Facebook Twitter

საქმე №ას-1-2023 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– ბ.ე–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე– თ.ზ–ძე(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი– ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ზ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ე–იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის - 3025 ლარის ანაზღაურების შესახებ, ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალება„ფორდ ტრანზიტის“ სახელმწიფო ნომერი „.....“ დგომის თანხის დაკისრება 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით - 4223 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველდღიური დგომის ღირებულება დღეში 5 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 30 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე (დოკუმენტის №0011087619) დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მარტს, დაახლოვებით 13:05 საათზე ქ. თბილისში, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე „ჯინოს“ მიმდებარედ, 136-ე განათების ბოძთან ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით „.....“, რომელსაც მართავდა მ.ნ–ძე და ავტომობილი „ნისანი“ სახელმწიფო ნომრით „.....“, რომელსაც მართავდა მოპასუხე. შეჯახების შედეგად ავტომობილ „ნისანის“ მგზავრი გადაყვანილ იქნა მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

3. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა. რაც შეეხება მეორე მძღოლს, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან მოსარჩელისთვის შეუძლებელია ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება, მოცემული დოკუმენტის გამოთხოვა უნდა მოხდეს სასამართლოს მეშვეობით.

4. საქმეზე ჩატარებული საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად მოპასუხის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფორდ ტრანზიტისათვის“ სახელმწიფო ნომერი „......“ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო თანხა შეადგენს 3025 ლარს.

5. საქართველოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის მიერ 2020 წლის პირველ ივლისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფორდ ტრანზიტი“ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ დღემდე მოთავსებულია 112-ის საჯარიმო სადგომზე და 2020 წლის პირველი ივლისისათვის ერიცხება მომსახურების თანხა - 4223 ლარი.

6. საქართველოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის მიერ 2020 წლის 2 მარტს მოსარჩელისათვის გაცემული პასუხისთანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყოველდღიურად ერიცხება 5 ლარი.

7. მოსარჩელემ მიუთითა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაზე, რომლის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფორდ ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით „.....“ საკუთრების უფლებით ირიცხება ი.ზ–ძის სახელზე. 2017 წლის 28 ივნისს გაცემული მინდობილობით მან აღნიშნული ავტომანქანა მართვისა და განკარგვის უფლებით უვადოდგადასცა მოსარჩელეს.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3025 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დაინიშნა სხდომა 2022 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2022 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელის ოჯახის წევრს - დედას სასამართლო უწყება ჩაბარდა 2022 წლის 2 აგვისტოს.

12. სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 229-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე საქმის განხილვაზე მოწვეული იყო და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს ამავე კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2022 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2022 წლის 13 ოქტომბერს. აპელანტს და მის წარმომადგენელს სხდომის გადადების ან სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

17. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ სააპელაციო სასამართლოდან იმის გასარკვევად, თუ რატომ არ ბარდებოდა მას სასამართლო უწყება მითითებულ მისამართზე, რაზეც მან მიუთითა, რომ 2021 წლის 26 ივნისს გარდაეცვალა და, რის გამოც წარმომადგენელი იძულებული გახდა, რაიონში გადასულიყო საცხოვრებლად საკუთარი მძიმედ ავად მყოფი დედისა და დის ობოლი შვილის მოსავლელად. მისი დედის ტრანსპორტირება შეუძლებელია, ოსტეოპოროზით გამოწვეული ორივე ფეხის მოტეხოლობის გამო. აღნიშნული მიზეზით, აპელანტის წარმომადგენელმა შეწყვიტა ახალი საქმიანობა, რაც უკავშირდებოდა ტერიტორიულ სიშორეს, ხოლო უკვე მიმდინარე დავებში მარწმუნებლების ინტერესებს იცავდა დისტანციურად, ინტერნეტჩართვის გზით. აღნიშნულის შესახებ საუბრის შემდეგ აპელანტის წარმომადგენლმა ჩათვალა, რომ წინამდებარე საქმის განხილვაც დაინიშნებოდა დისტანციურად, თუმცა როდესაც ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით საქმის ზეპირი განხილვა, იგი პროცესის დაწყებამდე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და სთხოვა საქმის განხილვაში ჩართვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

18. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით. კერძო საჩივარს დაერთო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენლის მისი დედისათვის დროებით მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ, ასევე, 2021 წლის 28 დეკემბრის დასკვნა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ იგი ვერ გადაადგილდება, აქვს სრული სიბრმავე და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.

19.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

22. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

23. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

24. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომელებსაც გაეგზავნათ შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

25. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მხარეებს საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ და ისინი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ (შდრ: სუსგ №ას-1080-1017-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-828-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი; იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (თეორია და პრატიკა), თბილისი, 2022 წელი, გვ.25.)

26. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სსსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2022 წლის 13 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ 32), ხოლო მოსარჩელის ოჯახის წევრს - დედას სასამართლო უწყება ჩაბარდა 2022 წლის 2 აგვისტოს.

27. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ.

28. წინამდებარე კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – დის გარდაცვალების შემდეგ იგი საცხოვრებლად გადავიდა მძიმედ ავად მყოფი დედის მოსავლელად, რომლის დატოვება, მცირე დროითაც შეუძლებელია. აპელანტის წარმომადგენლმა ჩათვალა, რომ წინამდებარე საქმის განხილვა დაინიშნებოდა დისტანციურად, თუმცა როდესაც ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით საქმის ზეპირი განხილვა, იგი პროცესის დაწყებამდე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და სთხოვა საქმის განხილვაში ჩართვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

30. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

31. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

32. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას საპატიოდ ვერ შეაფასებს, რადგან საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საფუძველით, სააპელაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა საქმის განხილვაში დისტანციურად ჩაბმის შესახებ, ასევე არც ის გარემოება დასტურდება, რომ მან აღნიშნულის შესახებ დროულად მიაწოდა ინფორმაცია სააპელაციო პალატას.

33. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივარში საუბარია საქმის განხილვაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზებზე, თუმცა მითითებული არ არის უშუალოდ აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივი. აპელანტ მხარეს გონივრულ ვადაში ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ეზრუნა ახალი წარმომადგენლის მეშვეობით დავაში მონაწილოებაზე ან პირადად გამოცხადებულიყო პროცესზე და ეშუამდგომლა წარმომადგენლის დისტანციურად ჩაბმის ან საქმის განხილვის გადადების შესახებ.

34. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი ავალდებულებდა აპელანტ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია.

35. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. მხარეები სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია); 2. აპელანტის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამუკიდებული.

37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ე–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე