Facebook Twitter

საქმე №ას-456-2020 11 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ–ძე, გ. მ–ძე, გ. მ–ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხეები – მ. მ–ძე, გ. მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.2019 წლის გადაწყვეტილებით ჯ. მ–ძის, გ. მ–ძისა და გ. მ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი მ. მ–ძის, გ. მ–ძისა და ი. მ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ხელვაჩაურის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72.68 კვ.მ (ს/კ: .....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო ქონება“), თანამესაკუთრეებად, თითოეული 1/7 წილით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.08.2016 წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......... მდებარე №...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გამოყოფილი ნაწილიდან, 51.12 კვ.მ-დან, 1/7 წილის მესაკუთრედ თითოეული.

3.2. საჯარო რეესტრის 23.06.2017 წლის ამონაწერით უძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი .........., ს/კ: №......., შენობა-ნაგებობის საერთო ფართია 123.80 კვ.მ, დაზუსტებული ფართობი 301 კვ.მ, მესაკუთრეებად მითითებული არიან მოსარჩელეები და მოპასუხეები. ამასთან, მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან 51.12 კვ.მ-დან 1/7 ნაწილის მესაკუთრეები.

3.3. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.08.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები არიან ერთი და იგივე პირები, დავის საგანიც წარმოადგენს განსახილველ საქმეზე სადავო ქონების ნაწილს. მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი 301 კვ.მ და 123.8 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ეკუთვნოდათ ე. და ჯ. მ–ძის საკოლმეურნეო კომლებს. 1993 წლის 1 იანვრისთვის კომლის წევრებად რეგისტრირებული იყო 7 პირი: მოსარჩელეები, მოპასუხეები და ე. მ–ძე. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით საცხოვრებელი სახლი გაყოფილი იყო ორ ნაწილად და 51.2 კვ.მ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდა ჯ. მ–ძე თავისი ოჯახით, თუმცა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 1993 წლის 01 იანვრისთვის, როდესაც საქართველოში გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, აღნიშნული კომლის წევრი იყო სულ 7 სული და, ამდენად, ყველა მათგანი გახდა ყოფილი საკომლო ქონების თანამესაკუთრე, თითოეული 1/7 წილით.

3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.08.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ კომლის წევრებს, შესაბამისად, ისინი არიან სადავო ქონების თანამესაკუთრეები, თითოეული 1/7 წილით. ამდენად, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ ერთმა მოპასუხემ - ი. მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელეების, როგორც კომლის წევრების, სადავო ქონების თანამესაკუთრეებად (თითოეულის 1/7 წილზე) ცნობის კანონიერება.

9. კასატორი არ ეთანხმება მოცემულ დავასთან მიმართებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2016 წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებას.

10. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

11. გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებთან და სამართლებრივ ურთიერთობებთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს, ან პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 266, გვ.994). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფაქტის პრეიუდიციულობის შემოწმებისას საჭიროა შეფასდეს არა მხოლოდ ფორმალურ-პროცესუალური წინაპირობები (არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის სუბიექტებიც სხვა სამოქალაქო საქმეში იღებენ მონაწილეობას), არამედ, მნიშვნელობა ენიჭება ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს - კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები უნდა ამართლებდეს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ანუ განსაზღვრავდეს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები შეუდავებელი ფაქტებია და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სხვა დავაში მხედველობაში მიიღოს ამ ფაქტების წინააღმდეგ წარდგენილი შედავება, აღნიშნულს მოწმობს სსსკ-ის 266-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ №ას-547-510-2017, 04.05.2018წ.).

12. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2016 წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად მიჩნეულ შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებს წინამდებარე დავის მიმართ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) (შდრ. სუსგ №ას-563-538-2016, 23.09.2016წ., პუნ. 19.3). მითითებულ საქმეში მოსარჩელეები იყვნენ წინამდებარე დავის მოსარჩელეები, მოპასუხეები კი - წინამდებარე დავის მოპასუხეები. დავის საგანს წარმოადგენდა ხელვაჩაურში, სოფელ .......... (ს/კ: №......), მდებარე შენობა-ნაგებობის 123.8 კვ.მ-დან 51.12 კვ.მ ფართზე მესაკუთრედ ცნობა. სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ 1993 წლის 1 იანვრისთვის, როდესაც საქართველოში გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, კომლის წევრებად რეგისტრირებული იყო 7 პირი: მოსარჩელეები, მოპასუხეები და ე. მ–ძე. ამდენად, ყველა მათგანი გახდა ყოფილი საკომლო ქონების თანამესაკუთრე, თითოეული 1/7 წილით (სწორედ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაკმაყოფილდა სარჩელი, იხ. ს.ფ. 18-27). ამასთან, რადგან მოსარჩელეები ითხოვდნენ სახლის ფაქტობრივად გამოყოფილ ნაწილზე (51,12 კვ.მ-ზე) მესაკუთრედ ცნობას, გამოყოფილი ნაწილის ინდივიდუალურ მესაკუთრედ მათი ცნობის საფუძველი კი არ არსებობდა, სსსკ-ის 248-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელეების წილებზე 123.8 კვ.მ-დან მხოლოდ 51.12 კვ.მ ფართში განსაზღვრაზე. შესაბამისად, მოსარჩელეებმა დამოუკიდებელი სარჩელი აღძრეს სახლის დარჩენილ ნაწილში - 72.68 კვ.მ - მათი წილების განსაზღვრის მოთხოვნით.

13. ამრიგად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მასზე, რომ მოსარჩელეები არიან სადავო ქონების თანამესაკუთრეები, თითოეული 1/7 წილით. როგორც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, 125-ე მუხლით კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ; №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018წ.).

14. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის იყვნენ კომლის წევრები, წარმოადგენს დანარჩენი წევრების თანაბრად კომლის ქონებაზე (მის დარჩენილ ნაწილზე) მათი თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად ცნეს თითოეული მოსარჩელე სადავო ქონების 1/7 წილის მესაკუთრედ.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია