Facebook Twitter

6 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-295-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ყ.ბ–ძე (შემდეგში - მამკვიდრებელი) და თ.გ–ძე 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

2. მამკვიდრებლის კომლის საკუთრებაში ირიცხებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...... მდებარე 2 600კვ.მ მიწის ნაკვეთი და 160კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 13 დეკემბერის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მამკვიდრებლის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე 3 090კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 160კვ.მ შენობა-ნაგებობაზე.

საკუთრების მოწმობით საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა მამკვიდრებლის კომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასაც, კერძოდ, 2 600კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 160კვ.მ საცხოვრებელ სახლს.

4. მამკვიდრებელი 2008 წლის 12 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი სამკვიდრო გაიხსნა.

5. 2008 წლის 22 აგვისტოს, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე თ.გ–ძემ სანოტარო ბიუროს მიმართა იმის გათვალისწინებით, რომ ძმისშვილიშვილის, ა.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, ანდერძისმიერი მემკვიდრე) სახელზე მამკვიდრებელმა ანდერძი შეადგინა და სამკვიდრო ქონება მოანდერძეს მიღებული ჰქონდა.

6. 2009 წლის 13 მარტს, თ.გ–ძის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლის თანახმად, სამკვიდროს მიღების შესახებ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით ამ უკანასკნელმა სამკვიდრო მიიღო.

ამავე მოწმობით დადგინდა, რომ მთლიანი სამკვიდრო შეადგენდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...... მდებარე 3 090კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ 160.3კვ.მ შენობას (შემდეგში: სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო, უძრავი ქონება, სადავო ქონება). ამასთან, დადგინდა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის სახელზე ანდერძი გაიცა.

7. 2010 წლის 28 აპრილს, ანდერძისმიერი მემკვიდრის (მოპასუხე) სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.

9. თ.გ–ძე 2011 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.

10. 2012 წლის 10 მაისს, ი.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), როგორც თ.გ–ძის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმამ, საკუთრებაში სრულად მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.

11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება.

ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 13 სექტემბრის მიმართვით, სამკვიდრო ქონებაზე მამკვიდრებლის საკუთრების რეგისტრაცია გაუქმდა.

12. 2018 წლის 17 მაისს, ანდერძისმიერ მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლითაც ამ უკანასკნელმა სამკვიდრო სრულად მიიღო საკუთრებაში. სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძვლად მითითებულია სამკვიდროს მიღების შესახებ ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში 2008 წლის 19 მარტს შეტანილ განცხადებაზე და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობისა და მამკვიდრებლის საკომლო საკუთრების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე მოპასუხემ სამკვიდრო საკუთრებაში დაირეგისტრირა.

13. 2018 წლის 22 ოქტომბერს, მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სამკვიდროს ½ ნაწილის მოპასუხეზე გადაცემის ნაწილში 2018 წლის 17 მაისის სამკვიდრო მოწმობის ბათილობა, აღნიშნული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა მოითხოვა.

14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით:

14.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;

14.2. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მოპასუხეზე გადაცემის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;

14.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა და საჯარო რეესტრში აღირიცხა სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ თ.გ–ძემ (მოსარჩელის მამკვიდრებელი) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით სამკვიდროდან სავალდებულო წილი მიიღო და, ამდენად, გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდროში შედიოდა მამკვიდრებლის (მეუღლის) სამკვიდროდან მიღებული სავალდებულო წილი, კერძოდ, უძრავი ქონების ½ ნაწილი.

16.2. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვნად ჩათვალა შემდეგი გარემოების დადგენა: იყო თუ არა სადავო ქონება მამკვიდრებლის საკუთრება და, შესაბამისად, სამემკვიდრეო მასა.

როგორც გამოირკვა, უძრავი ქონება მამკვიდრებლის კომლის საკუთრებაში შედიოდა, რომელიც მას კანონიერ სარგებლობაში ჰქონდა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1513-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებიდან მის საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე მამკვიდრებლის კანონიერი სარგებლობის უფლება არ გაუქმებულა. შესაბამისად, სადავო ქონება მამკვიდრებლის კომლის საკუთრებაში შედიოდა და მის სამკვიდრო მასაში ამავე სამართლებრივი მდგომარეობით მოექცა.

16.3. რაკი 2009 წლის 13 მარტის სამკვიდრო მოწმობით თ.გ–ძემ, როგორც მამკვიდრებლის მეუღლემ/პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი (როგორც სავალდებულო წილი) მიიღო და ეს მოწმობა კანონით დადგენილი წესით არ შედავებულა, სააპელაციო სასამართლომ იგი სათანადო ხარისხის მტკიცებულებად მიიჩნია.

16.4. რაც შეეხებოდა მოპასუხეს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 17 მაისის სამკვიდრო მოწმობით ამ უკანასკნელის მიერ მთლიანი სამკვიდროს მიღების საფუძველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გახდა, რომელსაც მოცემული დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ ექნებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პრეიუდიციული მნიშვნელობისაა ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები მონაწილეობენ. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი განცხადება სასარჩელო წარმოების წესით არ განხილულა და მისი განხილვა უდავო სამართალწარმოების გზით მოხდა, მას პრეიუდიციული ხასიათი ვერ მიენიჭებოდა.

16.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სადავო ქონების ½ ნაწილი სამკვიდრო მოწმობით მამკვიდრებლის მეუღლემ მიიღო, რომელიც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელეს გადაეცა, არსებობდა ½ ნაწილში მოპასუხეზე 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი (სსკ-ის 54-ე მუხლი).

16.6. საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1328-ე, 1306.1, 1307-ე, 1336-ე, 1421.1, 1421.2, 1344-ე, 1371-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

17.1. სსკ-ის 1513-ე მუხლი შეეხება მხოლოდ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის კანონით დადგენილი წესით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული და, - არა კომლის ქონებას. გარდა ამისა, ასეთ დროს აუცილებელია, რომ მიწის ნაკვეთზე აგებული საცხოვრებელი სახლი კანონიერი საფუძვლით იყოს აშენებული. კონკრეტულ შემთხვევაში, სამკვიდროში შემავალი საცხოვრებელი სახლი ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული, მასზე პროექტიც არ შედგენილა.

17.2. მამკვიდრებლის საკუთრების უფლების აღიარება კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება გადაეცა.

17.3. თ.გ–ძეს მამკვიდრებლის ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მამკვიდრებლის საკუთრების უფლებაც და საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციაც. ამასთან, მოპასუხის სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...... თ.გ–ძეზე უძრავი ქონება არ ირიცხება.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

21. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ:

1). იყო თუ არა სადავო ქონება მამკვიდრებლის საკუთრება, შესაბამისად, შედიოდა თუ არა ეს ქონება ამ უკანასკნელის სამკვიდრო მასაში;

2). კანონით დადგენილი წესით დაეუფლა თუ არა მოსარჩელის მამკვიდრებელი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილს,

3). რამდენად კანონიერია მამკვიდრებლის მთლიან სამკვიდროზე მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ე.ი. არსებობს თუ არა სადავო ქონების ½ ნაწილის მისთვის გადაცემის ნაწილში 2018 წლის 17 მაისის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.

21.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სამკვიდრო ქონება კომლის ქონებას წარმოადგენდა. ეს გარემოება, რომელიც საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი), იმის მაუწყებელია, რომ სსკ-ის ამოქმედებიდან სადავო ქონება მამკვიდრებლის კომლის საკუთრება იყო და იგივე სამართლებრივი მდგომარეობით მის სამკვიდრო მასაში შევიდა.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს ქმნის სსკ-ის 1513-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ამ პირთა საკუთრებად ითვლება და მათზე სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები ვრცელდება.

მცდარია კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსკ-ის 1513-ე მუხლი კომლის ქონებას არ შეეხება. აღნიშნულ პრეტენზიას პალატა არ იზიარებს და ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შემდეგ ამონარიდებზე ამახვილებს ყურადღებას:

„რაც შეეხება კომლზე რიცხულ მიწის ნაკვეთს, ვინაიდან იმ პერიოდში მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სამკვიდროში მამკვიდრებლის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი შევიდა იმ უფლებრივი სტატუსით - კანონიერი სარგებლობის უფლებით, როგორც იყო იგი მამკვიდრებელთან. ანუ, სამკვიდროში შევიდა ასევე მამკვიდრებლის მიერ ქონებაზე კანონით დადგენილი წესით მოპოვებული უფლებები. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (იხ. სუსგ №ას-851-800-2010, 2011 წლის 16 თებერვალი).

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. ამავე დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად, სოფლის ყოფილ მკვიდრთ მიწები გამოეყოფოდათ კერძო საკუთრებაში, თუ მათ მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, იგივე წესი ვრცელდებოდა მოქალაქეებზე, რომელთაც კანონით დადგენილი სხვა წესით მიიღეს საცხოვრებელი სახლი.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული საფუძვლით, 1992 წლიდან მამკვიდრებლის სამკვიდროში კანონიერი სარგებლობის უფლებით შესული მიწის ნაკვეთი ასევე მოექცა მის მემკვიდრეთა კერძო საკუთრებაში. მსგავსი რეგულაცია დაწესდა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, სსკ-ის 1513-ე მუხლით, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები“ (იხ. სუსგ, №ას-322-322-2018, 23.03.2020).

იგივე მიდგომაა ჩამოყალიბებული საკასაციო სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (შდრ. იხ. სუსგ, №ას-785-752-2016, 24.12.2018; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018; №ას-1063-983-2017, 17.10.2017).

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, თუმცა ამით სადავო ქონებაზე მამკვიდრებლის კანონიერი სარგებლობის უფლება არ გაუქმებულა. სსკ-ის 1513-ე მუხლიდან გამომდინარე, სამკვიდრო ქონებაზე სწორედ კანონიერი სარგებლობის უფლების არსებობის შედეგად აღიჭურვა მამკვიდრებელი მასზე მესაკუთრის უფლებით, რამაც მითითებული ქონების სამკვიდრო მასაში შესვლა გამოიწვია.

21.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა თ.გ–ძემ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით სამკვიდროდან სავალდებულო წილი მიიღო და, ამდენად, გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდროში შედიოდა მამკვიდრებლის (მეუღლის) სამკვიდროდან მიღებული სავალდებულო წილი, კერძოდ, უძრავი ქონების ½ ნაწილი. ამ გარემოებებს ადასტურებს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 38) და 2019 წლის 13 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 39-40). ზემომითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ დასახელებული სამკვიდრო მოწმობა მართებულად მიიჩნია ხარისხობრივად ვარგის მტკიცებულებად.

ამავდროულად, სწორადაა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, თ.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები) სრულად მიიღო მისმა ძმამ, მოსარჩელემ (ტომი 1, ს.ფ. 43-45). ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამკვიდრო მოწმობის მისთვის გადაცემის შედეგად მოწინააღმდეგე მხარე თ.გ–ძის სამკვიდროში შემავალ ქონებრივ უფლებებზე საკუთრების უფლებით აღიჭურვა; ხოლო ვინაიდან ეს უკანასკნელი სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით დაეუფლა, დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მომენტისათვის თ.გ–ძის სამკვიდროში შედიოდა მამკვიდრებლის (მეუღლის) სამკვიდროდან მიღებული სავალდებულო წილი, კერძოდ, უძრავი ქონების ½ ნაწილი.

21.3. მოპასუხის სახელზე 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონშეუსაბამობის კუთხით გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი. როგორც საქმეზე გამოირკვა დასახელებული სამკვიდრო მოწმობით მოპასუხის მიერ მთლიანი სამკვიდროს მიღების საფუძველი შეიქმნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომელსაც მოცემული დავის მიზნებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. ამ შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობისაა ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები მონაწილეობენ.

ამდენად, რაკი მოპასუხის მიერ წარდგენილი განცხადება სასარჩელო წარმოების წესით არ განხილულა და მისი განხილვა უდავო სამართალწარმოების ფარგლებში განხორციელდა, ეს გარემოება განსახილველ საქმეზე ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებას გამორიცხავს (შდრ. იხ. სუსგ, №ას-911-869-2013 , 24.01.2014).

21.4. პალატის განსჯით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში 2018 წლის 17 მაისის სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმატებულია, გამომდინარე სსკ-ის 54-ე, 1306.1. 1307-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421.1, 1421.2, 1344-ე, 1371-ე მუხლების შინაარსიდან. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა წარმატებულია, შესაბამისად, სარჩელის თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც არსებობს, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობაზე მიუთითებს.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისია.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 132 ლარის (საგადახდო დავალება 10533680294, გადახდის თარიღი - 1.03.2021) 70% - 2 192.4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე