე ერთად ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკაყოფილებაზე პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საკმარისი იყო იმ პრეზუმფციის დასაშვებად, რომ მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხესთან იმ მიზნით გააფორმა ხელშეკრულება, რათა შეექმნა უძრავი ქონების კეთილსინდისიერად შეძენის იმიტაცია და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში, ვერ აღსრულებულიყო გადაწყვეტილება, ქონება ვერ დარეგისტრირებულიყო სახელმწიფოს საკუთრებად. ის ფაქტი, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 22 აგვისტოს, ხოლო სადავო ქონებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 7 დღის შემდეგ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მეუღლეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო სადავო ქონებაზე საკუთრების ფაქტობრივად შენარჩუნების მიზნით. სინამდვილეში, გარიგების დადებისას მოპასუხეებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ იგეგმებოდა საკუთრების მოწმობების გაცემის კანონიერების საკითხის შესწავლა, ხოლო ვინაიდან პირველმა მოპასუხემ იცოდა, რომ იგი არ იყო ქონების მართლზომიერი მფლობელი და არც თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, არსებობდა მის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ალბათობა, რის გამოც მეუღლესთან გააფორმა კიდეც მოჩვენებითი გარიგება.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოპასუხეები არიან მეუღლეები;

7.2. 2001 წლის 23 მაისს შპს „გ–ომ“ პირველ მოპასუხეს ქვეიჯარით გადასცა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. გ–ოში მდებარე 1837 კვ.მ (ს/კ ........) მიწის ნაკვეთი (შემდგომში „უძრავი ქონება“, „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო მიწის ნაკვეთი“);

7.3. 2007 წლის 26 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა;

7.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით, აღიარებული იქნა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე;

7.5. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 28 დეკემბერს გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №3780, რომლითაც პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ;

7.6. 2008 წლის 22 აგვისტოს, სადავო მიწის ნაკვეთზე პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად;

7.7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №110 საოქმო გადაწყვეტილებით, კომისიის მიერ გაცემული ზოგიერთი საკუთრების უფლების მოწმობების კანონიერების დადგენის მიზნით (მათ შორის პირველ მოპასუხეზე 2007 წლის 28 დეკემბერს გაცემული №3780 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებით), დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

7.8. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ გ–ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №10/1 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ გ–ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთი, გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;

7.9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკომომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3582 მიმართვით, სოფელ გ–ოში მდებარე, 39 117 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ ......) მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად;

7.10. 2013 წლის 16 აპრილს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. დადგინდა, რომ მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ზედდება აქვს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №......), რომლის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

7.11. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N3780;

7.12. 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასჩივრა პირველმა მოპასუხემ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეზე გაცემული №3780 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში და თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

7.13. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის №7 საოქმო გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება (პირველ მოპასუხეზე გაცემული N3780 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში), რაც სასამართლო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ;

7.14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მისი მოთხოვნის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება.

7.15. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით და ახალი გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში და ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პირველ მოპასუხეზე გაცემული №3780 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით;

7.16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც პირველმა მოპასუხემ, ასევე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

7.17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს მიერ მის განკარგვად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით, არ იცვლება მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი, აღიარების მიზნებისთვის. კანონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა აუცილებლად, მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით, არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა ვინაიდან, აღნიშნული გარემოებით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება).

7.18. ამჟამად, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, როგორც მოსარჩელის, ასევე მეორე მოპასუხის საკუთრებად. კერძოდ, მეორე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 1837 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობი (№..... საკადასტრო კოდით). იგივე ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულია დაზუსტებული ფართობით და მას მინიჭებული აქვს №..... საკადასტრო კოდი.

7.19. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებულრად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 22 აპრილის განკარგულებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, პირველი მოპასუხის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N15 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N3780 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

8. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს მოპასუხეთა შორის სადავო ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს შორის გარიგება დაიდო არა საკუთრების უფლების გადაცემის/მოპოვების, არამედ სადავო ქონებაზე საკუთრების ფაქტობრივად შენარჩუნების მიზნით. გარიგების დადებისას მოპასუხეებმა უკვე იცოდნენ, რომ იგეგმებოდა საკუთრების მოწმობების გაცემის კანონიერების საკითხის შესწავლა, და ვინაიდან არსებობდა პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ალბათობა, ქონების შენარჩუნების მიზნით, პირველმა მოპასუხემ მეუღლესთან გააფორმა მოჩვენებითი გარიგება.

9. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

10. საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განიმარტა: მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ საქმე Nას-976-908-2017, 22.01.2018 წ; საქმე Nას-366-2019, 17.05.2019წ.). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან მეშვიდე დღეს სადავო ქონებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ეს ქმნიდა სადაო გარიგების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

12. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, სადავო ქონებაზე გამჩუქებლის მიმართ რაიმე სახის ადმინისტრაციული ან სასამართლო წარმოება არ დაწყებულა. საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ ქონების გაჩუქებამდე პირველი მოპასუხისთვის ცნობილი იყო მის საკუთრებაზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვის შესახებ. ამრიგად, კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნაკლის თაობაზე ვერ გააქარწყლებს სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერად განკარგვის პრეზუმფციას.

13. ამასთან, თუნდაც დასტურდებოდეს, რომ გამჩუქებელმა საკუთრების განკარგვამდე შეიტყო მისი საკუთრების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ, თავისთავად, ეს ფაქტი არ ქმნის საფუძველს მის მიერ დადებული გარიგების ბათილობისთვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ჩუქების ხელშეკრულება თავისი ბუნებით იმ ტიპის გარიგებაა, რომლის დროსაც დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დაცული არ არის კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნისგან. შესაბამისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, დასაჩუქრებული ვალდებულია უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს მიღებული (სსკ 990-ე მუხლი).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზეც, რომლის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ანუ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ხელშეკრულების საგანზე საჯარო რესტრის მონაცემებით რაიმე სახის ყადაღა/შეზღუდვა არ რეგისტრირდებოდა, არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში რაიმე წარმოება/დავა არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ გასაჩუქებელი ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლის დაცვით გამოიკვლიეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ საკუთრების განკარგვისას მოპასუხეთა ნება არ იყო მიმართული სანივთო უფლების რეალური გადაცემისკენ. საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები კი ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე