ბს-1358-74-გ-04 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე განიხილა ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ტ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა; დავალებოდა ტ. ჯ-სა და მანსარდის დამპროექტებელ არქიტექტორ დ. მ-ეს შეეტანათ პროექტში ცვლილებები და შეეთანხმებინათ იგი ქალაქის მთავარ არქიტექტორთან. ტ. ჯ-ს საკუთარი სახსრებით ახალ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა მშენებლობა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი არის თბილისის 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული პირი. სახელმწიფომ კომპენსაციის სახით მისცა მანსარდის დაშენების უფლება, რადგან ცხოვრობს სახლის ბოლო მე-6 სართულზე. მისი სადარბაზოს მე-6 სართულზე ცხოვრობს სამი ოჯახი: თვითონ, ჭ-ე და წ-ი, რომელთაც საერთო სარგებლობაში აქვთ აივანი. ი. ჭ-ემ თავისი ბინის თავზე მანსარდი რამდენიმეწ. წინ ააშენა. ლ. წ-მა თავისი ბინის თავზე მანსარდის მოწყობის უფლება გადასცა მე-5 სადარბაზოს მე-6 სართულზე მცხოვრებ ტ. ჯ-ს, რომელმაც შპს “თ-იდან” მოიწვია არქიტექტორი დ. მ-ე და გააკეთებინა მანსარდის პროექტი. არქიტექტორმა არ გაითვალისწინა საერთო სარგებლობის აივანზე მისი უფლებები და მისი კუთვნილი 8 კვ.მ ფართი მის უკითხავად ჩართო ტ. ჯ-ის მანსარდის პროექტში, რითაც ეზოს მხრიდან დაუკეტა სინათლის წყარო. მან განცხადებით მიმართა არქიტექტორს და მოსთხოვა პროექტში ცვლილებების შეტანა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მიმართა ქალაქის მთავარ არქიტექტორს. ამ უკანასკნელმა წერილით მიმართა ტ. ჯ-ს და “არქმშენინსპექციას”, პროექტში ცვლილებების შეტანამდე შეეჩერებინათ მშენებლობა, რასაც რეაგირება არ მოჰყვა. ქალაქის მთავარ არქიტექტორთან განემორებით მიმართვის შემდეგ ამ უკანასკნელმა გამოსცა ბრძანება ¹20/758, მშენებლობის პროექტში ცვლილებების შეტანამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება მიიღო “არქმშენინსპექციამაც”, მაგრამ აღნიშნულ ბრძანებებს შედეგი არ მოჰყვა და მშენებლობა კვლავ გაგრძელდა. სარჩელით მოითხოვა დავალებოდა ტ. ჯ-ს და მანსარდის დამპროექტებელ არქიტექტორ დ. მ-ეს შეეტანათ პროექტში ცვლილებები და შეეთანხმებინათ ქალაქის მთავარ არქიტექტორთან. მოქალაქე ტ. ჯ-ს საკუთარი სახსრებით შესაბამისობაში მოეყვანა მშენებლობა შესწორებულ პროექტთან.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ას სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ჯ-მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა, საქმეზე მოპასუხედ ჩართულ იქნა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას. საკასაციო პალატა სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და საქმეზე მოპასუხედ ჩაერთო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ განსახილველი დავის მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები და კერძო სამართლის იურიდიული პირი _ არასწორია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ითხოვდა პროექტში ცვლილებების შეტანას და შეცვლილი პროექტის ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებას. მშენებლობის პროექტი, რა თქმა უნდა, ზოგადად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი არის შემოქმედების ნაყოფი, ვის მიერაც არ უნდა იყოს შედგენილი, ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროექტს დაამტკიცებს (შეითანხმებს) ქალაქის მთავარი არქიტექტორი, იგი გადაიქცევა ადმინისტრაციულ აქტად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადების საფუძველზე _ ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰვეს სამართლებრივი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში, მოქალაქე ტ. ჯ-ი მშენებლობას აწარმოებდა ქალაქის მთავარი არქიტექტორის 05.04.02წ. 20/92 ბრძანებით დამტკიცებული პროექტის საფუძველზე. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანა და შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახური (არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) და არა ფიზიკური პირი და არქიტექტორი დ. მ-ე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ სადავო პროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო მოპასუხეს ადმინისტრაციული ორგანო და აღნიშნული დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო მუხლით, პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 284-ე მუხლით და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. ტ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.