Facebook Twitter

საქმე № ას-1367-2021 9 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ვ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–რი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნაწილი

1. 2007 წლის 1 მარტს მ.ვ–ძემ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) იჯარის ხელშეკრულება დადო დ.ბ–რთან (შემდგომში „მოსარჩელე“), რომლის მიხედვით, მოპასუხე გახდა მოსარჩელის სახელზე რიცხული ორი უძრავი ქონების (შემდგომში „საიჯარო ქონება“) მეიჯარე.

2. მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა საიჯარო ობიექტების გვერდით არსებულ (იმ დროისთვის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ) მიწის ნაკვეთებს.

3. 2010 წელს საიჯარო ქონების მესაკუთრე გახდა მოსარჩელის მეუღლე, ს.თ–ი.

4. მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა დუშეთის რაიონის...... მდებარე ორი უძრავი ქონება - ერთი 10 000 აშშ დოლარად, ხოლო მეორე - 7000 აშშ დოლარად. ნასყიდობის თანხა, 17 000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილია.

5. 2011 წლის 18 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ერთი წლით.

6. 2011 წლის 19 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 11 694 აშშ დოლარი.

7. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

7.2. მოსარჩელის განცხადებით, 2011 წლის ივლისში მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოპასუხე მოსარჩელის მეუღლისგან შეიძენდა ორ უძრავ ქონებას, 36 000 აშშ დოლარად. ამ მიზნით, მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა სს „ს.ბ–თან“ და მის სახელზე გამოიყო კრედიტი, 75 000 აშშ დოლარი, საიდანაც თანხის ნაწილი, 48 068.3 აშშ დოლარი, ბანკმა მიმართა მის წინაშე მოპასუხის ვალდებულების დასაფარად, ხოლო რეალურად, კრედიტორს ბანკისგან გადაეცა 26 931.7 აშშ დოლარი (საიდანაც 2.5%, ანუ 673.3 აშშ დოლარი იყო თანხის გატანის საკომისიო). ამდენად, მოპასუხეს ქონების შესაძენად საკმარისი თანხა არ ჰქონდა, აკლდებოდა 10 000 აშშ დოლარი. 2011 წლის 18 ივლისს მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლეს შორის გაფორმდა ორი ნასყიდობის ხელშეკრულება, ორ უძრავ ქონებაზე, ხოლო ქონების გასაყიდ ფასად ხელშეკრულებაში მიეთითა შემცირებული თანხა, ნაცვლად შეთანხმებული 36 000 აშშ დოლარისა, 17 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის საფასურის აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, 2011 წლის 18 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი წლით. აღნიშნული თანხის გადახდით, მოპასუხე სრულად დაფარავდა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხას. შესაბამისად, 2011 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის წინაშე იმ ვალის გადახდის ვალდებულების აღიარებას, რომელიც მას წარმოეშვა მოსარჩელის მეუღლის მიმართ ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. მოსარჩელის მითითება, თითქოს მის მეუღლესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით მოპასუხეს ევალებოდა 36 000 აშშ დოლარის გადახდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანხა, 17 000 აშშ დოლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს ხელშეკრულებების სანოტარო წესით დადასტურებამდე (რაც ხელშეკრულებებშივეა მითითებული). ამასთან, მოპასუხემ მიუთითა მის მიერ მოსარჩელისთვის 11 694 აშშ დოლარის გადახდის მიზნობრიობზეც და აღნიშნა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა მოპასუხის მიერ შეძენილი ორი უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული ქონების სალეგალიზაციოდ გადასახდელ თანხას, რომლის ლეგალიზების უფლება იმ დროისთვის მხოლოდ მოსარჩელეს ჰქონდა. ვინაიდან იმ დროისთვის მოსარჩელეს არ გააჩნდა მისი გადახდის შესაძლებლობა, მან შესთავაზა მოპასუხეს, ნოტარიულად გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება აღნიშნულ თანხაზე. ამასთან, დაპირდა, რომ ქონების დაკანონების შემდეგ, აუცილებლად მიჰყიდდა მას ამ ქონებას. ამდენად, მოსარჩელემ აღნიშნული თანხა წინასწარ, გარანტიის სახით გადაახდევინა მოპასუხეს, რათა მისგან მიეღო სამომავლოდ ქონების შეძენის პირობა, ხოლო თუ აღნიშნული პირობა დაირღვეოდა, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოეთხოვა თანხის დაბრუნება.

9. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია

9.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, მოითხოვა გადარიცხული თანხის, 11 694 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში - 30 635 ლარის, მოსარჩელისთვის დაკისრება.

9.2. შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადებით, მან მოსარჩელეს დაპირებული თანხა გადაურიცხა იმ მიზნით, რათა საიჯარო ქონების გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის ლეგალიზება მოეხდინა და შემდეგ მიეყიდა მისთვის. ამასთან, როგორც მას მოსარჩელე დაპირდა, თანხის გადარიცხვისთანავე გაუფორმებდა ქონებას და გააუქმებდა სესხის ხელშეკრულებას, თუმცა მან არც სესხის ხელშეკრულება გააუქმა და პირიქით, სცადა მითითებული ხელშეკრულება უსაფუძვლო გამდიდრებისთვის გამოეყენებინა.

10. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

10.1. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის გადარიცხული 11 694 აშშ დოლარი მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა იყო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 26 662.32 ლარის გადახდა.

12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

12.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, შეგებებული სარჩელის უარყოფისა და მის მიერ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მოპასუხისთვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

13.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 319-ე, 477-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ არსებობდა კავშირი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებასა და მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლეს შორის გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს შორის. მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელისთვის გადარიცხული 11 694 აშშ დოლარი წარმოადგენდა სამომავლოდ შესაძენი უძრავი ქონების ლეგალიზებისთვის საჭირო თანხას საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მოსარჩელისთვის გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული იმ ვალდებულების აღიარებას, რომელიც მას მოსარჩელის მეუღლის წინაშე გააჩნდა ორი უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო, შესაბამისად, სარჩელი 10 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის იმ სახით დაკმაყოფილების მოთხოვნით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა.

14.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოსარჩელისა და მისი მეუღლის ახსნა-განმარტებებს, რითაც ხელი შეუწყო მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

18. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

19. კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხის (სესხის თანხის, 10 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება) გადაჭრისას სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად დაეყრდნო მოსარჩელისა და მისი მეუღლის ახსნა-განმარტებებს. შესაბამისად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკისრა მოპასუხეს 10 000 ლარი, რითაც მოსარჩელე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

20. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს (შეიცავს). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი; საქმე №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრებას მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა განმარტავს, რომ ნამდვილი სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის არ არსებობდა. 2011 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულება, რეალურად, წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის წინაშე იმ ვალის გადახდის ვალდებულების აღიარებას, რომელიც მას მოსარჩელის მეუღლის მიმართ ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო წარმოეშვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს იმ ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომელიც მას მოსარჩელის მეუღლის მიმართ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოეშვა. თავის მხრივ, მოპასუხე უარყოფს მასსა და მოსარჩელის მეუღლის მიმართ რაიმე სახის დავალიანების არსებობას და აცხადებს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება, 17 000 აშშ დოლარი მას სრულად აქვს გადახდილი.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები აქვს მოსარჩელეს, რათა ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.

23. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, უნდა შეფასდეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სსკ-ის 477-ე მუხლი) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).

24. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამრიგად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ (გამყიდველმა) ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ (მყიდველმა), ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები სამართლებრივად ვერ ამართლებს მოთხოვნას და ვერ ადასტურებს მის მიმართ მოპასუხის ვალდებულების არსებობას, ვინაიდან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ გამყიდველმა შეუძლია წაუყენოს მყიდველს, ხოლო როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ამ სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა. როგორც თავად მოსარჩელე ადასტურებს, ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხესთან გაფორმებული ჰქონდა მის მეუღლეს (და არა თვითონ). ამრიგად, იმ შემთხვევაშიც, კი თუ დადგინდება, რომ მოპასუხემ, როგორც ქონების შემძენმა, მოსარჩელის მეუღლეს (გამყიდველს) სრულად არ გადაუხადა ქონების ნასყიდობის თანხა, ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია არა მოსარჩელე, არამედ თავად ქონების გამყიდველი (მოსარჩელის მეუღლე), ხოლო მოსარჩელე მითითებული სარჩელის ფარგლებში ვერ იდავებს მეუღლის დარღვეული უფლების აღსადგენად.

27. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება - უძრავი ქონების ნასყიდობის თანხის მყიდველის მიერ გადაუხდელობა - არ დასტურდება.

28. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, რაც წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

29. რაც შეეხება მოპასუხის, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნას მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი 11 694 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც წარდგენილი მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: როგორც საქმის მასალებით დგინდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, მითითებული თანხა (11 694 აშშ დოლარი) მოსარჩელეს ნამდვილად მიღებული აქვს მოპასუხისგან. მოსარჩელის განცხადებით, ეს თანხა მის მეუღლესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა იყო, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორი კი განმარტავს, რომ 11 694 აშშ დოლარი მან მოსარჩელეს სამომავლოდ შესაძენი უძრავი ქონების ლეგალიზებისთვის გადაურიცხა, ხოლო ვინაიდან მოსარჩელეს არ მოუხდენია ამ ქონების ლეგალიზება, მითითებული თანხის მიღებით იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

30. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნის - 11 694 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და ამავე კოდექსის 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

31. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

32. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ-ები Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, Nას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-390-390-2018, 15 მაისი,2018 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში 11 694 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის, ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება სსკ-ის 102.1. მუხლიდან გამომდინარე შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ (მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-494-474-2016, 8 ივნისი, 2017 წელი).

34. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შეგებებული სარჩელის ავტორი აცხადებს, რომ მან მოსარჩელეს 11 694 აშშ დოლარი გადასცა სამომავლოდ შესაძენი უძრავი ქონების ლეგალიზებისთვის, თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, მხარეთა შორის ამ სახის შეთანხმება არ მომხდარა და საქმეში ასევე არ მოიპოვება სადავო ქონებაზე განხორციელებული ლეგალიზაციის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებლის შინაარს, სადაც მოსარჩელე მოპასუხისგან მიღებული თანხის მიღების მიზნობრიობას განმარტავს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მას ფული გადასცა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც დადებული იყო მის მეუღლესა და მოპასუხეს შორის. ამრიგად, მოსარჩელე სადავო თანხის მიღებას კვლავ მისი მეუღლის მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას უკავშირებს. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა მითითებული ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) როლზე და დაასკვნა, რომ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელე საკუთარი მეუღლის ნაცვლად ვერ მოითხოვდა გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ 11 694 აშშ დოლარის, როგორც ნასყიდობის თანხის, მოსარჩელისთვის გადაცემის ვალდებულებაც არ არსებობდა და იგი, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული თანხა, მოსარჩელემ უკან უნდა დააბრუნოს. ამრიგად, მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელისთვის 11 694 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ.ბ–რის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მ.ვ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. დ.ბ–რს მ.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 11 694 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

6. დ.ბ–რის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

7. დ.ბ–რს (...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 2 559.58 ლარის გადახდა;

8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე