საქმე №ას-1087-2021 21 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ნ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ტვირთის გადაზიდვის შესახებ 24.10.2019წ. №24-10-2019 განაცხადის თანახმად, შპს „ჯ-ნ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დამკვეთი“) კუთვნილი საქონელი - თხილის გული, შპს „ა.ს–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ექსპედიტორი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) საქართველოდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... უნდა გადაეზიდა იტალიამდე, კერძოდ, ქ. ბარიმდე. განაცხადის მიხედვით, ტრანსპორტირების საფასური შეადგენდა 3 500 ევროს, ხოლო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის საფასურთან ერთად - 3 965 ევროს (იხ. ს.ფ. 18, 20, 27).
2. მოსარჩელის დაკვეთითა და მოპასუხის ორგანიზებით, გადამზიდავი კომპანია შპს „ს–ოს“ (შემდგომში - „გადამზიდავი კომპანია“) მეშვეობით, საქონელი - თხილის გული საქართველოდან გადაზიდულ იქნა და მიეწოდა მიმღებს - შპს „ს–ას“ იტალიაში. საქონელი გადაზიდულ იქნა ორ ლოტად: A 1910/03 ლოტი შედგებოდა 5 დიდი ჩანთა 11/13 მმ თხილის გულისგან, ხოლო B 1910/03 ლოტი – 17 დიდი ჩანთა 13/15 მმ თხილის გულისგან.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... საქონელი ჯერ გადაზიდულ იქნა ფოთის პორტამდე, ფოთის პორტიდან კი – იტალიამდე. გადასაზიდი საქონელი მოთავსებული იყო დიდ ჩანთებში (ტომრებში), რაც ტრანსპორტირების მიზნით განთავსდა პალეტებზე და ჩაიტვირთა მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ….., მისაბმელის ნომერი: .....) (იხ. ს.ფ. 19, 21-22).
4. საქონლის მიმღებმა - შპს „ს–ამ“ საქონლის იტალიაში ტრანსპორტირების შემდეგ აღმოაჩინა ტვირთის დანაკლისი 620 კგ-ის ოდენობით, რის შესახებაც აღნიშნა საერთაშორისო სატვირთო- სატრანსპორტო ზედნადებში (CMR) და დანაკლისის შესახებ სადებეტო შენიშვნა წარუდგინა მოსარჩელეს, ხოლო შესაბამისი ღირებულების - 3 658 ევროს ანაზღაურებაზე უარი განაცხადა (იხ. ს.ფ. 21-22, 24-25).
5. მოსარჩელემ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მიღების ხარჯთან ერთად, ჯამში 3 965 ევრო, სრულად აუნაზღაურა მოპასუხეს (იხ. ს.ფ. 27-29).
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, 3 658 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 658 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.
9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ საქონლის დატვირთვაზე პასუხისმგებელ პირს ჯ.ბ–ია (მოსარჩელე კომპანიის 25%-იანი წილის მესაკუთრე), ხოლო სასაქონლო ზედნადების თანახმად, საქონლის გამყიდველსაც და მყიდველსაც თავად მოსარჩელე წარმოადგენდა, რომელიც იყო საქონლის შიდა გადაზიდვის განმახორციელებელი სუბიექტი.
13. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა არა მოპასუხე, არამედ გადამზიდავი კომპანია, ვინაიდან უდავო იყო მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მისი მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დაკვეთა ნეტო წონის 22 000 კგ ტვირთის გადაზიდვის შესახებ, არამედ, დაკვეთა იყო ბრუტო წონის 22 000 კგ ტვირთის გადაზიდვის თაობაზე, რაც მისი მხრიდან შესრულდა კიდეც. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: 24.10.2019წ. ტვირთის გადაზიდვის შესახებ განაცხადის თანახმად, საქონლის წონა განისაზღვრა ბრუტო წონით, კერძოდ, ბრუტო 22 000 კგ; სასაქონლო ზედნადებში საქონლის - დარჩეული თხილის (გული) წონა მითითებულია ასევე 22 000 კგ, თუმცა ზედნადები ბრუტო ან ნეტო წონის შესახებ მითითებას არ შეიცავს; ხოლო, საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადებში (CMR) აღნიშნულია თხილის გულის წონა ჩანთებიანად (სულ 22 ჩანთა) ბრუტო წონით - 22 066 კგ; რაც შეეხება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს, საქონლის რაოდენობის გრაფაში მითითებულია ნეტო წონა - 22 000 კგ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თხილის გულის აწონვა ჩატვირთვისას განხორციელდა ჩანთებით, რასაც ადასტურებს ასევე საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადები (CMR), რომელშიც აღნიშნულია თხილის გულის წონა ჩანთებიანად (სულ 22 ჩანთა). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ გადასაზიდი საქონლის, თხილის გულის ბრუტო წონად მიჩნეულ უნდა იქნეს თხილის გულის წონა ჩანთების წონასთან ერთად, რაც შეადგენდა - 22 066 კგ-ს, საიდანაც ჩანთების წონა იყო 66 კგ, ხოლო თხილის გულის ნეტო წონა - 22 000 კგ.
15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ გადასაზიდი საქონლის (თხილის გული) აწონვა განხორციელდა პალეტებიანად და ბრუტო წონამ შეადგინა 22 066 კგ, ხოლო საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას მისი აწონვა განხორციელდა პალეტების გარეშე, რამაც გამოიწვია დანაკლისი (თუმცა მისთვის უცნობია რა შეთანხმება არსებობდა საქონლის წონასთან დაკავშირებით მოსარჩელესა და შპს „ს–ას“ შორის). სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძოდ, დადგენილია, რომ გადასაზიდი საქონელი მოთავსებული იყო დიდ ჩანთებში (ტომრებში) და ტრანსპორტირების მიზნით განთავსებული იყო პალეტებზე, თუმცა არ დასტურდება, რომ საქონლის აწონვა განხორციელდა პალეტებიანად. მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გადამზიდავი კომპანიის მძღოლი, რომელმაც მიუთითა, რომ საქონლის აწონვა პალეტებთან ერთად არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, საქონელი მისაბმელიან სატვირთო მანქანაში ჩატვირთვამდე აიწონა შემთხვევითი შერჩევით. კერძოდ, 22 ჩანთიდან შეირჩა დაახლოებით 7 ჩანთა და სასწორზე მოთავსდა მხოლოდ ჩანთები, რომლებშიც მოთავსებული იყო თხილის გული. აწონვის შედეგად თითოეული ჩანთის წონა რეალურად აღემატებოდა თხილის გულის წონას. ნაკლებობა არ დაფიქსირებულა. ჩანთები აწონვის შემდეგ მოთავსდა პალეტებზე და შემდეგ სატვირთო მანქანაში. საქონელი მოთავსდა სატვირთო ავტომანქანის კაბინასა და მისაბმელში, რაც დაილუქა, ლუქის მთლიანობა ტრანსპორტირების პროცესში არ დარღვეულა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.10.2020წ. სხდომის ოქმი, 17:04:17-17:26:36 სთ).
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა თუ რა რაოდენობის (წონის) საქონელი ჩაიბარა მოსარჩელისგან მოპასუხემ გადასაზიდად, ხოლო საქმეში წარდგენილი დოკუმენტები წონასთან დაკავშრებით შეიცავს სხვადასხვა მონაცემებს, მოპასუხეს მართებდა შეთანხმებული ოდენობის (წონის) საქონლის გადაზიდვისა და შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა, თუმცა ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1, 319.1, 327.1, 327.2, 672-ე, 686.1, 730.1, 731-ე, 740-741-ე, 742.1, 408.1, 412-ე, 414-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მართებულად დაეკისრა 3 658 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. საქმეში წარდგენილია 24.10.2019წ. განაცხადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს დაუსვა შეკითხვა - გარდა აღნიშნული შეთანხმებისა (იგულისხმება განაცხადი), მათ შორის არსებობდა თუ არა სხვა შეთანხმება, რაზეც მხარეთა მიერ უარყოფითი პასუხი იქნა გაცემული. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სადავოდ არ არის გამხდარი 24.10.2019წ. განაცხადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ, სასამართლომ მასში მითითებული მონაცემები უსაფუძვლოდ უარყო;
19.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადების თანახმად, საქონლის გამყიდველსაც და მყიდველსაც, ასევე, საქონლის შიდა გადაზიდვის განმახორციელებელ სუბიექტს, წარმოადგენდა თავად მოსარჩელე. ამასთან, ზედნადებში ტრანსპორტირების ადგილად მითითებულია - ზუგდიდი, სოფელი ....., ხოლო ტრანსპორტირების დასრულების ადგილად - ფოთი, საბაჟო ტერმინალი. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო სასაქონლო ზედნადების მონაცემები;
19.3. განბაჟებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიის 25%-იანი წილის მესაკუთრე ჯ.ბ–ია;
19.4. საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადებში (CMR) მითითებული მონაცემები მოსარჩელემ ბეჭდით დაადასტურა, ამ მონაცემების თანახმად კი, ბრუტო წონად მითითებულია 22 066 კგ და დასტურდება, რომ ტვირთი 22 პალეტზე იყო განთავსებული;
19.5. რაც შეეხება შპს „ს–ას“ მიერ საეთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადებზე (CMR) გაკეთებულ აღნიშვნას 620 კგ-ის არარსებობაზე, მოსარჩელეს არ წარუდგენია ამ უკანასკნელთან დადებული შეთანხმება, რომლითაც დაადასტურებდა მათ შორის არსებულ გარიგებას მისაწოდებელი საქონლის რაოდენობასთან დაკავშირებით;
19.6. გადამზიდავი კომპანიის მძღოლმა დაადასტურა, რომ ჩანთები აწონვის შემდეგ მოთავსდა პალეტებზე და შემდეგ სატვირთო მანქანაში. საქონელი დაილუქა, ხოლო ლუქის მთლიანობა ტრანსპორტირების პროცესში არ დარღვეულა. ეს განმარტება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, შიდა გადაზიდვა თავად მოსარჩელემ განახორციელა და, შესაბამისად, რა სახითაც იყო ტვირთი დატვირთული, იმ სახითვე მოხდა მისი განბაჟება და წონა აისახა საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადებში (CMR-ში);
19.7. ფიტოსანიტარიული შემოწმება განხორციელდა 2019 წლის 25 ოქტომბერს. უფლებამოსილი პირის მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურები ტარდება ტვირთის მდებარეობის ადგილზე. 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიტვირთა ტვირთი. საქონელი მოთავსდა სატვირთო ავტომანქანაში, რაც დაილუქა. დადგენილია, რომ ლუქის მთლიანობა ტრანსპორტირების პროცესში არ დარღვეულა. ამდენად, ფიტოსანიტარიულ შემოწმებაზე განაცხადს მოპასუხე ვერანაირად ვერ გააკეთებდა, რადგანაც ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილია შესაბამისი პროცედურები, რომლის შესრულება მხოლოდ მოსარჩელეს შეეძლო. შესაბამისად, ფაქტია, რომ ფიტოსანიტარიული შემოწმება განხორციელდა ტვირთის დატვირთვამდე;
19.8. ფოთის ტერმინალში ტვირთის შესვლის შემდეგ მოხდა მისი განბაჟება, რა დროსაც გადასაზიდი ტვირთის მთლიან წონას გამოაკლდა კონტეინერის წონა, რომელიც მითითებულია კონტეინერის პასპორტში და მიღებულ იქნა ტვირთის ბრუტო წონა, კერძოდ, თხილის წონა შესაფუთ მასალასთან და პალეტებთან ერთად, რაც დაფიქსირდა CMR-ში 22 066 კგ. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 66 კგ წარმოადგენდა ჩანთების წონას, მაშინ ისმის კითხვა - სად წავიდა 22 პალეტის წონა, რომელზეც საქონელი იყო განთავსებული.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
26. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილი [ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია], 740-ე მუხლი [ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი] და 396-ე მუხლი [მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს].
27. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. იგი დავობს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში არსებულ მტკიცებულებებში მითითებული მონაცემები, მის მიერ გადასაზიდი საქონლის - თხილის გულის ბრუტო წონა - 22 066 კგ მოიცავდა როგორც ჩანთების (ტომრები, რომელშიც თხილის გული იყო მოთავსებული), ასევე, პალეტების წონასაც, რომელზეც აღნიშნული ჩანთები იყო განთავსებული. გადასაზიდი საქონლის აწონვა მოხდა პალეტებიანად.
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ გადასაზიდი საქონლის - თხილის გულის აწონვა პალეტებიანად მოხდა და მისი ბრუტო წონა - 22 066 კგ, ჩანთების წონასთან ერთად, ასევე პალეტების წონასაც მოიცავდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, 24.10.2019წ. ტვირთის გადაზიდვის შესახებ განაცხადის (იხ. ს.ფ. 18), 25.10.2019წ. №ელ-0487000107 სასაქონლო ზედნადების (იხ. ს.ფ. 19), საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადების (CMR) (იხ. ს.ფ. 21-23, 102-106), ფიტოსანიტარიული სერთიფიკატისა (იხ. ს.ფ. 20) და მოწმის ჩვენების (იხ. 15.10.2020წ. სხდომის ოქმი) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ 24.10.2019წ. ტვირთის გადაზიდვის შესახებ განაცხადის შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასაზიდი საქონლის - თხილის გულის ბრუტო წონად მიჩნეულ უნდა იქნას თხილის გულის წონა ჩანთების წონასთან ერთად, საიდანაც ჩანთების წონაა 66 კგ, ხოლო თხილის გულის წონა 22 000 კგ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. იმავე კოდექსის 740-ე მუხლის მიხედვით, ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.
33. ამდენად, ექსპედიციის ხელშეკრულებით, მომსახურების მიმწოდებელი - ექსპედიტორი მოქმედებს საკუთარი სახელითა და შემკვეთის ხარჯით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი შედეგები მის მიერ განხორციელებული მოქმედებებისათვის ექსპედიტორს პირდაპირ არ ეხება, არამედ ეს შედეგები უშუალოდ შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებზე აისახება. აქედან გამომდინარე, ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება.
34. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის მხარეთა შორის საექსპედიტორო მომსახურების თაობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტი; დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ექსპედიტორს 22 000 კგ ნეტო წონის (22 066 ბრუტო წონის, საიდანაც 66 კგ ჩანთების, ხოლო 22 000 კგ თხილის გულის წონას შეადგენდა) საქონელი - თხილის გული უნდა გადაეზიდა იტალიაში, ქ. ბარში, საიდანაც დაიკარგა და მიმღებ კომპანიას არ მიეწოდა 620 კგ თხილის გული; დადგენილია ასევე, რომ მიმღებმა კომპანიამ - შპს „ს–ამ“ მიღებული საქონლის დანაკლისის ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც ექსპედიტორი, პასუხისმგებელია შემკვეთისთვის მიყენებულ ზიანზე და მას მართებულად დაეკისრა იმ სხვაობის ანაზღაურება, რაც ტვირთის მიწოდების ადგილზე აღმოჩნდა.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-227-212-2014, 01 დეკემბერი, 2014 წელი; №ას-1626-2019, 17 ივნისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 669 ლარის 70% – 468,3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ა.ს–ს“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 25 ოქტომბერს №110 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 669 ლარის 70% – 468,3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი