საქმე №ას-966-2019 13 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „თ.“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ტ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. გ. ტ-მა (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა სს ,,თ." (შემდეგში: დამსაქმებელი ან კომპანია ან მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდე, რომლითაც მოითხოვა: ა) შეთავსებული სამუშაოს შესრულებისათვის შრომის ანაზღაურება - 17192.2 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე - ხელზე) ოდენობით; ბ) ანაზღურების და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% 2015 წლის თებერვლიდან სარჩელის შეტანამდე 2466.25 ლარის ოდენობით; გ) ანაზღურების და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% სარჩელის შეტანიდან (2016 წლის 30 მარტი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 7797 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა იხ., ს.ფ. 199).
2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს საზოგადოების შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ... - მოსარჩელეს დაეკისრა ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება, თუმცა, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია შეთავსებითი სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ შესაბამისი შრომის გასამრჯელო.
3. მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6. 2007 წლის 5 დეკემბრიდან მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხესთან.
7. 2013 წლის 25 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე დაინიშნა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოების შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების .... თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 3000 ლარით (ყოველთვიური ხელფასი 2400 ლარი და პერსონალური დანამატი 600 ლარი).
8. 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ... - მოსარჩელეს დაეკისრა ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება 2015 წლის 19 თებერვლიდან, ძირითდი სამუშაოდან გათავისუფლების გარეშე; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეს დამატებითი ხელფასი ამ თანამდებობრივი ვალდებულების შესრულებაზე არ მიუღია.
9. 2016 წლის 1 თებერვალს მოპასუხემ შეატყობინა მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტა მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
10. 2016 წლის 4 თებერვლის Nკ-90 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
11. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სამართალწარმოების საგანს დათხოვნის ბრძანების კანონიერების შესწავლა არ წარმოადგენს.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17192.2 ლარის გადახდა. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო ხელფასის დაყოვნებისათვის სარჩელის აღძვრამდე 2016 წლის 30 მარტამდე 2466.25 ლარი და 2016 წლის 30 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 17192.2 ლარის 0.07% ყოველდღიურად, არაუმეტეს 7797 ლარამდე.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე დაინიშნა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოების შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების .... თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 3000 ლარით (ყოველთვიური ხელფასი 2400 ლარი და პერსონალური დანამატი 600 ლარი). 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ... - მოსარჩელეს დაეკისრა ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება 2015 წლის 19 თებერვლიდან, ძირითდი სამუშაოდან გათავისუფლების გარეშე.
15. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 თებერვლიდან მოსარჩელე ასრულებდა, როგორც მთავარი სპეციალისტის ისე, განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულებას, რაც მთავარი სპეციალისტის მოვალეობისაგან განსხვავებით მოიცავდა როგორც საკუთარი სამუშაოს, ასევე განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და დაგეგმვას, განყოფილების პერსონალის მართვას, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, უარყოფილი იქნა დამსაქმებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს რაიმე დამატებითი ფუნქციები, არ დაჰკისრებია და ეს შეთავსება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. არც ის გარემოება იქნა გაზიარებული, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული თანამდებობრივი ფუნქციები და პასუხისმგებლობა არსებითად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, საერთოდ გაუგებარი იყო რას ემსახურებოდა საერთოდ მოსარჩელის განყოფილების ... მოვალეობის შესრულების დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით დასაქმებულის მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს (სუსგ Nას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი და ა.შ). შესაბამისად, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა იმის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე კვლავ იმ სამუშაოს ისედაც ასრულებდა თუ არა რისი შესრულებაც მას კიდევ ერთხელ დაეკისრა.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის ხელშეკრულების 3.4 პუნტზე, რომლის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას ამ ხელშეკრულებით, შინაგანაწესით, კოლექტიური შეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები. დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის 2.22 პუნქტის თანახმად, მუშაკს შეიძლება დაევალოს დამატებითი სამუშაოს შესრულება სხვა ან იგივე პროფესიის მიხედვით დამატებითი გადახდის საფუძველზე.....
17. შინაგანაწესის 4.1.13 პუნქტის მიხედვით მუშაკს აქვს უფლება მოითხოვოს ხელფასის დროული და სრული ოდენობით გადახდა, მათ შორის, გადახდები, კომპენსაციები, გარანტიები ნორმალურისაგან განსხვავებულ პირობებში მუშაობისათვის, მათ შორის, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ....
18. დამსაქმებლის 2014 წლის 01 აგვისტოს N311 ბრძანებით დამტკიცებული მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების დანართი N5-ით განსაზღვრულია დამატებითი გადახდების ოდენობა, რომლის 3.1 პუნქტით პროფესიების (თანამდებობის) შეთავსებისათვის მომსახურების ზონის გაფართებისთვის (შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ზრდა) დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობების შესრულებისათვის მაქსიმალური დამატებითი გადახდის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შეთავსებული თანამდებობის სარგოს 50%-ს.
19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტს - მოსარჩელეს დაეკისრა ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება 2015 წლის 19 თებერვლიდან, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლების გარეშე და ბრძანებაში არ არის მითითებული შეთავსებული თანამდებობისთვის დამატებითი გადახდის ოდენობა, იგულისხმემა, რომ მოსარჩელე განყოფილების ... მოვალეობას ასრულებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებული პოზიცია და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დამატებითი სამუშოს შესრულებისათვის ზემოთ მოყვანილი დებულებებით გათვალისწინებულია შესაბამისი დამატებითი გადახდა, ის გარემოება, რომ ბრძანებაში არ არის მითითებული დამატებითი გადახდის ოდენობის შესახებ, მოპასუხეს არ ათავისუფლებს გადაუხადოს მხარეს მის მიერ დამატებითი სამუშოს შესრულებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურება, მით უფრო, რომ სადავო ბრძანება ასევე არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვალდებულია დამატებითი სამუშაო შეასრულოს შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და დამსაქმებელს უნდა დაეკისროს დასაქმებულის სასარგებლოდ თანამდებობის შეთავსების გამო დამატებით გადასახდელი ანაზღაურება შეთავსებული თანამდებობისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების 50% - 17 192.2 ლარი.
21. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი იყო სარჩელი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების შესახებ. შესაბამისად, დამსაქმებელს დაეკისრა დასაქმებულის სასარგებლოდ სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, 17192.2 ლარის 0.07% სარჩელის აღძვრამდე 2016 წლის 30 მარტამდე, რაც 2466.25 ლარს შეადგენს და 2016 წლის 30 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 17192.2 ლარის 0.07& ყოველდღიურად არაუმეტეს 7797 ლარისა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის იყო მოლაპარაკება პოზიციის შეთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გარეშე, რასაც ადასტურებს კიდევ ერთხელ ის, რომ საზოგადოების მიერ 2.6 მუხლის მიხედვით გამოიცა მხოლოდ ბრძანება და მას როგორც ასეთი შრომით ხელშეკრულებაზე გაფორმებული დამატებითი შეთანხმების ფორმა არ ჰქონია. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების მუხლები ამ კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, ვინაიდან დებულების 2.6 მუხლის მიხედვით დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულების დაკისრება სხვა მუშაკზე სავალდებულო წესით ფორმდება საზოგადოების ბრძანებით, სადაც მიეთითება დამატებითი გადახდის ოდენობა. დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის ოფიციალურად გაუფორმებელი შესრულება არ ექვემდებარება ანაზღაურებას და არ იწვევს იურიდიულ შედეგებს დროებით არმყოფი მუშაკის თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში. აღნიშნულ მუხლშივეა ჩადებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება, მას არ შეიძლება რაიმე სახის იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აგრეთვე საზოგადოება უთითებს იმასაც, რომ დროებით არმყოფი მუშაკის თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებაში დაშვებულ დარღვევებს მუშაკისთვის რაიმე იურიდიული შედეგის მოტანა არ შეუძლია, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემა და მოსარჩელის მიერ განყოფილების უფროსის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. დასაქმებულის მიერ გათავისუფლებამდე არც კი ყოფილა რაიმე სახის პრეტენზია ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებით, რადგან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი მოლაპარაკება, რომ უფროსის მოვალეობის შესრულებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მას არანაირი იურიდიული შედეგი არ მოჰყვებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არანაირი ხელშეკრულება ან სხვა სახის წერილობითი შეთანხმება განყოფილების ... თანამდებობის შეთავსებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, არც რაიმე ტიპის დამატებითი შეთანხმება არ გაფორმებულა დასაქმებულთან მისი ძირითადი შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. კასატორი მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია სხვა დანარჩენ იქ მითითებულ პირობებთან ერთად: დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე და ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი. კასატორი აცხადებს, რომ არც ერთ მათგანზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ანაზღაურების გარეშე შეეთავსებინა უფროსის თანამდებობა და ამის შესახებ დებულების 2.6 მუხლის თანახმად საზოგადოების მიერ გამოიცა ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსის მოვალეობის შეთავსება მხოლოდ ფორმალური იყო და ის ანაზღაურებად შრომით ურთიერთობას ცალკე აღებული ძირითადი შრომითი ხელშეკრულებიდან განცალკევებით არ წარმოადგენს, ვინაიდან მის არსებით პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან. კასატორი აღნიშნავს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულება მართლაც რომ ყოფილიყო საჭირო და მხარეები ანაზღაურების წესზე შეთანხმებულიყვნენ, მაშინ დასაქმებულს უნდა შეეთავსებინა სამუშაო და ამისთვის ანაზღაურება მიეღო ამავე პუნქტის ვ. ქვეპუნქტის მიხედვით (ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი) რაც ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ხოლო შრომითი კოდექსის 11 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ კომპანიას დააკისრა მაქსიმალური პროცენტის გადახდა სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით და ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა შრომის ანაზღაურების საფუძვლიანობა, მართლზომიერი არ არის დამსაქმებლისათვის ზიანის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ შესრულებული დამატებითი სამუშაოსათვის (შეთავსებული თანამდებობა) სანაცვლო ანაზღაურებას, თუმცა, მოპასუხე, როგორც შესაგებლით, ისე სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით გამორიცხავს დამსაქმებლის ვალდებულებას სახელფასო ანაზღაურების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის იყო მოლაპარაკება პოზიციის შეთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
28. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არანაირი ხელშეკრულება ან სხვა სახის წერილობითი შეთანხმება განყოფილების უფროსის თანამდებობის შეთავსებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, არც რაიმე ტიპის დამატებითი შეთანხმება არ გაფორმებულა დასაქმებულთან მისი ძირითადი შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, 2015 წლის 19 თებერვლიდან მოსარჩელე ასრულებდა, როგორც ... ისე, განყოფილების .... მოვალეობას, რაც ... მოვალეობისაგან განსხვავებით მოიცავდა როგორც საკუთარი სამუშაოს, ასევე განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და დაგეგმვას, განყოფილების პერსონალის მართვას, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს დამსაქმებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს რაიმე დამატებითი ფუნქციები, არ დაჰკისრებია და ეს შეთავსება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და შესაბამისად, იურიდიულ შედეგს არ იწვევდა (იხ., საკასაციო საჩივარი - ამ განჩინების პ- 23). საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ: 16-18-ში მითითებულ დანაწესებზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც დამატებითი სამუშოს შესრულებისათვის ზემოთ მოყვანილი დებულებებით გათვალისწინებულია შესაბამისი დამატებითი გადახდა, ის გარემოება, რომ ბრძანებაში არ არის მითითებული დამატებითი გადახდის ოდენობის შესახებ, მოპასუხეს არ ათავისუფლებს გადაუხადოს მხარეს მის მიერ დამატებითი სამუშოს შესრულებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურება. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ სადავო ბრძანება ასევე არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვალდებულია დამატებითი სამუშაო შეასრულოს შესაბამისი ანაზღაურების გარეშე
30. ამასთან, კასატორის მიერ შედავებულია მოსარჩელისთვის გაუცემელი ხელფასის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის დაკისრების მართლზომიერება. ამ ნაწილში, კასატორი თავის შედავებას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მაქსიმალური ოდენობა - დაყოვნებული თანხის 0.07% და ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა შრომის ანაზღაურების საფუძვლიანობა, მართლზომიერი არ არის დამსაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
31. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის ლეგიტიმური საფუძვლით სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში მიიღება მიღებული საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და ა.შ. ნიშნდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ განიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებში. ერთ-ერთ მათგანში (იხ., სუსგ ას 862-828-2016, 24.02.2017) საკასაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: „კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართვლოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (იხ., სუს 07.11.2011წ.-ის განჩინება Nას-1298-1318-2011).
32. ამასთან, სშკ-ის 31-ე მუხლი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% (იხ., სუს 07.11.2011წ.-ის განჩინება Nას-1298-1318-2011). ნიშანდობლივია, რომ კანონის აღნიშნული დანაწესის მიხედვით, პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების სახით (შდრ., სუსგ №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი). წინამდებარე სამართალწარმოების საგანს დათხოვნის ბრძანების კანონიერების შესწავლა არ წარმოადგენს. შესაბამისად, დამსაქმებელს დაეკისრა სწორედ არსებული სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს „თ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ.“ (ს/კ: 20205...) უკან დაუბრუნდეს 7/15/2019-ში საგადახდო დავალება N90303 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1,372.77 ლარის) 70% – 960.93 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე