Facebook Twitter

საქმე №ას-1597-2022 23 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები (მოპასუხე მ.ც–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეები) - მ.ც–ძე (პ/ნ ......), გ.ც–ძე (პ/ნ ........)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ძ–ი

მოპასუხეები - შ.მ–ი, გ.ც–ძე (პ/ნ .......)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ს–ის“ 20% წილის მფლობელმა პარტნიორმა - ვ.ძ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ც–ძისა (ამავე კომპანიის პარტნიორი და დირექტორი) და შ.მ–ის (კომპანიის სკოლის დირექტორი) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მ.ც–ძე საკუთარი ინტერესებით მართავდა კომპანიას, ითვისებდა თანხებს, ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი ხელფასი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ძ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დადასტურდა დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გარდაიცვალა მოპასუხე მ.ც–ძე, რომლის სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლემ - გ.ც–ძემ (პ/ნ ......). გ.ც–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 17 დეკემბერს. მისი სამკვიდრო ქონება მიიღეს შვილმა - გ.ც–ძემ (პ/ნ .......), შვილიშვილებმა მ.ც–ძემ (პ/ნ .....) და გ.ც–ძემ (პ/ნ ......). აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ.ც–ძის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ გ.ც–ძე (პ/ნ .....), მ.ც–ძე (პ/ნ ......) და გ.ც–ძე (პ/ნ ......).

მითითებული განჩინება მ.ც–ძემ (პ/ნ .......) და გ.ც–ძემ (პ/ნ ......) კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს.

კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრებით, ვინაიდან დავა ეხება დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევას, მის მიმართ მოთხოვნა პირადი ხასიათისაა და მემკვიდრეობით ვერ გადავა. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის დავებში დირექტორს ეკისრება კომპანიის სასარგებლოდ მოქმედების მტკიცების ტვირთი, რომელსაც მემკვიდრეები ვერ დაძლევენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრისა და 2023 წლის 20 იანვრის განჩინებებით კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს უფლებამონაცვლეების დადგენა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს პირები მიმართავენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ ხდება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა, რაც დღის წესრიგში აყენებს იმავე ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოში მიმდინარე პროცესის მხარეთა დაზუსტების აუცილებლობასაც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად წესს, რომლის თანახმად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა (მათ შორის, პირის გარდაცვალების შემთხვევაში) ქმნის იმავე მხარის მისი უფლებამონაცვლით შეცვლის წინაპირობას. ამასთანავე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა პირდაპირ კავშირშია მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემის საკითხის დადგენასთან. საპროცესო უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელსაც მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული მხარის უფლებები გადაეცა ან/და ვალდებულებები დაეკისრა. სწორედ ამიტომ, საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენისთვის აუცილებელია, განისაზღვროს უფლების სამართლებრივი ბუნება - რამდენად ექვემდებარება იგი სხვა პირზე გადაცემას. თუკი საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უფლებამონაცვლეობის საკითხი წამოიჭრა მოპასუხის გარდაცვალების გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრების ავტორებმა მიიღეს მოპასუხე მ.ც–ძის სამკვიდრო ქონება, ამრიგად, გახდნენ მისი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელნი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ბუნებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრებას მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის პირადი ხასიათის მქონედ განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირადი ხასიათის მქონედ შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს უფლებები და მოთხოვნები, რომლებიც იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებასთან, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მათი დაცვა/აღსრულება სხვა პირის მიმართ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. გასათვალისწინებელია, რომ, როგორც წესი, ფიდუციური მოვალეობების დარღვევის თაობაზე წარმართულ დავებში მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება იმ თანხის ოდენობით, რომლებიც დირექტორმა უკანონოდ თავად მიიღო და გამოიყენა (შესაძლებელია, ეს თანხები სამკვიდრო აქტივის უშუალო ნაწილიც კი იყოს), ან რომელთა ოდენობითაც მიაყენა კომპანიას ზარალი საქმიანობის არასათანადოდ განხორციელების შედეგად (შესაბამისად, მასვე ეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება). აქედან გამომდინარე, ფიდუციური მოვალეობების დარღვევის თაობაზე წარმართულ ნებისმიერ დავაზე, მოპასუხე დირექტორის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოების ავტომატური შეწყვეტა გაუმართლებლად ხელყოფდა მოსარჩელის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყოველი კონკრეტული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მოთხოვნის ბუნება, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და შედეგები, რათა განისაზღვროს მისი მემკვიდრეობით გადასვლის შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგი გარემოებების კუმულატიურად არსებობაზე: სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის თანხის დაკისრება; სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი; მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად დასახელებულია მოპასუხის მიერ კომპანიის თანხების მითვისება და პირადი და თავისი ოჯახის ინტერესებისთვის გამოყენება. ამრიგად, სარჩელის დაკმაყოფილება მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულებების არსებობას დაადასტურებს, რომლებიც შესაძლებელია მამკვიდრებლის სამკვიდროდან ანაზღაურდეს. ასეთი მოთხოვნა კი სამკვიდრო პასივის ნაწილად უნდა იქნეს განხილული. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკისა (მოსარჩელემ უნდა გააქარწყლოს „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფცია) და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული, მხარეებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრების ავტორთა არგუმენტებს მტკიცების ტვირთის დაძლევის შეუძლებლობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, კერძო საჩივრების ავტორები მართებულად იქნენ მიჩნეულნი მოპასუხის უფლებამონაცვლეებად და საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობდა. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ც–ძისა (პ/ნ ...) და გ.ც–ძის (პ/ნ ...) კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

გ. მიქაუტაძე