საქმე №ას-85-2023 17 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ნი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ბ.პ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ა–ნმა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და შპს „ბ.პ–ას“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ მისი კუთვნილი უძრავი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ბინა №40, ბლოკი „A“, ს.კ. ......, გათავისუფლდა მეორე მოპასუხის საგადასახადო ვალდებულების გამო, 16.10.2014წ. გამოყენებული საგადასახადო გიორავნობა/იპოთეკისგან.
4. პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
6. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ/მოსარჩელემ სააპელაციო შესაგებლით, ასევე, მისმა წარმომადგენელმა 2023 წლის 18 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ წარადგინა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მეორე მოპასუხის გაკოტრების მმართველი (აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით (საქმე №2/18013-2015) მეორე მოპასუხის განცხადება - გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამჟამად მიმდინარეობს მეორე მოპასუხის ქონების რეალიზაციის პროცესი.
9. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი დავა გამომდინარეობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევიდან და, შესაბამისად, მისი განხილვა იმავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესების დაცვით უნდა მოხდეს. ანუ, პირველ რიგში გამოიყენება ის საპროცესო ნორმები, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური - „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ საპროცესო ნორმას, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამ კანონის მიზნებს არ ეწინააღმდეგება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 5-დღიანი ვადა, გადაწყვეტილების მიღებიდან. ამდენად, აღნიშნული ვადის ათვლა არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებაზე, ან სხვა პირობაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (მე-4 პუნქტი) არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ვერ შეცვლის კანონით მკაცრად განსაზღვრულ გასაჩივრების სპეციალურ ვადასა და წესს, რომელიც იმპერატიული ხასიათისაა.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4-5 პუნქტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1, 59.4, 60.2, 61.3, 369.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2022 წლის 21 ოქტომბერს. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები, მათ შორის პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, რომელთაც განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მოსაზრება, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან - 2022 წლის 22 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2022 წლის 26 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია დაგვიანებით - 2022 წლის 30 ნოემბერს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, დასაბუთებულად მიიჩნია.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
14. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე, უნდა შეიცავდეს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. პირველ მოპასუხეს აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2022 წლის 24 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი გაგზავნილია იმავე წლის 29 ნოემბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ვადის დაცვით;
14.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც გასაჩივრების წესი პირდაპირ იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემასთან, პირველ მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი ნდობა. მას არ დაურღვევია გასაჩივრებისთვის დადგენილი წესი;
14.3. სააპელაციო სასამართლომ კანონი არასწორად გამოიყენა. კერძოდ, იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით, თუმცა გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის აღნიშნული კანონი ძალადაკარგული იყო. 2020 წლის 18 სექტემბრიდან მოქმედებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ დავაზე, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. კანონის აღნიშნული მუხლი ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან. ამდენად, ახალი კანონით შეცვლილია გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით ძველ კანონში არსებული ჩანაწერი. შესაბამისად, აპელანტის მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა;
14.4. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი განკუთვნილია სპეციალურ რეჟიმში მყოფი პირებისათვის. აღნიშნული კანონი შეიცავს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესოსამართლებრივ ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მე-10 მუხლი არ არის განთავსებული სამოქალაქო საპროცესო კოდქსში, ის საპროცესოსამართლებრივ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანონის მოქმედების ფარგლებში იქნა სარჩელი შეტანილი, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გასაჩივრების გამოცხადების მომენტისათვის არსებული საპროცესო ნორმებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
16.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია კანონის არასწორ გამოყენებას ემყარება. კერძოდ, იგი დავობს, რომ წინამდებარე შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და არა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ვინაიდან განჩინების მიღებისას ეს კანონი უკვე ძალადაკარგული იყო.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია კანონის დროში მოქმედების საკითხი. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი. აღნიშნული კანონი (პირველიდან 121-ე მუხლის ჩათვლით) ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან. შესაბამისად, ამ დრომდე დაწყებულ გადახდისუუნარობის საქმეებზე და მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე ახალი კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.
22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მეორე მოპასუხის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო 2015 წელს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით (საქმე №2/18013- 2015) მეორე მოპასუხის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამასთან, წინამდებარე საქმეზე სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2020 წლის 01 სექტემბერს. შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმეზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება და ის უნდა მოწესრიგდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით.
23. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. ამდენად, აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია სპეციალური საპროცესო ნორმები, რომლით მოწესრიგებული საკითხის მიმართაც გამოირიცხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება.
24. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა) პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად: ა) იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აისახება კრედიტორთა ნუსხაში; ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51 , 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-51 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ წარმოშობილ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები (თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები).
25. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.
26. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება გამოცხადდა 2022 წლის 21 ოქტომბერს, გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები, მათ შორის, პირველი მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან - 2022 წლის 21 ოქტომბრიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2022 წლის 26 ოქტომბერს. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 30 ნოემბერს (ფოსტით გაიგზავნა 2022 წლის 29 ნოემბერს), გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
28. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
29. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს კანონის გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის შემდეგ საზოგადოების ნებისმიერი ფენის მიერ მისი ცოდნის ვარაუდს. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ვრცელდება ნებისმიერ გამოქვეყნებულ კანონზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა არ ითვლება პასუხიმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობად. საპროცესო კანონის ცოდნის პრეზუმფცია არ არის კანონში მოცემული პრეზუმფცია, თუმცა ის პრაქტიკაში გამოიყენება. საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ან არასწორად შესრულება საპატიოდ არ მიიჩნევა კანონის არცოდნის მიზეზით. ეს განსაკუთრებით ეხება საკასაციო და სააპელაციო ინსტანციებს, სადაც მხარის წარმომადგენლად მონაწილეობის უფლება მხოლოდ ადვოკატებს აქვთ. მათი მითითება კანონის არცოდნაზე გაუმართლებელია.
30. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულ გასაჩივრების წესთან დაკავშირებით.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი