Facebook Twitter

საქმე № ას-24-2023 15 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს "ს.ფ–ის" სარჩელი მოპასუხე ნ.ს–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.ს–ს მოსარჩელე შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1204.06 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე ნ.ს–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს მიერ, ამავე საქმეზე 2022 წლის 17 ოქტომბერს მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ნ.ს–ის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის - შპს „ს.ფ–ის“ მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველად;

4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ს–მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად სააპელაციო პალატისთვის ხელახლა დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ს–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

6. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

7. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ №ას-506-2021, 12 ნოემბერი, 2021 წელი).

9. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება. საკასაციო პლატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. (სუსგ №ას-16-2022, 04 მარტი, 2022 წელი).

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის მიმართ, დაცული უნდა იქნეს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი. (იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბილისი, 2022, 202). ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა სსკ-ის 365-ე მუხლთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად აღნიშნული საფუძვლით. (შდრ: სუსგ №ას-1040-2021, 01 დეკემბერი, 2021 წელი, იხ. სუსგ ას-1513-2022, 26 იანვარი, 2023 წელი; სუსგ №ას-1040-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი; ).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მან სწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1204.6 ლარს. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, რაც შეესაბამება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას.

13. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ის საკითხი, რომელიც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არსებითი სახის მქონე შინაარსობრივ შედავებას, კერძოდ, გზავნილის სასამართლოში ჩაბარების ვადების პრობლემურობას, პალატის მითითებით აღნიშნული დავის ფარგლებში ვეღარ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი, რადგან სსსკ-ის 365-ე მუხლთან სააპელაციო საჩივრის შეუთავსებლობა ავტომატურად მიიჩნევა კერძო საჩივრის არსებით განხილვაზე უარის თქმის საფუძვლად, შესაბამისად, კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

13. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კი საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე