Facebook Twitter

საქმე №ას-1091-2022 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გადასახდელი სადაზღვევო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.გ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 9 580 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: 2020 წლის 29 ივლისს მხარეთა შორის, გაფორმდა ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება).

3. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა ქ.თბილისში, ..... ქუჩაზე. მოსარჩელემ ავტომობილის შემობრუნების მიზნით ციმციმა მაშუქის ჩართვის შემდეგ საჭე აიღო მარცხენა მხარეს. ვინაიდან მანევრის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა სწრაფად მოძრავი ავტომობილი, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელემ მოუმატა სიჩქარეს, რა დროსაც, ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ ორ ავტომობილს.

4. ხელშეკრულება, მოსარჩელის ავტომობილის გარდა, მოიცავდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირთა ავტომობილებისათვის მიყენებულმა ზიანმა (აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ), მოსარჩელის ავტომობილის აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, შეადგინა 9580 ლარი. მოპასუხემ 2020 წლის 12 ოქტომბრის წერილით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში სადავო გახადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საკითხი, იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 829-ე მუხლი) და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად 2020 წლის 24 აგვისტოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრით (ასევე თანდართული პატაკით) მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 24.08.2020წ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლითაა უარყოფილი, რომ 24.08.2020წ. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო დამზღვევის (მოსარჩელე) მოქმედება, რომელიც არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს და რომელთა დაცვის შემთხვევაშიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

7. მოსარჩელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა შეფასდა სამართალდარღვევად; სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ არ გაასაჩივრა და შესულია კანონიერ ძალაში.

8. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მერსედეს ბენცი“ .....-ს მძღოლის, მოსარჩელის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-3 და 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

9. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ 24.08.2020წ. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაუცველობა შეაფასა „უხეშ გაუფრთხილებლობად“, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმეზე გამოტანილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 580 ლარის გადახდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 29 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის ავტომობილის გარდა, ასევე დაზღვეულ იქნა მოსარჩელის პასუხისმგებლობაც მესამე პირთა წინაშე.

13. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა ქ. თბილისში, ....... ქუჩაზე, რა დროსაც ავტომობილის შემობრუნების მიზნით განხორციელებული მანევრს შედეგად მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა: მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ „SUBARU“-სა და „OPEL“-ის მარკის ავტომობილებს; მოსარჩელისა და მესამე პირთა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 9 580 ლარი.

14. მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითი ღირებულების ანაზღაურებაზე.

15. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამავე თარიღით შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე მუხლის პირველი ნაწილით, 829-ე მუხლით და განმარტა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებაში აუცილებელია საგამონაკლისო პირობები გარკვევით, ამომწურავად და სტრუქტურირებულად იყოს აღწერილი; კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ რამდენად შეიძლებოდა, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი, სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში გამოიკვლია დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას, გამოხატული მხარეთა ნება (სსკ-ის 52-ე მუხლი). სააპეალაციო სასამართლოს მითითებით, ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს. ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში, ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ხელშეკრულების დადებისას არსებულ ფაქტებთან, ვითარებასთან და მოვლენათა განვითარებასთან, ასევე, ნების განმარტება გონიერი ადამიანის განსჯის სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს.

18. სააპელაციო სასამართლომ უარყო საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოება, რომ 24.08.2020წ. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო მოსარჩელის მოქმედება, რომელიც არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს და რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

19. სააპელაციო სასამართლომ უარყო საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც მოსარჩელის ქმედება შეფასდა „უხეშ გაუფრთხილებლობად“.

20. სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, მოსარჩელეს დააკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს - ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების ტვირთი.

21. სსკ-ის 829-ე მუხლის (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის საკანონმდებლო განმარტებას. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს უხეშ დარღვევად.

22. მოსარჩელე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, მძღოლის დაჯარიმებას მანევრირების წესების დაუცველობისას.

23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კომპონენტს.

24. მოპასუხის უარი ზარალის ანაზღაურებაზე დაეფუძნა 2020 წლის 16 სექტემბრის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მოცურებისა და მუხრუჭების კვალის არ არსებობის გამო შეუძლებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის ექსპერტიზის გზით განსაზღვრა. მოსარჩელემ (აპელანტი) სადავოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნა, იმ მოსაზრებით, რომ დასკვნა სრულად ეყრდნობა ვარაუდებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. მოსარჩელისთვის გაუგებარია, დასკვნის შემდეგ პუნქტში, იმავე მასალებზე დაყრდნობით, ექსპერტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით და მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე. საბოლოოდ ექსპერტი ასკვნის, რომ მის (ექსპერტის) მიერ ნავარაუდევი სიჩქარე 30-40 კმ/სთ აღემატებოდა უსაფრთხო მობრუნებისთვის საჭირო სიჩქარეს.

25. დადგენილია, რომ 17.03.2021წ. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ექსპერტმა განმარტა, რომ მართალია მუხრუჭების კვალი გადასაადგილებელ ზედაპირზე არ შეიმჩნეოდა, თუმცა მისი პრაქტიკული გამოცდილების, ჩატარებული ცდებისა და სპეციალური ცოდნის გათვალისწინებით ექსპერტმა შესაძლებლად ჩათვალა გადაადგილების სიჩქარის დადგენა. კვალის არსებობის შემთხვევაში ის შეძლებდა გადაადგილების არა სავარაუდო, არამედ ზუსტი სიდიდის დადგენას. ექსპერტმა დასკვნის შედგენის დროს ისარგებლა მისთვის გადაცემული დოკუმენტებისა და სამართადამღრვევის ახსნა- განმარტებით. ავტომობილი პირადად არ უნახავს, არ დაუთვალიერებია. მთავარი გამომწვევი მიზეზი შემხვევისა იყო არასწორად შერჩეული დასაშვებზე მაღალი სიჩქარე. ზოგადად მსგავს შემთხვევებში 180 გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება დასაშვებია 15-20 კმ/სთ, მაქსიმუმ 25 კმ/სთ სიჩქარით. კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეული იყო მოხვევის მანევრის შესრულების რამდენიმე წინაპირობა: 1. როდესაც მოხვევის წინ მძღოლი შეამჩნევს საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს ვალდებულია გზა დაუთმოს მას (ვინაიდან იგი სარგებლობს გავლის უპირატესობით); 2. თუ კი მძღოლი საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილის შემჩნევის მიუხედავად გადაწყვეტს მოხვევას, იგი ვალდებულია მანევრი შეასრულოს უსაფრთხოდ - დასაშვები სიჩქარით; 3. ნებისმიერ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია მის მიერ განხორციელებულ მანევრს არ მოჰყვეს საგზაო შემთხვევა. მანევრის შესრულების დროს მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 30-40 კმ/სთ-ში უნდა ყოფილიყო, რაც დასაშვებზე მაღალია. ხსენებულ პირობათა დარღვევას მოჰყვა საგზაო შემთხვევა.

26. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლის მიერ დასმული შეკითხვა - მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედებების მარტივ თუ უხეშ გაუფრთხილებლობის სტანდარტით შეფასებასთან დაკავშირებით - რომელზეც ექსპერტის პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი არ ცნობს გაუფრთხილებლობის ცნებას, თუმცა ნებისმიერი სამართალდარღვევა ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული, რასაც საგზაო შემთხვევა მოჰყვება უნდა შეფასდეს როგორც „უხეში გაუფრთხილებლობა“. ისეთი სამართალდარღვევები, რასაც არ მოჰყვება საგზაო შემთხვევის დადგომა (მაგ. ვიდეოჯარიმებით დასჯადი) წარმოადგენს მარტივ გაუფრთხილებლობას (იხ. ექსპერტის მიერ მიცემული განმარტებები 17.03.2021წ. სხდომის ოქმში 14:32:34: სთ- დან 15:01:31: სთ-მდე), რამეთუ ზემოაღნიშნული სცილდება ექსპერტის კომპეტენციას და სასამართლოს შეფასების/მსჯელობის საგანს წარმოადგენს, დაადგინოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს მარტივ გაუფრთხილებლობას თუ შეიცავს უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კომპეტენტს - სააპელაციო სასამართლომ არალევანტურად მიიჩნია.

27. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქმედების ასეთ კატეგორიებად დაყოფა, უხეში გაუფრთხილებლობის პირობებში გამორიცხავს სადაზღვევო ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მარტივი გაუფრთხილებლობა თავისთავად არ წარმოშობს სადაზღვევო შემთხვევას, რაც თავის მხრივ, გაუფრთხილებლობით ჩადენილ მოქმედებებს/აქტებს, ყოველგვარი ბრალის (განზრახვის, გაუფრთხილებლობის), აქცევს მზღვეველის გათავისუფლების წინაპირობად, რითიც უკარგავს დაზღვევას აზრს.

28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოიხატება უხეშ გაუფრთხილებლობაში, რადგან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. ამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306- 1226-2015, 01.07.2016წ.).

29. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს და ვარაუდებს ემყარება და იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. შესაბამისად, დაასკვნა, რომ დამზღვევის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

30. უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ 24.08.2020წ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მოსარჩელისა და მესამე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 9580 ლარი, სააპელაციო პალატის მიხედულებით, სრულად უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას მოპასუხის მიერ.

31. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

32. კასატორის მოსაზრებით, ბრალის ხარისხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი:

33. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით, კერძოდ, „უხეში გაუფრთხილებლობით“, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს ისეთ საგამონაკლისო შემთხვევას, რომლის დროსაც მოპასუხე თავისუფლდება ზარალის ანაზღაურების მოვალეობისაგან.

34. მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა დადგენილია, როგორც საქმეში არსებული ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით (რომელიც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში), ასევე, საქმეში არსებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ექსპერტის დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ფოტო მასალას, საპატრულო დოკუმენტაციას და არ არსებობდა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობაში ეჭვის შეტანის საფუძელი. დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ ვერ დაიმორჩილა საჭე და დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში შეეჯახა გაჩერებულ ავტომობილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის დაწყების წინ მოწინააღმდეგე მხარე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი იქნებოდა უსაფრთხო, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. აგრეთვე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილის ფაქტიური სიჩქარე აღემატებოდა უსაფრთხო მობრუნებისთვის საჭირო სიჩქარეს, რასაც მოჰყვა ა/მანქანის მოცურება და სადგომზე გაჩერებულ ავტომანქანებთან შეჯახება. აქედან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილი მერსედეს ბენცი, სახ №K...... საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ პირობებში, მძღოლის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა („მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები“) და 33-ე მუხლის პირველი (...“შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“) პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

35. კასატორი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 17.03.21წ. სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემულ განმარტების შინაარსზე, რომლის თანახმადაც, მთავარი გამომწვევი მიზეზი შემთხვევისა იყო არასწორად შერჩეული, დასაშვებზე მაღალი სიჩქარე, კონკრეტულ შემთხვევაში, დარღვეული იყო მოხვევის მანევრის შესრულების რამდენიმე წინაპირობა:

35.1.მოხვევის წინ მძღოლი შეამჩნევს საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს (რაზეც აპელირებს აპელანტი ზეპირად, თუმცა აღნიშნული მითითებული არ არის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში), ვალდებულია გზა დაუთმოს მას (ვინაიდან სარგებლობს გავლის უპირატესობით). ამის საწინააღმდეგოდ, კასატორი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ადასტურებს, რომ მოძრაობისას მან მოუმატა სიჩქარეს, „...აბა ხომ არ დამეჯახებოდა მანქანაო“..., ამდენად, მისი სუბიექტური დამოკიდებულება და გადაწყვეტილება იყო სწორედ სიჩქარის მომატება და იმ მანევრის შესრულება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა;

35.2.თუ კი მძღოლი საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილის შემჩნევის მიუხედავად გადაწყვეტს მოხვევას, იგი ვალდებულია მანევრი შეასრულოს უსაფრთხოდ - დასაშვები სიჩქარით;

35.3.ნებისმიერ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია მის მიერ განხორციელებულ მანევრს არ მოჰყვეს საგზაო შემთხვევა. მანევრის შესრულების დროს მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 30-40 კმსთში უნდა ყოფილიყო, რაც ექსპერტის შეფასებით, დასაშვებზე მაღალია. სწორედ ხსენებულ პირობათა დარღვევას მოჰყვა საგზაო შემთხვევა.

36. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ექსპერტი ასკვნის, რომ მძღოლი, მოძრაობის დაწყების წინ უნდა დარწმუნებულიყო რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი იქნებოდა უსაფრთხო, რასაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით ადგილი არ ჰქონია; მეტიც, მოსარჩელემ 2021 წლის 10 მარტის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო სიჩქარის მომატება (სწორედ ამ ნაწილშიც იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს მხრიდან შეფასებულიყო და დადგენილიყო უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობა).

37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დადასტურებულად, რომ კასატორის მოქმედება არ წარმოადგენს „უხეშ გაუფრთხილებლობას“, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ამავე განჩინებით დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც მოდავე მხარეებს ეცნობათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

39. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

40. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

41. ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინამდებარე განჩინების პპ: 12-15- ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, დადგენილია, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა ქ. თბილისში, ....... ქუჩაზე რა დროსაც ავტომობილის შემობრუნების მიზნით განხორციელებულ მანევრს შედეგად მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა: მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ „SUBARU“-სა და „OPEL“-ის მარკის ავტომობილებს.მოსარჩელისა და მესამე პირთა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 9 580 ლარი, რომლის ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევად მიჩნევის გამო.

42. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამავე თარიღით შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის მსჯელობის საგანია სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

46. კასატორი (მოპასუხე) აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით - „უხეში გაუფრთხილებლობით“, რასაც ადასტურებდა როგორც საქმეში არსებული ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი (რომელიც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში), ასევე, საქმეში არსებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელემ ვერ დაიმორჩილა საჭე და დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში შეეჯახა გაჩერებულ ავტომობილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის დაწყების წინ მოსარჩელე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი იქნებოდა უსაფრთხო, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია; აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს 17.03.21წ. სხდომაზე მოწვეული ექსპერტის განმარტებით მთავარი გამომწვევი მიზეზი სადაზღვევო შემთხვევისა იყო არასწორად შერჩეული, დასაშვებზე მაღალი სიჩქარე, უშუალოდ მოსარჩელემ კი, 2021 წლის 10 მარტის სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო სიჩქარის მომატება (სწორედ ამ ნაწილშიც იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს მხრიდან შეფასებულიყო და დადგენილიყო „უხეში გაუფრთხილებლობის“ შემადგენლობა).

47. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზიები წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1 და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].

48. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 839-ე მუხლების დანაწესი.

49. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

50. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

53. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

54. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

55. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

56. სსკ-ის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.

57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, ერთის მხრივ, სადაზღვევო კომპანიამ შემოსავალი მიიღოს და მეორეს მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეს. (შდრ: ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016, გვ.42).

58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021 წელი, პ.14; №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.).

59. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაცია. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის (მოსარჩელე) ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა „უხეშ გაუფრთხილებლობას“, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას (სსკ-ის 829-ე მუხლი) კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.

61. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

63. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

64. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

65. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

66. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ მძღოლის მოქმედება უნდა შეფასებულიყო უხეშ გაუფრთხილებლობად (ბრალის ფორმა), რაც თავის მხრივ, სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას (დისპოზიცია: მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით).

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

68. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია, მაგ, საქმეში Nას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც სადაღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცველ გარემოებაზე დადგინდა, რომ ძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: (ი) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (იი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; (იიი) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (ივ) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (ვ) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; (ვი) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

69. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს, დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი.) სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ Nას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ Nას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).

70. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.

72. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.

73. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სირვილით.

74. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების ,,შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით” (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).

75. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუაური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.

76. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.

77. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. ,,გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას”, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის ,,საშუალო წარმომადგენლისათვის” დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).

78. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).

79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც ჩვეულებრივ მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი”, №1, 2009, 150).

80. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ., ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.

82. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, ,,განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).

83. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას. თუმცა, მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება.

84. საკასაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებზე:

85. -ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამავე თარიღით შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

86. -მოსარჩელე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, მძღოლის დაჯარიმებას მანევრირების წესების დაუცველობისას.

87. -2020 წლის 16 სექტემბრის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შემთხვევის ადგილზე მოცურებისა და მუხრუჭების კვალის არ არსებობის გამო შეუძლებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის ექსპერტიზის გზით განსაზღვრა, თუმცა, დადგენილია, რომ 17.03.2021წ. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ექსპერტმა განმარტა, რომ მართალია მუხრუჭების კვალი გადასაადგილებელ ზედაპირზე არ შეიმჩნეოდა, თუმცა მისი პრაქტიკული გამოცდილების, ჩატარებული ცდებისა და სპეციალური ცოდნის გათვალისწინებით ექსპერტმა შესაძლებლად ჩათვალა გადაადგილების სიჩქარის დადგენა. კვალის არსებობის შემთხვევაში ის შეძლებდა გადაადგილების არა სავარაუდო, არამედ ზუსტი სიდიდის დადგენას. ექსპერტმა დასკვნის შედგენის დროს ისარგებლა მისთვის გადაცემული დოკუმენტებისა და სამართადამღრვევის ახსნა- განმარტებით. ავტომობილი პირადად არ უნახავს, არ დაუთვალიერებია. მთავარი გამომწვევი მიზეზი შემხვევისა იყო არასწორად შერჩეული დასაშვებზე მაღალი სიჩქარე. ზოგადად მსგავს შემთხვევებში 180 გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება დასაშვებია 15-20 კმ/სთ, მაქსიმუმ 25 კმ/სთ სიჩქარით. კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეული იყო მოხვევის მანევრის შესრულების რამდენიმე წინაპირობა: 1. როდესაც მოხვევის წინ მძღოლი შეამჩნევს საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს ვალდებულია გზა დაუთმოს მას (ვინაიდან იგი სარგებლობს გავლის უპირატესობით); 2. თუ კი მძღოლი საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილის შემჩნევის მიუხედავად გადაწყვეტს მოხვევას, იგი ვალდებულია მანევრი შეასრულოს უსაფრთხოდ - დასაშვები სიჩქარით; 3. ნებისმიერ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია მის მიერ განხორციელებულ მანევრს არ მოჰყვეს საგზაო შემთხვევა. მანევრის შესრულების დროს მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 30-40 კმ/სთ-ში უნდა ყოფილიყო, რაც დასაშვებზე მაღალია. ხსენებულ პირობათა დარღვევას მოჰყვა საგზაო შემთხვევა.

88. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ექსპერტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, რაც აღემატებოდა უსაფრთხო მობრუნებისთვის საჭირო სიჩქარეს და მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, ასევე, მოსარჩელემ სადავოდ გახადა უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნაც, იმ მოსაზრებით, რომ დასკვნა სრულად ეყრდნობა ვარაუდებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, თუმცა, ამ დასკვნის საპირწონედ სხვა საექსპერტო დასკვნა ან რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მოსარჩელის ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის კრიტიკაზე.

89. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შსს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი პატაკი (ს.ფ. 38, ტ.1), საექსპერტო დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 44, 45) და სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული განმარტება და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტება მათი შინაარსის ერთობლივად შეფასების შედეგად ადასტურებს, რომ გავლის უპირატესი უფლების მქონე პირისათვის სავალი ნაწილის დაუთმობლობითა და შემდგომ დასაშვებზე მაღალი სიდიდის სიჩქარით მანევრის შესრულებით მოსარჩელემ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვეა. ამასთან, კასატორი მიუთითებს თავად მოსარჩელის განმარტებაზე, რომელიც არ უარყოფს, რომ მან მანევრირებისას მოუმატა სიჩქარეს (იხ., კასაციის საფუძვლები, საპაექრო სიტყვა -ტ.1, ს.ფ. 162., ასევე ტ.2, ს.ფ. 107.).

90. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მტკიცებულებას წარმოადგენს მხარის ახსნა-განმარტების ის ნაწილი, რომელიც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა-არარსებობას ადასტურებს. იმის მიუხედავად, თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტება – წერილობით თუ ზეპირი ფორმით. ამის ნათელი მაგალითია სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციური ჩანაწერი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ. რაც შეეხება ფაქტის აღიარებას (სსსკ-ის 131-ე მუხლი) კლასიკური გაგებით - ესაა მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა, მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად - იურიდიული შედეგის დასადგენად. აღიარების, როგორც მტკიცებულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ამ მტკიცებულებით ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. იგი გაკეთებულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაშასადამე, ფაქტს, რომელიც უნდა დაედასტურებინა ერთ მხარეს, ვთქვათ მოსარჩელეს თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ადასტურებს მოპასუხე ან პირიქით. სწორედ ამიტომ, ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული. შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული“ (იხ., ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ. 36, 48-49).

91. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

92. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის

412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

93. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე სრულად არ შეუფასებია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

94. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის წინაპირობები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად, განსაზღვროს უფლების საკითხი.

95. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ (სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), რომ ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და,

დაადგინა:

1. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი