13 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-1258-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების დედა) და ი.ბ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვების მამა) 2014 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში.
2. მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: 2015 წლის 18 ნოემბერს დაბადებული ქ. და 2017 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ნ. (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ბავშვები, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილები ან არასრულწლოვნები).
3. 2019 წლის მარტიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან.
4. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 20 მაისამდე მოპასუხეს ყოველთვიური ხელფასი - 3300 ლარი ერიცხებოდა, საიდანაც დაკავებული გადასახადი 660 ლარია (იხ. ცნობა).
5. მოსარჩელეს 2018 წლიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.
6. შპს „მ–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობით (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 84), დასტურდება, რომ ქ.ბ–ს მშობლების უარის გამო, არ აქვს გაკეთებული პროფილაქტიკური აცრები.
7. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალურმა მუშაკმა თბილისში, ......... კორპუსში მდებარე #37 ბინაში მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები შეამოწმა. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან, მშობლებთან, ძმასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგებულია, შექმნილია ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო, აქვთ ინდივიდუალური საძინებელი, არის სათამაშო კუთხე და განვითარებისათვის ყველა საბაზისო ნივთი. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლის ოჯახი არის არატრადიციული მედიცინის მიმდევარი და მას არ აძლევენ უფლებას, ბავშვებს გაუკეთოს სავალდებულო ასაკობრივი აცრები. ქ. დადის საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე ბაღში, მოსარჩელე აპირებს სექტემბრიდან ნ. რეგისტრაციას იმავე საბავშვო ბაღში. დედა ცდილობს, ბავშვებს შეუქმნას ჯანსაღი და მშვიდი გარემო.
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მეუღლის ოჯახი არატრადიციული მედიცინის მიმდევარია და არ აძლევენ უფლებას, ბავშვებს გაუკეთოს სავალდებულო ასაკობრივი აცრები.
9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ექიმი ჰომეოპათის რჩევით გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის სავალდებულო აცრები არ გაეკეთებინათ. რაც შეეხება ბაღის, სკოლისა და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, გაუგებარია, რატომ უნდა შეეზღუდოს ეს უფლებები, როცა თავად აკითხავს შვილს ბაღში და გამოჰყავს იქიდან.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ბავშვების ჯანმრთელობისთვის ასაკობრივი აცრები აუცილებელია, ამასთან, ბავშვები რაკი დედასთან ცხოვრობენ, მიზანშეწონილია ბაღიც და სკოლაც მათ საცხოვრისთან ახლოს იყოს და დედამ, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ი.ბ–ს (პირადი N......) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - ქ.ბ–ის (დაბადებული 2015 წლის 18 ნოემბერს; პირადი N......) მიმართ, ბაღის, სკოლის, სამედიცინო და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღებისა და დოკუმენტების აღების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად; ი.ბ–ს (პირადი N......) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - ნ.ბ–ის (დაბადებული 2017 წლის 29 აგვისტოს; პირადი N.........) მიმართ, ბაღის, სკოლის, სამედიცინო და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღებისა და დოკუმენტების აღების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად;
მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 500 ლარის გადახდა, 2019 წლის 7 მაისიდან მათ სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე, 1212-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში სარჩელის უარყოფა და, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის 250-250 (სულ 500) ლარის დაკისრება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის 1.3. და 1.4. ქვეპუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 250 ლარის, სულ 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 7 მაისიდან მათ სრულწლოვანებამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მისი ფიზიკური, ფსიქიკური, სულიერი მორალური აღზრდის მიზნებიდან გამომდინარე, ვლინდებოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საკმარისი წინაპირობა. ამასთან, მოპასუხეს შვილების მიმართ უნარჩუნდებოდა მშობლის ყველა სხვა უფლება.
13.2. არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციისა და“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო და თითოეული ბავშვისათვის, ნაცვლად 500 ლარისა, 250 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
14.1. კასატორის მტკიცებთ, ბავშვებს ორივე მშობლის უარის გამო, არ გაუკეთებიათ პროფილაქტიკური აცრები, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ეს ფაქტი მოპასუხის წინააღმდეგ გამოიყენა და გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ თითქოს მხოლოდ მოპასუხე იყო ბავშვების აცრის წინააღმდეგი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გამართლებულია.
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნა, სსკ-ის 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1205-ე (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად), 1197-ე (ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1198-ე მუხლის პირველი პუნქტისა და (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) 1199-ე (მშობლის უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) მუხლებიდან გამომდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში, თუმცა, რაკი საკითხი მეტად მგრძნობიარე თემას უკავშირდება, გადამწყვეტია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამორკვევა, რომელიც ნებისმიერ სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის სუვერენული უფლება თუ სხვა, გადაწონის.
18. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ასახულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კონვენცია) მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
19. წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვების, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრების ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო, კერძოდ, არის თუ არა არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესი კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის, ასევე სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილ სხვა სფეროში.
19.1. ამ მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
19.2. კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი).
მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნების, ჭეშმარიტი ინტერესებისთვის. საკასაციო სასასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რაც არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე - ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
20. ამ მიზნით საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ასახულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სახელდობრ, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
22. საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no.30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
23. საკასაციო პალატის დასკვნით, გეგმიური აცრებით მოცვის მაღალი დონის მიღწევა ანუ სათანადო იმუნური სტატუსით უზრუნველყოფა, ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის მთელ მსოფლიოში გავრცელებული უალტერნატივო ღონისძიებაა. შესაბამისად, სავალდებულო ასაკობრივი აცრების ჩატარება არასრულწლოვნის სრულფასოვანი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საყოველთაოდ აპრობირებულ და აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბავშვებს ასაკობრივად სავალდებულო პროფილაქტიკური აცრები არ ჩატარებიათ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხემ/კასატორმა განმარტა, რომ ოჯახს ჰყავს ექიმი ჰომეოპათი, რომელთანაც კონსულტაციის შემდგომ გადაწყვიტეს ბავშვების სავალდებულო აცრებზე უარი ეთქვათ.
საყურადღებოა, რომ საკასაციო საჩივარში გეგმიური ვაქცინაციის უარყოფის შემთხვევაში ალტერნატიული სამედიცინო საშუალებების უპირატესობა დასაბუთებული არაა და მიუხედავად მოპასუხის განმარტებისა, საკასაციო სასამართლოს ი.ბ–ის მოსაზრება ბავშვებისთვის პროფილაქტიკურ აცრებზე თანხმობის გაცემის ნაწილში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით მიაჩნია უსაფუძვლოდ.
24. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს ორივე მშობლის უარის გამო, არ ჩატარებიათ პროფილაქტიკური აცრები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც აღნიშნული ორივე მშობლის გადაწყვეტილება იყოს, სარჩელის აღძვრით მოსარჩელემ სავალდებულო აცრების ჩატარების ნება გამოხატა. თუმცა, ამ პროცედურისთვის აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებს და აშკარაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია მხოლოდ ი.ბ–ის უარყოფითი პოზიციის გამოა შეფერხებული.
25. რაც შეეხება ბაღის, სკოლისა და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღებისა და დოკუმენტების აღების ნაწილში მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით აღძრულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მშობლებს შორის ადგილი აქვს მოსაზრებების შეუთანხმებლობას; მეტიც, სასარჩელო განცხადება ბაღის, სკოლისა და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღების და დოკუმენტების აღების ნაწილში მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის დამადასტურებელ გარემოებებზე მითითებასაც კი არ შეიცავს. ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღების ნაწილისა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამატებით სხვა სფეროში შეზღუდვის საფუძველი არაა გამოკვეთილი.
26. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კასატორის პოზიცია ნაწილობრივ გასაზიარებელია, ნ.მ–ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოოპასუხეს ახალი გადაწყვეტილებით მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეეზღუდოს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
27. ი.ბ–ს (პირადი N......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, გადახდა შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.მ–ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3.1. ი.ბ–ს (პირადი N.......) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - ქ.ბ–ის (დაბადებული 2015 წლის 18 ნოემბერს; პირადი N......) მიმართ, სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად;
3.2. ი.ბ–ს (პირადი N.......) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - ნ.ბ–ის (დაბადებული 2017 წლის 29 აგვისტოს; პირადი N.......) მიმართ, სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობისას გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;
4. ი.ბ–ს (პირადი N..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, გადახდა შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე