Facebook Twitter

ბს-1359-934(გ-05) 9 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა ა. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2004 წელს 9 ივლისს ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე სოცილაური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შეიცვალა სათანადო მოპასუხით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 ივნისის განჩინებით ა. კ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინებით ა. კ-ის განცხადება მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვავაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიმართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი.

შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით და არა სამოქალაქო კოდექსით, როგორც ამას მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ამდენად, მითითებული დავა გამომდინარეობს არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

აქვე საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საგულისხმოა, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართულია სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ განსახილველი სარჩელი სრულად აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის როგორც პირველი, ისე მეორე ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, მოცემული დავა განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 და სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.