საქმე №ას-1518-2022 01 მარტი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.მ–კო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.მ–ვი, შპს ,,ა.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოთხოვნის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ–კომ (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა კ.მ–ვისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს ,,ა.ჯ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხეებს შორის 2018 წლის 1 ნოემბერს დადებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების (შემდეგში - უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება) ბათილად ცნობა და აქტივის პირველი მოპასუხისათვის დაბრუნება. 2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა ზემოაღნიშნული ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1.1.3, 1.1.4 და 1.1.5 პუნქტების ნაწილში.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაკისრებული აქვს გარკვეული თანხის გადახდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. პირველი მოპასუხე თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. პირველმა მოპასუხემ მის სახელზე არსებული ქონება გადააფორმა თავისი ოჯახის წევრებზე, რითაც ხელს უშლის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. პირველმა მოპასუხემ გააფორმა ცესიის (მოთხოვნის დათმობის) ხელშეკრულებები, რომლებიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რათა სადავო გარიგებებით გაყიდული რეალური აქტივი დაუბრუნდეს პირველ მოპასუხეს. ამის შედეგად, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა აღიშნულ ქონებაზე მოახდინოს იძულებითი აღსრულება.
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარდგენილ შესაგებელში განმარტეს, რომ გარიგება მოჩვენებით არ დადებულა. გარიგებები დაიდო კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება გარიგათა დასადებად.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2018 წლის 01 ნოემბერს დადებული ,,უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება“ 1/2 ნაწილში, 1.1.3, 1.1.4 და 1.1.5 პუნქტებთან მიმართებით ბათილად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში აღნიშნულ პუნქტებთან მიმართებით მოთხოვნები (უფლებები) პირველ მოპასუხეს საკუთრებაში დაუბრუნდა.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პირველ მოპასუხეს ჰყავს მეუღლე - გ.მ–ვა, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1983 წლის 02 სექტემბრიდან. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე წლების განმავლობაში ერთობლივად აწარმოებენ ბიზნესს შპს “ G“-ის სახით, მოპასუხის ოჯახის წევრები დასაქმებულები იყვნენ ამ საწარმოში.
8. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მეორე მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის პირველი მოპასუხის ადვოკატი (წარმომადგენელი) ა.გ–ვი, რომელიც წარმოადგენს მას მხარეთა შორის არსებულ 15 სამოქალაქო დავაში.
9. დადგენილია, რომ უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების თანახმად, ცედენტმა ცესიონერს გადასცა: (პ. 1.1.3) 2015 წლის 01 მარტს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ......., .......; (პ.1.1.4); 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ......, ........, .......; (პ. 1.1.5.); 2015 წლის 01 მარტს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ........, ......, ......... აღნიშნული მიწის ნაკვეთები დღეს ეკუთვნის შპს “ G“-ს.
10. დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის 2018 წლის 01 ნოემბერს, დაიდო შეთანხმება უფლებების გადაცემისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცესიონერი ცედენტს უხდის შესაბამის მოთხოვნებთან დაკავშირებული გარიგებების ღირებულების ეკვივალენტ თანხას 70%-ის ოდენობით 2020 წლის 01 ნოემბრიდან 10 წლის მანძილზე ყოველთვიურად თანაბარწილად, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, გადახდის დაგვიანებისათვის ცესიონერი ცედენტს უხდის საურავს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.007%-ის ოდენობით (მხარეთა ახსნა-განმარტება, ს.ფ. 95-101).
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება 1.1.3.; 1.1.4.; 1.1.5. პუნქტების ნაწილში მოჩვენებითი გარიგებაა.
12. იმის გასარკვევად თუ თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ მხარეებს ერთმანეთთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების საფუძველზე ცედენტმა ცესიონერს გადასცა პირველ მოპასუხესა და შპს “ G“-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები, მათ შორის, (პ. 1.1.3) 2015 წლის 01 მარტს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ......, ...... (პ.1.1.4); 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ....., ......., ........ (პ.1.1.5.); 2015 წლის 01 მარტს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთებზე ს.კ ......, ........, ....... აღნიშნული მიწის ნაკვეთები დღეს ეკუთვნის შპს “ G“-ს.
13. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, 1.1.3, 1.1.4 და 1.1.5 პუნქტებთან მიმართებით ბათილად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები (უფლებები) პირველ მოპასუხეს საკუთრებაში დაუბრუნდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა (აპელანტები) სადავოდ გახადეს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოპასუხე აპელანტების პრეტენზიას აცხადებენ მასზედ, რომ უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გარიგების მხოლოდ ½ ნაწილის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო მთლიანად უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. სადავო საკითხების გასარკვევად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე;
14. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.მ–ს ი.მ–ოს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 65050 ევროს და 128755 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (ს.ფ. 26-41).
15. - კ.მ–ს 2018 წლის 18 მარტის წერილით გამსესხებლებისაგან, რომელთა შორისაა ი.მ–ო, ეცნობა, რომ გამსესხებლები 2018 წლის 18 აპრილიდან წყვეტენ მასთან სესხის ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებებს და მოითხოვეს კ.მ–ს გადაეხადა ფულადი სახსრები სრული მოცულობით შესაბამისი ცხრილისა და ამონაწერების თანახმად (ს.ფ. 46-47). აღნიშნული შეტყობინება კ.მ–ს 2018 წლის 19 აპრილს ჩაბარდა (ს.ფ. 58-61).
16. - კ.მ–ვმა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი 2018 წლის 4 მაისს ,,გაასხვისა“ გ.მ–ზე - საკუთარ შვილზე.
17. - კ.მ–ვმა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ს.კ. ......., 2018 წლის 10 მაისს ,,გაასხვისა“ ნ.ა–ზე - საკუთარ შვილზე (ს.ფ. 66-68; მხარეთა ახსნა-განმარტება);
18. - კ.მ–ვმა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ს.კ. ......, 2018 წლის 11 მაისს ,,გაასხვისა“ გ.მ–ზე (ს.ფ. 69-70);
19. - კ.მ–ვმა, გ.მ–ვამ და გ.მ–ამ თავიანთ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ს.კ. ........, 2018 წლის 7 მაისს ,,გაასხვისეს“ გ.მ–ზე (ს.ფ. 73-76);
20. - კ.მ–ვმა და გ.მ–ვამ თავიანთ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წილი ს.კ. ......, 2018 წლის 23 მაისს ,,გაასხვისეს“ გ.მ–ზე (ს.ფ. 77-79);
21. - კ.მ–ვმა და გ.მ–ვამ თავიანთ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წილი ს.კ. ......, 2018 წლის 23 მაისს ,,გაასხვისეს“ გ.მ–ზე (ს.ფ. 80-82);
22. - კ.მ–ვმა და გ.მ–ვამ თავიანთ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წილი ს.კ. ......., 2018 წლის 22 მაისს ,,გაასხვისეს“ გ.მ–ზე (ს.ფ. 83-85);
23. - 2018 წლის 15 მაისით თარიღდება კ.მ–სა და შპს ,,ა.ჯ–ს“ შორის დადებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლითაც კ.მ–ვმა მასსა და შპს ,, G“-ს შორის 2016 წლის 29 აპრილს დადებული უპროცენტო სესხის N7 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება შპს ,,ა.ჯ–ს“ დაუთმო (ს.ფ. 86-89).
24. -ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,, G“-ს შპს ,,ა.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 36 643,06 ლარის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1099,35 ლარისა და 50 ლარის ოდენობით.
25. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში სადავოა მოთხოვნის დათომობის (ცესიის) ხელშეკრულება, მისი მოჩვენებითი თუ თვალთმაქცური საფუძვლით, სასამართლომ ყურადღება მიაქცია გარიგების მონაწილის სუბიექტური დამოკიდებულების ამსახველ მტკიცებულებებს გამოვლენილი ნებისადმი, კერძოდ, იმ საკითხს, თუ რა მოქმედებებს ახორციელებს გარიგების მხარე და, ამავდროულად, მოვალე ასეთ ვითარებაში.
26. დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს 2018 წლის 18 მარტის წერილით გამსესხებლებისაგან ეცნობა, რომ ისინი 2018 წლის 18 აპრილიდან წყვეტდნენ მასთან სესხის ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებებს და მოითხოვეს მოვალისაგან გადაეხადა ფულადი სახსრები სრული მოცულობით შესაბამისი ცხრილისა და ამონაწერების თანახმად (ს.ფ. 46-47); აღნიშნული შეტყობინება მოვალეს 2018 წლის 19 აპრილს ჩაბარდა (ს.ფ. 58-61), აღნიშნული თარიღის შემდეგ (4 მაისიდან 23 მაისის პერიოდში) მოვალე თავის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას თითქმის სრულად განკარგავს - ქონებას აფორმებს საკუთარი ოჯახის წევრებზე. 2018 წლის პირველ ნოემბერს მოვალე შპს ,,ა.ჯ–თან“ დებს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს გადასცა პირველ მოპასუხესა და შპს ,, G“-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები. აღნიშნული ხელშეკრულებიდან არ იკვეთება, რომ, მაგალითად, მისი დადება პირველი მოპასუხის მხრიდან მეორე მოპასუხესთან არსებული რაიმე სახის მოთხოვნის გაქვითვას ემსახურებოდა. მეტიც, მოცემულია დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ცესიონერს მოთხოვნის საფასური უნდა გადაეხადა. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მეორე მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის პირველი მოპასუხის ადვოკატი (წარმომადგენელი) ა.გ–ვი, რომელიც სრულად იყო ჩართული მოვალის (პირველი მოპასუხე წინამდებარე დავაში) მიმართ არსებულ სასამართლო პროცესებში. მაშასადამე, ის ინფორმირებული იქნებოდა, რა სახის მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა წინამდებარე დავაში მოსარჩელეს პირველი მოპასუხისადმი. აქვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ გარიგების მხოლოდ ერთი მხარის არაკეთილსინდისიერების პირობებში გარიგების ბათილად ცნობა ვერ განხორციელდება, თუ მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა და მის მიერ ნამდვილი ნებაა გამოვლენილი. ასეთ დროს, ერთი მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო მეორე მხარის კეთილსინდისიერების პირობებში, ამ უკანასკნელს შეუძლია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზინის ანაზღაურება მოითხოვოს. განსახილველ შემთხვევში კი, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარესთან მიმართებთ დგინდება ის, რომ მათ, სულ მცირე, იცოდნენ იმ დავების არსებობის და მოთხოვნის თაობაზე, რომლებიც წინამდებარე დავის მოსარჩელეს შეიძლება ჰქონოდა.
27. რაც შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილებას გარიგების ბათილობისას მისი მოჩვენებითობის საფუძვლით, მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.
28. დადგენილია, პირველ მოპასუხესა და მის წარმომადგენელს წლების მანძილზე საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ, კერძოდ, დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის პირველი მოპასუხის ადვოკატი (წარმომადგენელი) ა.გ–ვი, რომელიც სრულად იყო ჩართული მოვალის (პირველი მოპასუხე წინამდებარე დავაში) მიმართ არსებულ სასამართლო პროცესებში. ეს უკანასკნელი ახორციელებდა და ახორციელებს პირველი მოპასუხისა და/ან მისი ოჯახის წევრების წარმომადგენლობას სხვადასხვა დავაში, რომელიც მიმდინარეობდა/მიმდინარეობს როგორც მოსარჩელესთან, ასევე შპს „G”- თან, რომლის დირექტორიც არის მოსარჩელე. ამასთან, ა.გ–ვმა არ უარყო, რომ მისთვის ცნობილი იყო 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადასტურებული 65050 ევროსა და 128755 აშშ დოლარის პრეტენზიის არსებობა. ასევე იმის გამო, რომ მოპასუხეებმა სრულიად არადამაჯერებელი არგუმენტაცია მოიყვანეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აქვთ გადახდილი ცესიის საზღაური, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ორივე მოპასუხის მხრიდან სახეზეა გათვითცნობიერებული ქმედება ბათილი გარიგების დადების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო გარიგება ატარებდა მოჩვენებით ხასიათს. მისი მიზანი იყო არა მესაკუთრის (მოთხოვნის მფლობელის) რეალური შეცვლა, არამედ ფულადი ვალდებულების იძულებითი აღსრულების პროცესისათვის მხოლოდ ფორმალური სახის მიცემა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ქონებრივი საფუძვლის გამოცლა.
29. რაც შეეხება გ.მ–ვასთან დაკავშირებულ გარემოებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვაში, გარიგების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ იურიდიულ ინტერესს, რომელიც მხარეს გარიგების ბათილად ცნობის მიმართ გააჩნია. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მხოლოდ პირველ მოპასუხესთან დაკავშირებით აქვს, რადგან მოსარჩელის მოვალე სწორედ პირველი მოპასუხეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერესი მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შენარჩუნების თაობაზე მარტოოდენ პირველი მოპასუხით შემოიფარგლება. არც მხარეთა ახსნა-განმარტებით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს რაიმე სახის მოთხოვნის უფლება გააჩნია გ.მ–ვას მიმართ. სასარჩელო მოთხოვნა გარიგების ბათილობისა, და ქონებისა, თუ მოთხოვნის უფლების პირვანდელი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე საჭიროებს ნამდვილ იურიდიულ ინტერესს. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მესაკუთრისათვის დაბრუნებული ქონებიდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ სადავო ქონება სხვისია, აღნიშნული გარემოება გარიგების ბათილობის მიმართ მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს საფუძველს აცლის. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეორე მეუღლის ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ დადგინდება, რომ ის აღნიშნულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირია. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხის და არა მისი მეუღლის მიმართ. ამიტომ იურიდიული ინტერესი არ არსებობს იმის შესახებ, რომ პირველ მოპასუხეს ის ქონება დაუბრუნდეს, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის მის მეუღლეს, მით უფრო, რომ მეუღლის ნება თანასაკუთრებაში არსებული ქონებისა, თუ მოთხოვნის უფლებების გასხვისების თაობაზე მკაფიოდ დგინდება. საქმეში წარმოდგენილია პირველი მოპასუხის მეუღლის განცხადება, რომლითაც მან საქმეში მესამე პირად ჩართვა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მნიშვნელოვანია განცხადების შინაარსი, კერძოდ, ის გარემოება, რომ გ.მ–ვას მხრიდან გაცხადებული იყო ნება, რომ სადავო ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და, რომ მას ნება საკუთარი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოვლენილი აქვს (ტ.1, ს.ფ. 260 - 261). გარდა აღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სადავო ქონება, მათ შორის, მოთხოვნის უფლება პირველ მოპასუხეს რომც დაუბრუნდეს, მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ მოთხოვნის იმ ნაწილიდან შეეძლება, რომელიც უშუალოდ პირველ მოპასუხეს ეკუთვნის, რაც, თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნას მთელი ქონების, მათ შორის, მოთხოვნის უფლებების პირველი მოპასუხისათვის დაბრუნების თაობაზე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს აცლის, რადგან იგი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კ.მ–ვის მარტოოდენ იმ ქონებიდან შეძლებს, რომელიც კ.მ–ვს ეკუთვნის და არა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ქონებიდან, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს საკუთარი წილის გასხვისებაზე მისივე განმარტებით, თანხმობა აქვს გაცხადებული.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი; იმავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად; უდავოა, რომ პირველი მოპასუხე და გ.მ–ვა 1983 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. კ.მ–ვის საკუთრების უფლება სადავო მოთხოვნებზე წარმოიშვა იჯარის შესაბამისი ხელშეკრულებების დადებით. შესაბამისად, მოთხოვნებზე წარმოიშვა თანაზიარი საკუთრების უფლება, როცა მეუღლეების საკუთრების უფლება ½-½ იდეალურ წილში გამოიხატებოდა. ვინაიდან მოსარჩელის ფინანსური პრეტენზიის ადრესატი არის (იყო) პირველი მოპასუხე, მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართლებრივად შესაძლოა მომხდარიყო (და მოხდეს) მხოლოდ მოვალის ქონებიდან. მოვალეს კი, ეკუთვნოდა მხოლოდ ნაწილი მოთხოვნებიდან. ამიტომ, მეუღლის მიერ თავისი წილის (½ ნაწილის მოცულობით) განკარგვის მიმართ ნამდვილობის თვალსაზრისით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მეუღლის მიერ მისი წილების განკარგვა უნდა ჩაითვალოს ნამდვილად; ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ ამ მოთხოვნის ½ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს გ.მ–ვა, ე.ი. პირველ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დგინდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც მოთხოვნის მფლობელი პირი პირველი მოპასუხე არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოთხოვნის დათმობის სადავო ხელშეკრულების მხოლოდ ½ ნაწილის მოჩვენებით გარიგებად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოსარჩელემ) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
32. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
33. კასატორი აღნიშნავს, რომ ერთადერთი პრეტენზია, რაც შეიძლება ჰქონოდა ქალბატონ გ. მ–ას, ესაა კუთვნილი წილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განკარგვის შედეგად შესაბამისი სარგებლის მიღება. მას კი სარგებელი არ მიუღია, ისე დარჩა უქონელი. სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში კი იგი საკუთარ ქონებრივ სტატუსს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირვანდელ მდგომარეობაში აღადგენს, რაზეც მოსარჩელისთვის პრეტენზიის წაყენება მოკლებულია რაიმე ეკონომიკურ შინაარს.
34. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით გ.მ–ვასთან მიმართებაში. თუმცა, საგულისხმოა, რომ გ.მ–ა საერთოდ არ წარმოადგენს მხარეს ამ დავაში და ამ უკანასკნელს უარი ეთქვა საქმეში მე-3 პირად ჩართვაზეც. კასატორს იურიდიული ინტერესი (მოსარჩელეს) აქვს გარიგების სრულად ბათილობის მიმართ. ასეთი ინტერესი არსებობს არა გ.მ–ას კუთვნილი ქონების მიმართ, არამედ უკანონო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ, რადგან სასარჩელო მოთხოვნას უკანონო გარიგების ბათილად ცნობა და კ.მ–ისთვის პირვანდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა წარმოადგენს, დავა არ ეხება ქონების მოსარჩელისთვის (აპელანტისთვის) მიკუთვნებას, რასაც შესაძლოა შეელახა კ.მ–ის კანონიერი მეუღლის ქონებრივი უფლებები.
35. კასატორი მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლებშიც განმარტებულია იურიდიული ინტერესის შესახებ, კერძოდ, საქმეში სუსგ Nას-664-635-2016, 02.03.2017წ. განმარტებულია, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ.: სუსგ Nას-838-802-2014, 19.03.2015 წ.). დიდი პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩლის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელის მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სრულად არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.
36. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (აპელანტის) ინტერესს წარმოადგენს სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც მიიღწევა ცესიის სადავო გარიგების ბათილად ცნობისა და მოთხოვნის უფლების პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვით, რაც შემდეგ, საფუძვლად დაედება მოვალის (პირველი მოპასუხის) სახელზე აღრიცხული მოთხოვნის უფლების რეალიზაციასა და კრედიტორის (მოსარჩელის) სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
37. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სადავო ცესიის ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიეს, დადებული იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებით, შესაბამისი იურიდიული შედეგი განისაზღვრა, თუმცა სასამართლო არ იყო ვალდებული დათმობილი მოთხოვნის უფლების თანასაკუთრებაზე ემსჯელა. აღნიშნულით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
39. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე აპელანტის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დამაყოფილების შესახებ.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების თავდაპირველი მხარეები შეიძლება შეიცვალონ სხვა პირებით. ვალდებულებაში შეიძლება შეიცვალოს როგორც კრდიტორი, ისე მოვალე. კრედიტორის შეცვლას ეწოდება მოთხოვნის დათმობა, ანუ ცესია (იხ., დამატებით Flessner, Assignment in European Private Law, Cambgridge, Cambgridge Univeristy Press, 2008, p. 42). მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისათვის აუცილებელია რამდნიმე წინაპირობის არსებობა, კერძოდ: ა) მოთხოვნის განსაზღვრულობა; ბ) მოთხოვნის მიკუთვნება კრედიტორისათვის; გ) მოთხოვნის გადაცემის შესაძლებლობა (იხ., ლევან თოთლაძე, სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი, თბილისი, 2018, მუხ. 199, ველი 2).
41. მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2018 წლის 01 ნოემბერს დადებული ,,უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება“ 1/2 ნაწილში, 1.1.3, 1.1.4 და 1.1.5 პუნქტებთან მიმართებით ბათილად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში აღნიშნულ პუნქტებთან მიმართებით მოთხოვნები (უფლებები) პირველ მოპასუხეს საკუთრებაში დაუბრუნდა.
42. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უარყოფის ნაწილში, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით გ.მ–ვასთან მიმართებაში. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მართლზომიერი იურიდიული ინტერესი არსებობს არა გ.მ–ას კუთვნილი ქონების მიმართ, არამედ უკანონო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ, რადგან სასარჩელო მოთხოვნას უკანონო გარიგების ბათილად ცნობა და კ.მ–ისთვის პირვანდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა წარმოადგენს, დავა არ ეხება ქონების მოსარჩელისთვის (აპელანტისთვის) მიკუთვნებას, რასაც შესაძლოა შეელახა კ.მ–ის კანონიერი მეუღლის ქონებრივი უფლებები.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების ბათილად ცნობა ხელშეკრულების 1.1.3, 1.1.4 და 1.1.5 პუნქტების ნაწილში (იხ., სარჩელის მოთხოვნა - ამ განჩინების პ.1) თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს. ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.
45. აღნიშნულთან მიმართებითაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აისახა და შემდგომ დიდი პალატის გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა, რომ უფლებადამდგენი სარჩელის დასაშვებობა მკაცრ საპროცესო წინაპირობებს ექვემდებარება (შდრ: დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი; №ას- 782-782-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-609-609-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი და ა.შ), რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით.
46. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).
47. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).
48. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების სრულად ბათილად ცნობა, მოხდება მოვალის (პირველი მოპასუხის) სახელზე აღრიცხული მოთხოვნის უფლების რეალიზაცია და კრედიტორის (მოსარჩელის) სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელშიც იყო მითითებული, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სხვა საქმეზე დაკისრებული აქვს 65050 ევროს და 128755 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (იხ., სარჩელი და სარჩელის დანართი ს.ფ. 1-41, ტ.1.).
49. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მართლზომიერ იურიდიულ ინტერესად სარჩელის უარყოფის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
50. მოცემულ საქმეზე დადგენილია და კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზიით ვერ გაქარწყლა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, იმასთან დაკავშირებით რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეორე მეუღლის ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ დადგინდება, რომ ის აღნიშნულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირია.
51. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხის და არა მისი მეუღლის მიმართ. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესი არ არსებობს იმისა, რონ პირველ მოპასუხეს (მოვალეს) ის ქონება დაუბრუნდეს, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის მის მეუღლეს. ამასთან, გასათვალლისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირველი მოპასუხის მეუღლის ნება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებისა, თუ მოთხოვნის უფლებების გასხვისების თაობაზე მკაფიოდაა დადგენილი.
52. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა ემსჯელა პირველი მოპასუხის მეუღლის უფლებებზე. გ.მ–ა არ წარმოადგენს მხარეს განსახილველ დავაში და ამ უკანასკნელს უარი ეთქვა საქმეში მე-3 პირად ჩართვაზეც. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არსებობს არა გ.მ–ას კუთვნილი ქონების მიმართ, არამედ უკანონო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ, რადგან სასარჩელო მოთხოვნას უკანონო გარიგების ბათილად ცნობა და კ.მ–ისთვის პირვანდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა წარმოადგენს, დავა არ ეხება ქონების მოსარჩელისთვის (აპელანტისთვის) მიკუთვნებას, რასაც შესაძლოა შეელახა კ.მ–ის კანონიერი მეუღლის ქონებრივი უფლებები.
53. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკაააციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სადავო ქონება, მათ შორის, მოთხოვნის უფლება პირველ მოპასუხეს სრულად რომც დაუბრუნდეს, მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ მოთხოვნის იმ ნაწილიდან შეეძლება, რომელიც უშუალოდ პირველ მოპასუხეს ეკუთვნის. ამგვარი მოსალოდნელობა კი, თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნას მთლიანი ქონების, მათ შორის, მთლიანად მოთხოვნის უფლებების პირველი მოპასუხისათვის დაბრუნების თაობაზე, ნამდვილ იურიდიულ ინტერესს უქარწლებს, რადგან მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილებას კ.მ–ვის მარტოოდენ იმ ქონებიდან შეძლებს, რომელიც კ.მ–ვს ეკუთვნის და არა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოსარჩელის მეუღლის ქონებიდან.
54. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება, რომ ერთადერთი პრეტენზია, რაც შეიძლება ჰქონოდა ქალბატონ გ. მ–ას, ესაა კუთვნილი წილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განკარგვის შედეგად შესაბამისი სარგებლის მიღება. მას კი სარგებელი არ მიუღია, ისე დარჩა უქონელი. ი. მ–კოს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში კი გ. მ–ა საკუთარ ქონებრივ სტატუსს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირვანდელ მდგომარეობაში აღადგენს, რაზეც მოსარჩელისათვის პრეტენზიის წაყენება მოკლებულია რაიმე შინაარსს, გაზიარებული ვერ იქნება. განსახილველ შემთხვევაში, ის საკითხი რა სარგებელი უნდა მიეღო გარიგებიდან გ. მ–ას საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება და აღნიშნული ვერც მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მართლზომიერებას ვერ წარმოაჩენს გარიგების მთლიანი ბათილობის მიმართ.
55. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ არგუმენტაციასაც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი; იმავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად; უდავოა, რომ პირველი მოპასუხე და გ.მ–ვა 1983 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. კ.მ–ვის საკუთრების უფლება სადავო მოთხოვნებზე წარმოიშვა იჯარის შესაბამისი ხელშეკრულებების დადებით. შესაბამისად, მოთხოვნებზე წარმოიშვა თანაზიარი საკუთრების უფლება, როცა მეუღლეების საკუთრების უფლება ½-½ იდეალურ წილში გამოიხატებოდა. ვინაიდან მოსარჩელის ფინანსური პრეტენზიის ადრესატი არის (იყო) პირველი მოპასუხე, მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართლებრივად შესაძლოა მომხდარიყო (და მოხდეს) მხოლოდ მოვალის ქონებიდან. მოვალეს კი, ეკუთვნოდა მხოლოდ ნაწილი მოთხოვნებიდან. შესაბამისად, იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დგინდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც მოთხოვნის მფლობელი პირი პირველი მოპასუხე არ არის.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო მოთხოვნის დათმობის სადავო ხელშეკრულების მხოლოდ ½ ნაწილის მოჩვენებით გარიგებად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის დადასტურება, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელს სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
61.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ–კოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ი.მ–კოს (პ.N ......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 07.12.2022-ში N15344372102 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე