Facebook Twitter

საქმე №ას-1598-2022 17 თებერვალი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს "ჯ–ნი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.პ–ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.პ–ოს (შემდეგში: მოსარჩელე ან დირექტორი) სარჩელი შპს „ჯ–ნის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე, ხელფასის სახით მისაღები თანხის - 21 100 (ოცდაერთი ათას ასი) ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებირვი გარემოებები:

3.1. მოსარჩელის (50%), მ.კ–ძის (20%), პ.დ–ისა (25%) და გ.ბ–ძის (5%) წილობრივი მონაწილეობით, 2014 წლის 17 მარტს, შპს ,,უ.’’ დაფუძნდა, რომლის დირექტორადაც მოსარჩელე დაინიშნა;

3.2. მოგვიანებით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შესაბამისად, შპს ,,უ–ს’’ წილობრივი მონაწილეობა გადანაწილდა შემდეგნაირად: მოსარჩელე (20%), მ.კ–ძე (35%), პ.დ–ი (5%), გ.ბ–ძე (5%) და შპს ,,ი–ო’’ (35%);

3.3. შპს „უ–ს“ ახალი წესდება 2016 წლის 12 სექტემბერს დამტკიცდა, რომლის შესაბამისადაც, საზოგადოების მართვის ორგანოებად - პარტნიორთა საერთო კრება და დირექტორთა საბჭო (3 წევრი) განისაზღვრა;

3.4. წესდების 13.4 მუხლის შესაბამისად, პარტნიორთა კომპეტენციას განეკუთვნებოდა დირექტორთა საბჭოს წევრების მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობის პრინციპების განსაზღვრა, ასევე დირექტორთა საბჭოს წევრებთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, მათი ანგარიშების დამტკიცება;

3.5. წესდების 14.6 მუხლის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრებს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჰქონდათ. ამასთან, ნებისმიერი ტრანზაქცია სულ მცირე ორი პიროვნების ხელმოწერას/თანხმობას საჭიროებდა;

3.6. ახალი წესდებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად, კომპანიის რეგისტრირებული მონაცემები შეიცვალა, კერძოდ საწარმოს წილობრივი მონაწილეობა გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს ,,ი–ო’’ (40%), მოსარჩელე (20%) და შპს ,,ჯ.გ–ო’’ (40%). ასევე, მმართველობით ორგანოდ განისაზღვრა პარტნიორთა კრება და დირექტორთა საბჭო: გ.გ–ძე, მოსარჩელე და ტ.ს.კ.;

3.7. შპს ,,უ–ს’’ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 13 თებერვალს, კომპანიას შეეცვალა საფირმო სახელწოდება (შპს „ჯ–ნი) და დამტკიცდა კომპანიის ახალი წესდება, რომლითაც არსებითად იდენტურად მოწესრიგდა კომპანიის მმართველობითი საქმიანობის წესი (იხ. 13.02.2018 წ. წესდების 13.4 და 14.6 მუხლები);

3.8. წესდებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორები: ტ.ს.კ., მოსარჩელე და კ.ს. შეიცვალნენ;

3.9. მოსარჩელე დღეის მდგომარეობითაც მოპასუხე კომპანიის დირექტორადაა რეგისტრირებული, თუმცა ფაქტობრივად დირექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს და მმართველობით საქმიანობას ჩამოცილებულია;

3.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: სპეციალური კანონი) გამოიყენება, ვინაიდან მოცემული სამართალურთიერთობა შრომის კოდექსით (შემდეგში: სშკ) მოწესრიგებულ სფეროს არ განეკუთვნება;

3.11. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად იქნას მოხსენიებული, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ №ას-725-693-2016, 6.04.2017 წ.);

3.12. საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ №ას-302-287-2016, 15.07.2016 წ.).

3.13. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სპეციალური კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით;

3.14. სარჩელზე თანდართული საბანკო ამონაწერის (21.04.2016 - 15.11.2017წ. პერიოდი) საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად ხელფასის სახით გარკვეულ თანხებს იღებდა (21.04.2016 წ. მიღებული აქვს მარტის თვის ხელფასი - 500 ლარი; 28.04.2016წ. ჩარიცხული აქვს აპრილის თვის ხელფასი - 1500 ლარი; 11.05.2016წ. აპრილის თვის ხელფასი - 1500 ლარი; 06.06.2016წ. მაისის თვის ხელფასი - 3500 ლარი; ასევე 09.06.2016წ. მაისის თვის ხელფასი 3500 ლარი; 01.07.2016წ. ივნისის თვის ხელფასი - 3500 ლარი; 06.07.2016წ. ასევე ივნისის თვის ხელფასი - 3500 ლარი; 15.07.2016წ. ივლისის თვის ხელფასი - 500 ლარი; 18.07.2016წ. ივლისის თვის ხელფასი - 500 ლარი; 22.07.2016წ. ავანსის სახით მოსარჩელეს მიღებული აქვს 2000 ლარი; 01.08.2016წ. ივლისის თვის ხელფასი - 500 ლარი; ასევე დამატებით 01.08.2016წ. ივლისის თვის ხელფასი - 3000 ლარი; 02.08.2016წ. ივლისის თვის ხელფასი - 500 ლარი; 30.08.2016წ. აგვისტოს თვის ხელფასი - 3500 ლარი; 01.09.2016წ. ასევე აგვისტოს თვის ხელფასი - 3500 ლარი; 26.09.2016წ. სექტემბრის თვის ხელფასი - 1500 ლარი; 03.10.2016წ. სექტემბრის თვის ხელფასი - 5500 ლარი; 17.10.2016წ. სექტემბრის თვის ხელფასი - 795 ლარი; 18.10.2016წ. ოქტომბრის თვის ხელფასი - 2000 ლარი; 01.11.2016წ. ოქტომბრის თვის ხელფასი - 5000 ლარი; 08.12.2016წ. ნოემბრის თვის ხელფასი - 1000 ლარი; 15.12.2016წ. ნოემბრის თვის ხელფასი - 1000 ლარი; 23.12.2016წ. ნოემბრის თვის ხელფასი - 1000 ლარი; 02.02.2017წ. ნოემბრის თვის ხელფასი - 400 ლარი.);

3.15. მოსარჩელის მტკიცებით, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელებისათვის მას დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური გასამრჯელო - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი, შესაბამისად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, კომპანიას ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება, ჯამში 21 100 ლარი, კერძოდ: 2016 წლის ნოემბრის თვის დავალიანება შეადგენდა - 3 600 ლარს, 2016 წლის დეკემბრის თვის დავალიანება - 7 000 ლარს, 2017 წლის იანვრის თვის დავალიანება - 7 000 ლარს და 2017 წლის თებერვლის თვის პირველი ნახევრისათვის ასანაზღაურებელია - 3 500 ლარი;

3.16. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის 20% წილის მესაკუთრე პარტნიორია და ამავდროულად, კომპანიის დაფუძნების დღიდან რეგისტრირებულია საწარმოს დირექტორად. მოსარჩელე თავდაპირველად ერთპიროვნულად ახორციელებდა მმართველობით საქმიანობას და შესაბამისად იღებდა სათანადო ანაზღაურებას, ხოლო მოგვიანებით, 2016 წლის სექტემბრის თვიდან წილების ხელახალი გადანაწილებისა და წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გახდა, სულ ცოტა, დირექტორთა საბჭოს ორი წევრის თანხმობა, იგი 2017 წლის თებერვლის თვის პირველ ნახევრამდე აგრძელებდა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და იღებდა შესაბამის გასამრჯელოს (ბოლო სამი თვის გარდა), რის შემდეგ ფაქტობრივად შეიწყვიტა დირექტორის უფლებამოსილება და ჩამოცილდა მმართველობით საქმიანობას;

3.17. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ სუბიექტის ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს, დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი(იხ. სუსგ Nას-319-302-2017, 28.07.2017წ; შდრ. Nას-18-884-20116, 10.07.2017წ; Nას-225-214-2017, 16.06.2017წ.);

3.18. სსკ-ის 710-ე მუხლით განსაზღვრულია რწმუნებულის მიერ გასამრჯელოს მიღების წესი (,,გასამრჯელო დავალებისათვის’’), კერძოდ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი;

3.19. დავალების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ან არ ითვალისწინებდეს დავალების შესრულებისათვის გასამრჯელოს. ზეპირი ხელშეკრულების არსებობისას, როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე უთითებს, რომ დავალების შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გასამრჯელო, ხოლო მეორე მხარე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, სასამართლომ ერთობლივად უნდა შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ხელშეკრულებაში გასამრჯელოზე შეთანხმებას ადასტურებს (იხ. სუსგ № ას-497-477-2016, 21.04.2017 წ.). დავალების ხელშეკრულების დადებისას გასამრჯელოს კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას. ამ თავისებურებაზე მიუთითებს სსკ-ის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილი, „გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი“. ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოების გაქარწყლება შესაძლებელია თვით დაინტერესებული პირის მიერ, თუ იგი დაადასტურებს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა (იხ. სუსგ №ას-1281-2018 27.03.2019 წ.).

3.20. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე მითითებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლი) განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასამრჯელოსა და მის ოდენობასთან მიმართებით არ ყოფილა წერილობითი ხელშეკრულება, ასევე არ წარდგენილა პარტნიორთა გადაწყვეტილება დირექტორისათვის გასამრჯელოს დანიშვნისა და მისი კონკრეტული ოდენობით განსაზღვრასთან მიმართებით, რაც, ერთი შეხედვით, საეჭვოს ხდიდა კომპანიის დავალების შესრულების სასყიდლიან ხასიათს, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე კომპანიის 20 % წილის მესაკუთრე პარტნიორი იყო. თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ იგი საწარმოს დაარსებიდან ყოველთვიურად გასამრჯელოს სახით (დასახელება ,,სახელფასო ანაზღაურება’’) – 7 000 ლარს იღებდა, რაც მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, ისევე როგორც - არსებული დავალიანების ოდენობა. მოპასუხემ სადავოდ მხოლოდ ის გარემოება გახადა, რომ არ შეიძლება მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით დადასტურებულიყო ხელფასის დანიშვნის მართლზომიერება, როდესაც დამნიშნავი და მიმღები ერთი და იგივე პირია;

3.21. მოპასუხე კომპანიის წესდების 13.4 მუხლის შესაბამისად (2016 წლის სექტემბრის თვიდან მოქმედი რედაქცია), პარტნიორთა კომპეტენციას განეკუთვნებოდა დირექტორთა საბჭოს წევრების ანგარიშების დამტკიცება, ხოლო 14.6 მუხლის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრების მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, ორი წევრის ხელმოწერას/თანხმობას საჭიროებდა;

3.22. შესაბამისად, 2016 წლის სექტემბრის თვიდან ამოქმედებული წესდების ახალი რედაქციის პირობებში, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ერთპიროვნულად განეხორციელებინა შესაბამისი ტრანზაქციები, მათ შორის, გაეცა სახელფასო ანაზღაურება. თუმცა, 2016 წლის სექტემბრიდან ნოემბრის (ნაწილობრივ) ჩათვლით მოსარჩელე იღებდა გასამრჯელოს და საწარმოს მხრიდან ეს ფაქტი სადავო არ გამხდარა;

3.23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის შეადგენდა 7 000 ლარს და რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიმართ ეკისრებოდა დავალიანება ჯამში - 21 100 ლარი, რომელიც მოიცავს: 2016 წლის ნოემბრის თვის დავალიანებას - 3 600 ლარს, 2016 წლის დეკემბრის თვის დავალიანებას - 7 000 ლარს, 2017 წლის იანვრის თვის დავალიანებას - 7 000 ლარს და 2017 წლის პირველი ნახევრის დავალიანებას 3 500 ლარს.

4. საკსაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოპასუხე მხოლოდ სახელფასო ოდენობასთან დაკავშირებით დავობდა, მაშინ როდესაც შედავებული იყო როგორც ზემოხსენებული, ისე თავად სახელფასო ანაზღაურების არსებობის ფაქტიც;

4.3.კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა გამ ოყენებული კანონი, მტკიცებულებათა არასათანადო შეფასებით კი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი უმართებულოდ გაანაწილა.

4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

7. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

9. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავა არ ექცევა სშკ-ის რეგულირების ფარგლებში, რადგან მყარად დადგენილი პრაქტიკით, მხარეთა მიმართ სპეციალური კანონი და დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.

10. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის „სასამსახურო ხელშეკრულება“ იყო დადებული, ვინაიდან მოსარჩელეს კასატორ კომპანიაში დირექტორის პოზიცია ეკავა (იხ. ამ განჩინების 3.11-3.12 ქვეპუნქტები). ამასთან, მათ შორის გასამრჯელოს თაობაზე შეთანხმება წერილობითი ფორმით არ დადებულა, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო განმარტებების ფონზე კი, სახელფასო ანაზღაურების საკითხი საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს არ უარყვია სახელფასო ანაზღაურების არსებობის ფაქტი ან მისი ოდენობა და აცხადებდა, რომ სახელფასო ანაზღაურების დაკისრებისათვის, მხოლოდ საბანკო ამონაწერი, არასაკმარისი მტკიცებულებაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საბანკო ამონაწერი, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან ხელფასის სახით ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხებს იღებდა (იხ. ამ განჩინების 3.13. ქვეპუნქტი).

12. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადარიცხული თანხები დასტურია იმისა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა უსასყიდლო ხასიათის ურთიერთობა და მოსარჩელე ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებდა. ამის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენა, რითაც ზემოხსენებული მსჯელობის საფუძვლიანობას გამორიცხავდა და ყოველთვიურად გადარიცხული თანხების სახელფასო დანიშნულების მიზნობრიობას გააქარწყლებდა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც სსკ-ის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და სპეციალური კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

14. სპეციალური კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი) მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საწარმოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

15. მოპასუხე კომპანიას საცილოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უსასყიდლო სამართალურთიერთობის არსებობა ვერ დაადსტურა. მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რომელიც მოსარჩელის საპროცესო მოქმედებათა შედეგად მასზე გადავიდა. იგი სადავოდ ხდიდა არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს, არამედ მტკიცებულებებს, რომლებიც მისი განმარტებით, შესაბამისი ფაქტის დადგენისათვის არასაკმარისი იყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადარიცხული თანხების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სადავო ურთიერთობა სასყიდლიან ხასიათს ატარებდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჯ–ნის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჯ–ნს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1055 ლარის (საგადახდო დავალება N462, გადახდის თარიღი 2022 წლის 2 დეკემბერი), 70% – 738,5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე