№ას-680-2022
27 იანვარი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შპს „უ–სა“ და სს „ა.დ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. შპს „უ–სა“ და სს „ა.დ–ას“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების გარეშე გადახდილი 40969,63 (ორმოციათას ცხრაას სამოცდაცხრა ლარი და 63 თეთრი) ლარის ანაზღაურება;
1.2. შპს „უ–ს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N80 ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტით გათვალისწინებული მოწოდების ვადების და ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ცალკეული ეტაპის შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით - 12042,54 (თორმეტიათას ორმოცდაორი ლარი და 54 თეთრი) ლარი;
1.3. დაეკისროს შპს „უ–ს“ ა(ა)იპ „ა.მ.ც–ის“ სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟ(ებ)ის გადახდა.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხეების შპს „უ–სა“ და სს „ა.დ–ის“ მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „უ–ს“ (ს/კ .....) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების გარეშე გადახდილი 40969,63 (ორმოციათას ცხრაას სამოცდაცხრა ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ანაზღაურება; შპს უ–ს (ს/კ ......) აჭარის ავტონომიური სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №80 ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4 პუნქტით გათვალისწინებული მოწოდების ვადებისა და ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ცალკეული ეტაპის შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით - 12042,54 ( თორმეტი ათას ორმოცდაორი ლარი და 54 თეთრი) ლარი; მოპასუხე შპს „უ–ს“ ა(ა)იპ „ა.მ.ც–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1590.37 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა სს „ა.დ–ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „უ–თან“ ერთად, სს „ა.დ–ისათვის“ 40969,63 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სს „ა.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განჩინებით, ა(ა)იპ ა.მ.ც–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელმაც 2019 წლის 12 ივლისს წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების, შპს „უ–სა“ და სს „ა.დ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
6.1.2. 2017 წლის 20 ნოემბერს, ა(ა)იპ ა.მ.ც–სა (უფლებამონაცვლე-აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და შპს „უ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N80 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა შუახევში ........, ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 237990,53 ლარს; სამუშაოს შესრულების ვადა 200 კალენდარული დღე - 2018 წლის 10 ივნისამდე.
6.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო სს „ა.დ–ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით. კერძოდ, საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის NAPB/18- 091429 საბანკო გარანტიით - 95196 ლარზე; ასევე, ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის GPB/18-003999 საბანკო გარანტიით - 7140 ლარზე. აღნიშნულის საფუძველზე, ა(ა)იპ ა.მ.ც–ის (უფლებამონაცვლე აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო) მიერ, 2017 წლის შესყიდვების ფარგლებში არსებული რესურსით, 2017 წლის 26 დეკემბერს, შპს „უ–ს“ ანგარიშზე გადაირიცხა 91696 ლარი.
6.1.4. მოპასუხე შპს „უ–ს“ მიერ, ეტაპობრივად შესრულდა ჯამში -75082,79 არის სამუშაოები.
6.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N80 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ა(ა)იპ ა.მ.ც–ის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის კომისიის 14.09.18 წლის N80-9 სხდომის ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. შპს „უ–ს“ მიმართ განისაზღვრა პირგასამტეხლო 19182,54 ლარი, რაც 7670,28 ლარით შემცირდა შპს „უ–ს“ მიერ წარმოდგენილი სს „ა.დ–ის“ მიერ საავანსო გადახდაზე გაცემული საბანკო გარანტიით და საბოლოოდ, პირგასამტეხლო განისაზღვრა 12042,54 ლარით.
6.1.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N80 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ა(ა)იპ ა.მ.ც–მა, 2018 წლის 21 სექტემბერს მიმართა სს „ა.დ–ას“ და მოითხოვა საავანსო საბანკო გარანტიისა და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტიის გადახდა, რაც გარანტის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბენეფიციარისათვის დაბრუნებულ იქნა 20113,72 ლარი.
6.2.პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხი მასზედ, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების ფარგლებში, გარანტის მიერ თავის მოვალეობა განხორციელდა თუ არა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და არსებობდა თუ არა შპს „უ–თან“ ერთად, სს „ა.დ–ისათვის“ 40969,63 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრების საფუძველი.
6.3.სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო ის გარემოება, რომ შპს „უ–ს“ ანგარიშზე გადარიცხული 91696 ლარიდან, პრინციპალის მიერ შესრულებულ იქნა მხოლოდ 75082.79 ლარის სამუშაოები. ვინაიდან, სს „ა.დ–ას“ მიერ გაცემული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის NAPB/18-091429 საბანკო გარანტია შეიცავდა დათქმას, რომ გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად, მითითებული საბანკო გარანტიის პირობებიდან გამომდინარე, სს „ა.დ–ის“ ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო შპს „უ–სთვის“ ავანსის სახით ჩარიცხული 91696 ლარისა და ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 75082,79 ლარის სხვაობით, რაც სს „ა.დ–ის“ მიერ ბენეფიციარზე უკვე გადარიცხული იყო. შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა სს „ა.დ–ის“ მიმართ საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის თანხიდან დამატებით, 40 969.63 ლარის გადახდის შესახებ ეწინააღმდეგებოდა საგარანტიო პირობებს და უსაფუძვლო იყო.
6.4.გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის ანაზღაურებას, თუმცა, ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ 2021 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურეობის შესახებ, რომლის 3.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საადვოკატო მომსახურეობის საფასური შეადგენდა 1600 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
6.5.სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 53-ე მუხლის შესაბამისად არსებობდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები, რადგან როგორც წესი, ხარჯების ოდენობის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშეც, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ იყო, მოცემული დავის სირთულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გონივრულ ოდენობად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სს „ა.დ–ის“ სასარგებლოდ დაკისრებოდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის ანაზღაურება.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა სს „ა.დ–ის“ მხრიდან საადვოკატო მომსახურებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მართალია, შესაგებელს ერთვოდა თ.ბ–ძესა და სს „ა.დ–ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით, საადვოკატო მომსახურების საფასური შეადგენს 1600 ლარს, თუმცა, ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტში აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანია ადვოკატს მომსახურების თანხას გადაუხდის სასამართლოში საქმის დასრულებისთანავე. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობის მინდობლობა გაცემულია ადვოკატ ნ.ლ–ას სახელზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო როგორც პირველი ინსტანციის, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე და მას საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრება არ მოუთხოვია. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ახალი ადვოკატის პროცესში ჩართვა მაღალი ალბათობით მიუთითებს წინა ადვოკატთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა დავის სირთულე, რის გამოც, საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრება უსაფუძლოდ მიაჩნია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების საკითხს.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადება). ამ მუხლით მითითებული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას (სსსკ-ის 53.2 მუხლი).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
17. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ №ას-316-316-2018, 7/05/2018 წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შედავების საპასუხოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმეში არ წარდგენილა იურიდიული მომსახურების საფასურის წარმომადგენლისათვის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა როგორც თ.ბ–ძე, ისე ნ.ლ–ა. კერძოდ, დადგენილია, რომ სს „ა.დ–ის“ სახელით წარმოდგენილ შესაგებელს ხელს აწერს თ.ბ–ძე (ტ.1, ს.ფ. 327-341); საქმეში წარდგენილია სს „ა.დ–ის“ მიერ, თ.ბ–ძის სახელზე, 2019 წლის 24 ივლისს, განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს თ.ბ–ძის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ყველა ინსტანციის სასამართლოში (ტ.1, ს.ფ. 344). საქმეში ასევე მოიპოვება სს „ა.დ–ასა“ და თ.ბ–ძეს შორის, 2019 წლის 19 ივლისსა და 2021 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებები. 2021 წლის 22 ოქტომბერს ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების საგანია იურიდიული მომსახურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, საადვოკატო მომსახურების საფასური - 1600 ლარს შეადგენს. (იხ. ტ.1, ს.ფ. 345, ტ.2, ს.ფ. 133-134). დადგენილია, რომ თ.ბ–ძე ესწრებოდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2021 წლის 02 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას (ტ.2, ს.ფ. 21-23). ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც საქმის განხილვაში ჩაერთო სს „ა.დ–ის“ მეორე წარმომადგენელი - ნ.ლ–ა (მინდობილობა გაიცა 2021 წლის 15 ივნისს), ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ 2021 წლის 26 აგვისტოს განცხადებას ხელს კვლავ თ.ბ–ძე აწერს (ტ.2, ს.ფ. 69) და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინების ასლიც, სს „ა.დ–ის“ სახელზე, კვლავ თ.ბ–ძეს გაეგზავნა (ტ.2, ს.ფ. 71). ამავდროულად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სს „ა.დ–ის“ სააპელაციო შესაგებელიც თ.ბ–ძის ხელმოწერითაა წარმოდგენილი (ტ.2, ს.ფ. 106-117; 121-132). დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის შეფასებით, გამორიცხავს კასატორის იმ მოსაზრების საფუძლიანობას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, სს „ა.დ–ის“ ინტერესებს მხოლოდ ნ.ლ–ა იცავდა.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება მასზედ, რომ ახალი ადვოკატის პროცესში ჩართვა მაღალი ალბათობით მიუთითებს წინა ადვოკატთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაქარწყლების საფუძვლები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლში. ამასთან, ამავე კოდექსის 108-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილების შეცვლისას, მესამე პირებისათვის შეტყობინების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაქარწყლების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა; ამასთან, უფლებამოსილებასთან მიმართებით, რაიმე სახის ცვლილებების თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებიათ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია თ.ბ–ძის სახელზე, განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, ივარაუდება, რომ იგი სს „ა.დ–ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებების, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებითა და სსსკ-ის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, მართლზომიერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, სს „ა.დ–ის“ სასარგებლოდ, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის ასანაზღაურებლად 1600 ლარის გადახდის დაკისრება.
21. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი № 71503/01, 8/04/2004). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (იხ. ასევე სუსგ საქმეზე №ას-923-889-2016, 03/02/2017 წ.; №ას-1330-1250-2017, 12/11/2018 წ.).
22. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე