Facebook Twitter

№ას-1446-2022

27 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ო–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის ბათილად ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ნ.ქ–ნის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ნაწილობრივ, 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი - ქალაქ თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ს.ბ–ძის მიერ 1998 წლის 11 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N2მ-1190 და 2017 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მ.ჩ–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა N171216381 (ელ. რეესტრის N130786679);

3. ნ.ქ–ნი ცნობილ იქნა ი.ო–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ....... (ს/კ. ......) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

4. ნ.ქ–ნის სასარჩელო მოთხოვნა ნ.კ–ძის უღირს მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ი.ო–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (დედანი ხელმოწერით), ასევე, 732,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 24 ნოემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო საჩივრის ავტორს.

2022 წლის 28 ნოემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით ი.ო–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (დედანი ხელმოწერით), ასევე, 732,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 12 დეკემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს.

2022 წლის 16 დეკემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ კასატორმა ვერ შეძლო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა მისი მატერიალური მდგომარეობის გამო. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კერძოდ, კასატორის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ი.ო–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (დედანი ხელმოწერით), ასევე, 732,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 28 დეკემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს.

2023 წლის 09 იანვარს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე - 2023 წლის 02 იანვარი - დაემთხვა უქმე დღეს, ამასთან, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილებით 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებიც განისაზღვრა უქმე დღეებად, შესაბამისად, 09 იანვარი კასატორისთვის იყო პირველი სამუშაო დღე უქმე და არასამუშაო დღეების შემდეგ) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა კასატორისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან კასატორს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ამასთან, დადგენილი ვადა დაემთხვა ახალი წლის დღესასწაულს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გონივრული დროით გაგრძელება ითხოვა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით ი.ო–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (დედანი ხელმოწერით), ასევე, 732,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 20 იანვარს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ი.ო–ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2023 წლის 20 იანვარს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - დ.მ–ძეს (მინდობილობა იხ. ტ.1 ს.ფ. 108).

სსსკ–ის 60–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 21 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია