№ას-1436-2022
27 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ა.ი–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ე–ია (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, დაკისრებული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციით განსაზღვრულმა ცენტრალურმა ორგანომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მიუთითა, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური ოფისიდან მიიღო განცხადება, რომლის საფუძველზეც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ა.ა.ი–ი ითხოვს საქართველოში სავარაუდოდ არამართლზომიერად დაკავებული არასრუწლოვნის, მ.ს.ი–ის დაბრუნებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად.
1.1. მოპასუხემ წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
1.2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს) წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ დასკვნას და წარმოდგენილ ფსიქოლოგიური შეფასების შედეგებს. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით, ბავშვს აქვს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და პირობები. ოჯახი მის საჭიროებებს ადეკვატურად აკმაყოფილებს და შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ფაქტორები, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებდა. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ადაპტირებულია გარემოში, განსაკუთრებულ მიჯაჭვულობასა და ემოციურ კავშირს ავლენს დედასთან და მისი დაბრუნება გერმანიაში დედის გარეშე, ბავშვის ემოციური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის უპირტესად დასაცავ საუკეთესო ინტერესებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ა.ი–ის სარჩელი ნ.ე–იას მიმართ, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის - მ.ს.ი–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ა.ი–მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ა.ა.ი–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ა.ა.ი–ის სააპელაციო საჩივარი იურიდიული მომსახურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა.ა.ი–ს ნ.ე–იას სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ა.ა.ი–ი და ნ.ე–ია 2015 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მოსარჩელე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა, ხოლო მოპასუხე - საქართველოს მოქალაქე. მათ ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 02 ივლისს შეეძინათ შვილი - მ.ს.ი–ი.
5.2. არასრულწლოვანი ბავშვის მამობის უფლება დადგენილია ზემო რაინგაუს მმაჩის დაწესებულების მხრიდან. არასრულწლოვანი მ.ს.ი–ი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, გააჩნია პასპორტი, რომელიც ძალაშია 2025 წლის 22 მაისამდე. ბავშვის დაბადების ადგილია გერმანია, ვისბადენი.
5.3. ა.ა.ი–მა და ნ.ე–იამ 2016 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერეს ბავშვზე ერთობლივი მზრუნველობის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ერთობლივი ზრუნვის შეცვლის საკითხი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლებოდა შეცვლილიყო.
5.4. ნ.ე–იას და ა.ა.ი–ის თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის არსებული კონფლიქტებისა და უთანხმოების გამო, 2017 წლის აპრილის თვეში, როდესაც ბავშვი იყო 10 თვის, ნ.ე–იამ ა.ი–ის საცხოვრებელი დატოვა და გადავიდა ქ. ლიმბურგში, ქალთა თავშესაფარში, სადაც ორი თვე დაჰყო, ხოლო შემდეგ ქ. ინგელჰაიმში, სადაც დაიქირავა საცხოვრებელი სახლი და ბავშვთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში გამომგზავრებამდე.
5.5. 2017 წლის 4 დეკემბერს, ბინგენის პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის შესახებ, კერძოდ, მამას ა.ა.ი–ს მიეცა საშუალება ბავშვი ყოველ 14 დღეში შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, თავისთან წაეყვანა. ა.ა.ი–ს წელიწადში სამი კვირის განმავლობაში საშვებულებო პერიოდი ბავშვთან შეეძლო გაეტარებინა.
5.6. 2020 წლის 03 იანვარს ინგელჰაიმის საპოლიციო ინსპექციამ ა.ა.ი–ის მიმართ მიიღო შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, ა.ი–ს 6 თვის ვადით აეკრძალა ნ.ე–იასთან არათუ ნებისმიერი ფორმით მიახლოვება, არამედ მასთან კომუნიკაციაც კი. აღნიშნულის შემდეგ, ა.ა.ი–ი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა ნ.ე–იას და განუცხადა, რომ შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, დაერთო ნება ბავშვთან ურთიერთობისთვის და დაემუქრა, რომ ჩამოართმევდა მზრუნველის უფლებას.
5.7. ნ.ე–იამ ბავშვის და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძინა ავია-ბილეთები და ბავშთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა 2020 წლის 09 სექტემბერს, გაიარა საკარანტინე პერიოდი და დაბრუნდა საქართველოში. 2020 წლის 20 ოქტომბერს, ნ.ე–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა. ნ.ე–იამ უზრუნველყო სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ა.ა.ი–ისათვის ჩაბარება. 2020 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე წარმოებული დავის შეჩერება, ჰააგის 1980 წლის კონვენციის მოთხოვნიდან გამომდინარე. 2021 წლის 26 იანვრის სასამართლოს განჩინებით, არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტამდე, შეჩერდა ნ.ე–იას სარჩელზე საქმის წარმოება.
5.8. 2020 წლის 22 ოქტომბერს, ნ.ე–იამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვა ა.ა.ი–ის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევა და საქმის სასამართლოში გადაგზავნა. 2021 წლის 10 თებერვლის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილის თანახმად, საქმისწარმოება მიმდინარეობდა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს - ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მიერ და სოციალური მუშაკი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა ნ.ე–იასთან, რასაც არ დაეთანხმა მხარე და მოითხოვა ამ უკანასკნელმა დასმულ საკითხზე მეტი ეფექტიანი მოქმედებების განხორციელება.
5.9. 2021 წლის 1 მარტს ნ.ე–იამ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესში, პირადი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რეაგირება.
5.10. 2020 წლის 04 ნოემბრის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ცნობის მიხედვით, ნ.ე–ია არ იმყოფება ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე. 2021 წლის 02 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ნ.ე–ია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი.
5.11. ნ.ე–ია გერმანული ენის სპეციალისტია და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებს თავის პედაგოგიურ საქმიანობას. 2020 წლის დეკემბრის თვიდან იგი გერმანულ ენაში ამზადებს სხვადასხვა პირებს, რომლებთანაც სწავლება პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.
5.12. ნ.ე–ია რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ......... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ამავე მისამართზე ნ.ე–იას სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება.
5.13. არასრულწლოვანი მ.ს.ი–ი 2021 წლის 17 მარტიდან დარეგისტრირებულია ა(ა)იპ ქ. თბილისის N123-ე საბავშო ბაგა-ბაღში.
5.14. არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათის მიხედვით, მ.ს.ი–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ....... რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 12 მარტი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან N01/56526 მომართვით გადმოგზავნილი განცხადება. სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, მ.ს.ი–ი (დაბადებული 02.06.2016 წელს) ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
5.15. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, ნ.ე–იას შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 02 ივლისს დაბადებული მ.ს.ი–ის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5.16. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2021 წლის 10 მარტის N07-01-2-7753 დასკვნის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების მიერ შესწავლილი იქნა მოცემული საქმის მასალები, რომელიც ეხება გერმანიის მოქალაქე ა.ა.ი–ის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქის ნ.ე–იას მიმართ ქვეყნიდან არამართლზომიერად გაყვანილი შვილის - მ.ს.ი–ის გერმანიაში შვილის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელესთან ა.ა.ი–თან სოციალური მუშაკის მიერ კომუნიკაცია განხორციელდა ორჯერ - 2021 წლის თებერვლის და მარტის თვეში. იგი ასევე ესწრებოდა მამა-შვილის „ზუმ“ კონფერენციას 2021 წლის 05 მარტს. მოსარჩელესთან საუბრისას იკვეთება, რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნ.ე–იას პოზიციას და ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი სექსუალური ხასიათის რაიმე ქმედებას მ–ს მიმართ და ეს ყოველივე ნ.ე–იას მოგონილია. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოკვლევა, რომელმაც მისი უდანაშაულობა დაადასტურა. იგი წუხს, რომ მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები მის რეპუტაციას ლახავს. მისი თქმით, მასსა და ნ.ე–იას შორის კონფლიქტი ქორწინების საკითხთან დაკავშირებით დაიწყო და როგორც კი ნ. მიხვდა, რომ აქსელი მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. იგი გამორიცხავს ასევე, თანაცხოვრების პერიოდში ძალადობის ან მის მიერ ალკოჰოლის ავად მოხმარების ფაქტებს. მოსარჩელე სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას არ სურს დედა-შვილის დაშორება, მაგრამ ასევე არ სურს, რომ მისი შვილი უმამოდ გაიზარდოს, რაც დრო გავა უფრო დაშორდეს მამას, დას და მის სამშობლოს-გერმანიას. არასრულწლოვანთან გასაუბრების შემდეგ, მამა იყო შეშფოთებული იმის გამო, რომ ბავშვმა ქართულად დაიწყო საუბარი, მამასაც ქართულად ესაუბრებოდა და შიშობს, რომ რაც დრო გადის, მით უფრო შორდება ბავშვი მის ბუნებრივ გარემოს - გერმანიას.
5.17. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 10.03.2021 წლის N07-01-2-7753 დასკვნისა და 22.01.2021 წლის N07-01-2/1747 დასკვნის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების წარმომადგენლის მიერ ოჯახის და ბავშვის შეფასება განხორციელდა ბავშვის და მისი მშობლის საცხოვრებელ მისამართზე: ზუგდიდი, სოფელი ........ ბავშვის დედის გადმოცემით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სამი თვე ნ. და არასრულწლოვანი მ.ს.ი–ი საკუთარ სახლში (თბილისი, ....) ცხოვრობდნენ, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრიდან ცხოვრება განაგრძეს ნ.ე–იას მშობლების სახლში ზუგდიდის რაიონში. მშობლების და ძმის ოჯახს ნ.ე–ია მის ძლიერ თანადგომის ქსელად მიიჩნევს. ნ.ე–ია გეგმავს კვლავ თბილისში საცხოვრებლად დაბრუნებას. საცხოვრებელი თბილისში წარმოადგენს სამოთახიან ბინას. საცხოვრებელი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ავეჯითა და საყოფაცოხვრებო ტექნიკით. სახლი აღჭურვილია გათბობისა და გაგრილების სიტემით. ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. კომუნალური მდგომარეობა მოწესრიგებულია. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი, სადაც განლაგებულია მისი სათამაშოები, პირადი ნივთები, წიგნები და ტანსაცმელი. სოფელ ........ მდებარე სახლი, რომელიც ნ.ე–იას მშობლების საკუთრებას წარმოადგენს, არის ორსართულიანი კერძო სახლი, ეზოთი და საკარმოდამო ნაკვეთით. მ.ს–ის და ნ.ე–იას გამოყოფილი აქვთ ორი ოთახი, სადაც მათ სძინავთ, აქვეა განლაგებული მიას ნივთები, სათამაშო და გასართობი კუთხე. საცხოვრებელი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ავეჯით და ტექნიკით. ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია და კომუნალური მდგომარეობა მოწესრიგებულია. დასკვნების თანახმად, ოთხი წლის მ.ს.ი–ი ფიზიკური თვალსაზრისით ასაკის შესაბამისადაა განვითარებული. დედის, ბებიის და ბაბუის გადმოცემით, იგი ჯანმრთელი ბავშვია. მას ასაკის შესაბამისი ყველა აცრა ჩატარებული აქვს. ბავშვის დედა გეგმავს ბავშვის მიყვანას შერჩეულ პედიატრთან გეგმიური მონიტორინგის მიზნით. მიღებული ინფორმაციით, ამჟამად მ.ს.ი–ი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მოწესრიგებული აქვს ძილის და კვების რეჟიმი, არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურების მიღება. არასრულწლოვანს თვითმოვლის უნარები მისი ასაკის შესაფერისად აქვს განვითარებული. სოფლად ყოფნისას, მ.ს–ი ძირითადად თამაშით არის დაკავებული. ამ პროცესში ხდება მისი ქცევითი, სოციალური, კოგნიტური და ემოციური განვითარებაც. დედის გადმოცემით, ზოგადად ბავშვს არ აქვს ქცევითი თავისებურებები. არასრულწლოვნის მიმართ სოციალური მუშაკის მიერ დასმულ კითხვებს თარჯიმანი თარგმნიდა, თუმცა საუბრისას აშკარა იყო, რომ მ.ს–ის ესმის ქართული საუბრის შინაარსი. ესმის და მეტყველებს როგორც გერმანულ, ასევე ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გერმანული ენა მშობლიურია, საქართველოში ქართულად ცდილობს საუბარს. ოჯახურ გარემოში დაკვირვების დროს ნათელი გახდა, რომ ბავშვი კარგადაა ადაპტირებული იმ გარემოში, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს (კერძოდ, ზუგდიდის რაიონ სოფელ ........, ბებია-პაპის ოჯახში). გარშემო არსებულ რეალობას: სახლს, ოჯახს, შინაურ ცხოველებსა თუ ნივთებს აღიქვამს როგორც საკუთარს. თავს გრძნობს ამ ოჯახის სრულფასოვან წევრად. დასკვნების შესაბამისად, გერმანიაში მ.ს–ის ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს, ბავშვი ძალიან მოკლედ პასუხობდა ან საერთოდ აიგნორებდა, მაშინ როდესაც იგივე შინაარსის კითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით მხიარულად და გახსნილად პასუხობდა. არასრულწლოვანი მ.ს–ი ამჟამად იზრდება დედასთან, ბებია-ბაბუასთან, ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ზემოთმითითებულ მისამართზე. ბავშვს განსაკუთრებულად თბილი და სანდო მიჯაჭვულობა აქვს დედასთან. გერმანიაში ყოფნის დროს, ბავშვი დადიოდა საბავშვო ბაღში. ბავშვის დედის გადმოცემით, არასრულწლოვანი ქ. თბილისის N123 საბავშვო ბაღშია რეგისტრირებული და გეგმავს თბილისში გადასვლას და ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანას. ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას მისი დედა - ნ.ე–ია ახორციელებს. ეხმარება დილის რუტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვის, ჩაცმის, ბანაობის დროს. ბავშვზე განხორციელებული ზრუნვის ნაკლებობა არ შეიმჩნევა შეფასების არცერთ ეტაპზე. მას აქვს ასაკის შესაფერისი საკვები რაციონი, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, განვითარებისათვის აუცილებელი სათამაშოები და წიგნები. შეფასების პროცესში დაკვირვების დროს არ გამოკვეთილა ბავშვის მიმართ ჩხუბის, გაკრიტიკების ან ემოციური ძალადობის სხვა ფორმით არცერთი შემთხვევა, რაც მიუთითებდა ბავშვის მიმართ ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. ნ.ე–იას გადმოცემით, მისი აღზრდის მეთოდები შვილის მიმართ სრულიად არაძალადობრივია და ის გმობს ყველა სახის ძალადობას, განსაკუთრებით ბავშვის მიმართ განხორციელებულს. ოჯახში მ.ს.ი–ის უსაფრთხოება დაცულია. დედა შვილს არ აკრიტიკებს, მასთან ურთიერთობაში არ იყენებს ფიზიკური დასჯის ან სხვა ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მეთოდებს, თუმცა აწესებს გარკვეულ საზღვრებს და მიუღებელი ქცევის შემთხვევაში, ცდილობს შვილთან საუბრით, შესაძლო უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმირებით, შეაცვლევინოს ქცევა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით, ბავშვს აქვს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და პირობები. ოჯახი მის საჭიროებებს ადეკვატურად აკმაყოფილებს და შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ფაქტორები რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებდა. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, იგი ადაპტირებულია გარემოში. ბავშვზე დაკვირვების, მისი წარსული გამოცდილებებების შესწავლისა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის გერმანიაში დაბრუნება დედის გარეშე მისთვის მძიმე ტრავმული გამოცდილება იქნება და გამოიწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რისი სამომავლო შედეგების განჭვრეტა რთულია. ოთხი წლის მ.ს.ი–ი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჟღავნებს დედის - ნ.ე–იას მიმართ, ბავშვისათვის გარესამყაროსადმი ნდობა სრულად განპირობებულია დედასთან ურთიერთობის მდგრადობით. დედასთან ერთად თავს დაცულად, მშვიდად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ყველა წარსულ შემთხვევაში, როდესაც იგი იცვლიდა საცხოვრებელს, ადვილად ეჩვეოდა გარემოს, იმდენად რამდენადაც დედა - როგორც სტაბილურობის გარანტი, მასთან ერთად იყო.
5.18. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის ზოგადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მშობლების მიმართ ბავშვის ფსიქო-ემოციური დამოკიდებულების გარკვევის მიზნით ჩატარდა შესაბამისი კვლევა (2021 წლის 08 აპრილის N07-21-11800 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები). შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი ფსიქოლოგის მიერ დასმულ კითხვებს თარჯიმნის გარეშე პასუხობდა ქართულ ენაზე. ბავშვს ესმის ქართული და მეტყველებს ქართულად, თუმცა მისთვის გერმანული ენა მშობლიურია და საქართველოში ცდილობს ისაუბროს ქართულ ენაზე. პირველ ვიზიტზე ბავშვი ავლენდა სიმორცხვეს, თუმცა მეორე შეხვედრაზე ბავშვი დიდი სიხარულით და დადებითი განწყობით დახვდა ფსიქოლოგს. საქართველოში არასრულწლოვანი განსაკუთრებულად მოხიბლულია ბუნებით და შინაური ცხოველებით და მათთან კონტაქტით. ბავშვი კარგად ადაპტირდა ოჯახში იმ გარემოში, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ........, ბებია-ბაბუასთან ერთად. დილიდან საღამომდე იგი აქტიურად არის დაკავებული თამაშით. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი გერმანიაში ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს გაურბის და ძალიან მოკლე პასუხებს იძლევა, ხოლო როდესაც კითხვები ეხება საქართველოს, გაბრწყინებული თვალებით პასუხობს, უფრო მხიარულია და ღია პასუხებს იძლევა. ბავშვის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობა ასაკობრივ ნორმას შეესაბამება. არასრულწლოვანი მ.ს–ი საუბრობს ქართულად, 4-5 სიტყვიან წინადადებებს, უყვარს ხატვა, ცდილობს წერას, ითვლის 10-მდე ქართულად. გაბედულად გამოხატავს საკუთარ აზრს, აფიქსირებს სურვილებს. ფსიქოლოგის დაკვირვებით, პოზიტიური მშობლის როლი გამოიკვეთა დედა_შვილის ურთიერთობაში. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის შემთხვევაში გადამწყვეტ გარემოებას წარმოადგენს დედასთან ერთად ცხოვრების სურვილი, მასთან ემოციური მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებს. არასრულწლოვანის გერმანიაში დაბრუნების საკითხი საჭიროებს ფრთხილ მიდგომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მიდგომას. მ.ს–ის დედის გარეშე დაბრუნება გერმანიაში მძიმე ტრავმული გამოცდილება იქნება, შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური პრობლემები. მამა-შვილის ურთიერთობის დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მათ შორის არსებობს ემოციური კავშირი, მ.ს–ის გაუხარდა მამის ნახვა, თუმცა აშკარაა, რომ მას არ აქვს გამოცდილება, დედის გარეშე თუ როგორ უნდა იურთიერთობოს მამასთან. ამ მცირე ასაკში ბავშვები ვერ ახდენენ კონცენტრაციას ისაუბრონ ონლაინ კომუნიკაციის მეშვეობით. ისინი უფრო ფიზიკურ კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას. არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობა დედის მონაწილეობის გარეშე ვერ წარმოუდგენია. არასრუწლოვანი ნაკლებად საუბრობს მამის შესახებ, რაც განაპირობებს ასევე დედის განწყობას მამის მიმართ, ვინაიდან მცირე ასაკში ბავშვები არიან მგრძნობიარენი და გრძნობენ დედის დამოკიდებულებას მეორე მშობლის მიმართ, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მამა-შვილის შეფასება ვერ იქნება სრულფასოვანი, ვინაიდან არ არის საკმარისი ერთჯერადი ონლაინ კოსულტაცია საამისოდ. ასევე, ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, რთულია მისი შეფასება სრულფასოვნად. ფსიქოლოგთან არასრულწლოვანი მ.ს–ი 2021 წლის 05 აპრილს განმარტოვებით საუბრობს მამასთან გატარებულ კარგ მოგონებებზე. ამბობს, რომ კარგად ახსოვს მამასთან ერთად თამაში, დასთან ერთად გატარებული დრო. იხსენებს მამასთან ერთად ზღვაზე ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ დედა შორიდან უყურებდა. ფსიქოლოგის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებთ ერთმანეთის მიმართ დედა-შვილს. ნ.ე–ია შვილის მიმართ გამოხატავს განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს. მათ შორის გამოიკვეთა უპირობო სიყვარული. ნ.ე–ია საუბრობს, რომ მ.ს–ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბოლომდე ჩართულია, იცის მისი ყველა საჭიროება, ურთიერთობის საკუთარი პოზიტიური ფორმები აქვთ გამომუშავებული. ერთი დღე არ ყოფილა ბავშვის ცხოვრებაში, რომ დედის გარეშე დარჩენილიყო. არასრულწლოვანი მ.ს–ი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, მისი ფსიქო_ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, მშვიდი, ბავშვისთვის მნიშნელოვანია ბიოლოგიურ დედასთან ფიზიკური და სულიერი კონტაქტი. დედასთან ერთად ბავშვს არ უჭირს უცხო გარემოში ადაპტირება და მიმღებლობა. მ.ს–ი ასაკის სიმცირდან გამომდინარე მეტად დამოკიდებულია დედაზე.
5.19. სოციალური მუშაკის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებებისა და დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და პირობები. ოჯახი მის საჭიროებებს ადეკვატურად აკმაყოფილებს და შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ფაქტორები რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებდა. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, იგი ადაპტირებულია გარემოში. ბავშვზე დაკვირვების, მისი წარსული გამოცდილებების შესწავლისა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის გერმანიაში დაბრუნება დედის გარეშე მისთვის მძიმე ტრავმული გამოცდილება იქნება, გამოიწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და მატრავმირებელი იქნება ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. მ.ს.ი–ი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჟღავნებს დედის - ნ.ე–იას მიმართ, ბავშვისათვის გარესამყაროსადმი ნდობა სრულად განპირობებულია დედასთან ურთიერთობის მდგრადობით. მისთვის დედა სტაბილურობის გარანტია. იგივე პოზიცია იკვეთება ფსიქოლოგიური კვლევის შედეგადაც, კერძოდ, ფსიქოლოგის დაკვირვებით, განსაკუთრებული მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებთ ერთმანეთის მიმართ დედა-შვილს. მათ შორის გამოიკვეთა უპირობო სიყვარული. არასრულწლოვანი მ.ს–ი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, მშვიდი. ბავშვისთვის მნიშნელოვანია ბიოლოგიური დედასთან ფიზიკური და სულიერი კონტაქტი. სწორედ აღნიშნული შეფასებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ როგორი იქნება ბავშვის ფსიქოლოგიური თუ ემოციური მდგომარეობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში. ბავშვს სტაბილურობის, სიმშვიდის და დაცულობის განცდა ყველა სიტუაციაში და გარემოში დაკავშირებული აქვს დედასთან, შესაბამისად, წარმოუდგენელია მისი დედასთან დაშორება. ამასთან, სოციალური მუშაკის შეფასებით, ვინაიდან მამის მხრიდან არ იქნა მიღებული სანდო და დამაჯერებელი პასუხი, თუ რა გარემოში და ვისი მზრუნველობის ქვეშ იქნება ბავშვი გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ უჭერს მხარს ა.ა.ი–ის მოთხოვნას არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ. ბავშვს მამასთან დედის გარეშე ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, შესაბამისად, სოციალური მუშაკის განმარტებით, თუკი სასამართლო მიიჩნევს არასრულწლოვანს არამართზომიერად გადაადგილებულ/დაკავებულ პირად და დაადგენს გერმანიაში დაბრუნების აუცილებლობას, ბავშვის დაბრუნება დედის გარეშე არ უნდა მოხდეს. დედასთან დაშორება ბავშვისთვის, მისი ემოციური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ საუკეთესო ინტერესებს.
5.20. საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 4 დეკემბერს, ბინგენის პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის შესახებ, კერძოდ, მამას ა.ა.ი–ს მიეცა საშუალება ბავშვი ყოველ 14 დღეში შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, თავისთან წაეყვანა. ა.ა.ი–ს წელიწადში სამი კვირის განმავლობაში საშვებულებო პერიოდი ბავშვთან შეეძლო გაეტარებინა. მოპასუხის განმარტებით, არასრულწლოვნის მიმართ მამის მხრიდან გამოვლენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამო, იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მამას ბავშვი ენახა დამოუკიდებლად, ამიტომ, ნ.ე–ია ყოველთვის თან ახლდა მ.ს.ი–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესით ურთიერთობის დროსაც, მათ შორის, როგორც მხარეები აღნიშნავენ, საშვებულებო პერიოდშიც. ნ.ე–იას მითითებით, მოსარჩელე და მოპასუხე, როგორც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდნენ და იგი იყო მხოლოდ ბავშვის თანმხლები, ვინაიდან ბავშვის დედას ეშინოდა ბავშვი მარტო დაეტოვებინა მამასთან ამ უკანასკნელის მხრიდან გამოვლენილი უცნაური ქმედებების გამო, რაც გამოიხატებოდა ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქცევებში. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 27 აპრილის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულება ვ.ვ–ის დასკვნის თანახმად, მ.ს.ი–მა მამის მხირდან სექსუალური ძალადობა განიცადა, რაც უკავშირდება, 2018 წლის აგვისტოს და იმავე წლის ბოლოს საშხაპეში მომხდარ მოვლენებს, როდესაც, ბავშვის მამა დედის ნებართვის გარეშე და მისგან მალულად, არასრულწლოვან ბავშვთან განმარტოვდა მამაკაცების საშხაპეში. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებები, გარდა მოპასუხე მხარის ზეპირი სახის განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ.ე–იამ ა.ა.ი–ის მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ორჯერ მიმართა ,,ვ.ვ–ს“ - სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულებას გერმანიაში. ამ დაწესებულების მიერ 2020 წლის 27 აპრილის დასკვნა, ნ.ე–იას მიერ გადმოცემული ფაქტების საფუძველზე, დეტალურად აღწერს იმ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ და ასკვნის, რომ არასრულწლოვანმა მ.ს.ი–მა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობა განიცადა. გერმანიაში არსებული სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულება მოცემულ შემთხვევაში, მამა-შვილის ურთიერთობის გაგრძელებას აფასებს, როგორც ბავშვის კეთილდღეობის შეზღუდვას, რომელსაც შესაძლოა არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვეს.
5.21. 2022 წლის 04 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შედგა არასრულწლოვან მ.ს.ი–თან გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანმა, თავისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, ქართულ ენაზე გამართულად უპასუხა ფსიქოლოგისა და მოსამართლეთა შეკითხვებს და განმარტა, რომ იცის ქართული, მეგრული და გერმანული ენები, სექტემბრიდან მიდის სკოლაში და ძალიან უხარია, დადის ბაღში, სადაც ჰყავს მეგობრები. საქართველოში თავს კარგად გრძნობს, გერმანიაში დაბრუნების თაობაზე ვერბალური პასუხისგან თავს იკავებს და თავის ჟესტური მოძრაობით უარყოფით პასუხს აფიქსირებს, განმარტავს, რომ დედასთან „აქ უნდა დარჩენა“, მამასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვს, როდესაც მამა ურეკავს. მ.ს–ი განმარტავს, რომ მამა ნახა დედასთან და დასთან ერთად, იყვნენ ზოოპარკში და ნახეს ცხოველები. კითხვაზე, მამასთან ერთად მარტო ყოფილა თუ არა სადმე, უარყოფითად პასუხობს, ხოლო კითხვაზე - სურს თუ არა მამასთან ერთად მარტო სეირნობა, პასუხი არ აქვს.
5.22. ფსიქოლოგის, ნ.ს–ძის განმარტებით, გასაუბრებისას მ.ს–ი არ იყო დაძაბული, ნათლად სცემდა დასმულ კითხვებს პასუხს. ბავშვს ემოციურ მოკავშირედ მიაჩნია დედა, მასთან მიჯაჭვულობა აკავშირებს, თუმცა მამის მიმართაც არ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, რის გამოც ამ უკანასკნელთან კონტაქტი არასრულწლოვნის სამომავლო ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია. დავის საგანთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა განმარტა, რომ მ.ს–ი საქართველოში თავს კარგად და ჰარმონიულად გრძნობს და მოცემულ ეტაპზე ბავშვის რეალობის მკაფიო დარღვევა და რადიკალური ცვლილება უარყოფითად აისახება მის მდგომარეობაზე, რამდენადაც დედა-შვილს შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი და არასრულწლოვნისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცხოვროს დედასთან ერთად.
5.23. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანთან ჩატარებული გასაუბრებების, ფსიქოლოგის და სოციალურ მუშაკთა შეფასებებისა და საქმის მასალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მ.ს–ი აბსოლუტურად მიჯაჭვულია დედაზე და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. გერმანიის ფედერაციულ რესპლუბლიკაში ბავშვის დედის გარეშე დაბრუნება იქნება მატრავმირებელი არასრულწლოვნისთვის და რისკის წინაშე დააყენებს მის ფსიქო-ემოციურ სტაბილურობასა და სამომავლო განვითარებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.24. პალატამ გაიზიარა აპელანტის შედავება მასზედ, რომ არასრულწლოვანი მ.ს.ი–ი მამის - ა.ა.ი–ის თანხმობის გარეშე იქნა საქართველოში ჩამოყვანილი, რის გამოც იგი არამართლზომიერად გადაადგილებულად უნდა იქნეს მიჩნეული. კერძოდ, დედის მიერ ბავშვის საქართველოში ჩამოყვანა მოხდა ბავშვის მეორე კანონიერ წარმომადგენლის, მამის თანხმობისა და მისი ნებართვის გარეშე. მართალია, მხარე მიუთითებს, რომ ბავშვის მამისთვის ცნობილი იყო მოპასუხისა და არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის საქართველოში გამომგზავრების შესახებ (რასაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს), თუმცა ნათელია, რომ ბავშვის დედას არ ჰქონდა მოსარჩელისაგან თანხმობა არასრულწლოვანის საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე. შესაბამისად, ბავშვის გადაადგილება არ მომხდარა ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმებით და ბავშვი წამოიყვანა დედამ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გადაადგილების მართლზომიერებისა და კანონიერების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
5.25. არასრულწლოვნის გერმანიაში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ კონვენცია მართალია განსაზღვრავს კრიტერიუმებს არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დასადგენად, რომელთა არსებობა უნდა დაადგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლომ, თუმცა ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დადგენას a priori არ მოჰყვება ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს უკანასკნელი კონვენციით გათვალისწინებული იმ გამონაკლისი შემთხვევების არსებობითაა განპირობებული, როცა სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კონვენციით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ნორმათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-13(ბ) მუხლი, რომელიც დაბრუნებას გამორიცხავს, თუ არსებობს სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. ამასთან, კონვენციის მე-13 მუხლში ხაზგასმულია, რომ გამონაკლისი შემთხვევის არსებობის დასაბუთების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტისა და თავად დავის თავისებურებიდან გამომდინარე, პალატამ ყურადღება გაამახვილა ბავშვის დედის - ნ.ე–იას მთავარ არგუმენტზე, თუ რატომ გახდა იძულებული დაეტოვებინა გერმანია და თავისი და არასრულწლოვანი შვილის უსაფრთხოების მიზნით ჩამოსულიყო საქართველოში, იგი აპელირებს არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის მიმართ მამის, ა.ა.ი–ის მხრიდან გამოვლენილი სექსუალური ხასიათის შემცველ, ამორალურ და ღირების შემლახველი მოპყრობის ქმედებებზე. დადგენილია, რომ აპელანტის მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. არასრულწლოვნის დედა, ნ.ე–ია მისი მხრიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს, მიუთითებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საფრთხეზე აპელანტის მხრიდან და მიიჩნევს, რომ შვილთან ერთად იქ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.
5.26. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგისა და სოციალურ მუშაკთა დასკვნებისა და მათივე პოზიციის გათვალისწინებით, მკაფიოდ იკვეთებოდა გარემოება მასზედ, რომ ბავშვი მიჯაჭვულია დედას, მის მიმართ ამჟღავნებს პოზიტიურ, სანდო მიჯაჭვულობას და მცირე ასაკიდან გამომდინარე, მთლიანად დამოკიდებულია დედაზე. ბავშვი დედასთან თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკისა და ასევე, ფსიქოლოგის შეფასებით, არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის დედის გარეშე გერმანიაში მამასთან დაბრუნება, რომელთანაც არ აქვს დედის გარეშე დამოუკიდებელი ურთიერთობის გამოცდილება, ბავშვისთვის იქნება მატრავმირებელი და ზიანის გამომწვევი მისი ემოციური მდგომარეობისათვის. არასრულწლოვანისათვის გადამწყვეტ გარემოებას წარმოადგენს დედასთან ერთად ცხოვრების სურვილი, ვინაიდან მასთან ემოციური მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებს. სოციალური სამსახურის დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ბავშვისათვის გარესამყაროსადმი ნდობა სრულად განპირობებულია დედასთან ურთიერთობის მდგრადობით. სწორედ ამიტომ, ყველა წარსულ შემთხვევაში, როდესაც იგი იცვლიდა საცხოვრებელს, ადვილად ეჩვეოდა გარემოს, იმდენად, რამდენადაც დედა - როგორც სტაბილურობის გარანტი მასთან ერთად იყო. ასაკის სიმცირიდან გამომდინარე ბავშვისათვის არის ავტორიტეტი დედა. ამდენად, მას დედასთან ერთად არ უჭირს უცხო გარემოში ადაპტირება და მიმღებლობა. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანის სურვილი და ნება, ის კი ცალსახად უარს აცხადებს გერმანიაში დაბრუნებაზე.
5.27. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, იგი ასაკობრივ ზრდა-განვითარებას განაგრძობს დედასთან, რომლის ამჟამინდელი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო, მისთვის დედასთან ერთად ცხოვრება მნიშვნელოვანია და ამ მიჯაჭვულობის რღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ემოციურ ფონს და მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის გერმანიაში დაბრუნება არ გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი ინტერესებიდან.
5.28. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნის, საქმის სირთულის, წარმომადგენლის მიერ გაწეული იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებისა და მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გასაწევი ხარჯის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 2000 ლარის დაკისრება წარმოადგენდა გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა.ი–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა.
ა.ა.ი–ის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ ცალსახად დაადგინა, რომ ნ.ე–იას არ ჰქონდა ბავშვის გადადგილების უფლება ბავშვის მამის თანხმობის გარეშე, თუმცა დაუსაბუთებლად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.
6.2. სააპელაციო პალატა ბავშვის დაბრუნების საწინააღმდეგო არგუმენტად უთითებს დედის განმარტებაზე, მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, რაც არ დასტურდება მტკიცებულებებით.
6.3. სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნებით დგინდება, რომ ბავშვსა და მამას შორის არსებობს დადებითი ემოციური კავშირი. ბავშვი მამასთან გატარებულ დროს დადებითად იხსენებს. თუმცა, გერმანიაში ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს გაურბის, რაც ადასტურებს დედის უარყოფით ზეგავლენას ბავშვზე.
6.4. არცერთ დასკვნაში არ არის მითითებული, რომ საქართველო ბავშვისთვის მშობლიური გარემოა და აქ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე გერმანიაში. დედამ გაფრთხილებისა და ბავშის მამის თანხმობის გარეშე მოსწყვიტა ბავშვი ჩვეულ გარემოს, რის გამოც იგი განიცდის სტრესს.
6.5. სასამართლომ გადაწყვეტილებაში სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა გერმანიის სასამართლოში მიღებულ 2020 წლის 16 ოქტომბრის შუალედურ გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვზე მზრუნველობის უფლება სრულად მიენიჭა მამას. კასატორი მიიჩნევს, რომ გერმანიაში მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხზე მიმდინარე საოჯახო დავის დასრულების შემდეგ ხელი შეეშლება გადაწყვეტილების აღსრულებას.
6.6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გასული არ არის 1 წელი, ხოლო ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ დედა არ აპირებს გერმანიაში ცხოვრებას, არ არის საკმარისი.
6.7. რაც შეეხება დამატებით გადაწყვეტილებაზე კასატორის პრეტენზიას, იგი მიუთითებს, რომ არ დასტურდება რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ან გადაუხადა თუ არა. შესაბამისად, იურიდიული მომსახურების ღირებულების დაკისრება უსაფუძვლოა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრისა და ამავე წლის 29 ნოემბრის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე ა.ა.ი–ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ა.ა.ი–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელ ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციით (შემდგომში კონვენციით) არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo-ს“ აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).
14. აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიზანი ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოწესრიგდება მომავალში მასზე მეურვეობა. დაბრუნების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს არამართლზომიერი გადაადგილების შედეგად დარღვეული უფლების აღდგენა ბავშვის იმ ადგილას დაბრუნებით, რომელიც მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილია. თუ მეურვეობის უფლება უნდა შეიცვალოს, მაშინ ეს იქნება ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი. ასეთ განმარტებას აკეთებს ასევე ერთ-ერთ საქმეში ფინეთის უზენაესი სასამართლო (Finland: Supreme Court of Finland: KKO:2004:76 [INCADAT cite: HC/E/FI 839]). კონვენციის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს არა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, არამედ იმ ქვეყანას, სადაც არის არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მისი რეგულირების სფერო და მეურვეობის უფლება. კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც შეეხება ბავშვის არამართლოზმიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობით, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, რომელში გადაყვანილია ან დაკავებულია ბავშვი, არ ღებულობენ გადაწყვეტილებას მეურვეობის უფლებათა არსის თაობაზე მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ბავშვი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ამ კონვენციის მიხედვით, ან თუ ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. აღნიშნული მუხლი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აძლევს უფლებამოსილებას, მიიღონ მეურვეობის უფლების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ არ გამოვა გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ან კონვენციის საფუძველზე გადაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან, კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ არ უნდა ჩაითვალოს დადგენილებად მეურვეობასთან დაკავშირებული რაიმე საკითხის არსის თაობაზე. ანუ, ამ მუხლის თანახმად უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს და არ ადგენს მეურვეობის უფლების არსს. ამ დებულების მთავარი მიზანია, მოახდინოს იმ პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, ცალმხრივი ქმედებით შეცვლილი გარემოების ზეგავლენის პრევენცია არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 20).
15. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს. ამდენად, იმის დასადგენად არასრულწლოვანი ექცევა თუ არა კონვენციის იურისდიქციაში, უნდა დადგინდეს, რომ ბავშვს არ შესრულებია 16 წელი, არის თუ არა სახეზე არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება და ცხოვრობდა თუ არა არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოში. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.
16. იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორცილება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.
17. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზუნველობას, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
18. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების კონცეფციის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონვენციის ე.წ. „ავტონომიური“ ბუნებისა და მისი რეგულირების ობიექტის გათვალისწინებით. კონვენციის „ავტონომიური“ ბუნება გულისხმობს მასში არსებული ცნებების, მათ შორის „მეურვეობის“ განმარტებას მხოლოდ ამ კონვენციაში არსებული მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე. კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მეურვეობის უფლება გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობას, რაც უკავშირდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას. ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლოების მიერ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მეურვეობის უფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება. ამასთან, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის მიერ არის აღნიშნული, სახელმწიფოების დიდი ნაწილის სასამართლო პრაქტიკა მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის უფლებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ვეტოს უფლების ერთობლიობა კონვენციის მიზნებისათვის ქმნის მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 28-32).
19. მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება პირობითად მეორე კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოების მიერ მეურვეობის უფლების აღიარება არ მოხდეს მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში იყოს მიღებული, თუ რამდენად ხდებოდა რეალურად ამ უფლებით სარგებლობა. ამასთან, მისი მიზანია დაიცვას ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებობს ამ კრიტერიუმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის პრაქტიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც დაფიქსირდა არაერთი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ კონვენციის საფუძველზე მეურვეობის უფლების დასადგენად არ არის სავალდებულო მეურვეობის უფლების განხორციელება უშუალოდ და პირდაპირ ხდებოდეს ამ უფლების მქონე პირის მიერ. უპირატესი მეურვეობის უფლების მქონე პირს (parent having primary custody right) ხშირად შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, აქვს უფლება განსაზღვროს ვის მიანდოს ბავშვი აღსაზრდელად. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირს აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მის მიმართ. სხვა მიდგომის მიხედვით, მეურვეობის უფლების განხორციელება შესაძლებელია მოხდეს იმ მშობლის მხრიდანაც, რომელიც არ ფლობს უპირატეს მეურვეობას, მაგრამ მუდმივ/რეგულარულ კონტაქტშია ბავშვთან და ინარჩუნებს ნახვის/ურთიერთობის უფლებას. იმ მშობლის მხრიდან ბავშვთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, რომელიც ფლობს de jure მეურვეობის უფლებას, ნიშნავს, რომ მშობელი ამ უფლებას ახორციელებს. ამასთან, მშობელი, რომელსაც უფლება აქვს შეეწინააღმდეგოს მისი თანხმობის გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბავშვის გაყვანას, ითვლება, რომ ახორციელებს მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72).
20. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა 2020 წლის 09 სექტემბერს, ხოლო, საქართველოში ჩამოსვლამდე, 2016 წლის 02 ივლისს დაბადებული მ.ს.ი–ი ცხოვრობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დედასთან ერთად. მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნავდა დედა. ბავშვი ორივე მშობელთან ერთად ცხოვრობდა 10 თვის ასაკამდე, 2017 წლის აპრილის თვეში, როდესაც ბავშვი 10 თვის იყო, ნ.ე–იამ ბავშვთან ერთად დატოვა ა.ი–ის საცხოვრებელი და გადავიდა ქ. ლიმბურგში, ქალთა თავშესაფარში, სადაც ორი თვე დაჰყო, ხოლო შემდეგ, ქ. ინდელჰაიმში დაიქირავა სახლი და ბავშვთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში გამომგზავრებამდე. ა.ა.ი–მა და ნ.ე–იამ 2016 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერეს ბავშვზე ერთობლივი მზრუნველობის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ერთობლივი ზრუნვის შეცვლის საკითხი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება შეცვლილიყო. 2017 წლის 04 დეკემბრის, ბინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბავშვთან ურთიერთობის წესი: ა.ა.ი–ს მიეცა საშუალება ბავშვი ყოველ 14 დღეში შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, თავისთან წაეყვანა. ასევე წელიწადში სამი კვირის განმავლობაში საშვებულებო პერიოდი გაეტარებინა ბავშვთან ერთად. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა და დედა ზრუნავდა მასზე, საქმის მასალების თანახმად, ა.ი–ს თავდაპირველად მათი ერთობლივი (2016 წლის 28 ივნისი) შეთანხმებით, ხოლო შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა ბავშვთან ურთიერთობის წესი. ამასთან, იგი ფაქტობრივად სარგებლობდა ამ უფლებით, რადგან სადავო არ არის ის გარემოება, რომ ის მუდმივ კონტაქტში იყო ბავშვთან და გარკვეული პერიოდულობით ნახულობდა/ურთიერთობდა მასთან. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, არასრულწლოვნის საქართველოში გადაადგილებამდე, მამა, გარდა იმისა, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჰქონდა გარკვეული პერიოდი ბავშვთან ურთიერთობისათვის, ბავშვის მიმართ რეალურად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ სადავო არ არის დედის მიერ არასრულწლოვნის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში მამის ნებართვის გარეშე ჩამოყვანა, ბავშვის ამგვარი გადაადგილებით დაირღვა მამის - ა.ა.ი–ის, როგორც მეურვის უფლება.
21. რაც შეეხება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს, ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: 1. სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; 2. სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; 3. ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ.ს.ი–ი დაიბადა 2016 წლის 02 ივლისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. საქართველოში ჩამოსვლამდე (2020 წლის 09 სექტემბერი) ცხოვრობდა და იზრდებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქვეყნიდან მის გასვლას ხანგრძლივი ხასიათი არ ჰქონია, არის გერმანიის მოქალაქე და საუბრობს გერმანულ ენაზე, 2 წლის განმავლობაში დადიოდა საბავშვო ბაღში. ეს ყველაფერი კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი მ.ს.ი–ი წარმოადგენს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოდან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებულ ბავშვს, რის გამოც ჰააგის კონვენციის მიხედვით, ის ექცევა აღნიშნული კონვენციის იურისდიქციაში და ქმნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში ბავშვის დაბრუნების ერთ-ერთ წინაპირობას.
24. ბავშვის დაბრუნების ზოგად წესზე მიუთითებს ასევე ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის პირველი აბზაცი, რომლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ა.ი–მა სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-12 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილი ერთწლიანი ვადის დაცით, რაც ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-12 მუხლით დადგენილია არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული არასრულწლოვნის დაბრუნების ზოგადი ვალდებულება, თუმცა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართზომიერების დადგენას a priori არ მოჰყვება ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს უკანასკნელი კი კონვენციით გათვალისწინებული იმ გამონაკლისი შემთხვევების არსებობითაა განპირობებული, როცა სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12-ე მუხლის მეორე აბზაცით, მე-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.
25. პალატა, კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის თანახმად სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში. ვინაიდან, ა.ა.ი–მა სასამართლოს მიმართა ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებიდან ერთი წლის ვადაში, კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცის მიზნებიდან გამომდინარე, არარელევანტურია ბავშვის ინტეგრირების არსებობა-არარსებობაზე მსჯელობა, რადგან მე-12 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილი ვადის დაცვით სასამართლოსათვის მიმართვა გამორიცხავს ამავე მუხლის მე-2 აბზაცით განსაზღვრული საგამონაკლისო საფუძვლით (ბავშვის ინტეგრაცია) ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმას.
26. როგორც უკვე აღინიშნა, კონვენციის მე-13 მუხლი ასევე ითვალისწინებს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხონვის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დასესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ:
ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვის მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწუფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. მითითებული მუხლის პირველივე წინადადება მიუთითებს იმაზე, რომ იმ პირობებშიც, როდესაც არსებობს კონვენციის ყველა სხვა მუხლების საფუძველზე ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნების წინაპირობები, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და არ არის ვალდებული დააბრუნოს ბავშვი, თუ იარსებებს კონკრეტული ობიექტური გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საგამონაკლისო შემთხვევას, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უპირველესი პრინციპიდან გამომდინარეობს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზეც, მანამ, სანამ შეფასდება მოპასუხე მხარის მიერ მითითებული მე-13 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო საფუძვლების არსებობა, სახეზეა არასრულწლოვან მ.ს.ი–ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების წინაპირობები, თუმცა როგორც აღინიშნა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, უნდა შეფასდეს, ხომ არ აქვს ადგილი კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისის/გამონაკლისების არსებობას, რაც ხელს შეუშლის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - გერმანიაში დაბრუნებას და გაამართლებს ბავშვის არამართლზომიერ გადაადილებას.
27. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ ჰააგის კონვენციით განსაზღვრული გამონაკლისების ფართო ინტერპრეტაციის საშუალება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევდა კონვენციის მიზნების განხორციელების ხელშეშლას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ეს გამონაკლისები „შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 47-48; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 34). ამდენად, კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისები, კონვენციის არსიდან და მიზნებიდან გამომდინარე არ გამოიყენება ავტომატურად, ნებისმიერი უსაფუძვლო არგუმენტების მითითების საფუძველზე, მათზე დაყრდნობა მხოლოდ კონკრეტული საქმეზე მხარის მიერ მყარ, წონად არგუმენტებზე მითითების და საქმეში არსებული გარემოებების ყოველმხრივი, ძირეული ანალიზის შედეგად ხდება.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღირებულ პრინციპს. მართალია კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, ასევე ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მაგრამ ზოგადი ვარაუდი, რომ სწრაფი დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის, კონკრეტულ საქმეში შეიძლება არ იყოს რელევანტური, კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობების შეფასების შედეგად ბავშვის საუკეთესო ინტერების დაცვასთან შედარებით.
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია გამონაკლისების არსებობა, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე X ლატვიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ როდესაც, სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ ბავშვის დაბრუნების შესახებ ჰააგის კონვენციის თანახმად, ადგილი არ ჰქონდა ყველა შესაბამისი გარემოების სიღრმისეულ ანალიზს, რითაც ჩარევა არაპროპორციული შეიქმნა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოებისადმი მინიჭებული შეფასების ზღვარის ფარგლებში, იმის დადგენისას თუ რამდენად იყო ბავშვისა და მშობლების და საჯარო წესრიგს შორის ინტერესთა ჯეროვანი ბალანსი დაცული ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის ინტერესების დაცვა უნდა ყოფილიყო პირველადი საზრუნავი. ამ მხრივ, ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული ინტერპრეტაციის მიზნებისათვის, ის გარემოებანი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ უკანასკნელი კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებში და ეხება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბურუნების ვალდებულებისაგან გამონაკლისებს, უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ჯეროვნად გათვალისწინებული სასამართლოს მიერ, რომელსაც ამ საკითხზე უნდა მიეღო სათანადოდ არგუმენტირებული გადაწყვეტილება და მხოლოდ შემდეგ შეეფასებინა იგი ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს აკისრებდა პროცედურულ ვალდებულებას, რომელიც ბავშვის დაბრუნების შეფასებისას სასამართლოებისაგან ითხოვდა განეხილა ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში მისადმი „უკიდურესი საფრთხის“ არსებობის შესახებ ბრალდებანი და მიეღო განჩინება კონკრეტული მიზეზების მითითებით. რაც შეეხება „უკიდურესი საფრთხის“ ზუსტ ხასიათს, ჰააგის კონვენციის 13(ბ) მუხლით დადგენილი გამონაკლისები ეხება მხოლოდ იმ ვითარებებს, რომლის გადატანაც, გონივრულად, არ შეუძლია ბავშვს.
31. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
32. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელის მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის N12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციისა და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით (lex fori) (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 49; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 109).
34. მტკიცების ზღვარი საკმაოდ მაღალია მაშინ, როდესაც პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადაადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, უთითებს განმცხადებლის მიერ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ან/და სხვა სახის ძალადობის ჩადენის შემთხვევებზე. ასეთი ბრალდება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნა არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებებს (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 68).
35. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, მიუთითა, რომ წინააღმდეგია ბავშვი დაბრუნდეს მამასთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მითუმეტეს, რომ არასრულწლოვანი მამამ წაიყვანოს დამოუკიდებლად, რადგან არის მოძალადე და უთითებს, რომ ა.ა.ი–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის შემცველ, ამორალურ და ღირსების შემლახავი მოპყრობას ბავშვის მიმართ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ბავშვის განვითარებასა და მომავალს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნები ბავშის ჯანმრთელობისა და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოკვლევის შესახებ.
36. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით დეტალურად და სრულყოფილად უნდა შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები კონვენციის მე-13(ბ) მუხლთან მიმართებით.
37. პალატა ყურადღებას ამახვილებს ბავშვის დედის - ნ.ე–იას მთავარ არგუმენტზე, თუ რატომ გახდა იძულებული დაეტოვებინა გერმანია და თავისი და არასრულწლოვანი შვილის უსაფრთხოების მიზნით ჩამოსულიყო საქართველოში. მოპასუხე, როგორც უკვე აღინიშნა, აპელირებს არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის მიმართ მამის, ა.ა.ი–ის მხრიდან გამოვლენილი სექსუალური ხასიათის შემცველ, ამორალურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. მოპასუხემ ა.ა.ი–ის მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ორჯერ მიმართა „ვ.ვ–ს“ - სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულებას გერმანიაში. ამ დაწესებულების მიერ გაცემული 2020 წლის 27 აპრილის დასკვნა, ნ.ე–იას მიერ გადმოცემული ფაქტების საფუძველზე, დეტალურად აღწერს იმ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ და ასკვნის, რომ არასრულწლოვანმა მ.ს.ი–მა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობა განიცადა. თუმცა, აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტებს და მოვლენებს, რასაც თავად მხარე, ნ.ე–ია ატყობინებს მათ. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხის მითითება, ასევე მხოლოდ მოპასუხის მონათხრობის გათვალისწინებით შედგენილი დასკვნა იმ ფაქტის დასადგენად, რომ ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდების შემთხვევაში, იმ პირის მხრიდან ვინც გადააადგილა/დააკავა არასრულწლოვანი, მტკიცების ზღვარი საკმაოდ მაღალია, ვერ აკმაყოფილებს არათუ მტკიცების მაღალ ზღვარს, არამედ ვერანაირ მტკიცებით სტანდარტს და ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად მოპასუხის მიერ მითითებული ამ გარემოების დასადატურებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
38. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 10 მარტის N07-01-2-7753 (საოჯახო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო დავალების საფუძველზე მომზადებული დასკვნა) დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელესთან ა.ა.ი–თან სოციალური მუშაკის მიერ კომუნიკაცია განხორციელდა ორჯერ - 2021 წლის თებერვლის და მარტის თვეში. იგი ასევე ესწრებოდა მამა-შვილის „ZOOM“ კონფერენციას 2021 წლის 05 მარტს. მოსარჩელესთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნ.ე–იას პოზიციას და ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი სექსუალური ხასიათის რაიმე ქმედებას მ–ას მიმართ და ეს ყოველივე ნ.ე–იას მოგონილია. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოკვლევა, რომელმაც მისი უდანაშაულობა დაადასტურა. მოსარჩელე გამორიცხავს ასევე, თანაცხოვრების პერიოდში ძალადობის ან მის მიერ ალკოჰოლის ავად მოხმარების ფაქტებს. მოსარჩელემ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ სურს დედა-შვილის დაშორება, მაგრამ ასევე არ სურს, რომ მისი შვილი უმამოდ გაიზარდოს, რაც დრო გავა უფრო დაშორდეს მამას, დას და მის სამშობლოს-გერმანიას. არასრულწლოვანთან გასაუბრების შემდეგ, მამა იყო შეშფოთებული იმის გამო, რომ ბავშვმა ქართულად დაიწყო საუბარი, მამასაც ქართულად ესაუბრებოდა და შიშობს, რომ რაც დრო გადის, მით უფრო შორდება ბავშვი მის ბუნებრივ გარემოს - გერმანიას. აღნიშნული დასკვნიდან ასევე დგინდება, რომ „ბავშვის დაკვირვების, მისი წარსული გამოცდილებების შესწავლისა და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მ.ს.ი–ის გერმანიაში დაბრუნება დედის გარეშე მისთვის მძიმე აუტანელი გამოცდილება იქნება და გამოიწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რისი სამომავლო შედეგების განჭვრეტა რთულია. 4 წლის მ.ს.ი–ი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჯღავნებს დედის - ნ.ე–იას მიმართ. ბავშვისათვის გარესამყაროსადმი ნდობა სრულად განპირობებულია დედასთან ურთიერთობის მდგრადობით. დედასთან ერთად თავს დაცულად, მშვიდად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ყველა წარსულ შემთხვევაში, როდესაც იგი იცვლიდა საცხოვრებელს, ადვილად ეჩვეოდა გარემოს. იმდენად, რამდენადაც დედა, როგორც სტაბილურობის გარანტი მასთან ერთად იყო. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ბავშვი ნებისმიერ ცვლილებას შეეგუება, თუ მასთან ერთად დედაც იქნება და ასევე მისთვის გასაგებად იქნება ცვლილებების შესახებ მიწოდებული ყველა ინფორმაცია, რათა ფსიქოლოგიური მზაობა ჰქონდეს“.
39. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის 2021 წლის 08 აპრილის N07-21-11800 მ.ს.ი–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით დგინდება, რომ ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა: 1) ბავშვის იმჟამინდელი ზოგადი-ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დადგენა, ბავშვის ფსიქო-ემოციური დამოკიდებულების დადგენა მამის მიმართ-რა/როგორ ემოციებთანაა დაკავშირებული, 3) როგორ გრძნობს ბავში თავს დედასთან და როგორია მისი ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება/კავშირი დედასთან. აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში განხორციელდა ფსიქოლოგის ვიზიტები დედა-შვილისა და ბავშვის ოჯახის წევრებთან მიმართებაში ფსიქოლოგის დაკვირვების მიზნით. მ.ს.ი–სა და ა.ა.ი–ს შორის შედგა შეხვედრა ე.წ. „ZOOM“ პლათფორმის მეშვეობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ოფისში განხორციელდა სამი ვიზიტი დედა-შვილის დაკვირვებისთვის. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ „მ.ს.ი–ს აქვს დედასთან ერთად ცხოვრების სურვილი და მასთან ემოციური მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებს. საქართველოში მას აქვს მჭიდრო კონტაქტის შესაძლებლობა ნათესავებთან (ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიძაშვილი). დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მ.ს.ი–ის გერმანიაში დაბრუნების საკითხი საჭიროებს ფრთხილ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მიდგომას. მ.ს–ის დედის გარეშე დაბრუნება გერმანიაში მძიმე ტრავმული გამოცდილება იქნება და შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები. ბავშვისთვის დედა არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი, მ.ს–ის არ უჭირს დედასთან ერთად ახალ გარემოში ადაპტირება, ბავშვი ადვილად ეჩვევა ახალ გარემოს, თუკი მასთან იმყოფება ნ.ე–ია. გამოიკვეთა, რომ ბავშვი ნებისმიერ ცვლილებებს ადვილად ეგუება, თუ კი მასთან ერთად დედაც იმყოფება. ნ.ე–ია კატეგორიულ უარს აცხადებს მის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე. ფსიქოლოგიური პოზიტიური განწყობისთვის რაიმე სახის ცვლილებების შესახებ წინასწარ უნდა მოხდეს დედის მიერ ბავშვის შემზადება, რათა არ იყოს მისთვის სტრესული. შეფასების შედეგად გამოიკვეთა მამა-შვილის ემოციური კავშირი, მ.ს–იმ მამის დანახვისას გამოხატა დადებითი განწყობა, მათ შორის არსებობს ემოციური კავშირი, თუმცა გამოიკვეთა, რომ ბავშვს არ აქვს მამასთან ურთიერთობის გამოცდილება დედის მონაწილეობის გარეშე. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებთ ერთმანეთთან დედა-შვილს. ნ.ე–იას განმარტებით, იგი ბოლომდე ჩართულია შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, იცის შვილის ყველა საჭიროება და ერთი დღეც არ ყოფილა ბავშვის ცხოვრებაში, რომ დედის გარეშე დარჩენილიყო. მ.ს–ი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური და მშვიდი. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ბიოლოგიურ დედასთან ფიზიკური და სულიერი კონტაქტი. ასაკის სიმცირიდან გამომდინარე, ბავშვისთვის ავტორიტეტი არის დედა“. ასევე სოციალური მუშაკის შეფასებით, ვინაიდან მამის მხრიდან არ იქნა მიღებული სანდო და დამაჯერებელი პასუხი, თუ რა გარემოში და ვისი მზრუნველობის ქვეშ იქნება ბავშვი გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ უჭერს მხარს ა.ა.ი–ის მოთხოვნას არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ. ბავშვს მამასთან დედის გარეშე ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, შესაბამისად, სოციალური მუშაკის მითითებით, მ.ს.ი–ის გერმანიაში დაბრუნების საკითხი საჭიროებს ფრთხილ და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მიდგომას. ბავშვის დედის გარეშე დაბრუნება გერმანიაში მძიმე ტრავმული გმოცდილება იქნება და შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები.
40. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 22 მარტის N07-01-1747 დასკვნის თანახმად, მ.ს.ი–ს ესმის და მეტყველებს როგორც გერმანულ, ასევე ქართულ ენებზე. ბავშვი გერმანიაში მისი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვებზე მოკლედ პასუხობდა, ან საერთოდ აიგნორებდა, მაშინ, როდესაც იგივე შინაარსის შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მხიარულად და გახსნილად პასუხობდა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ბავშვზე განხორციელებული ზრუნვის ნაკლებობა არ შეიმჩნევა, მას აქვს ასაკის შესაფერისი საკვები რაციონი, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, ასაკისა და სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, განვითარებისთვის აუცილებელი სათამაშოები და წიგნები, მშობელი სათანადო ყურადღებას უთმობს ბავშვს, უსმენს მის აზრს, მის საჭიროებებს დროულად და ეფექტურად აკმაყოფილებს. ბავშვზე განხორციელებული ყოველდღიური ზრუნვის თვალსაზრისით პრობლემები არ იკვეთება. ბავშვს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ეპყრობიან დედა, ბებია, ბაბუა, ბიძა და ბიძაშვილი. ნ.ე–ია და მ. სოციალურად ადაპტირებული არიან ზუგდიდის რაიონის სოფელ ........, სადაც ცხოვრობენ მათი უახლოესი ნათესავები. ნ.ე–ია მშობლებსა და ძმის ოჯახს ძლიერი თანადგომის ქსელად მიიჩნევს, ასევე მიუთითებს, რომ ჰყავს ნათესავები და მეგობრები, თბილისსა და ზუგდიდში, რომლებიც საჭიროების დროს მისი ოჯახის გვერდით არიან და თუ ამის აუცილებლობაა, ეხმარებიან მას. მითითებული დასკვნა მოიცავს ასევე ინფორმაციას ბავშვის სოციალურ განვითარებაზე. დასკვნის აღნიშნული ნაწილიდან ირკვევა, რომ ბავში სითბოს, სიყვარულს და ნდობას გამოხატავს ბიძაშვილის - ნ–ს მიმართ, რომელთან ერთადაც მთელ თავისუფალ დროს ატარებს, თამაშობს და მეცადინეობს. ძალიან უყვარს ბაბუა, რომელსაც შინაური ცხოველების და ფრინველების მოვლაში ეხმარება, ბიძაშვილის სკლაში ყოფნის დროს ბაბუას დაჰყვება და ესაუბრება. მათ დადებითი ურთიერთკავშირი აქვთ ერთმანეთთან. გარშემო არსებულ რეალობას: სახლს, ოჯახს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს აღიქვამს, როგორც საკუთარს. თავს გრძნობს ოჯახის სრულფასოვან წევრად. ადაპტირებულია იმ სოციალურ გარემოში, სადაც ცხოვრობს, იცნობს მეზობლებს, რომლებიც ასევე მისი ოჯახის ნათესავები არიან. მათ ყოველდღიურად სტუმრობს, თამაშობს მეზობელ ბავშვებთან და დროს მხიარულად ატარებს. აღნიშნული დასკვნით ასევე დგინდება, რომ ნ.ე–იას საცხოვრებელი სახლი თბილისში აღჭურვილია ყველა აუცილებელი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, გათბობისა და გაგრილების სისტემით და ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია.
41. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა, ნ.ს–ძემ განმარტა, რომ გასაუბრებისას მ.ს–ი არ იყო დაძაბული, ნათლად სცემდა დასმულ კითხვებს პასუხს. ბავშვს ემოციურ მოკავშირედ მიაჩნია დედა, მასთან მიჯაჭვულობა აკავშირებს, თუმცა მამის მიმართაც არ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, რის გამოც ამ უკანასკნელთან კონტაქტი არასრულწლოვნის სამომავლო ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია. დავის საგანთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა განმარტა, რომ მ.ს–ი საქართველოში თავს კარგად და ჰარმონიულად გრძნობს და მოცემულ ეტაპზე ბავშვის რეალობის მკაფიო დარღვევა და რადიკალური ცვლილება უარყოფითად აისახება მის მდგომარეობაზე, რამდენადაც დედა-შვილს შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი და არასრულწლოვნისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცხოვროს დედასთან ერთად.
42. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის დედა - მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნებას, იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მხიდან მას დაემუქრება ფიზიკური და ფსიქოლოგიური საფრთხე და შვილთან ერთად იქ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. მნიშვნელოვანია ასევე ბავშვის - მ.ს.ი–ის მიერ 2022 წლის 04 მაისს, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებთან გასაუბრებისას დაფიქსირებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მას საქართველოში უნდა დარჩენა.
43. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნების და ფსიქოლოგის განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად მიუთითებს, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. როგორც დასკვნები, ასევე ფსიქოლოგის შეფასება ერთმნიშვნლოვნედ მიუთითებს იმაზე, რომ მ.ს.ი–ი, რომელიც არის როგორც გერმანიის, ისე საქართველოს მოქალაქე, 10 თვის ასაკიდან, მას შემდეგ რაც მშობლებმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, ცხოვრობს დედასთან ერთად. ის განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჟღავნებს დედის მიმართ. გერმანიაში დაბრუნება დედის გარეშე მისთვის მძიმე ტრავმული, აუტანელი გამოცდილება იქნება და გამოიწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რისი სამომავლო შედეგების განჭვრეტა რთულია. ამ დასკვნებისვე თანახმად, არა თუ დედის გარეშე ცხოვრება, არამედ ბავშვს არ აქვს მამასთან ურთიერთობის გამოცდილება დედის მონაწილეობის გარეშე, რადგან განსაკუთრებული მჭიდრო მიჯაჭვულობა აკავშირებთ ერთმანეთთან დედა-შვილს, დედა კი, როგორც აღინიშნა კატეგორიულ უარს აცხადებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე. უმნიშვნელოვანესია ასევე სოციალური მუშაკის პოზიცია, რომელმაც მიუთითა, რომ ბავშვის მამის მხრიდან არ იქნა მიღებული სანდო და დამაჯერებელი პასუხი, თუ რა გარემოში და ვისი მზრუნველობის ქვეშ იქნება ბავშვი გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში, ხოლო ბავშვს მამასთან დედის გარეშე ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, შესაბამისად, ბავშვის დედის გარეშე დაბრუნება გერმანიაში მძიმე ტრავმული გმოცდილება იქნება და შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა არასრულწლოვანი მ.ს.ი–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებას, რაც ასევე თანხვედრაშია ფსიქოლოგის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერშეჯერების და ანალიზის შედეგად პალატა ასკვნის, რომ ბავშვის - მ.ს.ი–ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დედის გარეშე დაბრუნებით იარსებებს სერიოზული რისკი იმისა, რომ ის აღმოჩნდეს გონივრულად მისთვის აუტანელი ფსიქოლოგიური საფრთხის ქვეშ, რადგან დადგენილია, რომ დაბრუნება მისთვის იქნება მატრავმირებელი, აუტანელი გამოცდილება, ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი, რითაც შესაძლოა ზიანი მიადგეს მის განვითარებას და ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას. აღნიშნული კი წარმოადგენს ჰააგის კონვენციის მე-13 (ბ) მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უარის თქმის წინაპირობას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დავის მიზნით.
44. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების მიუხედავად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი უნდა განიმარტოს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან თანხვედრაში, მათ შორის, ჰააგისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციებთან ჰარმონიაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ ვალდებულება, განახორციელონ ოჯახში არსებული სიტუაციის სიღრმისეული შემოწმება და დაბალანსებულად და გონივრულად შეაფასონ თითოეული პირის ინტერესები არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დასადგენად. სასამართლომ განაცხადა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები დამოკიდებულია სხვადასხვა ინდივიდუალურ გარემოებაზე, მათ შორის, მის ასაკსა და მოწიფულობაზე, მშობლებთან მისი ყოფნის აუცილებლობაზე და ა.შ. (Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], no. 41615/07).
45. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ასევე არაერთგზის განმარტა, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (საქმე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“ - Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, N28945/95, 10.05.2001, პარ.72. Johansen v. Norway).
46. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს კონვენციის მე-13 (ბ) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წინაპირობის არსებობა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მართებულად არ დააკმაყოფილეს ა.ა.ი–ის მოთხოვნა მ.ს.ი–ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ.
47. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია მე-12 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის დაწესებით აღიარებს, რომ ერთი წელი არ არის საკმარისი ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრაციისათვის, ხოლო ა.ა.ი–მა სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-12 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილი ერთწლიანი ვადის დაცვით, რის გამოც ბავშვის ინტეგრაციის საკითხზე მსჯელობა რელევანტური არ იყო კონვენციის მე-12 მუხლის ჭრილში და არც უმსჯელია, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ყურადღება გამახვილდეს ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრაციის საკითხზე. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნები ბავშის ჯანმრთელობისა და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოკვლევის შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის 2021 წლის 08 აპრილის N07-21-11800 მ.ს.ი–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით დასტურდება, რომ ბავშვი საუბრობს ქართულად, საქართველოში აქვს მჭიდრო კონტაქტის შესაძლებლობა ნათესავებთან (ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიძაშვილი). ის საქართველოში თავს კარგად და ჰარმონიულად გრძნობს და მოცემულ ეტაპზე ბავშვის რეალობის მკაფიო დარღვევა და რადიკალური ცვლილება უარყოფითად აისახება მის მდგომარეობაზე, ხოლო ქ. თბილისის საქალაქო ცენრის 2021 წლის 22 მარტის N07-01-1747 დასკვნიდან ირკვევა, რომ ბავშვი სითბოს, სიყვარულს და ნდობას გამოხატავს ბიძაშვილის - ნ–ას მიმართ, რომელთან ერთადაც მთელ თავისუფალ დროს ატარებს, თამაშობს და მეცადინეობს. ძალიან უყვარს ბაბუა, რომელსაც შინაური ცხოველების და ფრინველების მოვლაში ეხმარება, ბიძაშვილის სკლაში ყოფნის დროს ბაბუას დაჰყვება და ესაუბრება. მათ დადებითი ურთიერთკავშირი აქვთ ერთმანეთთან. გარშემო არსებულ რეალობას: სახლს, ოჯახს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს აღიქვამს, როგორც საჯკუთარს. თავს გრძნობს ოჯახის სრულფასოვან წევრად. ადაპტირებულია იმ სოციალურ გარემოში, სადაც ცხოვრობს, იცნობს მეზობლებს, რომლებიც ასევე მისი ოჯახის ნათესავები არიან. მათ ყოველდღიურად სტუმრობს, თამაშობს მეზობელ ბავშვებთან და დროს მხიარულად ატარებს. ამ დასკვნის თანახმად, მართალია, არამართლზომიერად გადაადგილებული მ.ს.ი–ის საქართველოში შემოყვანიდან სარჩელის აღძვრამდე არ არის გასული ერთი წელი, თუმცა საქართველოში შემოყვანის შემდეგ ბავშვი იზრდება ისეთ მზრუნველ და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ - ერთ წლამდე ვადაში ადაპტაციას ახალ გარემოში. ამდენად, თვალსაჩინოა, რომ ბავშვი ახალ გარემოში არის სრულად ინტეგრირებული და მისი დაბრუნება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ვიდე მის დაბრუნებაზე უარის თქმა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას შეუძლებელია ყურადღება ასევე არ გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ბავშვი სრულად ინტეგრირებულია ახალ გარემოში.
48. საკასაციო პალატა შეაფასებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნებით დგინდება დადებითი ემოციური კავშირი ბავშვსა და მამას შორის; გერმანიაში ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვებს კი ბავშვი გაურბის, რაც ადასტურებს დედის უარყოფით ზეგავლენას ბავშვზე; საქმეში წარმოდგენილი დასკვნებიდან ასევე არ დგინდება, რომ ბავშვი საქართველოში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რაც ბავშვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების საფუძველია. აღნიშნულ პრეტენზიებთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ ბავშვის დაბრუნების საფუძვლად მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ არის რელევანტური და საპირწონე იმ დადგენილ გარემოებებთან შედარებით, რამაც პალატა დაარწმუნა, რომ არსებობდა კონვენციის მე-13 (ბ) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წინაპირობი და მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ დააკმაყოფილეს ა.ა.ი–ის მოთხოვნა მ.ს.ი–ის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, მოსარჩელეს თავის მხრივ არ წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის, რაც პალატას დაარწმუნებდა იმაში, რომ ბავშვის დედის გარეშე გერმანიაში დაბრუნება ბავშვისათვის არ იქნებოდა მატრავმირებელი, აუტანელი გამოცდილება, ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი, რითაც შესაძლოა ზიანი მიადგეს მის განვითარებას და ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას და შესაბამისად არ იარსებებდა სერიოზული რისკი იმისა, რომ ბავშვი აღმოჩნდებოდა გონივრულად მისთვის აუტანელი ფსიქოლოგიური საფრთხის ქვეშ.
49. კასატორი ასევე მიუთითებს გერმანიის სასამართლოში (ბავშვზე მზრუნველობის უფლების სრულად მამაზე მინიჭების შესახებ) მიმდინარე საოჯახო დავის დასრულების შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაზე, რაზეც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იხილება არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ მოთხოვნა, ჰააგის 1980 წლის კონვენციიდან გამომდინარე. ჰააგის კონვენციის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმის განხილვა ვერ იქნება დამოკიდებული სხვა დავის განხილვაზე, მათ შორის გერმანიაში განსახილველ საოჯახო დავაზე. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მოცემულია ამ გადაწყვეტილების მე-14 აბზაცში. აქედან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული ეს არგუმენტი, სრულიად უსაფუძვლოა.
50. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმაზე, რომ სააპელაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ ნ.ე–იას არ ჰქონდა ბავშვის გადადგილების უფლება ბავშვის მამის თანხმობის გარეშე, თუმცა დაუსაბუთებლად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან სარჩელის შეტანამდე გასული არ არის ერთი წელი, პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს დედის მიერ მ.ს.ი–ის არამართლზომიერი გადაადგილება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და ამავდროულად მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან კონვენციის მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცით დადგენილ ერთწლიან ვადაში, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, თავის მხრივ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნების საფუძველია, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი იყო არა აღნიშნული გარემოებების იგნორირება, არამედ კონვენციის მე-13 (ბ) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წინაპირობის არსებობა, რაც გაიზიარა საკასაციო პალატამაც. ამდენად კასატორის აღნიშნული პრეტენზია არარელევანტური და უსაფუძვლოა.
51. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
52. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითება, რომ საქმის მასალებით ნ.ე–იას მიერ ადვოკატის ხარჯების რეალურად გაღების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც მისი მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ N026/2020 ხელშეკრულებას იურიდიული მომსახურების შესახებ, რომელიც გაფორმებულია ნ.ე–იასა და იურიდიულ კომპანია „კ–ლი და ა–ებს“ შორის მიმდინარე დავის ფარგლებში. შესაბამისად, დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულება. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ N-592-2019, 14.07.2021).
53. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწვეტილებაში ასახულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა.ა.ი–ისათვის ნ.ე–ას მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოდ დაკისრებასთან მიმართებით.
54. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებასა და დამატებით გადაწყვეტილებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერც განჩინებას და ვერც დამატებით გადაწყვეტილებას ვერ დაუპირისპირა და შესაბამისად, ა.ა.ი–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე