Facebook Twitter

საქმე №ას-1095-2022

24 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ააიპ ს.ს.უ.ა. ქ.უ.კ.ს. მმართველი ორგანიზაცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ჰ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოში ააიპ ს.ს.უ.ა. ქ.უ.კ.ს. მმართველმა ორგანიზაციამ, სარჩელი აღძრა სს „ს.ჰ–ის“ მიმართ და მოითხოვა ერთჯერადი კომპენსაციის - 1699 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ტ. 2., ს.ფ. 50), რომელიც სააპელაციო საჩივრით ააიპ ს.ს.უ.ა. ქ.უ.კ.ს. მმართველმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სარჩელის ფასი არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს - 2000 ლარს.

4. 2022 წლის 04 ივლისს, თბილისის სააპელაციო პალატის განჩინებაზე ააიპ ს.ს.უ.ა. ქ.უ.კ.ს. მმართველმა ორგანიზაციამ კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

5. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არამართებულად დარჩა განუხილველი ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაირღვა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება. სახელდობრ, სასამართლომ ირიბად დაადგინა ორი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა, მაშინ როდესაც ასეთი მოთხოვნა საქმეში მონაწილე არცერთი მხარის მიერ არ ყოფილა დაყენებული და ამასთანავე შეეხო ისეთი სუბიექტის (GERA) უფლებამოსილებას, რომელიც სასამართლო სხდომაში საერთოდ არ მონაწილეობდა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულია ასევე, შუალედური გადაწყვეტილებები, რომელთა განხილვამ და შეფასებამ შესაძლებელია შეცვალოს საბოლოო საქმის შედეგი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც თავდაპირველი მოსარჩელის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

10. საქართველოს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).

12. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.).

13. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა, ასევე იხ. სუსგ. საქმეზე Nას-430-2022, 2022 წლის 10 ივნისი).

14.საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ., ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR)

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება - 1699 ლარია (ტ.1, ს.ფ. 10). საქმის მასალების კვლევის შედეგად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 06 სექტემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე (ტ. 1. ს.ფ. 285-290), მოსარჩელემ სარჩელი ნაწილობრივ - საჯაროდ შესრულების აკრძალვის ნაწილში, გაიხმო რის შედეგადაც სასამართლოს განხილვის საგანი დარჩა მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაციის - 1699 ლარის დაკისრება (იხ. ტ. 1., ს.ფ. 10), აღნიშნული მოთხოვნა კი, ქონებრივი კატეგორიის დავას განეკუთვნება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში სააპელაციო საჩივრის ფასად მიუთითა 16699 ლარი (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 3, ს.ფ. 73), თუმცა მისი შინაარსობრივი კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ადგილი აქვს ტექნიკურ შეცდომას და ერთი ციფრი - 6, ზედმეტია. ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც იგი მართებულად იქნა დაუშვებლად მიჩნეული.

16. დამატებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.(იხ. სუსგ #ას-286-2022 10.06.22წ ას-919-2018 20.09.2019 და ა.შ) 17. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ ს.ს.უ.ა. ქ.უ.კ.ს. მმართველი ორგანიზაციის (მოსარჩელე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე