ბს-1358-933(გ-05) 23 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. ქადაგიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის ლ. ბ-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
04.09.03წ. ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს ნოტარიუს ე. ბ-ის მიმართ და ნოტარიუსის 07.08.03წ. ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ¹15 დადგენილების ბათილად ცნობა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერება და სანოტარო მოქმედების შესრულების, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 30.12.02წ. გარდაიცვალა მისი დეიდა, რომელმაც 05.01.02წ. შეადგინა ანდერძი. ანდერძის მიხედვით მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლთმფლობელობა თბილისში, ... ¹20ა-ზე, უანდერძა მოსარჩელეს. ლ. ბ-მა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარუდგინა ნოტარიუს ე. ბ-ს. ნოტარიუსის 07.08.03წ. ¹15 დადგენილებით მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ნოტარიუსს განცხადებით მიმართა ვ. კ-ს ყოფილმა მეუღლემ _ ი. მ-მა, რომელმაც მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ვ. კ-ს დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ¹20ა-ს სახლთმფლობელობაზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 30.09.03წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის წარმომადგენლის გ. ნ-ის შუამდგომლობა, საქმის წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა ლ. ბ-ის სარჩელი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მმაჩის ბიუროსა და მესამე პირის _ ი. მ-ის მიმართ განქორწინების რეგისტრაციის და შესაბამისი მოწმობის გაცემის თაობაზე. 22.11.04წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.05წ. განჩინებით აღნიშნული საქმე გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, დავის საგნიდან გამომდინარე საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 16.08.05წ. განჩინებაში მიუთითა, რომ აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს მემკვიდრეობითი სამართალი, რის გამოც დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესს, ხოლო ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნული დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან და შესაბამისად განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნული სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განსჯადობით სხვა სასამართლოსათვის გადაცემა უნდა დასაბუთდეს მოტივირებული განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.05წ. განჩინება, რომლითაც საქმე განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, არ შეიცავს რაიმე არგუმენტებს საქმის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებისადმი მიკუთვნების, მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროების თაობაზე.
ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს “სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ” ნოტარიუსის დადგენილების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნოტარიუსის უარს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სამკვიდროს გაყოფის თაობაზე არსებობდა შეუთანხმებლობა, კერძოდ, 27.06.03წ. ნოტარიუსს განცხადებით მიმართა გარდაცვლილი ვ. კ-ს ყოფილმა მეუღლემ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ვ. კ-ს დანაშთ ქონებაზე. ნოტარიუსის სადავო დადგენილების თანახმად, დავა სამკვიდროს თაობაზე სკ-ის 1469-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიხილოს სასამართლომ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ნოტარიატის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე ნოტარიუსი უფლებამოსილია, უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს ან სხვა სამართლებრივ აქტებს. ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ განაპირობებს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმედ მიჩნევას. ნოტარიუსის უარი ემყარება არა ადმინისტრაციულს, არამედ სამოქალაქო სამართლის ნორმებს. სანოტარო მოქმედების შინაარსის განმსაზღვრელი ყოველთვის არის შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს სადავო სანოტარო მოქმედების განსჯადობის საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნოტარიუსს, მართალია, დელეგირებული აქვს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს სზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამოცემულია არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სადავო დადგენილება მთლიანად მოტივირებულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით. საქმის განმხილველმა სასამართლომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს სადავო სამკვიდროს მიღებაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს ნოტარიუსის სადავო დადგენილების მართებულობა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, იგი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის სარჩელი ნოტარიუს ე. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.