საქმე №ას-795-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ვი (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ნი (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ლ.ა–ნი, მ.გ–ი, მ.ა–ი, მ.თ–ძე, დ.ო–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.06.2022 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება აღსრულების წესის დადგენის ნაწილში
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილებით:
1. მ.კ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ვ.მ–ვის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3. ვ.მ–ვს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) დაევალა 06.02.2017 წელს მოსარჩელესთან დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის, ამავე ბიუროს 10.04.2017 წლის №001957817 დასკვნაზე თანდართული კორექტირებული პროექტის და 19.09.2018 წლის №5005988218 წერილზე თანდართული პროექტის შესაბამისად და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შესრულებული სამუშაოს პროექტის შესაბამისად განხორციელების დამადასტურებელი დასკვნის წარმოდგენა;
4. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში რემონტის აღდგენა შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად;
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ანაზღაურება 20.11.2018 წლიდან ვალდებულების სრულყოფილად შესრულებამდე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ...., შენობა-ნაგებობები №1-დან №8-ის ჩათვლით, ს/კ ....., ფართი - 58,00 კვ.მ და დამხმარ ფართი - 40,00 კვ.მ და უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ......., შენობა-ნაგებობები №1-დან №8-ის ჩათვლით, ს/კ ......, სარდაფი - 26,70 კვ.მ ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში.
1.2. უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ....., არასასოფლო, სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 599,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობები №1 და №2, ს/კ ...., ირიცხება მოპასუხის საკუთრებაში.
1.3. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №1803167 ბრძანებით (გაცემის თარიღი: 25.03.2015 წელი) დამკვეთი მოპასუხე, (მიწის ნაკვეთი: მდებარე თბილისში, ...., არასასოფლო, სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 599,00 კვ.მ, ს/კ ...., მესაკუთრე მოპასუხე) შეთანხმდა თბილისში, ....., მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი და სასტუმროს აშენების არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა განისაზღვრა 25.03.2015 წლიდან 25.09.2017 წლის ჩათვლით.
1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.12.2015 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, ....... მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, კედელზე შეინიშნება როგორც ძველი ისე ახალი ბზარები, ახალი ბზარების წარმოქმნა გამოწვეულია თბილისში, ... მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, დაზიანებები შეესაბამება I-II ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, მაგრამ საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე შენობის შიდა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის ყალაურები, ხოლო შენობის გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები. ამავე დროს მომიჯნავედ მიმდინარე მშენებლობის ძირითადმა სპეციალისტებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილების თავის VII; მუხლი 35-ის თანახმად, უნდა უზრუნველყონ ..... მდებარე სახლზე მუდმივი დაკვირვება და დეფორმაციების განვითარების შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
1.5. 06.02.2017 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება (შემდეგში „შეთანხმება“) რომლითაც:
მოპასუხემ გამოხატა ნება,.0ჩაეტარებინა ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და მესაკუთრეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილიყო ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და მესაკუთრეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების კოსტრუქციული მდგრადობა და ექსპლუატაცია;
მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წელს შესრულებული თბილისში, ... მდებარე შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტის და მის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო დოკუმენტაციის და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მკაცრი დაცვით, რაც წარმოადგენდა შეთანხმების განუყოფელ ნაწილს (2.1.6 ქვეპუნქტი);
შეთანხმების 2.3 პუნქტის თანახმად, მხარეები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.12.2015 წლის №5006558115 დასკვნის შესაბამისად ადასტურებდნენ, რომ თბილისში, ........ მდებარე შენობის (ს/კ .....) და მოსარჩელის ინდივიდულურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...., ფართობი 599 კვ.მ) მიმდინარე სასტუმროს მშენებლობით;
მოპასუხემ იკისრა ვალდებულება თბილისში, ..... მდებარე შენობის (ს/კ ........) გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ შეესრულებინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შპს „ა.ფ.ა–ის“ მიერ 31.12.2016 წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით, რაც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს; ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებით უნდა აღდგენილიყო საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართების შენობის დაზიანებამდე არსებული რემონტის ტოლფასი მდგომარეობა (3.2 პუნქტი);
სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო გამაგრების სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღისა და უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში (3.4 პუნქტი);
მოპასუხე უფლებამოსილი/ვალდებული იყო თბილისში, ...... მდებარე შენობის (ს/კ ......) და მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაეწყო არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მარტისა და დაესრულებინა მშენებლობის-ორგანიზების პროექტით განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ დაწყებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა (3.5 პუნქტი);
მოპასუხემ იკისრა ვალდებულება თბილისში, ..... მდებარე შენობის (ს/კ .....) და მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტების შესაბამისად შესრულება დაედასტურებინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (3.6 პუნქტი);
შეთანხმების 3.9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ვერ უზურნველყოფდა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 (ასი) ლარის ოდენობით.
1.6. შპს „ა.ფ.ა–ის“ 31.12.2016 წლის დასკვნის მიხედვით, თბილისში, ...... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რემონტის ღირებულება შეფასების მომენტისათვის შეადგენდა - 25 400 ლარს (მოქმედი კურსით - 9 700 აშშ დოლარს).
1.7. 18.11.2016 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006827616 დასკვნით მომზადდა თბილისში, ..... მდებარე შენობის გამაგრება-გაძლიერების ხარჯთაღრიცხვა.
1.8. 10.04.2017 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001957817 დასკვნის თანახმად, თბილისში, ........ მდებარე შენობის გამაგრების სამუშაოები უნდა შესრულებულიყო დასკვნაზე თანდართული კორექტირებული პროექტის მიხედვით. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, 2017 წლის აპრილის თვეში დამუშავდა თბილისში, ...... მდებარე შენობის გაძლიერების კორექტირებული პროექტი. კორექტირება განპირობებულია პროექტის დამუშავებიდან მშენებლობის დაწყებამდე პერიოდში (9 თვე) გასამაგრებელი შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებით, რაც გამოიხატება ძველი ბზარების მომატებით და ახალი ბზარების გაჩენით. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, კორექტირებული პროექტი დამუშავდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წელს დამუშავებული „ქ.თბილისში ...... მდებარე შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტის“ შესაბამისად. 19.09.2018 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციული წერილის თანახმად, ბიუროს მიერ 2016 წელს დამუშვდა თბილისში, ...... მდებარე შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ხოლო 2017 წელს მოხდა მისი კორექტირება. 2018 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დამუშავდა ზემოაღნიშნული პროექტი დამატებითი ნახაზები საინჟინრო ღონისძიებებით, რომელიც გათვალისწინებული იყო 2016 წლის და 2017 წლების პროექტებით. ამავე წერილის თანახმად, 2018 წელს დამუშავებული დამატებითი ნახაზები წარმოადენს 2016 და 2017 წლის ძირითადი პროექტების განუყოფელ ნაწილს და უნდა შესრულდეს ძირითადი კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შემდგომ. წერილს თან ერთვის ძირითადი პროექტის დამატებითი ნახაზების ბეჭდური ვერსია.
1.9. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მოპასუხისთვის ხელის შეშლის ფაქტი და განმარტა, რომ არ არსებობს შეთანხმებიდან მოპასუხის გასვლის/მისი შეწყვეტის წინაპირობები.
1.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 405-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა პირველადი მოთხოვნაა, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. მხარეები ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წინაპირობები უნდა შემოწმდეს სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მას ხელს უშლიდა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს; ხელშეშლა კი გამოიხატა პირველადი სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმასა და აგრესიაში. მოპასუხე არ ასახელებს სხვა რაიმე გარემოებას, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეშლაზე მიუთითებდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 18 აგვისტოსა 08 ნოემბრის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები, თუმცა მათი შინაარსი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეშლის ფაქტს: კერძოდ, 08.11.2017 წლის რეაგირების ოქმის თანახმად, მ.თ–ძე წინააღმდეგი იყო შეკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით მისსავე სახლში შესულიყვნენ კონკრეტული პირები, ხოლო 18.08.2017 წლის რეაგირების ოქმის თანახმად, სასტუმროს გვერდით მცხოვრები პირის - ბ.კ–ის სასარგებლოდ შესრულებულია გამაგრება-გაძლიერებითი და სარემონტო სამუშაოები, რის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტზე ბ.კ–მა და მისმა მეუღლემ ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. მოპასუხე მხარეს არ დაუზუსტებია, წარმოადგენს თუ არა ბ.კ–ი მ.კ–ნის წარმომადგენელს ან/და არის თუ არა ბ.კ–ის მეუღლე მოსარჩელე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ეს ვერ ჩაითვლება მის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულებების შესრულებაში ხელშეშლად, ვინაიდან ამგვარ აქტზე ხელმოწერის ვალდებულება რაიმე მიზნით შეთანხმებული არ ყოფილა და არც სამუშაოების შესრულებისთვის რაიმე აუცილებლობას წარმოადგენდა; თავად ხელმოწერაზე უარის თქმა ვერც ჩაითვლება შენობის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაში ხელშეშლად, სსკ 405-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე. ჩატარებული სამუშაოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა შპს „მ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებები. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოების შეთანხმებულ პროექტებთან შესაბამისად შესრულების გარემოება, მხარეთა შეთანხმებით, უნდა დადასტურდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვით, რაც მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი, რომ მისი მხრიდან შესრულდა შეთანხმება. ამასთან, თავად მხარემ მიუთითა, რომ პირველადი სამუშაოები შესრულებულია, რაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეფასების შედეგად აღმოჩნდა შეუსაბამო შეთანხმებულ პროექტთან, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილება 10.04.2017 წლის დასკვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10.04.2017 დასკვნით განხორციელებული პროექტის კორექტირების შემდგომ სამუშაოების შესრულების გარემოებაზე მხარეს თავადაც აღარ მიუთითებია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ ხელის შეშლის ფაქტი დადასტურებული არ არის. არ დგინდება შეთანხმებიდან მოპასუხის გასვლის/მისი შეწყვეტის წინაპირობების არსებობა.
1.11. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა დელიქტური არასახელშეკრულებო ვალდებულებიდან, თუმცა მხარეებმა კერძო სამართალში მოქმედი ნების ავტონომიისა და მოქმედების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოაქციეს სახელშეკრულებო შეთანხმების არეალში, რის შედეგადაც დელიქტური არასახელშეკრულებო ვალდებულება (ზიანის ანაზღაურებისა) ტრანსფორმირდა სახელშეკრულებო ვალდებულებად, რაც, თავის მხრივ, მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად ხელშეკრულების მიჩნევას განაპირობებს (შეთანხმებული პირობებით). ამგვარ პირობებში სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დელიქტური საფუძვლით მოთხოვნის წინაპირობებზე ცალკე ხაზგასმით მსჯელობა.
1.12. რამდენადაც, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების თანახმად, თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება უნდა მომხდარიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შესაბამისად, რაც კორექტირებული იქნა ბიუროს 10.04.2017 წლის №001957817 დასკვნით, ხოლო 2018 წლის სექტემბრის თვეში მონიტორინგის ფარგლებში დამუშავებული დამატებითი ნახაზები წარმოადგენს 2016 წლისა და 2017 წლის ძირითადი პროექტების განუყოფელ ნაწილს (და უნდა შესრულდეს ძირითადი კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შემდგომ), და ამასთან, ხელშეკრულების მიზანს სწორედ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა წარმოადგენდა, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხეს დაეკისრა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, თბილისში, ..... მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის, ამავე ბიუროს 10.04.2017 წლის №001957817 დასკვნაზე თანდართული კორექტირებული პროექტის შესაბამისად და 19.09.2018 წლის 5005988218 წერილზე თანდართული პროექტის შესაბამისად. შეთანხმებიდან გამომდინარე ასევე დასაბუთებულად იქნა მიჩნეული მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებულ ფართში რემონტის აღდგენისა და მისი სამუშაოების შესრულებისა შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად. მოპასუხემ თავისუფალი ნების ფარგლებში იკისრა აღნიშნული დასკვნის შესაბამისად სარემონტო სამუშაოების წარმოება. შესაბამისად, მოთხოვნა შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას. მოპასუხის ვალდებულებას, შეთანხმების თანახმად წარმოადგენდა გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტების შესაბამისად განხორციელება დაედასტურებინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ამდენად, დასაბუთებულია მოთხოვნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შესრულებული სამუშაოს პროექტის შესაბამისად განხორციელების დამადასტურებელი დასკვნის წარმოდგენის შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება არსებული ძველი ბზარების შესახებ ზიანის ოდენობასთან მიმართებით, რამდენადად სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება სახელშეკრულებო საფუძველს და ამ პირობებში დელიქტური ვალდებულებების წინაპირობების კვლევის პროცესში სასამართლო არ შესულა.
1.13. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი ხელშეკრულება პირგასამტეხლოს გადახდის პირობაზე შეთანხმებით. დადასტურებულია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
1.14. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ათვლის წერტილად 01.05.2017 წლის მიჩნევის თაობაზე. მართალია, შეთანხმების 3.5. პუნქტის თანახმად - მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მოპასუხეს უნდა დაეწყო არაუგვიანეს 01.03.2017 წლისა და დაესრულებინა მშენებლობის-ორგანიზების პროექტით განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ დაწყებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, თუმცა დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტ 2017 წელს კორექტირდა, ასევე 2018 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დამუშავდა ზემოაღნიშნული პროექტის დამატებითი ნახაზები საინჟინრო ღონისძიებებით, რომელიც გათვალისწინებული იყო 2016 წლის და 2017 წლების პროექტებით. 2018 წელს დამუშავებული დამატებითი ნახაზები წარმოადენს 2016 და 2017 წლის ძირითადი პროექტების განუყოფელ ნაწილს და უნდა შესრულებულიყო ძირითადი კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შემდგომ (იხ. 19.09.2018 წლის ინფორმაციული წერილი). შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტმა დასრულებული სახე მიიღო 19.09.2018 წელს და აღნიშნული თარიღიდან უნდა მოხდეს შეთანხმებით განსაზღვრული 60 კალენდარული დღის ათვლა, რა ვადაშიც მოპასუხეს უნდა დაესრულებინა უძრავი ქონების გამაგრება-აღდგენითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ამდენად, ვალდებულების დარღვევის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს ათვლის თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს 20.11.2018 წელი - პროექტის კორექტირების დასრულებიდან 60 კალენდარული დღე.
1.15. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 20 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა 20.11.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას 08.11.2017 წლიდან შეთანხმების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და დადგინდა მისი აღსრულების წესი, კერძოდ, მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 663,75 ლარის გადახდა; მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 400 ლარის გადახდა.
3.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი და დააკმაყოფილა სარჩელი მოპასუხისთვის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების და გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
3.2. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაედგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განმარტა შემდეგი:
3.2.1. შპს „დ.ს.ე–ის“ 14.08.2019 წლის ინპექტირების ანგარიშის თანახმად ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #82-ში ჩასატარებელი დაზიანებული სახლის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 216 184,24 ლარს, საიდანაც მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ხარჯთაღიცხვა შეადგენს - 30 546.68 ლარს.
3.2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2022 წლის დასკვნის თანახმად: ქ. თბილისში ..... მდებარე შენობა-ნაგებობის 2017 წლის გამაგრება-გაძლიერების კორექტირებული პროექტით და 2018 წლის პროექტის დამატებითი ნახაზებით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე სართულის შიდა და გარე კედლების არმირების, ღიობების გაძლიერების და კედლებზე მჭიმების მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო საორიენტაციო ღირებულება, 2022 წლის 1 კვარტლის მიმდინარე ფასების დონეზე, ლიმიტირებული დანარიცხებისა და დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს - 101 663,75 ლარს.
3.2.3. მოპასუხის მითითებით, გადაწყვეტილება აღუსრულებელია. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით სასამართლო მოპასუხეს აკისრებს შენობა-ნაგებობის გამაგრებას 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შესაბამისად, ხოლო მე-4 პუნქტით, რემონტის აღდგენას შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად, თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის შეუძლებელი იქნება აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რადგანაც უკვე გავიდა 5 წელი და აღსრულების დროისათვის გაურკვეველია რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი და რა ღირებულების.
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 254-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით. ვინაიდან გადაწყვეტილებით მოპასუხეს ევალება ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც დამოკიდებულია მის ნებაზე და შეუძლებელია აღსრულდეს იძულებითი სააღსრულებო წარმოების გზით, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებული არ იქნება, მოსარჩელეს უფლება აქვს თავად შეასრულოს ეს ქმედება და მოპასუხისგან მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.
3.2.5. მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 101 663,75 ლარის გადახდა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2022 წლის დასკვნის თანახმად); მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 400 ლარის გადახდა (შპს „ა.ფ.ა–ის“ 31.12.2016 წლის დასკვნის მიხედვით).
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება აღსრულების წესის დადგენის ნაწილში. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემაც და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოპასუხის დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება.
9. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს.
11. სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს, რომ მან დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება (მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა თბილისში, ..... მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შესაბამისად, ასევე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში აღედგინა რემონტი დაზიანებამდე არსებული რემონტის ტოლფას მდგომარეობაში შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად).
12. მხარეთა შორის შეთანხმებული და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოპასუხის საკასაციო პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ ვალდებულების შესრულებაში მას ხელი შეუშალა თავად მოსარჩელემ, რა საფუძვლითაც იგი მოითხოვდა კიდეც შეთანხმების შეწყვეტილად აღიარებას, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პალატა მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი არ არის, ვინაიდან დაზუსტებული საკასაციო საჩივრით (იხ.: 08.08.2022 წლის განცხადება საკასაციო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ) მოპასუხე პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების კანონერებაზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპაუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი არ დადასტურდა. არ არსებობს მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების ათვლის წერტილად მიიჩნია არა 01.05.2017 წელი, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა, არამედ 20.11.2018 წელი - თარიღი, როდესაც გავიდა გამაგრება-გაძლიერების პროექტის დასრულებული სახის მიღებიდან, 19.09.2018 წლიდან შეთანხმებით განსაზღვრული 60 კალენდარული დღე.
14. აღსანიშნავია, რომ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით, გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა 20 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.
15. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლო მსჯელობს აღსრულების წესის დადგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის უფლება, მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად შეასრულოს ეს ქმედება და მოპასუხისგან მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე განსაზღვრულია ხარჯების ოდენობა. შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გამაგრების ვალდებულების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 101 663,75 ლარის გადახდა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2022 წლის დასკვნის თანახმად), ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში რემონტის აღდგენის ვალდებულების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში - 25 400 ლარის გადახდა (შპს „ა.ფ.ა–ის“ 31.12.2016 წლის დასკვნის მიხედვით).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (სუსგ Nას- 964-899-2017, 23.02.2018წ.). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.) (შდრ. სუსგ Nას-138-2022, 04.03.2022წ., სუსგ Nას-842-1056-08 , 16.06.2020წ.).
17. სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ აღნიშნული მოქმედება შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მოპასუხემ, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 254-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოქმედება შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მოპასუხემ, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და ამაზე არც კასატორი მიუთითებს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული სსკ-ის 254-ე მუხლი მიმართულია კრედიტორის ინტერესების დაცვისაკენ, რათა მოვალემ, რომელსაც ევალება ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სამართლებრივი მექანიზმების არაკეთილსინდისიერი განკარგვის შედეგად, ხელი ვერ შეუშალოს აღსრულების პროცესს (შდრ. სუსგ Nას-996-2018, 23.07.2018წ.). სწორედ ამ მიზნით, კრედიტორის ინტერესებში, სასამართლოს შეუძლია განსაზღვროს მოსარჩელის უფლება, თავად განახორციელოს სამუშაოები, თუკი მოპასუხე თავს აარიდებს ვალდებულების შესრულებას. ამ გზით გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსარჩელე არ კარგავს გაწეული ხარჯების მიღების უფლებას.
19. სსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორინეტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ Nას-1023-2018, 30.11.2018წ.).
20. სააპელაციო სასამართლოს 04.05.2022 წლის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ტ.2, ს.ფ. 83,84), ითვალისწინებდა რა მოცემულობას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სირთულის თაობაზე, თანხმობას აცხადებდა თავად (მოსარჩელეს) შეესრულებინა სარჩელით სადავო შენობის გამაგრების სამუშაოები და მოპასუხეს დაჰკისრებოდა 216 184.24 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „დ.ს.ე–ის“ 14.08.2019 წლის დასკვნის შესაბამისად (იხ. 04.05.2022 წლის სხდომის ოქმი, 12:44:33; 12:46:14 -12:47-53; იხ. 14.08.2019 წლის დასკვნა, ტ.2, ს.ფ. 301-338). ამავე სხდომაზე სასამართლოს მხრიდან დაისვა საკითხი, რომ მიუხედავად მოსარჩელე მხარის თანხმობისა, ვინაიდან ბინის სხვა თანამესაკუთრეები საქმეში ჩართულნი იყვნენ მესამე პირის და არა მოსარჩელეების საპროცესო სტატუსით, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული დასკვნა, გარდა საერთო საკუთრებაში არსებული შენობის გამაგრების ხარჯებისა, მოიცავდა უშუალოდ მესამე პირების კუთვნილ ბინებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას, წინამდებარე დავის ფარგლებში ეს თანხა ვერ მიეკუთვნებოდა მოსარჩელეს (იხ.: 04.05.2022 წლის სხდომის ოქმი). თავის მხრივ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა და საქმეს დაერთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში ........ მდებარე შენობა-ნაგებობის 2017 წლის გამაგრება-გაძლიერების კორექტირებული პროექტით და 2018 წლის პროექტის დამატებითი ნახაზებით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე სართულის შიდა და გარე კედლების არმირების, ღიობების გაძლიერების და კედლებზე მჭიმების მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო საორიენტაციო ღირებულება, 2022 წლის პირველი კვარტლის მიმდინარე ფასების დონეზე, ლიმიტირებული დანარიცხებისა და დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენდა - 101 663,75 ლარს (ტ.4, ს.ფ. 162-174). გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში რემონტის აღდგენა შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად) შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს დაკისრებული აქვს უშუალოდ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ბინის სარემონტო სამუშოებისთვის განსაზღვრული თანხა სარჩელზე თანდართული შპს „ა.ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 66-83).
21. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების საკუთრებაში არსებულ ბინებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება, მათი საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს, რის ნაცვლადაც მის მიერ გადახდილია 847.20 ლარი. სსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, I საკასაციო საჩივრის ავტორს უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 847.20 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 547.20 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1095 ლარის 70% – 766.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ვ.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. მ.კ–ნს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს გ.ქ–ის (პ/ნ: ........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 847.20 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 18.07.2022წ.) ზედმეტად გადახდილი 547.20 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, საერთო ჯამში - 757.20 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. ვ.მ–ვს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ი/მ ა.მ–ვის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1095 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 05.08.2022წ.) 70% – 766.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია