Facebook Twitter

საქმე №ას-1353-2022 27 იანვარი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "მ.დ–კი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საზოგადოების პარტნიორის გარიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ.დ–კის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მ.ქ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მინორიტარი პარტნიორი) წინააღმდეგ, საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 10 აპრილს. საზოგადოების 66% წილის მფლობელია ო.ჩ–უ, რომელიც იმავდროულად დირექტორია, (შემდეგში: დომინანტი პარტნიორი ან დირექტორი), ხოლო 34% წილს ფლობს მოპასუხე;

3.2. კომპანიის წესდების 3.20 პუნქტის თანახმად, პარტნიორები ვალდებული არიან, დაიცვან ამ წესდებისა და საზოგადოების შინაგანაწესის ყველა დებულება, შეასრულონ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ზიანი არ მიაყენონ საზოგადოებას რაიმე სხვაგვარი ქმედებით;

3.3. წესდების 3.21 პუნქტის თანახმად, იმ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის, რომლებიც 3.20 პარაგრაფით არის განსაზღვრული პარტნიორი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.

3.4. კომპანიის დირექტორმა 2008 წლის 2 მაისს და 2011 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობებით, კ.ბ–ძეს მიანიჭა კომპანიის სახელით გარკვეული ქმედებების განხორციელებისა და კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2019 წლის 20 თებერვალს გამართულ კომპანიის პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების 66% წილის მფლობელის გადაწყვეტილებით, საზოგადოებიდან გაირიცხა მოპასუხე.

3.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მინორიტარი პარტნიორის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

3.6. მოპასუხემ სარჩელის გამორიცხვის მიზნით წერილობით წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მისდამი წარდგენილი პრეტენზია ძირითადად მიემართება კ.ბ–ძეს, რაც ვერ გახდება პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტებით არ დასტურდება პარტნიორის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება.

3.7. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორის) მხრიდან კომპანიისთვის ზიანის მიყენება გამოიხატა შემდეგში:

- მოპასუხის მეუღლეს კ.ბ–ძეს საზოგადოების დირექტორის მიერ, 2008 წლის 2 მაისსა და 2011 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობების საფუძველზე, 8 წლის განმავლობაში, 2016 წლის 23 დეკემბრამდე, დელეგირებული ჰქონდა კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებები. ამავე, პერიოდში იგივე პირი იყო ოთხი სხვა კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, რომლებიც სამედიცინო სფეროში საქმიანობდნენ და ითვლებოდნენ მოსარჩელე კომპანიის კონკურენტებად. ხშირ შემთხვევაში, ამ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებით კომპანიის ინტერესები არ იყო სათანადოდ გათვალისწინებული;

- მოპასუხის შვილები დასაქმებული იყვნენ კომპანიაში, იღებდნენ ხელფასს და სარგებლობდნენ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით. მათთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული არ ყოფილა და გაურკვეველია, თუ რა პოზიციაზე მუშაობდნენ და რა ფუნქციებს ასრულებდნენ;

- კ.ბ–ძესა და მოსარჩელე კომპანიას შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ხელშეკრულებით წარმომადგენლისთვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება შეთანხმებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, კ.ბ–ძემ, თავისივე გადაწყვეტილებით, ხელფასის სახით მიიღო 15311 ლარი და 6025 ლარი. კ.ბ–ძეს აღძრული აქვს სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც უარყოფითად აისახება კომპანიის როგორც ფინანსურ მდგომარეობაზე, ისე საქმიან რეპუტაციაზე;

- კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმება განხორციელდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისის პერიოდზე. ამ დროის განმავლობაში კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა კ.ბ–ძე. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, კომპანიას დამატებით დაერიცხა 155 484 ლარი. დამატებითი გადასახადის დარიცხვის მიზეზი გახდა არასწორი ადმინისტრირება;

- მოპასუხე ეწევა კომპანიის დისკრედიტაციას. კერძოდ 2017 წლის 23 თებერვალს, მან განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მოსარჩელის მიმართ სათანადო ზომების მიღების თაობაზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოპასუხეს ეცნობა, რომ განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობდა;

- 2017 წლის 4 მაისს, კომპანიის პარტნიორთა კრებაზე, მოპასუხემ (მინორიტარმა პარტნიორმა) დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად დააყენა საზოგადოების დირექტორის გაწვევა და ახალი დირექტორის არჩევა. აღნიშნულ საკითხს პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც მოპასუხემ კრების ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა.

- მოპასუხის უსაფუძვლო ბრალდებების თუ სარჩელების გათვალისწინებით, ასევე 2010 წლიდან 2016 წლამდე კ.ბ–ძის მიერ კომპანიის მართვამ, გამოიწვია მისი რეპუტაციის დისკრედიტაცია და სავალალო ფინანსური მდგომარეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძვლად მიუთითა კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე, რომლებიც მოსარჩელისავე განმარტებით, უმეტესწილად მოპასუხის მეუღლემ განახორციელა.

3.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორისა) და კ.ბ–ძის ქორწინებას დაადასტურებდა. ამასთან, დადგენილია, რომ კ.ბ–ძე კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებას. მიუხედავად ამისა, იმ დაშვების პირობებშიც, რომ მოპასუხე და კ.ბ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, საზოგადოების პარტნიორს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი მეუღლის მიერ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაძლო დარღვევის გამო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანია ითხოვს მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორის) საზოგადოებიდან გარიცხვას. შესაბამისად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე, რომლებიც ძირითადად არა მოპასუხეს (მინორიტარი პარტნიორის), არამედ კ.ბ–ძეს მიემართება. სასამართლომ განმარტა, რომ მინორიტარი პარტნიორის ქმედებები კომპანიაში სამართლებრივად განსხვავდება იმ პირის ქმედებებისაგან, რომელიც დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით წარმოადგენს და მართავს კომპანიას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენელი ელემენტები განსხვავებულია თითოეულ შემთხვევაში. ამდენად მიუხედავად მოპასუხესა (მინორიტარ პარტნიორსა) და კ.ბ–ძეს შორის შესაძლო ოჯახური დამოკიდებულებისა, ისინი მოსარჩელე კომპანიის წინაშე შესაძლო დარღვევისთვის მხოლოდ პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი.

3.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მითითება მოპასუხის შვილების კომპანიაში დასაქმების თაობაზე მოცემულ შემთხვევაში ავტომატურად კომპანიისთვის ზიანის მიყენებას არ გულისხმობდა. შვილების კომპანიაში დასაქმების ფაქტზე მითითება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კომპანიის საზიანო ქმედება. კომპანიის მართვას სადავო პერიოდში ახორციელებდა კ.ბ–ძე, ხოლო მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია, რომ მოპასუხეს გააჩნდა რაიმე სახის მექანიზმი შვილებთან კომპანიის სახელით შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად და ანაზღაურების გასაცემად.

3.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან, მოსარჩელემ მხოლოდ სამ შემთხვევაში მიუთითა მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის ქმედებაზე, მათ შორის, მოპასუხის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვაზე, თუმცა უშუალოდ წერილი საქმეში წარდგენილი არ არის, რის გამოც მისი შინაარსი უცნობია. თავის მხრივ, მოსარჩელე კომპანიას სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე, წერილის წარმოდგენისთვის. საქმეში მოთავსებულია მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის პასუხი მოპასუხის წერილზე (იხ. ტ 1, ს.ფ 148). სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებელს, როგორც საზოგადოების მინორიტარ პარტნიორს, არ მიეწოდებოდა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რის გამოც მან საგამოძიებო სამსახურს მიმართა კომპანიის დირექტორის საქმიანობის მართლზომიერების შემოწმების მიზნით (იხ. 2019 წლის 11 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

3.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს განმარტება, რომ პარტნიორის მხრიდან საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების შესახებ დასკვნებისთვის აუცილებელია დადასტურდეს: ზიანის ფაქტი, პარტნიორის არამართლზომიერი ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და არამართლზომიერ ქმედებას შორის.

3.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვა არამართლზომიერ ქმედებად ვერ შეფასდება. საზოგადოების, მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქმიანობა კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო კონტრაჰენტებთან ურთიერთობას, ასევე ფინანსურ აღრიცხვებს და ანგარიშსწორებას საგადასახადო ორგანოებთან. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება ზიანის მომტან ქმედებად საწარმოსთვის, რადგან საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებაა საწარმოს შემოწმება, ხოლო მეწარმე სუბიექტის - კანონის ფარგლებში საქმიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორის) მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა კომპანიის საზიანო ქმედებად არ მიიჩნია.

3.13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 4 მაისს, კომპანიის პარტნიორთა კრებაზე მოპასუხემ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად დააყენა საზოგადოების დირექტორის გაწვევა და ახალი დირექტორის არჩევა. აღნიშნულ საკითხს პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც მოპასუხემ კრების ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა. ამავე კრებაზე საზოგადოების დომინანტმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორის) საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. მოპასუხე სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვდა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რითაც სადაოდ ხდიდა მისი გარიცხვის გადაწყვეტილებასაც. სასამართლოს გადაწყვეტილებით მინორიტარი პარტნიორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მისი საზოგადოებიდან გარიცხვის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორის მიერ საზოგადოების დირექტორის შეცვლის თაობაზე საკითხის ინიცირება, ასევე პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არამართლზომიერ ქმედებად ვერ ჩაითვლება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე კომპანიის მტკიცება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა და სარჩელებმა გამოწვია კომპანიის დისკრედიტაცია და სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

3.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

3.15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად ასეთი ზომა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოს მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას, როდესაც სახეზეა კომპანიისთვის ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელია (იხ. სუსგ Nას-1203-2018 25.04.2019).

3.16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველია, აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. გარიცხვა იწვევს გარიცხული პარტნიორის საკუთრების უფლების დაკარგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის მართლზომიერება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემოწმდეს. შესაბამისად პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შედეგად საწარმოში წილის ჩამორთმევის ავტომატური სამართლებრივი შედეგი არ დგება და აღნიშნული არც საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების საფუძველი არ არის. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმადაც, სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიჩნევა პარტნიორი საზოგადოებიდან გარიცხულად.

3.17. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დისპოზიციურობაზე, რომელიც მხარეთა ნებას უქვემდებარებს საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციულ საკითხებს. ასეთი ნების ავტონომია გამოიხატება მხარეთა შეთანხმებაში - წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ.

3.18. ზემოხსენებული კანონის თანახმად, პარტნიორის გარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შენატანის შეუტანლობა, რა დროსაც პარტნიორი კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორის გარიცხვა ასევე დასაშვებია, თუ დადასტურდა პარტნიორის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ასეთ შემთხვევაში გარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს არა აღნიშნული კანონი, არამედ საზოგადოების წესდებით დადგენილი პირობები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 399-ე მუხლი.

3.19. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მსჯელობისას მიუთითა კომპანიის წესდებაზე, რომლის 3.20 პუნქტის თანახმად, პარტნიორები ვალდებული არიან, დაიცვან ამ წესდების და საზოგადოების შინაგანაწესის ყველა დებულება, შეასრულონ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ზიანი არ მიაყენონ საზოგადოებას რაიმე სხვაგვარი ქმედებით; წესდების 3.21 პუნქტის თანახმად, იმ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის, რომლებიც 3.20 პუნქტითაა განსაზღვრული, პარტნიორი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.

3.20. მოსარჩელე კომპანიის მტკიცებით, მოპასუხე (მინორიტარი პარტნიორი) არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მისი ქმედება ზიანს აყენებდა საზოგადოებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წინაპირობებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, სასამართლომ უნდა დაადგინოს პარტნიორის გარიცხვის უფლების წარმოშობის წინაპირობები სსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ხანგრძლივი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შესაძლებლობას, გამოიკვლიოს საზოგადოების მიერ ამ უფლების გამოყენების მართლზომიერება. საზოგადოებამ უნდა დაადგინოს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა - საზოგადოების მიზნის შელახვა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება; საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება; პირველ და მეორე წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას სასამართლო ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენეს პარტნიორებმა გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო მათი გადაწყვეტილება მოტივირებული პარტნიორთა ცალკეული ჯგუფის პირადი ინტერსებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად (სუსგ ას-201-201-2018, 8.10.2018წ.).

3.21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 20 თებერვალს ჩატარდა საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების დომინანტი პარტნიორი და მინორიტარი მოპასუხის წარმომადგენელი. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი იყო მოპასუხის გარიცხვა საზოგადოებდან და მისი წილის აღრიცხვა დომინანტი პარტნიორის სახელზე. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით მოპასუხე გაირიცხა საზოგადოებიდან. სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმა შესაძლებელია პატივსადები საფუძვლით, ხოლო ასეთი პატივსადები საფუძველი, წესდების თანახმად, არის საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაადასტურა.

3.22. სასამართლომ კ.ბ–ძის შესაძლო ქმედებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი, დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, კომპანიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას წლების განმავლობაში ახორციელებდა, შესაბამისად, საზოგადოებასა და კ.ბ–ძეს შორის წარმოიშვა სსკ-ის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების სახელშეკრულებო ურთიერთბა. კ.ბ–ძის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაძლო დარღვევა კი ვერ გახდება მოპასუხის (მინორიტარი პარტნიორის) წინააღმდეგ კომპანიის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ განმარტა, კ.ბ–ძესთან არსებობდა დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთბა, რომლის ფარგლებშიც ის, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია პირადად ყოფილიყო პასუხისმგებელი.

3.23. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა სასარჩელო მოთხოვნის მართებულება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

4.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენდა კომპანიის ნომინალურ და ე.წ. „დე იურე“ პარტნიორს. ფაქტობრივად, კომპანიის დირექტორის პარტნიორი საქართველოში იყო მოპასუხის მეუღლე - კ.ბ–ძე, რომლის მოთხოვნით 34%-იანი წილი გადაეცა მოპასუხეს, ხოლო კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებას თვითონ კ.ბ–ძე ახორციელებდა. ამდენად სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ პარტნიორისადმი ნდობა და მისი კეთილსინდისიერების უპირობოდ მიღება მოხდა კომპანიის დირექტორის (იმავდრულად დომინანტი პარტნიორის) მიერ, მის მიერ დაფუძნებული კომპანიის 34%-იანი წილის მოპასუხისთვის გადაცემის და მისი მეუღლისთვის დირექტორის უფლებამოსილების მინიჭების საფუძველი, რაც ბოროტად იქნა გამოყენებული;

4.3. ამასთან, კასატორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 34%-იანი წილის მესაკუთრე არის მოპასუხე, სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე, მის მეუღლეს აქვს კანონით დადგენილი თანასაკუთრების უფლება მისი მეუღლის წილზე, რამდენადაც ეს წილი შეძენილია ქორწინების პერიოდში. სსკ-ის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. კასატორის განცხადებით იმ გარემოებებზე, რომლებიც ეხება კომპანიის წარმომადგენელს (ამ შემთხვევაში კ.ბ–ძეს) თანაბარწილად არის პასუხისმგებელი მისი მეუღლე, ანუ მოპასუხე (მინორიტარი პარტნიორი), ხოლო წარმომადგენლის მიერ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება ასევე მოპასუხის ქმედებად უნდა ჩაითვალოს;

4.4. კასატორის განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე- მინორტარი პარტნიორი, კ.ბ–ძე, გ.ბ–ძე და ნ.ბ–ძე ერთი ოჯახის წევრები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოპასუხემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნობა, თუ რას საქმიანობდნენ მისი მეუღლე და შვილები კომპანიაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე აღნიშნული კომპანიის 34%-იანი წილის მფლობელია;

4.5. მოპასუხის, მისი მეუღლისა და შვილების მიერ კომპანიის 66%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის სახელი, რეპუტაცია და ძალისხმევა, წლების მანძილზე გამოიყენებოდა პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და კომპანიის მიერ მიღებული სახსრები სწორედ მათი სახელფასო ანაზღაურების, მათ მიერ კომპანიის ქონების -ავტომანქანების ექსპლოატაციისა და საკუთარი გამორჩენის მიღების მიზნით მიემართებოდა. 8 წლის მანძილზე მოპასუხესა და მისი ოჯახის წევრებს კომპანიისგან მიღებული აქვთ 81 523,5 ლარი. მაშინ, როდესაც არც ერთ მათგანს შრომითი ურთიერთობა არ ჰქონია კომპანიასთან.

4.6. კასატორის მტკიცებით, მოპასუხისა და მისი მეუღლის არასწორმა მენეჯმენტმა კომპანია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, მათ შორის საგადასახდო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით. ამასთან, გარდა ფინანსური ზიანისა, მოპასუხემ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიის საქმიან რეპუტაციას. მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა წარმომადგენლისათვის გაცემული გენერალური მინდობილობა, მოპასუხემ დაიწყო კომპანიისა და მისი დირექტორის დისკრედიტაცია.

4.7. მოპასუხემ 2017 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოსარჩელე კომპანიის წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღების თაობაზე. მოპასუხის მეუღლემ წარადგინა არაერთი სარჩელი კომპანიისთვის თანხების დაკისრების თაობაზე და კომპანიის ძირითად საქმიანობად იქცა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების უსაფუძვლო ბრალდებების უარყოფა. 2016 წლიდან დღემდე კომპანიის პარტნიორები მუშაობენ ამ რეჟიმში, რაც უარყოფითად აისახება კომპანიის საქმიანობაზე. კერძოდ, მოსარჩელეს აქვს გარკვეული სახის შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც პირდაპირ უკავშირდება დირექტორის საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთში, არამედ ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებშიც.

4.8. მოპასუხე, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს დომინანტი პარტნიორის საქმიანი რეპუტაციის შენარჩუნებას, ცდილობს მის დისკრედიტაციას. 2017 წლის 4 მაისის პარტნიორთა კრებაზე, მოპასუხემ მოითხოვა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გაწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა.

4.8. კასატორის განმარტებით, კომპანიის დირექტორსა და მოპასუხეს შორის შეუძლებელია ნორმალური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელება. ვინაიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ არ არეგულირებს პარტნიორული ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, კასატორი, 2019 წლის 7 თებერვლის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვას.

4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს (მოსარჩელე კომპანიას) არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძვლად, მის მიერ ზიანის მიყენების ფაქტებზე მითითება, რომლებიც უმეტესწილად მესამე პირის - კ.ბ–ძის პასუხისმგებლობაა, უსაფუძვლოა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვა, ხოლო კომპანიის სამართლებრივი ურთიერთობა, ისევე როგორც პასუხისმგებლობა და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენელი ელემენტები განსხვავებულია მოპასუხის, როგორც საზოგადოების მინორიტარი პარტნიორისა და კომპანიის წარმომადგენლის (ამ შემთხვევაში დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირის) მიმართ. მიუხედავად მოსარჩელის მითითებისა, მოპასუხისა და კ.ბ–ძის შესაძლო ოჯახურ დამოკიდებულებაზე(რაც არ დაუდგენია სააპელაციო სასამართლოს), ისინი კომპანიის მიმართ ვალდებულებების შესაძლო დარღვევისთვის მხოლოდ პერსონალურად არიან პასუხისმგებლები.

10. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიას ზიანს აყენებდა იქ დასაქმებული მისი მეუღლისა და შვილების მეშვეობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც კომპანიისთვის საზიანო ქმედება. კომპანიას სადავო პერიოდში მართავდა დირექტორის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ უშუალოდ მოპასუხეს გააჩნდა რაიმე სახის მექანიზმი შვილებთან კომპანიის სახელით შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად და ანაზღაურების გასაცემად. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით კ.ბ–ძის შესაძლო ქმედებებზე, საქმის მასალებით და მოსარჩელის განმარტებითვე დგინდება, რომ მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, შესაბამისად, კომპანიასა და კ.ბ–ძეს შორის წარმოიშვა სსკ 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად მოპასუხისა და კ.ბ–ძის შესაძლო ოჯახური ურთიერთობისა, ამ უკანასკნელის მიერ, კომპანიის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სავარაუდო დარღევა ვერ გახდება მოპასუხის, როგორც კომპანიის მინორიტარი პარტნიორის, პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან კომპანიასა და კ.ბ–ძეს შორის არსებობდა დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისი წინაპირობის დადასტურების შემთხვევაში, კ.ბ–ძე პირადად არის პასუხისმგებელი მარწმუნებლის წინაშე. (იხ. სუსგები Nას-636-2022, 10.11.2022 წ.; Nას-1097-2020, 31.03.2021 წ.)

11. რაც შეეხება უშუალოდ მოპასუხის მიერ წესდებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტებს, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს. კერძოდ: მოპასუხის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვა, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური ღონისძიებების გამოყენება, რომელიც მინორიტარი პარტნიორის შეხედულებით კომპანიის ფუნქციონირების შესაძლო პრობლემებს უკავშირდება, ასევე, მოპასუხის მიერ საკუთარი უფლების სასამართლო წესით დაცვის უფლების გამოყენება, არ შეიძლება კომპანიის საზიანო ქმედებად იქნეს მიჩნეული. სარჩელის მიხედვით, კომპანია მინორიტარი პარტნიორის მხრიდან საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებაზე უთითებს, თუმცა, რეალურად მესამე პირის (კ.ბ–ძის) ქმედებებს აღწერს. მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, პირველ რიგში, მოსარჩელე უნდა უთითებდეს მოპასუხის მხრიდან შესაძლო დარღვევებზე და მათ დამადასტურებელ შესატყვის მტკიცებულებებს ურთავდეს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა.

12. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველია აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლო გარიცხვა იწვევს პარტნიორის საკუთრების უფლების დაკარგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პარტნიორი საზოგადოებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაირიცხოს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შედეგად წილის ჩამორთმევის ავტომატური სამართლებრივი შედეგი არ დგება და არც საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების საფუძველი არ არის. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიჩნევა პარტნიორი გარიცხულად საზოგადოებიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-324-2021, 29.06.2021 წ; №ას-1060-1090-2011, 21.07. 2011 წ; №ას-812-1099-09, 09.11.2009; №ას-556-939-06, 13.03. 2007 წ; №ას-614-951-07, 12.10. 2007 წ; N 3კ/303-01, 9.03. 2001 წ; ასევე - შდრ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თაობაზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და მასალები, თბ. 2009, 33-35).

13. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე, და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვას შენატანის შეუტანლობის გამო, ასევე, პარტნიორის მიერ, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისას. თუმცა ასეთ შემთხვევაში გარიცხვის სამართლებრივი საფუძველია საზოგადოების წესდება და სსკ-ის 399-ე მუხლი. (იხ. სუსგ-ები: N ას-93-2021, 29.11 2021 წ; N ას-937-2020, 1.12. 2021 წ; N ას-324-2021, 29.06. 2021 წ; N ას-1319-2018, 21.05. 2021 წ; N ას-851-795-2017, 20.04. 2018 წ; N ას-612-571-2017, 28 07. 2017 წ; N ას-475-443-2017, 23.06. 2017 წ. ).

14. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად ასეთი ზომის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველია, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულ-სამართლებრვი მონაწილეობა, კერძოდ, როდესაც მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალთად ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი, რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და, მაშასადამე საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ Nას-812-1099-2099, 09.11.2009). ამდენად საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც გამოკვეთილია კომპანიისთვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება (იხ. სუსგ-ები: Nას-1203-2018, 25.04.2019; N ას-324-2021, 29.06.2021წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის მიერ ჩადენილ ისეთ ქმედებას, რომლითაც დამტკიცდებოდა მინორიტარი პარტნიორის მიერ წესდებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

16. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ.დ–კის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "მ.დ–კს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ც–ძის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 18 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე