Facebook Twitter

საქმე №ას-1558-2022 01 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი– სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე–კ.ჭ–ა, ვ.წ–ია (განმცხადებლები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი– არასრულწლოვანი ბავშვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განცხადების მოთხოვნა:

1. კ.ჭ–ამ და ვ.წ–იამ (შემდგომ – განმცხადებლები) განცხადებით მიმართეს სასამართლოს არასრულწლოვანი თ.წ–ას (დაბადების თარიღი - 2006 წლის 8 თებერვალს, პ/ნ:......) სახელზე რიცხული (თანასაკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (წალენჯიხა, ........ ქ.N7, ს/კ ........) კუთვნილი წილის ნასყიდობის დადების გზითგანკარგვის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი, რომელსაც დაევალა, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს, მოცემულ საქმეზე არასრულწლოვანი ბავშვის - თ.წ–ას (დაბ.08.02.2006წ) ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენლის დანიშვნა და დასკვნის წარდგენა კ.ჭ–ას და ვ. წ–ას განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

3. ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. განმცხადებლებს დამატებით დაევალათ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრისათვის (შემდგომ - სსიპ) ინფორმაციის წარდგენა არასრულწლოვანი თ.წ–ას კუთვნილი ქონების წილის (მდებარე: წალენჯიხა, ........ ქ.N7, ს/კ:.....) გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობის შესახებ, თ.წ–ას საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, გამოყენების თაობაზე. ინფორმაციის მოწოდების ვადად განისაზღვროს 2 (ორი) წელი. ზემოაღიშნულ ორგანოს ინფორმაცია უნდა წარედგინოს ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებლებს დაევალათ სსიპ-სათვის ინფორმაციის წარდგენა არასრულწლოვანი თ.წ–ას კუთვნილი ქონების წილის (მდებარე: წალენჯიხა, ........ ქ.N7, ს/კ:........) გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობის შესახებ, თ.წ–ას საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, გამოყენების თაობაზე, ასევე, მათ ინფორმაციის მიწოდების ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. ზემოაღნიშნულ ორგანოს ინფორმაცია უნდა წარდგენოდა ყოველ 6 (ექვს) თვეში ერთხელ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები).

6. ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით სსიპ-ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინების (საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმის შესახებ) გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული არ ყოფილა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საქმეში ჩაება სსიპ-ი, რაც ასევე წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს.

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 261.1. „ა“ და „გ“ მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული საქმე ეხება არასრუწლოვანი ბავშვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემას. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არასრულწლოვანის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაცია შეესაბამება თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ამ დროს დაცულია თუ არა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული ბავშვის საყოველთაო უფლებები, მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება ემსახურება თუ არა ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

10. ბავშვის საუკეთესო ინტერესები კომპლექსური ცნებაა და მრავალმხრივ, ინდივიდუალურ გამოკვლევას საჭიროებს. მასში მოიაზრება ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუქნტი). ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება („ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი). მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, რომელიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იმავე მუხლის მე-2 პუნქტი).

11. სწორედ მითითებული ამოცანის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი. მათ მიერ 2021 წლის პირველ ივლისს შედგენილ და სასამართლოში წარდგენილ იქნა დასკვნა, რომლითაც ბავშვის განვითარების თავისებურებების, მასზე განხორციელებული ზრუნვის, არასრუწლოვნის ოჯახისა და გარემოს, ბავშვის პოზიციის გამკვლევის და შეფასების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე არსებობს მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და არ ილახება არასრულწლოვანის უფლებები და ინტერესები.

12. ცხადია, სააგენტოს მიერ გაწეულ იქნა დიდი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურაზე იმ სავალდებულო სასამართლო კონტროლის განხორციელებისას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 183-ე მუხლი ითვალისწინებს.

13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2022 წლის 5 აპრილის №ას-12-1378-2021წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა. დასახელებულ პირთა პოზიციების გათვალისწინება საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

14. მოცემულ საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით იყო ნაკარნახები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებაზე სსიპ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველა შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

17. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. 2020 წლის პირველი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად ამოქმედდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც იმ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში ბავშვი სამართლებრივ სუბიექტად წარმოაჩინა, სადაც მისი ინტერესი ფიგურირებდა. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. ამავე ცვლილებებმა არასრულწლოვანის ინტერესის განხორციელება საკანონმდებლო სივრცეში გადაანაწილა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე, რითაც შექმნა პრეცედენტი არასრულწლოვანის ინტერესს დაქვემდებარებული ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდეს მულტიმიდგომით, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული ორგანოს/სპეციალისტის მონაწილეობით. ამის დასტურია „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ XII თავი, რომელიც შეეხება უფლებამოსილებების გადანაწილებას ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში. აღნიშნულ თავში გაწერილია საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთო სასამართლოების, სახალხო დამცველის, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებანი, რაც შემთხვევითი არ არის და მიმართულია იმისაკენ, რომ არასრულწლოვანის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, კომპეტენციის შესაბამისად, უნდა იქნეს დელეგირებული ყველა რგოლზე. ამ ჩამონათვალში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს და მისი როლი ამ ტიპის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული. კერძოდ: სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

18. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები მშობლებს შორის (საოჯახო) დავებში ერთვებიან ამავე კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, სსკ-ს 1205-ე და 1206-ე მუხლების დათქმისას, როდესაც მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/ჩამორთმევის შემთხვევაში, სსკ-ს 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილით „მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ“, სასამართლო დავაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მონაწილეობა სამართლებრივად მართებულია.

19. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ბავშვსა და ოჯახში ზრუნვის, ასევე, მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობის არსი საერთო სასამართლოებთან ურთიერთობებში, რომელიც შემოიფარგლება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობით არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის გზით“. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ „ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს“, რაც, თავის მხრივ, ჩაითვლება, რომ ზემოხსენებული ნორმები კვლავ ძალაშია და ამ კოდექსმა მოახდინა მხოლოდ მათი დაზუსტება/შევსება. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსმა მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვნის წარმომადგენლად/უფლებათა დამცველად (სსკ-ს 1200-ე, 1201-ე, 1205-ე, 1206-ე მუხლების და 1283 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა) ცალსახად სსიპ იურიდული დახმარების სამსახური დაასახელა (და არა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო), რომელიც უფლებამოსილია (შესაძლებელია სავალდებულოდაც), გასწიოს არასრულწლოვნის წარმომადგენლობა ნებისმიერი ტიპის დავაზე. მოხმობილი ნორმის მიხედვით „საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.“

20. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე“.

21. კასატორმა გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში არსებული განმარტება სახელმწიფოს პოზიტიურ როლზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით, თუმცა არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას ამ მიზნის მისაღწევად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვაზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

22. ქონების განკარგვაზე ნებართვის გაცემის საქმეები ცალსახად უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო სსიპ-ის დასკვნა ვერ განიხილება ამ ტიპის დოკუმენტად. დასკვნის მომზადება ხდება განმცხადებლების პოზიციის, არასრულწლოვანის მოსაზრების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი უდავო მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან იგი იმეორებს საქმეში ისედაც არსებულ მონაცემებს, ვერ დაადასტურებს ან ვერ უარყოფს ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებას, ეფუძნება ვარაუდს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ან პირიქით. ასევე, რთულია ქონების განკარგვის გადაუდებელ აუცილებლობაზე მსჯელობაც. შესაბამისად, ამ ტიპის დასკვნის მომზადება ფორმალურ ხასიათს ატარებს და იგი ვერ დაეფუძნება სიღრმისეულ კვლევებს, მტკიცებულებებს და ა.შ. აღნიშნულის შესაძლებლობას არც საქმის მასალები და არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რესურსი იძლევა. ყველა ეს გარემოება, სასამართლოსათვის ისედაც ცხადია საქმის მასალებით, არასრულწლოვანის გამოკითხვის და განმცხადებლების პოზიციების მოსმენითაც. ასეთი დასკვნის არსებობას საქმეში არანაირი დატვირთვა არა აქვს, გარდა იმ ტიპის პასუხისმგებლობის სააგენტოსათვის გაზიარებისა, რისი არც სამართლებრივი და არც სხვა რესურსი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არ გააჩნია და მძიმე ტვირთად აწვება მას. დასკვნაში ძირითადად შეფასებულია მშობლის უნარ-ჩვევები, მათი დამოკიდებულება შვილების მიმართ და ა.შ, რაც თავისთავად არ არის ის მტკიცებულება სასამართლოსთვის, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ქონების გასხვისების დროს.

23. კასატორის მოსაზრებით, მას აგრეთვე არ აქვს უფლება, საქმის სრულყოფილი გამოკვლევისათვის გამოითხოვოს ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებისგან. სწორედ ამიტომ კანონმდებელმა სსკ-ის 183-ე და 186-ე მუხლებით აღნიშნული თანხმობის გაცემა მხოლოდ სასამართლოს მიანდო, ვინაიდან სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე საქმის სწორად გადაწყვეტა შეუძლებელია (მტკიცების საგანი). მაშასადამე, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. კანონმდებელი სასამართლოს აძლევს უფლებას „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არსებით გავლენას ახდენს საქმის მიმდინარეობასა და პროცესის შედეგზე. სასამართლომ საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა წარადგინონ განმარტებები და შესაბამისი შუამდგომლობები. სასამართლოს აკისრია ვალდებულება, მისცეს მხარეებს განმარტებები, რომლითაც ისინი გადალახავენ, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, სიძნელეებს. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად. გარდა ამისა, სასამართლო ვალდებულია, თავად მოისმინოს არასრულწლოვანის აზრი ნებისმიერ საქმეზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, და აღნიშნული ფუნქცია არ დააკისროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ინტერვიუების წესისა და პირობების, ბავშვის მოსაზრებების სწორად შეფასებების თვალსაზრისით სასამართლო და საქმეში ჩართული ყველა სუბიექტი, სპეციალიზდება ამ მიმართულებით სსკ-ის მე-5.1 მუხლის შესაბამისად.

24. კასატორმა გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოცემულ საქმეზე სააგენტომ დიდი სამუშაო შეასრულა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასადგენად. „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ცალსახად ავალდებულებს ყველა სუბიექტს, დაადგინოს, შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ კასატორზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ყველა უფლება ვერ იქნება აბსოლუტური ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით, დასაბუთებას მოკლებულია, ვინაიდან სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს კანონის სრული დაცვით. მასაც ისევე ევალება ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენა და გამოვლენა საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ბავშვის აზრის მოსმენის ხარჯზე, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. კანონის არასწორი განმარტებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არასწორი პრაქტიკის სახე შეიძლება მიეცეს და სისტემურ პრობლემად იქცეს, არ შეიძლება იქცეს ნორმად. სხვა შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესის სახელით ნებისმიერი უკანონობის გამართლებაა შესაძლებელი.

25. კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის №ას-1378-2021 პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააგენტოსათვის მონიტორინგის დაწესების ნაწილს ეხება, სასამართლო ცალსახად უთითებს „სახალხო დამცველის როლის გაძლიერებაზე, იურიდიული სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოებასა და სასამართლოს გაძლიერებაზე, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი.“

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის სამოქალაქო საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა, იმ პირობებში, როდესაც არ არის შეჩერებული, შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რაც მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.

27. კასატორმა იშუამდგომლა მოცემული დავის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან მსგავსი კატეგორიის დავა სასამართლოს აქამდე არ განუხილავს, შესაბამისად, წინამდებარე საქმის განხილვა ხელს შეუწყობს სასამართლო პრაქტიკის განვითარებას.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განხილვის საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოს ინიციატივითვე მიღებული 2022 წლის 15 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

31. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.).

32. სსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

33. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

34. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.

36. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან. (შდრ. სუსგ №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; სუსგ №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისთვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020.). დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისთვისაც ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-180-180-2018, 04 მაისი, 2018წ.). არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად.

37. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ.

38. საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (შდრ: სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.).

39. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს, ასევე, სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7-დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. რაც შეეხება საკითხის დასმის ფორმას, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი სასამართლოა, მან ეს საკითხი შეიძლება დასვას მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (სსკ-ის 284.1 მუხლი). მაგალითად, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.3 მუხლი). თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა ერთ-ერთი ზემოხსენებული განჩინება, იგი არაა უფლებამოსილი, ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-362-338-2017, 19 მაისი, 2017).

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ 31.03.2017წ. საქმე №ას-35-31-2017).

41. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატამ კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა არასწორად აითვალა.

42. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლითაც იგი სადავოდ ხდის არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვაზე სასამართლოს მხრიდან თანხმობის გაცემის შესახებ საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმას (იხ. საკასაციო საჩივარი).

43. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ბავშვის უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.

44. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52.).

45. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

46. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა („კომიტეტი“)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.

47. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.

48. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები.

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებს: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე; (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში; (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან.

50. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავს ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

51. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულება, პირველყოვლისა აქვს სახელმწიფოს. იგულისხმება, როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი განსაკუთრებულ მოთხოვნებს განუსაზღვრავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 პუნქტის გამოძახილს. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი სისტემა, სადაც ყველა ის ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებთან, უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს მულტიდისციპლინური მიდგომითა და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თუ არ არსებობს გამართული კოორდინაციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა რგოლები ერთიანი სტრატეგიით მუშაობენ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადჭრაზე სხვადასხვა კუთხით, ბავშვის საუკეთესო ინტერსები ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

52. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

53. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედებამ არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია ცვლილების შეტანა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე. კერძოდ, 183-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე (იხ. ირაკლი ბურდული, მშობლის მიერ არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხისათვის, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 12/2020, გვერდი 3.). საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. „ბავშვის ინტერესი ბაზირებული უნდა იყოს ყველა იმ რისკისა თუ უპირატესობის შეწონვაზე, რომელიც სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს“ (იხ. PWW/Bauer, BGB Kommentar ( 2020), §1828, Rn.4).

54. ამ ნორმების მიზანია, რომ დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან.შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური გარემოებების სათანადო შეუფასებლობას, რასაც უნდა დაეფუძნოს ბავშვის საკუთრების განკარგვაზე ნებართვის გაცემა ან გაუცემლობა, ბავშვის საკუთრების უფლების დარღვევად განიხილავს. (იხ. S.L and J.L v. Croatia ( განაცხადის no.13712/11, პარაგრაფი 64-89.; www. hudoc.echr.coe.int>).

55. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მშობლებს ევალებათ დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვას და გამოყენებას (იხ. ბავშვის მეურვეობის საკითხები სამოქალაქო სამართალწარმოებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისი, 2018, გვ. 86-87.). კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა (იხ. Parkinson P., Family Law and the Indissolunility of Parenthod, Published by CambrigeUniversity Press, 2011, P.164).

56. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესის“ (“main interest“) ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის არაერთი ნორმა, რომლებიც აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად შესაბამისი რეგულაციები.

57. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა,რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

58. სასამართლოებმა ბავშვთა მონაწილეობით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენონ მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად (იხ. „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“ - კანონმდებლობის ანალიზი, UNICEF, თბილისი, 2017 წელი).

59. ზემოაღნიშნული გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ჩაბმა. დასახელებულ პირთა მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

60. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ არასრულწლოვანის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, კომპეტენციის შესაბამისად, უნდა იქნეს დელეგირებული ყველა რგოლზე, მათ შორის, მნიშნელოვანი ფუნქცია საოჯახო დავებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ენიჭება.

61. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და წინამდებარე საქმეში კასატორის ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ კასატორისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება შეზღუდულია. თუმცა აღნიშნული არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ სამოქალაქო საქმეებში მის მონაწილეობას, როგორც ამას კასატორი მოითხოვს, მთლიანად არ გამორიცხავს. აქვე საყურადღებოა, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, კასატორი ისეთი ვალდებულებებისაგან გათავისუფლებულია, როგორიცაა ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალება (იხ. სუსგ №ას-1378-2021, 5 აპრილი, 2022წ.).

62. კასატორი შუამდგომლობს, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი იმ საფუძვლითაც, რომ მსგავსი კატეგორიის დავა საკასაციო სასამართლოს მანამდე არ განუხლილავს (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.27.).

63. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და, კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე საქმეზე №ას-12-1378-2021 წელი, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა. დასახელებულ პირთა პოზიციების გათვალისწინება საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (პ.23)“.

64. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით არის ნაკარნახები.

65. კასატორმა საკასაციო საჩივრით იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

67. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე N2/6/205,232. იხ.სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

68. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.11.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECTHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა კონსტიტუციური უფლება, მათივე მონაწილეობით საქმის განხილვაზე, დაცულია. მხარეებს სრულად აქვთ რეალიზებული საკუთარი საპროცესო უფლებები, ამდენად, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საკანონმდებლო დანაწესებს არ ეწინააღმდეგება.

70. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

71. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. (იხ. სუსგ №ას-1378-2021, 5 აპრილი, 2022წ.).

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე